ოპტიმისტები, პესიმისტები და გაღიმებული რეალისტები...

გამოწერა
ვარშავიდან ბრიუსელისკენ!.. რა არის სწორი და რა არა? რა მივიღეთ, რას გვპირდებიან და რა იქნება ერთი წლის შემდეგ... ოპტიმისტურ-პესიმისტური ხედვები და რეალისტური გათვლები...

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების ლიდერების, საგარეო და თავდაცვის მინისტრების თავყრილობაზე, მიღებულ გადაწყვეტილებებსა და განცხადებებზე ჩვენში უკვე ბევრი ითქვა. შეფასებები არაერთგვაროვანია და ეს წინასწარ იყო მოსალოდნელი. ერთმანეთისგან განსხვავებული განცხადებები ჯერ კიდევ სამიტის წინ კეთდებოდა. საამისო მიზეზიც იყო. მრავალი წელია NATO-ს კარი ღიაა… გვესმის, რომ NATO-ს აუცილებლად ექნება შემდეგი გაჩერება და ეს გაჩერება საქართველოა… ამ ფონზე არ არის გასაკვირი, რომ ქვეყანა ყოველ მომდევნო სამიტს განსაკუთრებული იმედით ელოდა, თუმცა წლების მანძილზე ვერაფრით მოხერხდა ღია კარის ზღურბლის გადალახვა. უფრო მეტიც, წევრობის სამოქმედო გეგმის მოპოვებაც, რაც ალიანსში გაწევრიანების აუცილებელი წინაპირობაა, ჯერ გადაუწყვეტ ამოცანად რჩება.

ვარშავის თავყრილობამდეც რამდენიმე თვით ადრე გაირკვა, რომ საქართველოს MAP-ის მინიჭება არც ამჯერად ემუქრებოდა!..  ჯერ კიდევ სამიტის დღის წესრიგზე მსჯელობისას ალიანსი ჩამოყალიბდა, რომ  უსაფრთოების გარანტიების გარეშე სამოქმედო გეგმის მინიჭება გაზრდის რისკს ჩვენი ქვეყნისთვის… მოსალოდნელი „რისკის“ მიღმა ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს შესაძლო რეაქცია მოიაზრება.

ნატოს სამიტი - Sputnik საქართველო
ნატო - დაშინება, ევროკავშირი - სანქციები: ვარშავის სამიტის შედეგები შეჯამდა

საქართველოს NATO-ში გაწევრიანების საკითხზე რუსეთის პოზიცია ერთმნიშვნელოვნად უარყოფითია, ალიანსი რუსეთის ფაქტორს ითვალისწინებს და ერიდება გაღიზიანებას… დროთა განმავლობაში უსაფრთხოების ოჯახში ქვეყნის ინტეგრაციის პერესპექტივაზე საზოგადოებაში თანდათან აზრი გაიყო… ოპტიმისტები და პესიმისტები კამათობენ და რაც მთავარია ცდილობენ პოზიციები არგუმენტებით გაამყარონ… ამასობაში რეალისტები მკაფიოდ აცნობიერებენ, რომ საქართველო გამოწვევებისა და საფრთხეების წინაშე პირისპირ რჩება…

ეს დღეები მრავალ მოსაზრებას გავეცანი. ჩემი ყურადღება სოციალურ ქსელში თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის ჩანაწერმა მიიპყრო. მკითხველს წინასწარ ვეტყვი — განწყობა ოპტიმისტურია. არის თუ არა რეალისტური თავად განსაჯეთ. 

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი: „არასწორი კითხვაა: გახდება თუ არა საქართველო NATO-ს წევრი. გადასაწყვეტია მხოლოდ როდის, —  უპასუხა ერთ-ერთმა ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს.  ვარშავის სამიტი დასრულდა. რა მიხარია? რატომ მგონია, რომ ვარშავის სამიტი ისტორიულია ყველასთვის და არა მხოლოდ ლიტვისთვის, სადაც NATO-ს ბატალიონი განთავსდება ან მონტენეგროსთვის რომელიც წევრი გახდება, არამედ ჩვენთვის, საქართველოსთვისაც?

