„ისლამური სახელმწიფოს“ კვალი ჩრდილოეთ სირიაში: ქრისტიანული ტაძრების ნანგრევები

© photo: Sputnik / Валерий Мельников / გადასვლა მედიაბანკშიდაიშელების მიერ განადგურებული ქრისტიანული ტაძარი
დაიშელების მიერ განადგურებული ქრისტიანული ტაძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაიშის ტერორისტებმა სირიაში კულტურის უამრავი ძეგლი გაანადგურეს, მათ შორის, ქრისტიანული ტაძრები. სადაც კი ფეხი დადგეს, ყველგან ერთი სურათია: გადამწვარი ეკლესიები და სახლების ნანგრევები.

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. „ისლამური სახელმწიფოს“, ანუ დაიშის ტერორისტებმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უამრავი კულტურული ძეგლი გაანადგურეს სირიაში: ააფეთქეს პალმირას უნიკალური ტაძრები, ელ–ჰასაკში კი სხვადასხვა კონფესიების კუთვნილი ათობით ეკლესია დაანგრიეს. რუსული საინფორმაციო  სააგენტოს, „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტმა გათავისუფლებულ ასირიულ სოფლებში იმოგზაურა და საკუთარი თვალით იხილა ისლამისტების მიერ გაცამტვერებული ქრისტიანული რელიქვიები. 

გზად ქრისტიანული მიწებისკენ 

გზა მდინარე ხაბურის გაყოლებით მდებარე მწვანე გორაკებისკენ ქალაქ ყამიშლიდან დაიწყო, რომელიც თურქეთ–სირიის საზღვრის საიახლოვესაა. ადგილზე ასირიელთა თემის წარმომადგენელი ჯულიანი დაგვხვდა. ყამიშლიდან თელ–თამერამდე (უდიდესი ქრისტიანული დასახლება) არსებული ვითარება გაგვაცნო და მანქანაში ჩავსხედით. ათ წუთში ქალაქიდან გავედით. მოსაწყენი პანორამა — უდაბნო, გზებზე სირიის არმიისა და ქურთების თავდაცვითი ძალების პოსტები. ჩვენ ყველგან გვატარებდნენ და გვიღიმოდნენ, როცა შეიტყობენ, რომ მანქანაში რუსი იჯდა. 

გავიარეთ ქალაქი ელ–ჰასაკი, სადაც ასევე ბევრი ქრისტიანი ცხოვრობს. ჯულიანმა ყველა ის ადგილი დაგვანახა, სადაც ზაფხულში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლები მიდიოდა. ბოევიკებს ოთხჯერ მიუტანიათ შეტევა ქალაქზე და მის ცენტრალურ კვარტლებში შეჭრილან. სირიის არმიამ ასირიელების ლაშქრისა და ქურთების თავდაცვითი ძალების დახმარებით შეძლო ქალაქის შენარჩუნება და მოწინააღმდეგის ათობით კილომეტრიის მოშორებით განდევნა — რაქაში მდებარე „ისლამური სახელმწიფოს“ ბუნაგისკენ. 

ელ–ჰასაკის დაცვაში ჯულიანსაც მიუღია მონაწილეობა. ის ერთ–ერთი პირველი ქრისტიანი ყოფილა, ვისაც ხელში იარაღი აუღია საკუთარი მიწის დამპყრობლისგან დასაცავად. მისი თქმით, მძიმე ბრძოლები გამართულა და „ბევრი მამაცი ბიჭი დაღუპულა“. 

ქრისტიანები ქალაქ მაალიულაში - Sputnik საქართველო
სირიელმა ქრისტიანებმა ბოევიკების ტყვეობაში ცხოვრების პირობებზე ისაუბრეს

საფრთხისმომასწავებელი სიცარიელე და ტაძრების ნანგრევები

პეიზაჟი იცვლება, სოფელს ვუახლოვდებით. თვალწინ ბორცვების ჯაჭვი გადაგვეშალა. აქ დასახელებები წინსართით „თელ“, ანუ „ბორცვით“   იწყება. ლამის ყოველ მეორე ბორცვზე პატარა სოფელია გაშენებული. 

