თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. ნატოს გენმდივნის სპეცწარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ პირველად მიანიშნა, რომ საქართველოს მომავალ სამიტზე მაპის მიღების იმედი არ უნდა ჰქონდეს. მიუხედავად ამისა, თბილისი ფარხმალს არ ყრის და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქვეყნის მთავარი მიზანი — ეს ნატოს წევრობაა.
მაპი ნატოში ახალი წევრების მისაღები პროგრამაა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მიმდინარე წლის ივლისში ვარშავის სამიტზე მაპის მიღების იმედი აქვთ.
„მაპის საკითხზე ჯერჯერობით თანხმობა არ არის (წევრ ქვეყნებს შორის) და, გულახდილად რომ ვთქვათ, ჩვენ ამის გაკონტროლება არ შეგვიძლია… ვფიქრობ, რომ თუ ყველა პოლიტიკურ შეხვედრაზე მიზნად მაპი დასახელდება, ეს ავნებს პროცესს, ვფიქრობ, ეს იმედგაცრუებას შეუწყობს ხელს“, — განაცხადა აპატურაიმ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.
აპატურაის მიაჩნია, რომ ყურადღება საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობის პრაქტიკულ მექანიზმებზე უნდა იყოს აქცენტირებული და არა პოლიტიკურ ასპექტებზე.
„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ პრაქტიკული მომზადების თვალსაზრისით, ჩვენ ყველა ცარიელი ადგილი ამოვავსეთ და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დროც დადგება“, — აღნიშნა აპატურაიმ.
საქართველოსთვის მაპის მინიჭების ხელისშემშლელ მიზეზებზე საუბრისას, აპატურაიმ შესაძლო რისკებს გაუსვა ხაზი. ოფიციალურმა მოსკოვმა არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, „ვინაიდან ამ მიმართულებით მოძრაობა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებას უქმნის საშიშროებას“.
„ჩემთვის ცნობილია ზოგიერთი ქვეყნის პოზიცია, რაც წინააღმდეგობებს ქმნის. მათ მიაჩნიათ, რომ უსაფრთხოების გარანტიის გარეშე საქართველოსთვის მაპის მინიჭება გაზრდის რისკებს თქვენი ქვეყნისთვის. ამიტომ ისინი ამჯობინებენ, რომ აქცენტი [სხვა შეთანხმებების] იმპლემენტაციაზე გაკეთდეს“, — განმარტა მან.
ალიანსის სპეცწარმომადგენლის განცხადების კომენტირებისას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა კვლავ თქვა, რომ საქართველოს უმთავრესი მიზანი — ეს ნატოს წევრობაა და ქვეყნის ხელისუფლება საამისოდ ყველაფერს იღონებს.
„საქართველო მზად არის ნატოში გაწევრიანებისთვის. ზოგიერთი ქვეყანა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას უყურებს უფრო სხვაგვარად, ვიდრე ჩვენ. არიან ქვეყნები, რომლებსაც სჯერათ, რომ დრეს თამამი გადაწყვეტილების მიღება უფრო პრობლემური იქნება საქართველოსთვის, ვიდრე პირიქით. ჩვენ ამას არ ვიზიარებთ, მაგრამ რაშიც ვართ თანხვედრი, არის მთავარი ორი რამ — პირველი: საქართველოს მთავარი ამოცანა არის ნატოს წევრობა და ამ წევრობისთვის უნდა გავაკეთოთ ყველაფერი; და მეორე: ჩვენ ნებისმიერი — სამიტი იქნება ეს თუ მინისტერიალი — უნდა გამოვიდეთ უფრო ძლიერი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით, ვიდრე დღეს ვართ“, — განაცხადა ხიდაშელმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში.
საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ მონაწილე გახდა. 2004 წლიდან საქართველო-ნატოს თანამშრომლობა მეტად ინტენსიურ ფაზაში შევიდა. 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურებმა დაადასტურეს, რომ ალიანსის სტანდარტებთან შესაბამისობის შემთხვევაში, საქართველო და უკრაინა მომავალში ნატოს წევრი-ქვეყნები გახდებიან.
2014 წლის სექტემბერში უელსის სამიტზე საქართველოს წარედგინა ღონისძიებათა პაკეტი, რომელიც მის ალიანსში გაწევრიანების სწრაფვას უწყობს ხელს.