რუსეთის გენშტაბი: ნატოს გაფართოება გლობალურ უსაფრთხოებას ემუქრება

© photo: Sputnik / Юрий Сомов / გადასვლა მედიაბანკშინატოს სიმბოლო ბრიუსელში
ნატოს სიმბოლო ბრიუსელში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გენერალური შტაბის მეთაურის, ვალერი გერასიმოვის აზრით, რუსეთის საზღვრების გასწვრივ ნატოს დამატებითი ძალებისა და გლობალური ანტისარაკეტო სისტემის განთავსება და აგრეთვე შეიარაღებული ბრძოლის ახალი საშუალებების შემუშავება ძალთა სტრატეგიულ ბალანსს არღვევს.

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. ნატოს სამხედრო აქტიურობის ზრდა და გლობალური ანტისარაკეტო სისტემის განთავსება მსოფლიოში ახალი „ცხელი წერტილების“ წარმოშობის საფრთხეს ბადებს. მოსკოვი პრიორიტეტულ რეჟიმში განაგრძობს საკუთარი ბირთვული ძალების გაძლიერებას, რათა შეაკავოს შესაძლო აგრესია რუსეთისა და მისი მოკავშირეების მიმართ, — ასეთი თეზისები გააჟღერა რუსეთის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გენერალური შტაბის მეთაურმა ვალერი გერასიმოვმა რუსეთში აკრედიტებული უცხოელი სამხედრო ატაშეებისთვის გამართულ ბრიფინგზე, — წერს რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“. 

გერასიმოვმა ისაუბრა რუსეთის ბრძოლაზე საერთაშორისო ტერორიზმთან სირიაში. განსაკუთრებით გამოყო, თუ როგორ უწყობს ხელს რუსეთის საჰაერო–კოსმოსური ძალების ოპერაცია სირიის სამთავრობო ჯარებისა და ოპოზიციის შეიარაღებული ფორმირებების გაერთიანებას ამ მიმართულებით. გენშტაბის მეთაურმა გამოთქვა იმედი, რომ რუსეთის კუთვნილი სუ 24–ის ჩამოგდების ფაქტი ობიექტურად იქნება გამოძიებული. 

რუსეთი, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის მოთხოვნის საფუძველზე, 30 სექტემბრიდან აწარმოებს წერტილოვან ავიადარტყმებს „ისლამური სახელმწიფოსა“ (დაიში) და „ჯებჰათ ან–ნუსრას“ ობიექტებზე (რუსეთში ორივე დაჯგუფება კანონგარეშედაა გამოცხადებული). საჰაერო–კოსმოსურმა ძალებმა, კასპიის ფლოტილიის ხომალდებმა და შავი ზღვის ფლოტის წყალქვეშა ნავმა „დონის როსტოვმა“ ტერორისტების რამდენიმე ათასი ობიექტი გაანადგურეს. სირიაში საბრძოლო ნათლობა მიიღეს სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა ტუ 160–მა და ტუ 95 ემ–ესმა. 

ნატო - Sputnik საქართველო
ხიდაშელი: ნატოში გასაწევრიანებლად საქართველოს არანაირი წინაღობა არ გააჩნია

არამეგობრული ალიანსი

გერასიმოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიოში მშვიდობას საფრთხე ემუქრება, რაც, უპირველესად, საერთაშორისო ტერორიზმისა და რადიკალური ექსტრემიზმის მასშტაბების ზრდასთანაა დაკავშირებული. 

გერასიმოვმა ცალკე გამოყო ნატოს თემა და რუსეთის საზღვრების გაყოლებაზე ალიანსის აქტიურობის ზრდას „არამეგობრული“ უწოდა, რაც რუსეთს აშფოთებს. 

მისი თქმით, „გლობალური ანტისარაკეტო სისტემის განთავსებითა და შეიარაღებული ბრძოლისათვის პრინციპულად ახალი საშუალებების, მათ შორის, ჰიპერბგერითი იარაღის შემუშავებით, იზრდება ძალთა სტრატეგიული ბალანსის რღვევის პრობლემა“.    