პირველი გაჩერება სოფელ თელ–ჰერმუსში გვქონდა. სწორედ აქ გამართულა ყველაზე სისხლისმღვრელი ბრძოლა. სირიის არმიას სოფლის გათავისუფლებაში მეზობელი სოფლების ახალგაზრდობა ეხმარებოდა, რომლებმაც ამის შემდეგ თავს „ხაბურის დამცველები“ უწოდეს. ისლამისტებმა თითქმის მთლიანად გადაწვეს სოფელი.  

„ყურადღება მიაქციე: ამ სახლთან უსიამოვნო სუნი დგას — ჯერ კიდევ ვერ მოვახერხეთ ყველა გვამის გამოტანა. კიდევ ხუთი ბიჭი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. ნანგრევებში ტერორისტების ნეშთებსაც ვპოულობთ. აქ 150–მდე მომხდური გავწყვიტეთ“, — ამბობს ჯულიანი და ერთ–ერთ სახლთან ჩერდება. 

 ტაძრისკენ მიმავლებს ჯულიანმა გზად ის ადგილი გვანახა, სადაც სასადილო იყო. აქ თელ–ჰერმუსელი ქალი სამხედროებს სადილს უმზადებდა, რის გამოც დამპყრობლებს მისთვის თავი მოუკვეთავთ. 

„ამ სოფლებში ლამის ყველა სახლი ინახავს მსგავს ტრაგიკულ ისტორიას. ქალმა საკუთარი სახლი მასშინაც კი არ მიატოვა, როცა ტერორისტები შემოვიდნენ სოფელში. განა არ ჰგავს მისი გმირობა პირველქრისტიანების გმირობას, რომლებსაც მხოლოდ იმის გამო ხოცავდნენ, რომ გულზე ჯვარი ეკეთათ? ჩვენც ამიტომ გვხოცავენ ახლა. ათასი წლით უკან დავბრუნდით — ქრისტიანების დევნა გრძელდება“, — ამბობს ჩვენი გამცილებელი. 

ცენტრალურ მოედანზე საძირკვლამდე ჩაშლილი ტაძარი დგას. ეტყობა, დიდი უნდა ყოფილიყო. ახლა მისგან მხოლოდ ქვები, მარმარილოს კოლონების ნამსხვრევები და კიდევ ორი მოოქროვილი ლამფაა დარჩენილი, ჯვრები ისეა დაღვარჭნილი, რომ ვერც მიხვდები, ოდესმე თუ ჯვრები იყო, არცერთი ხატი არაა გადარჩენილი. 

„ხედავ, როგორ ცეცხლითა და მახვილით გაანადგურეს ჩვენი, სირიის კულტურა და ქრისტიანული ისტორია და ზოგადად, მთელი მსოფლიოსი? 5 ათასი ქრისტიანი იქცა ლტოლვილად, 36 სოფლიდან არცერთი ეკლესია არ გადარჩენილა, ძველ ტაძრებში თუ რამ ფასეული ინახებოდა, დიდი ხნის წინ გაიტანეს თურქეთში.  საზღვარი ხომ აქვეა და ეს იოლზე იოლია“, — განაგრძობს ჯულიანი. 

წყენა და წუხილი შორიდანვე იგრძნობოდა, ასირიელს შეეძლო ხმაც არ ამოეღო, გაუკაცრიელებული სოფლები, სუნი და პარტახი ისედაც დამთრგუნველად მოქმედებდა. სურათები გადავიღე და მანქანისკენ წავედი. 

სირია ჩვენი სახლია და არ მივატოვებთ

გზადაგზა თელ–ჰერმუსის მსგავს პაწაწა სოფლებს ვაწყდებით — დაცარიელებულებსა და განადგურებულებს. ერთ–ერთ მათგანში წმიდა  გიორგის სახელობის ტაძარი დგას. მისი საძირკველი აფეთქებას გადაურჩა, მაგრამ კედლები მთლად გაშავებულ აქვს და დამწვრის სუნი დგას. ნანგრევებში სასწაულებრივად გადარჩენილი რამდენიმე საეკლესიო წიგნი ვიპოვეთ, მათ შორის, ასირიულ ენაზე დაწერილი სახარება. ჯულიანმა ფრთხილად გაწმინდა წიგნი და თან წამოიღო. გადავწყვიტეთ, წიგნები ყამიშლის ასირიული ეკლესიის წინამძღვრისთვის გადაგვეცა. 

