თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. ტელეკომპანია BBC-მ ტელემაყურებელს რუსეთსა და ნატოს შორის პოტენციური კონფლიქტის გამოგონილი სცენარი წარუდგინა: პრორუსი მეამბოხეების მიერ ლატვიური დაუგავპილსის დაპყრობისა და საქმეში ამერიკულ-ბრიტანული კოალიციის ჩარევის შემდეგ მსოფლიო მასშტაბური ბირთვული ომის ზღვარზე დგება, რომლისგანაც კაცობრიობას ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტი იხსნის.
ფილმი „მესამე მსოფლიო ომი: სამეთაურო პუნქტში“ (WorldWarThree: InsidetheWarRoom) ოთხშაბათ საღამოს გადაიცა ტელეარხით BBC-2.
ანალოგიაზე დაფუძნებული გამოგონილი სიუჟეტი
ფილმის სიუჟეტი, როგორც მისი ავტორები აღნიშნავენ, სრულად გამოგონილია, მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ანალოგიაზეა აგებული. ერთსაათიან ფილმში მოქმედება დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების სამეთაურო პუნქტში მიმდინარეობს.
მინისტრთა კაბინეტის წევრები და ქვეყნის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ბალტიის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ. თათბირისას ისინი უკავშირდებიან ნატოელ ჩინოვნიკებსა და ამერიკის ადმინისტრაციას, გამუდმებით იღებენ ცნობებს კონფლიქტში მომხდარი ცვლილებების თაობაზე.
გამოგონილი კონფლიქტი ესტონეთში იწყება, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული საბჭოთა ჯარისკაცების ხსოვნის აქციაზე.
ავტორთა ჩანაფიქრის მიხედვით, მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა: დემონსტრანტების ჯგუფს ტალინში რამდენიმე ნიღბიანი დაესხა თავს, რომლებსაც ესტონეთის დროშებით ეჭირათ. ამის შემდეგ არეულობა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებშიც გავრცელდადამეზობელ ლატვიაშიც გადაინაცვლა. რუსეთმა ესტონეთის ხელისუფლება აქტივისტებზე თავდასხმის ინიცირებაში დაადანაშაულა.
ლატვიაში დააკავეს მიტინგების მონაწილე რუსულენოვანი მოქალაქეები, რამაც, თავის მხრივ, არეულობა გამოიწვია დაუგავპილსში. ამას კი ის მოჰყვა, რომ რუსულენოვანი თემის წევრებმა ქალაქის ადმინისტრაციის აიღე, მისი ფასადიდან ევროკავშირისა და ლატვიის დროშები ჩამოხსნეს და მათ ნაცვლად ნამგლიან-უროიანიწითელი დროშები აღმართეს. ამასთან, ლატვიაში არეულობას წინ უსწრებდა რუსულენოვანი მოქალაქეების მიტინგი, რომლებიც დისკრიმინაციას აპროტესტებდნენ.
ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ფილმში ყველა მოვლენა გამოგონილია და მათი მიზანი მხოლოდ იმის წარმოდგენა იყო, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ევროპაში ახალი ომის შემთხვევაში.
„ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ მოიქცეოდნენ ბრიტანელი სამხედროები და პოლიტიკოსები ევროპაში ჰიპოთეტური ომის შემთხვევაში… თანამედროვე ანალიტიკოსები შიშობენ, რომ რუსეთმა შესაძლოა ნატოს სიმყარის გამოცდა მოისურვოს. ფილმის ავტორებმა უამრავ ექსპერტსა და ყოფილ სამხედროს დაუსვეს კითხვა: როგორ შეიძლება უპასუხოს ნატომ შესაძლო აგრესიას? ფილმის სიუჟეტი სამხედრო ანალიტიკოსების დახმარებითაა შექმნილი“, — წერია ფილმის საწყის ტიტრებში.
როლებს ბრიტანეთის ყოფილი მაღალჩინოსნები და ქვეყნის ხელმძღვანელები ასრულებენ
კერძოდ: ევროპაში ნატოს ძალების სარდალი რიჩარდ შირეფი, სამეფო სამხედრო-საზღვაო ძალების ადმირალი ლორდი უეთსი, ბრიტანეთის პარლამენტის დაზვერვის საკითხების კომიტეტის ყოფილი წევრი ბარონესა ნევილ-ჯონსი. ჩინოვნიკები ფილმის განმავლობაში ეცნობიან ახალი ამბების გამოშვებებსა და ნატოში ბრიტანეთის წარმომადგენლის მოხსენებებს განვითარებული მოვლენების შესახებ.