გერასიმოვმა ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიოში ვითარების გაუარესებას ხელს უწყობს ეკონომიკური, პოლიტიკური და საინფორმაციო ინსტრუმენტების,  მოსახლეობის საპროტესტო პოტენციალის, რადიკალური ექსტრემისტული ორგანიზაციებისა და კერძო სამხედრო კომპანიების გამოყენება. 

„აქტუალობა არ დაუკარგავს მასობრივი განადგურების იარაღის  უკანონო გავრცელების, ტრანსსასაზღვრო დანაშაულისა და ნარკოვაჭრობის, სეპარატიზმის, უკონტროლო მიგრაციისა და ქსენოფობიის პრობლემებს“, — განაცხადა გენერალური შტაბის მეთაურმა. 

ყველაფერი ეს ერთად აღებული, სახელმწიფოთა შორის ოდითგან არსებულ უთანხმოებებთან ერთად, ქმნის ახალი კონფლიქტების წარმოშობისა და უკვე არსებულების ესკალაციის საფრთხეს, რომელთა რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს, — აღნიშნა გერასიმოვმა. 

დაიშელების მიერ განადგურებული ქრისტიანული ტაძარი - Sputnik საქართველო
„ისლამური სახელმწიფოს“ კვალი ჩრდილოეთ სირიაში: ქრისტიანული ტაძრების ნანგრევები

სირიის ოპერაციის მიზეზი

გერასიმოვმა უცხოელ დიპლომატებს განუმარტა, რატომ დაიწყო ოპერაცია სირიაში. 

„ახლო აღმოსავლეთში, აფრიკულ სახელმწიფოებსა და ავღანეთში მდგომარეობის დესტაბილიზაციამ მსოფლიოს სხვა რეგიონებში, მათ შორის რუსეთში, ტერორისტული აქტიურობის გავრცელების საფრთხე წარმოშვა“, — განაცხადა გერასიმოვმა. 

მისი თქმით, რაც დრო გადის, მით უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად მსოფლიო საზოგადოების ძალისხმევათა გაერთიანება. 

რაც შეეხება ტერორიზმთან სირიის ოპერაციის ფარგლებში ბრძოლას, აქ რუსეთი მზადაა, ითანამშრომლოს ნებისმიერ სახელმწიფოსთან, — თქვა გერასიმოვმა.  

მან ხაზი გაუსვა, რომ უახლეს ისტორიაში არსებობს რუსეთის დასავლურ სახელმწიფოებთან ამგვარი თანამშრომლობის მაგალითები. 

„ასეთებია: საერთაშორისო ძალების ოპერაცია ავღანეთში, სირიის ქიმიურ იარაღთან დაკავშირებული პრობლემები, გამრღვევი მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, მინსკის შეთანხმებებზე ხელმოწერა და მათი რეალიზაცია, მეკობრეობასთან ბრძოლა აფრიკის რქასთან“, — ჩამოთვალა გენერალური შტაბის მეთაურმა. 

გერასიმოვმა თავად ოპერაციის მსვლელობაზეც ისაუბრა. 

იმისათვის, რომ ტერორისტებს დაფინანსების წყარო შეუწყვიტონ,  რუსეთის საჰაერო–კოსმოსური ძალები ანადგურებენ „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლქვეშ მყოფ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ნავთობის გადასაქაჩ სადგურებსა და ასევე ნავთობპროდუქტების გადამზიდ ტრანსპორტს, რომლებიც თურქული საზღვრისკენ მოძრაობენ. 

ქალაქი ალეპო, სირია - Sputnik საქართველო
სირიის სომხური თემი: ხედვა მოვლენების ცენტრიდან

გენერალმა ხაზი გაუსვა, რომ რუს სამხედროებს სარაკეტო დარტყმები მხოლოდ და მხოლოდ ტერორისტების კუთვნილ სამხედრო ობიექტებზე მიაქვთ. 

რუსული ავიაცია ტერორისტებზე ყოველდღიურად 30–40 ავიადარტყმას ახორციელებს, — თქვა გერასიმოვმა. 