პირველი — რვა წლის წინ, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ სულ რამდენიმე თვეში,  NATO  რუსეთთან ჩვეულებრივი საქმიანობის რეჟიმში გადავიდა. თითქოს არც არაფერი მომხდარა, ოკუპაცია მოგვეჩვენა, მსხვერპლიც ილუზორული იყო და რუსული ჩექმის ქვეშ გათელილი საერთაშორისო სამართალიც ისევ მოქმედებდა. პოლიტიკურ განცხადებებს და პოლიტიკურ მხარდაჭერას ვერ გავცდით მაშინ. 

მეორე — ექვსი წლის შემდეგ, რუსეთმა ჯარები კიდევ ერთი ქვეყნის ტერიტორიაზე შეიყვანა და ყირიმის ანექსია მოახდინა. დაიმედებულმა, წახალისებულმა, რომ დასავლეთს სიბრაზე ისევ მალე გადაუვლიდა და ყველაფერი ძველ რელსებზე დაბრუნდებოდა. 

მესამე — უფრო მეტიც, სულ მალე აღმოსავლეთ უკრაინას შეუტია და მისი სრული ოკუპაციის მცდელობა ჰქონდა. 

НАТО - Sputnik საქართველო
ნატო-საქართველოს თანამშრომლობა შავ ზღვაზე უსაფრთხოების სფეროში გაძლიერდება

მეოთხე — ორი წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დასავლეთში რუსეთისადმი დამოკიდებულების სრული გადაფასება მოხდებოდა, შემდეგ ეს გადაფასება პოლიტიკური განცხადებებიდან სანქციებად გადაითარგმნებოდა და ბოლოს უკვე NATO, ყირიმის ანექსიიდან ორი წლის თავზე, რუსეთს მისი უსაფრთხოებისათვის მთავარ გამოწვევად დაასახელებდა და შესაბამის მოქმედებასაც დაიწყებდა. ვარშავაში ალიანსმა მისთვის სრულიად უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა. გადაწყვეტილებები მიიღო, რომლის მაგვარიც ბალტიისპირეთის ქვეყნების გაწევრიანების შემდეგ არ მიუღია. კერძოდ, ეს არის აღმოსავლეთის საზღვრების გაძლიერება, ოთხი ბატალიონის ფორმირება და გადასროლა, შავი ზღვის, მისი უსაფრთხოების ერთ ერთ მთავარ გამოწვევად გამოცხადება სწორედ ის ნაბიჯებია, რომელზეც რვა წლის წინ ვერც კი ვიოცნებებდით, ხოლო ორი წლის წინ უიმედო დისკუსიაში ვიყავით ჩართული. 

მეხუთე — ვარშავაში ბევრი სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაც იყო მიღებული, თუმცა აქ ჩემი ამოცანა ძალიან გრძელი კომუნიკეს შეჯამება არ არის, სადაც რუსეთი მთავარ საფრთხედ, გამოწვევად, პრობლემად არის მოხსენიებული, სადაც მისგან პირდაპირ ითხოვენ ანექსიისა და ოკუპაციის შეჩერებას, აღიარებების უარყოფას და სხვა. 