ამასობაში, დაუგავპილსის ადმინისტრაციული შენობის დამპყრობთა წინამძღოლი აცხადებს, რომ ქალაქს სრულად აკონტროლებს „ლატვია-რუსეთის კავშირი“ და რომ იქ მალე რეფერენდუმი ჩატარდება რიგისგან დამოუკიდებლობის თაობაზე. ლატვიის ხელისუფლება მომხდარს უკანონობად აფასებენ, ხოლო დაანონსებულ რეფერენდუმს — არალეგიტიმურს. ლონდონის თათბირის მონაწილეები, ამ განცხადების შემდეგ, იწყებენ მსჯელობას, არის თუ არა მომხდარი ნატოს წევრი ქვეყნის მიმართ აგრესია და მოითხოვს თუ არა ვითარება, ალიანსის მიერ კოლექტიური თავდაცვის მექანიზმის ამოქმედებას.
„და სანამ ნატო მსჯელობს, აღმოუჩინოს თუ არა დახმარება ბალტიის ქვეყნებს და გააძლიეროს თუ არა საკუთარი საჯარისო დანაყოფი, რათა რეგიონში რუსული სპეცდანაყოფების შეჭრა აღკვეთოს, ხოლო პოლიცია ბუნტის ჩახშობას ლამობს, ამბოხებულთა ლიდერი ცდილობს, სულ უფრო მეტ ხალხს უხმობს დასახმარებლად. პრორუსული ჯგუფები აღმოსავლეთ ლატვიის ქალაქების ადმინისტრაციულ შენობებთან იკრიბებიან, პოლიციელთა შორის არის მსხვერპლი… სპეცსამსახურები აცხადებენ, რომ ლატვიაში არალეგალურად შევიდა შეიარაღებული რუსების დიდი ჯგუფი“, — მოგვითხრობს კადრსმიღმა ხმა.
ლონდონი ლატვიისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენასა და იქ სამხედრო ინსტრუქტორების გაგზავნის გადაწყვეტილებას ირებს. ამის პარალელურად რუსეთი იწყებს სამხედრო სწავლებას ლატვიის საზღვრის ახლოს. ამბოხებულები ოთხ სამხედრო ინსტრუქტორს ატყვევებენ, რომლებსაც ბრიტანული სპეცრაზმი ათავისუფლებს. კონფლიქტის შემდგომი ესკალაციისას ლატვიის საზღვართან სამხედრო თვითმფრინავი ვარდება. რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს რიგის პროვოკაცია იყო, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, რუსეთის მხრიდან გამოტყორცნილი რაკეტა, ლატვიურ ვერტმფრენს აფეთქებს.
ლონდონის სამეთაურო პუნქტში შეკრებილი მოთათბირეები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელების შესაძლებლობაზე იწყებენ მსჯელობას, თუმცა კონსესუსამდე ვერ მიდიან — შეკრებილთა თითქმის ნახევარი შემდგომი ესკალაციის წინააღმდეგია. იმავდროულად რუსეთი დაუგავპილსში 300 სატვირთო მანქანას აგზავნის და აცხადებს, რომ მათში ჰუმანიტარული დახმარებაა. რუსეთის ხელმძღვანელობის წარმომადგენელთან ტელეკონფერენციის შემდეგ, და ასევე იმის გამო, რომ ლონდონში მოთათბირეებს ეჭვი ეპარებათ ტვირთის სამშვიდობო ხასიათში, ისინი ბრიტანეთის პარლამენტს მიანდობენ გადაწყვეტილების მიღებას სამხედრო ძალის გამოყენებისა და ლატვიის ტერიტორიული მთლიანობის ნატოს წესდების შესაბამისად აღდგენის თაობაზე.
მსოფლიო ომის ზღვარზე
ბრიტანეთისა და აშშ-ის შემდგომი ნაბიჯები მსოფლიოს ბირთვული ომის ზღვარზე აყენებს. ამერიკულ-ბრიტანული კოალიცია სამხედრო ოპერაციას ატარებს დაუგავპილსზე კონტროლის აღსადგენად, რასაც ამბოხებულთა შორის უზარმაზარი მსხვერპლი მოჰყვება. ამ ოპერაციაში მონაწილეობა კოალიციის რამდენიმე ათასმა ჯარისკაცმა მიიღო. საპასუხოდ რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ბრიტანულ და ამერიკულ ხომალდებზე და ორი მათგანი ჩაძირა კიდეც. ამ შეტევისას დაიღუპა ათასამდე ბრიტანელი და ამერიკელი სამხედრო. აშშ რუსეთზე შეზღუდულ ბირთვულ დარტყმას მოითხოვს. ლონდონში შეკრებილები ამის წინააღმდეგნი არიან და მიაჩნიათ, რომ ბრიტანეთი კოალიციის თანაბარუფლებიანი პარტნიორი უნდა იყოს, და რომ მას უფლება უნდა ჰქონდეს, იმსჯელოს ამერიკის გადაწყვეტილებებზე.