ასირიელები ერთ–ერთ პირველ ქრისტიანებად მიიჩნევიან. მათი კულტურა კი 10 ათასზე მეტ წელს ითვლის. სწორედ სირიის, ერაყისა და ლიბანის ტერიტორიაზე მცხოვრები ასირიელები არიან  მსოფლიოს პირველი იმპერიის — ახალასირიული იმპერიის შთამომავლები. თანამედროვე ასირიელები პატივს მიაგებენ და ამაყობენ საკუთარი ისტორიით, დღესაც ახალარამეულ ენაზე (ასირიულად) ლაპარაკობენ და შვილებს უძველესი მეფეების სახელებს არქმევენ. მათ არაერთი დევნა განუცდიათ: ჯერ იყო და ოსმანთა იმპერიის მხრივ, მერე კი სადამ ჰუსეინისა. პირველქრისტიანთა ასობით ათასი შთამომავალი მხოლოდ სირიაში ცხოვრობდა მშვიდად მანამ, სანამ არაბულ რესპუბლიკაში დაიშის შავი დროშები არ გამოჩნდა. 

„ჩვენ გვიყვარს სირია. ყოფილი პრეზიდენტიც და ბატონი ბაშარ ასადიც ყოველთვის იცავდნენ ქრისტიანთა ინტერესებს. ჩვენ ტაძრების აშენების უფლებაც გვქონდა და ჩვენი ტრადიციების მიხედვით ცხოვრებისაც, იმიტომ, რომ ამაში არაფერია მტრული. ახლა არმია გვეხმარება ჩვენი კარმიდამოების დაცვაში, თვითმფრინავებით ჰუმანიტარული ტვირთი ჩამოაქვთ. საერთაშორისო არენაზეც სიტყვას გავწევენ. მაგრამ სახელმწიფოები, რომლებიც ქრისტიანულებად მიიჩნევიან, კერძოდ კი ევროპა, თვალს ხუჭავენ  იმაზე, რაც აქ ხდება. ასადი ჩვენი პრეზიდენტია, სირია — ჩვენი სახლი, რომელსაც არასდროს მივატოვებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ მისთვის“, — ამბობს ჯულიანი. 

ყველა სოფელში ერთი და იგივე სურათი გვხვდება — გადამწვარი ეკლესიები და სახლების ნანგრევები. „ათასერთი ღამის ზღაპრის“ მსგავსად, იშვითად თუ შეგხვდებათ გზის გაყოლებაზე ალიზის ქოხი, სადაც ბედუინები განაგრძობენ ცხოვრებას. 

მზის ჩასვლისას ბოლო ტაძარს მივაღწიეთ, რომელიც მონიშნული გვქონდა. ეს ქალაქ თელ–თამერში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაა, რომელიც 200 წლის წინ აუგიათ და რომელიც თებერვლის ბოლოს აუფეთქებიათ მოჯაჰედებს. ნანგრევებში ძლივს გავიკვალეთ გზა, ტაძარში შევედით და დავინახეთ, გატეხილი ვიტრაჟიდან შემოსული შუქი იატაკზე როგორ ხატავდა ჯვარს. ჯულიანი მუხლებზე დაემხო და ჩუმი ხმით ლოცვა დაიწყო. ცარიელი კედლები მის ხმას აძლიერებდა და მესმოდა — ეს ასირიულ ენაზე წარმოთქმული ლოცვა იყო. 

ყამიშლის გზაზე ვიდექით, როცა ჩემმა გამცილებელმა ამიხსნა, ღვთისმშობლის ტაძარში „მამაო ჩვენო“ წავიკითხე და აღთქმა დავდე, რომ ჩვენი თაობა ყველაფერს გააკეთებს ქრისტიანული კულტურის დასაცავად, რათა „ისლამური სახელმწიფოს“ ფანატიკოსებმა ძირფესვიანად არ მოთხარონო იგი.  


ყველა ახალი ამბავი
0