მისი თქმით, სირიის თავისუფალი არმიის რაზმები — 5 ათასი კაცის შემადგენლობით, სამთავრობო ჯარებთან ერთად უტევენ ჰომსის, ჰამას, ალეპოსა და რაკას პროვინციებს, და რომ ამ რაზმების რაოდენობა დღითიდღე იზრდება. 

რუსეთი მათაც ეხმარება შეიარაღებით, საბრძოლო მასალებითა და მატერიალური საშუალებებით. 

ამით რუსეთი ხელს უწყობს სამთავრობო ჯარებისა და სირიის ოპოზიციური ფორმირებების ერთობლივ ძალისხმევას ტერორისტების გასანადგურებლად, — ხაზი გაუსვა გერასიმოვმა. 

ობიექტურობის იმედი

გერასიმოვის განცხადებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იმედოვნებს, რომ თურქეთის სამხედრო–საჰაერო ძალების მიერ რუსეთის კუთვნილი სუ24–ის ჩამოგდების ფაქტი ობიექტურად და მიუკერძოებლად იქნება გამოძიებული საერთაშორისო დონეზე. 

მომხდარზე საუბრისას გენერალმა აღნიშნა, რომ რუსეთმა თურქეთისგან, დახმარების ნაცვლად, „ზურგში მზაკვრული დარტყმა“ მიიღო. 

გენერალური შტაბის მეთაურის სიტყვებით, „თურქეთის ცალკეული მაღალჩინოსნების მერკანტილური ინტერესები უფრო მაღლა  დადგა, ვიდრე რუსეთის, საფრანგეთის, მალისა და იგივე თურქეთის კანონმორჩილი მოქალაქეების სიცოცხლე, რომელთა წინააღმდეგაც ტერორისტულ აქტებს ხშირად აწყობს „ისლამური სახელმწიფო“. 

სერგეი შოიგუ - Sputnik საქართველო
შოიგუ: ნატომ სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა 13–ჯერ გაზარდა

თავდაცვის სამინისტროს გეგმები

ვალერი გერასიმოვმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ზოგი გეგმა გაახმოვანა, რომლებიც რუსეთის არმიის საბრძოლო მზადყოფნასა და მის ახლებურად შეიარაღებას უკავშირდება. 

2016 წელს პრიორიტეტული ყურადღება დაეთმობა სტრატეგიული ბირთვული ძალებისთვის ხელშეწყობას, საჰაერო–კოსმოსური ძალებისა და დამრტყმელი ჯგუფების პოტენციალის განვითარებას, რათა რუსეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ აგრესია შეაკავოს, — განაცხადა გერასიმოვმა. 

რაც შეეხება რუსული არმიის აღჭურვას, თავდაცვის სამინისტრო აპირებს, 2016 წლიდან ყოველწლიურად შეიძინოს ორასამდე საჰაერო ხომალდი, ოცდაათამდე გემი და წყალქვეშა ნავი და ასევე ექვსასამდე ჯავშანმანქანა. 

როგორც გერასიმოვმა თქვა, თავდაცვის სამინისტრო ასევე გააუმჯობესებს სამეცნიერო–კვლევითი ორგანიზაციების სისტემას და განავითარებს ურთიერთობას მოკავშირე სახელმწიფოებთან დსთ–ის, შანხაის თანამეგობრობის ორგანიზაციისა და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ფარგლებში.  

სამხედრო თამაშებზე მიწვევა

გერასიმოვმა პირობა დადო, რომ 2016 წელს რუსეთში გამართულ საერთაშორისო სამხედრო თამაშებზე 47 ქვეყანას მოიწვევს. 

პირველ ასეთ თამაშებში მიმდინარე წელს 43 გუნდი მონაწილეობდა ევროპის, აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის 16 სახელმწიფოდან. 

„შეჯიბრების ჩატარებამ ხელი შეუწყო სამხედრო მოსამსახურეების სწავლების მოწინავე მეთოდების გავრცელებას, მათი სამხედრო ოსტატობის სრულყოფასა და სამხედრო მომზადებისას შეჯიბრებითობის განვითარებას“, — დაასკვნა გენერალმა გერასიმოვმა. 


ყველა ახალი ამბავი
0