ჩემი ამოცანაა აგიხსნათ რატომ ვარ იმედიანად, რატომ მჯერა NATO-ს მშვიდობის ძალის, რატომ ვარ დარწმუნებული რომ ხვალ წევრობაც იქნება, რატომ მიხარია ვარშავა და მისი გადაწყვტილებები, რატომ მგონია, რომ ის რაც კარგია და დაიცავს ლიტვას, ან ლატვიას ან ესტონეთს დაგვიცავს ჩვენც. რვა წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, უფრო მეტიც, ჯერ კიდევ ორი წლის წინ სერიოზულად დაგცინებდნენ, იმაზე რაც დღეს რეალობაა. მე ქართველი ვარ და ბუნებრივია მჯერა რომ რვა წლის წინ უნდა ყოფილიყო გამოღვიძება, საფრთხეების ბოლომდე დანახვა, გაანალიზება და მათზე რეაგირება, მოკავშირეების გაძლიერება და NATO-ს მხრიდან, მეტი სიძლიერის დემონსტრირება. დიახ, სწორედ საქართველოს ოკუპაციისთვის უნდა დასჯილიყო რუსეთი სანქციებით, სწორედ საქართველოს ოკუპაცია უნდა ყოფილიყო დიდი გამოფხიზლება. შეიძლება გაბრაზებული ვიყოთ, იმედგაცრუებულიც, მოთმინება გვღალატობდეს და ჩვენს რიტორიკაში ცინიზმი გავამრავლოთ. სრულიად ლეგიტიმური იქნება. მაგრამ ასევე, შეიძლება დავინახოთ, რომ დღეს სხვა მსოფლიოში ვცხოვრობთ. ზუსტად ისე, როგორც ორი წლის წინ წარმოუდგენელი ჩანდა პოლონეთში NATO-ს ბატალიონები, შავ ზღვაზე ალიანსის უსაფრთხოების ქოლგა, დღეს ასეთივე შორეული ჩანს საქართველოს წევრობა. თუმცა ბევრი რამ მოხდა. გარდაუვალი აუცილებლად მოხდება. ამის დასტურია ვარშავა. მთავარია, ჩვენ მშვიდად და მიზანმიმართულად ვიაროთ ამ გზაზე, მთავარია, ხვალ დილითვე დავიწყოთ ზრუნვა, მოქმედება, შრომა, ბრძოლა შემდეგი გადაწყვეტილებებისათვის. მთავარია, დავინახოთ მიღწეული და მის გაძლიერებაზე ვიზრუნოთ, მთავარია, არ დავიღალოთ ამ ბრძოლაში! 

ვარშავამ ისტორიული კომუნიკე მიიღო. ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა და გამოწვევებს პასუხი გასცა. საქართველოს წევრობაც დაგვიანდა. მაგრამ ზუსტად ისე, როგორც აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერების შემთხვევაში, გადაწყვეტილება აუცილებლად დადგება. ჩვენ ყველანი ერთდ ვიზეიმებთ ამ დღეს. ვარშავამ ამაში მგონი ყველა დაგვარწმუნა. კიდევ ერთხელ, ცოტა დაგვიანებით, მაგრამ დიდი თვალის ახელა შედგა. დანარჩენი ტექნიკის და დროის ამბავია…“

ვარშავის სამიტის შედეგების, ზოგადად  NATO-საქართველოს ურთიერთობათა და ალიანსში ქვეყნის გაწევრიანების პერსპექტივის შეფასება ანალიტიკოს ნანა დევდარიანს ვთხოვე. მომიტევეთ, პათოსი ამჯერად პესიმისტურია. არის თუ არა რეალისტური კვლავაც თავად განსაჯეთ.

გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი: „უკვე, გითხარით, რომ  NATO-ს საკუთარი თავსატკივარიც ჰყოფნის, რათა ახალი პრობლემები არ შეიქმნას საქართველოს მიღებით. მოლოდინის რეჟიმი კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება. ახლა, რაც შეეხება საქართველოსთან მიმართებაში მიღებულ გადაწყვეტილებებს.