თუმცა აშშ-მა მაინც გამოიყენა ტაქტიკური ბირთვული იარაღი რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ. ამ და ასევე იმ ფაქტმა, რომ რუსეთმა ბირთვული „ბოეგოლოვკებით“ აღჭურვილი კონტინენტთშორისი რაკეტები მოამზადა გასაშვებად, თათბირის მონაწილეები დააბნია და შეაცბუნა. კამათი თემაზე, გაეცათ თუ არა პასუხი რუსეთის შესაძლო შეტევისთვის ბირთვული დარტყმით, დიდხანს გაგრძელდა. ბრიტანელმა სამხედროებმა და პოლიტიკოსებმა საბოლოოდ მაინც ვერ შეძლეს „წითელ ღილაკზე“ თითის დაჭერა, რადგან, მათი აზრით, უფლება არ ჰქონდათ დაუხოცათ უბრალო რუსები.
ფილმის ერთ-ერთი საკვანძო მომენტი გახდა კამათი კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების მიზნით მოლაპარაკებებისთვის უფრო მეტი დროის დათმობის თაობაზე. ფილმის ავტორებმა რუსეთის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საკითხში ნატოს წევრების პოზიციის არაერთგვაროვნებას გაუსვეს ხაზი — ბევრი ქვეყანა ესკალაციისა და სამხედრო ძალის გამოყენების კატეგორიული წინააღმდეგი იყო, ხოლო ბრიტანეთი წინადადებას აყენებდა, რუსეთთან მოლაპარაკებებში შუამავალი და „სრულიად დასავლეთის ინტერესთა გამომხატველი“ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ყოფილიყო. მაგრამ ვაშინგტონის ზეწოლით, კონფლიქტი უმართავი გახდა.
ფილმი არ არის ანტირუსული კამპანიის ნაწილი
მიუხედავად იმისა, რომ ფილმში რუსეთი აგრესორადაა წარმოჩენილი, BBC უარყოფს, რომ ის იმ ანტირუსული კამპანიის ნაწილია, რომელიც ბოლო დროს წამოიწყო ტელეკორპორაციამ.
„ტელეფილმი „მესამე მსოფლიო ომი: სამეთაურო პუნქტში“ აგებულია გამოგონილ სცენარზე და არანაირად არ უკავშირდება „პანორამის“ ჟურნალისტურ გამოძიებას, — განუცხადა მანამდე „რია ნოვოსტის“ BBC-ს ახალი ამბების განყოფილების ხელმძღვანელმა ჯესიკა ქულშოუმ.
ცოტა ხნის წინა BBC-მ აჩვენა გადაცემა „პანორამა“, რომელშიც აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა ადამ შუბინმა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ამერიკულ სანქციებზე მუშაობს, რუსეთის პრეზიდენტს „კორუფციის განსახიერება“ უწოდა. ამ განცხადებამ მოსკოვი სასტიკად გააღიზიანა და ამერიკელს ეთიკისა და პროფესიონალიზმის ნაკლებობა უსაყვედურეს. ხოლო კრემლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ივანოვმა შუბინის სიტყვებს „აბსურდი და გალიმათია“ უწოდა.
„ეს გადაცემა აანალიზებს იმ სცენარს, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ირჩევა დასავლელი სტრატეგების მიერ. კონკრეტულად საუბარია არეულობებზე ბალტიისპირეთში და რუსეთის შემდგომ ჩარევაზე. ის, თუ როგორ მოიქცეოდა ნატო თავისი ორი წევრის მიმართ წარმოშობილი საფრთხის პირობებში, საზოგადოებრივი დისკუსიის საკითხია. ამ პროგრამის გამოგონილი სცენარი მთელი მსოფლიოს სამხედრო, დიპლომატიურ და პოლიტიკურ ექსპერტებთან კონსულტაციებით იქმნებოდა“ — აღნიშნა ჯესიკა ქულშოუმ.
მისი თქმით, უკრაინის კრიზისის, ყირიმის რუსეთთან მიერთებისა და სირიაში რუსეთის ავია იერიშების შემდეგ, „რუსეთის საგარეო პოლიტიკა მსოფლიო მასშტაბის დისკუსიის საგანია“.