ამერიკის შეერთებული შტატების რიგით სამოცდამერვე სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის ჩვენში ოფიციალური ვიზიტოთ სტუმრობის თაობაზე უკვე ბევრი ითქვა… მკითხველი კარგად იცნობს გამართული შეხვედრების და ხელმოწერილი დოკუმენტების შინაარსს, თავად ჯონ კერისა და საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელთა შეფასებებსა და განცხადებებს…
სტრატეგიული პარტნიორობა, საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა და ზრუნვა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის… ახალი შესაძლებლობები ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლების მსურველთათვის… მომავალი საპარლამენტო არჩევნების როლი და მნიშვნელობა… ეს ის საკითხებია, რაზეც მხარეებმა მოლაპარაკების მაგიდასთან ისაუბრეს და მედიისთვის გაასაჯაროეს. ახლა, ისე როგორც დიდი უმრავლესობის, ჩემი ხედვაც ვარშავისკენ არის მიმართული. წინასწარ ცნობილია, რომ საქართველოს წევრობის სამოქმედო გეგმას არც ამჯერად მიანიჭებენ, თუმცა არის მოლოდინი, რომ ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველო უფრო დაცული იქნება. მაინც რას ეფუძნება ეს ოპტიმისტური გათვლები, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სამიტის მონაწილენი და ა.შ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე აღნიშნავს, რომ საქართველოს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია, რათა წევრობისთვის მოემზადოს.
დავით ბაქრაძე: „მნიშვნელოვანია, რომ პირველად განხორციელდება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა სამიტის ფარგლებში, ამჯერად მინისტერიალის დონეზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პირველად სამიტის ფარგლებში გაკეთდება ერთობლივი განცხადება, რომელიც გამოეხმაურება ნატო-საქართველოს კომისიას. ეს იქნება ბევრად მოცულობითი დოკუმენტი. ასევე, რა თქმა უნდა, საქართველოს საკითხი, როგორც აქამდე იყო, აისახება საბოლოო კომიუნიკეში, თუმცა იქნება დამოუკიდებელი დოკუმენტი, რომელიც ამ თანამშრომლობას, როგორც განსაკუთრებულ ფორმატს გაუსვამს ხაზს…“
ერთი სიტყვით კითხვები მრავლად არის და მეც განზრახული მქონდა მომდევნო სტატია ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მორიგი სამიტის შედეგებისთვის დამეთმო. ნათქვამია „კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო“… სამომავლო გეგმებზე საბოლოოდ ჩამოვყალიბდი და ის პატივცემულ რედაქტორს გავანდე. შევთანხმდით და შინისაკენ გავეშურე. სწორედ ამ დროს, შემთხვევით უფროს მეგობარს, მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელს, ბატონ პეტრე მამრაძეს შევხვდი. ყავაზე მივიპატიჟე და გავიბაასეთ. დიალოგის თემა ჯონ კერის ვიზიტი და ნატოს მორიგი სამიტი. დამაფიქრა, ვუთხარი, რომ ნაამბობს თქვენც გაგიზიარებდით. თანხმობა მივიღე…
პეტრე მამრაძე: „მოდით გავიხსენოთ რამდენიმე ეპიზოდი წარსულიდან. პირველი — ბარაკ ობამას ადმინისტრაციის რუსეთთან ურთიერთობის დათბობის ანუ ე.წ.,,ხელახალი ჩატვირთვის’’ მცდელობა. ზუსტად შვიდი წლის წინათ მოსკოვში ყოფნისას ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ნატოში გაწევრიანების მსურველმა სახელმწიფოებმა უნდა დააკმაყოფილონ შესაბამისი სტანდარტები და გააცნობიერონ, რომ ალიანსი რუსეთთან თანამშრომლობისაკენ უნდა მისწრაფოდეს და არა კონფრონტაციისაკენ. მეორე — ბარაკ ობამამ მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველო (ანუ მიხეილ სააკაშვილი) დათანმხდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას ჩვენი ქვეყნისთვის სრულიად მიუღებელი პირობებით. მესამე — მიხეილ სააკაშვილის 2008 წლის აგვისტოში, სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა (ჯორჯ ბუში უმცროსის ადმინისტრაციამ!) შეწყვიტა სამხედრო დახმარება და მიიღო გადაწყვეტილება არ მიეყიდა რაიმე თავდაცვითი შეიარაღება ჩვენი ქვეყნისათვის. დროის მცირე მონაკვეთში შეუძლებელია აშშ-ს ადმინისტრაციის სხვა მსგავსი მოქმედებების ჩამოთვლა. ვფიქრობ მკითხველს არ გაუჭირდება მათი გახსენება… სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა ვლადიმერ პუტინის რეჟიმის მიერ 2014 წლის თებერვალში ყირიმის ოკუპაციის შემდეგ. ჯონ კერიმ ჯერ კიდევ მაშინ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და გამოთქვა იმედი, რომ ჩვენი ქვეყანა უკვე 2014 წლის სამიტზე მიიღებდა გაწევრიანების სამოქმედო გეგმას (ე.წ. MAP-ს)… აი ასეთი „სრული მხარდაჭერის“ ფონზე ჩაიარა პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურმა ვიზიტმა ვაშინგტონში 2014 წლის თებერვალში. იმავე 2014 წლის 12 მარტს რუსულმა გაზეთმა,,კომერსანტმა’’ გამოაქვეყნა აშშ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლის (გვარი არ დასახელდა) მოსაზრება, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემთხვევაში საქართველოსთვის ე.წ MAP-ის მიცემას წინ ვერაფერი დაუდგებოდა. ექვსი დღის შემდეგ, 18 მარტს, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ყირიმის ანექსიის აქტს, 26 მარტს კი ბრიუსელში მყოფმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ,,უკრაინა და საქართველო ამჟამად არ დგანან ნატოში გაწევრიანებისაკენ მიმავალ გზაზე’’ და რომ ახლო მომავალში ნატოს გაფართოების გეგმები არ არსებობს…“
საინტერესოა, მაინც რა მოხდა მაშინ და რა სავარაუდო სცენარით განვითარდებოდა მოვლენები საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების შემთხვევაში.