მადლობა NATO-ს, რომ იგი კვლავაც გამოხატავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას მადლობა იმაზეც, რომ მოუწოდებს რუსეთს გააუქმოს საქართველოს რეგიონების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, შეწყვიტოს ადმინისტრაციულ საზღვრის გასწვრივ საზღვრისმაგვარი დაბრკოლებების მშენებლობა და გაიყვანოს საკუთარი ძალები საქართველოდან. მადლობა იმაზეც, რომ ალიანსი არ აღიარებს ე.წ. შეთანხმებებს, რომელსაც რუსეთმა ხელი მოაწერა საქართველოს რეგიონ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან. მადლობა, თუმცა, სამწუხაროდ, კომუნიკეში აღნიშნული ეს მუხლები არ აისახება რეალობაზე და ალიანსის მოწოდებით რუსეთი არ იმოქმედებს, ეს ჩვენც კარგად ვიცით და NATO-მაც. ისევე როგორც მოსკოვის მოწოდებით  NATO, საქართველოს NATO-ში მიღებაზე ლაპარაკს არ შეწყვეტს. პირიქით კი, სრულიად შესაძლებელია მოხდეს: რუსეთთან ამ ორი რეგიონის დაბრუნებაზე ლაპარაკი საქართველოს მხრიდან მხოლოდ  NATO-ში ინტეგრაციის ფუტურისტულ იდეაზე უარის თქმით არის შესაძლებელი. მოვუსმინოთ საქართველოს პრეზიდენტს და მთავარსარდალს გიორგი მარგველაშვილს: „საქართველოს გზა NATO-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით შეუქცევადია…“  

ვარშავის ნატოს სამიტი - Sputnik საქართველო
ვარშავის NATO-ს სამიტზე საქართველო პოლიტიკური ძალების ერთობლივი დეკლარაციით წარდგა

აქ იგივე პათოსია, რაც კომუნიკეში და არანაირი კავშირი საქართველოს დღევანდელ მდგომარეობასთან. „შეუქცევადობაზე“ საუბრისას, ვფიქრობ, პოლიტიკოსებს მეტი სიფრთხილე მართებთ, განსაკუთრებით, კი „შეუქცევადი“ ევროპროექტიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შესახებ რეფერენდუმის შედეგების გათვალისწინებით. ბიძინა ივანიშვილის მიერ შერჩეული (და მის მიერვე მალე გაკრიტიკებული) პრეზიდენტისგან განსხვავებით, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე გამოვიდა ინიციატივით, რომელიც უთუოდ შეცვლის საპარლამენტო არჩევნების ლანდშაფტს და, საზოგადოდ, საარჩევნო ტრენდს. ინიციატივა — საქართველოს უბლოკო სტატუსი, ანუ საქართველო არ უნდა იყოს არც ერთი სამხედრო კავშირის წევრი ქვეყანა და მის ტერიტორიაზე არ უნდა იდგეს რომელიმე ალიანსის ან რომელიმე სახელმწიფოს ჯარები, არის ერთადერთი წინაპირობა საქართველოს გამთლიანებისთვის და, ჩემი აზრით, ეს არის გარღვევა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. უინიციატივო და ერთ რიტორიკაზე შეყინული ნატოენთუზიასტები და თავად  NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერები, უკვე წლებია, არაფერს გვთავაზობენ, დაპირებების გარდა. ნინო ბურჯანაძის ინიციატივა კი, რეალურად ქვეყნის მთლიანობის აღსადგენად ერთადერთი მართებული გზავნილია. ქვეყნის ძირითად კანონში ცვლილების შესატანად ორასი ათასი მოქალაქის ხელმოწერაა აუცილებელი და ეჭვს ვერავინ შეიტანს, რომ ამ იდეას გაცილებით მეტი ადამიანი დაუჭერს მხარს. ამდენად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველს მკაფიო არჩევანი აქვს: ხმა მისცეს ათასი ჯურის ერთნაირად  NATO-ზე მომართულ პოლიტიკანებს, თუ მხარი გამთლიანებულ საქართველოს დაუჭიროს. ამ კითხვაზე პასუხის გამოცნობა ძნელი არ უნდა იყოს…“

ვარშავა - Sputnik საქართველო
ფიქრები ფინჯან ყავაზე ანუ ვარშავის სამიტამდე რამდენიმე საათით ადრე...

დასასრულ ორიოდე სიტყვას თავადაც ვიტყვი. სამწუხაროდ ჩვენში ზოგჯერ სწორედ ის ძნელდება, რაც მარტივია… ზოგჯერ პირიქით ხდება. შესაძლოა იკითხოთ — რატომ და მეც გეტყვით — დრო გადის და ჩვენ ვერაფრით ვახერხებთ გავერკვეთ — რა არის რეალისტური და რა არა… 


ყველა ახალი ამბავი
0