თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში ხელი მოაწერეს მემორანდუმს ქვეყნებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ.
”დღევანდელმა ვიზიტმა კონკრეტული შედეგები მოიტანა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით… მემორანდუმი ითვალისწინებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის პარტნიორობის გაფართოებას. ეს არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც ქმნის ჩარჩოს ახალი თანამშრომლობისთვის, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისკენ არის მიმართული“, — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე.
მისი თქმით, მემორანდუმი საქართველოს აძლევს ახალ შესაძლებლობებს შეიძინოს თავდაცვითი იარაღი და შეიარაღება, რომ მეტი აქცენტი გააკეთოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე ამერიკელ პარტნიორებთან ერთად. ასევე, ითვალისწინებს უფრო მეტ წვრთნებს პარტნიორებთან, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისთვის არის მნიშვნელოვანი.
„ეს დოკუმენტი წარმოადგენს კიდევ ერთ დადასტურებას საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მნიშვნელოვანი პარტნიორობის“, —თქვა პრემიერმა.
თავის მხრივ ჯონ კერიმ აღნიშნა, რომ მემორანდუმის ფარგლებში გადადგმული ნაბიჯები გაამარტივებს საქართველოსა და ნატოს ურთიერთობას.
„ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ ხელმოწერილ მემორანდუმს, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა თავდაცვითი და სხვა შესაბამისი აღჭურვილობის შეძენის საკითხებს, რაც გააძლიერებს საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობას, თავდაცვისუნარიანობას და ეფექტურობას“, აღნიშნა კერიმ.
დოკუმენტი ასევე გულისხმობს ტექნიკური და ოპერატიული შემადგენლობების გაცვლას.