პეტრე მამრაძე: „მაშინ ქვეყანა დიდ ხიფათს გადაურჩა! ვინაიდან უსაფრთხოების თვალსაზრისით არაფრის მომცემი MAP-ის საქართველოსთვის მინიჭებას, რუსეთი უპასუხებდა,,კონკრეტული’’ (გაიხსენეთ ვლადიმერ პუტინის და სერგეი ლავროვის განცხადებები) მოქმედებებით. ხოლო ასეთი მოქმედებების პაკეტში შედის სამხრეთ ოსეთის და აფზაზეთის ფორმალური ანექსია (ცხადია ეს,,მათივე მოთხოვნით’’), ასევე, ახალქალაქის ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების განთავსება და ა.შ. ადვილად პროგნოზირებადია, რომ რუსეთის ასეთ,,კონკრეტული’’ მოქმედებებს დასავლეთი გაცილებით უფრო რბილი განცხადებებით უპასუხებდა, ვიდრე ყირიმის ანექსიას… მაგრამ ყირიმის ანექსიამ, უკრაინის სხვა ტერიტორიებზე სასტიკი ჰიბრიდული ომის წარმოებამ, სამგზავრო ბოინგის ჩამოგდება, პირადად ვლადიმერ პუტინის ხშირმა საჯარო მუქარებმა, რომ სულ რაღაც რამდენიმე საათში აიღებდა არა მარტო კიევს, არამედ ნატოს წევრი სახელმწიფოების დედაქალაქებსაც (ვარშავა, ბალტიის ქვეყნების დედაქალაქები); რუსეთის სახელმწიფოს დასავლეთის საზღვრებთან არაპროპორციულად დიდი სამხედრო ძალების კონცენტრაციამ, განუწყვეტელმა სამხედრო წვრთნებმა აამოძრავეს დასავლეთი და სრულიად მიძინებული ნატო… აი ასეთ ფონზე გადაწყდა უკრაინაში მიმავალი ჯონ კერის ერთი დღით საქართველოში სტუმრობა.
თავად ვიზიტი, ჯონ კერის ყველა განცხადება, საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მემორანდუმზე ხელის მოწერა იყო არა ექსკლუზიურად საქართველოს მოქმედი (ანუ,,ოცნების’’) ხელისუფლების მხარდაჭერა, არამედ ქართველი ხალხისა და სახელმწიფოსათვის მხარდაჭერის გამოხატულება. შეგახსენებთ, რომ ცნობილმა ამერიკელმა პოლიტილოგებმა (ა.ქოული, ლ.მიტჩელი და სხვ.) სამართლიანად აღნიშნეს, რომ საქართველოსთან ურთიერთობაში პირადად ჯორჯ ბუშის და მისი ადმინისტრაციის შეცდომა იყო ჯორჯ ბუშის მიერ საქართველოს და მისი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გაიგივება… მიხეილ სააკაშვილისა და მისი რეჟიმის დახმარება იმ რწმენით, რომ ეს იყო დახმარების ყველაზე ეფექტიანი გზა. არადა ეს სრულიად კონტრპროდუქტიული მოქმედება იყო. დასავლეთის მეცნიერებს ისიც აღუნიშნავთ, რომ მიღებული დახმარების დიდი ნაწილი მიხეილ სააკაშვილმა მოახმარა არა ხალხს და სახელმწიფოს, არამედ საკუთარი რეჟიმის განმტკიცებას. ჩვენ ყველამ ვიცით რითი დასრულდა ეს ყველაფერი…“
რა შეიცვალა მას შემდეგ და როგორია ოფიციალური ვაშინგტონის მიდგომა…
პეტრე მამრაძე: „ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიდგომა სულ სხვაა. მიუხედავად ჩვენში არსებული პატრონ-კლიენტელური სისტემისა, რაც სრულიად მიუღებელია აშშ-ს ადმინისტრაციისათვის, მათ უნდათ დაეხმარონ საქართველოს და, შესაბამისად, არჩეულ ხელისუფლებას თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარებაში. ჯონ კერის საქართველოში ვიზიტიც ამას ემსახურებოდა და როცა ის ხელს ართმევდა გიგა ბოკერიას ან ირაკლი ალასანიას, სახელმწიფო მდივანი მხოლოდ თავის მოვალეობას ასრულებდა — არაფერი პირადი, მხოლოდ საქმე…“
ჩვენი დიალოგის დასასრულს, ბატონმა პეტრემ მკითხველებს გთხოვათ წარმოიდგინოთ, როგორ გააპიარებდა მიხეილ სააკაშვილი ასეთ ვიზიტს…