თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. 2015 წლის აგვისტოს დასაწყისში „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა სირიის პროვინცია ჰომსში დასახლება კარიატეინი აიღეს. ტერორისტთა ტყვეობაში სირიის იაკობინური მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლი, 277 ქრისტიანი აღმოჩნდა.
„რის ნოვოსტის“ კორესპონდენტმა დასახლება ფაირუზას ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ქამრის ტაძრის წინამძღვარი, ზოჰრი ჰაზაალემი მოძებნა, რომელმაც მას მოუთხრო, როგორ ცხოვრობენ ქრისტიანები „ისლამურ სახელმწიფოში“ და როგორ შეძლო, თანამზრახველებთან ერთად, 172 ადამიანის გამოხსნა ტერორისტთა ხელიდან.
მართლმადიდებლური ქორწილი „ისლამური სახელმწიფოდან“ 100 კმ–ის დაშორებით
მამა ჰაზალეემის მოსაძებნად ჯერ კიდევ დამასკოში გახდა საჭირო უამრავ ადამიანთან დარეკვა და შეხვედრა. მაგრამ შრომას ტყუილად არ ჩაუვლია. დამასკოდან ფაირუზამდე დაახლოებით 150 კილომეტრის გავლისა და ნახევრად დანგრეული, თითქმის დაცარიელებული სოფლების დამთრგუნველი სურათის ნახვის შემდეგ ქრისტიანულ სოფელში აღმოვჩნდით. აქაც ცოტა ხალხია, თუმცა ყველაფერი მეტ–ნაკლებად სუფთად გამოიყურება. პატარა ქუჩებზე ძველებული ეკლესიები მოჩანს, მაგრამ ჩვენი რესპონდენტი ახალ ტაძარში გველოდება, სადაც ახალგაზრდების ქორწინების რიტუალისთვის სამზადისი მიმდინარეობს. ჯვარს სირიის არმიის ჯარისკაცი ბასილი გრეერი და აღმოსავლელი ლამაზმანი როდა ასააფი იწერენ.
იმის გააზრება, რომ კბილებამდე შეიარაღებული ისლამისტები სულ რაღაც 100–120 კილომეტრის დაშორებით იმყოფებიან, ცოტა არ იყოს, გვაშფოთებს, მაგრამ ასზე ცოტა მეტი ლამაზად ჩაცმული და ბედნიერი ადამიანის დანახვა სიმშვიდეს გვგვრის და საზეიმო განწყობას გვიქმნის. გოგონებს საღამოს ბრჭყვიალა კაბები აცვიათ, ბავშვები თეთრებში გამოწყობილან და არამეულ ენაზე, ქრისტეს ენაზე შესრულებულმა საეკლესიო საგალობლებმაც საბოლოოდ დაგვამშვიდა.
სანამ წინამძღვარი ახალგაზრდებს ჯვარს წერდა, სტუმრებსა და ნათესავებს გავეცანით, რომლებიც ძველი მეგობრებივით დაგვხვდნენ. ეს გასაკვირი არცაა: ომამდე სირიაში მოგზაურობისას ვნახე, რომ იქ ნებისმიერ კარზე დაკაკუნებასა და ღამის გასათევის თხოვნაში არაფერი იყო განსაკუთრებული და გასაოცარი. საერთოდ არ ჰქონდა მნიშვნელობა, რა რწმენისა იყავი, მასპინძელი გულღიად დაგხვდებოდა, დაგაპურებდა, ლოგინს გაგიშლიდა და დილით ფულსაც კი მოგცემდა გზისთვის, თუ დაგჭირდებოდა.
იქ, სადაც „ისლამური სახელმწიფო“ ქორწილში არ ერთობა, ქრისტიანებს თავებს პარსავენ
საზეიმო ღონისძიების შემდეგ წინამძღვართან ერთად განვცალკევდით, რათა კარიატეინში ქრისტიანების ცხოვრებაზე გვესაუბრა, საიდანაც მან ორი თვის მანძილზე 172 ადამიანი გამოიყვანა. ჩვენ ჯვართან ვიდექით; ჯვართან, რომელიც მთავარ მოედანზე სირიელი ქრისტიანების გენოციდის 100 წლისთავის აღსანიშნავად აღემართათ. ადამიანებს აქ დრემდე ახსოვთ, როგორ დახოცეს თურქებმა მილიონზე მეტი სომეხი და 600 ათასზე მეტი ქრისტიანი. ახლა კი ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ თითქოს არსაიდან მოსულ ბოევიკებს კიდევ მეტად სისცხლიანი და ტრაგიკული ფურცლის ჩაწერა სურთ ისტორიაში. ერთი ასეთი კარხიატეინში მოხდა.
„ტერორისტებმა დასახლება აგვისტოს დასაწყისში დაიპყრეს. მათამდეც იყვნენ შეიარაღებული ბოევიკები, მაგრამ ქრისტიანები და მუსლიმები ტრადიციულად მშვიდობიანად ცხოვრობდნენ და არავინ არავის უფლებებს არ არღვევდა. ისის ის (“ისლამური სახელმწიფოს“) ბოევიკებმა საკუთარი კანონები შემოიღეს და ქრისტიანებს ხარკი დააკისრეს. ისინი მათ დანის პირზე ცხოვრებას აიძულებდნენ“, — დაიწყო მოძღვარმა თხრობა.
ტერორისტებმა პირველ რიგში თავები გადაპარსეს ქრისტიანებს, რათა მუსლიმებისგან შორიდანვე გამოერჩიათ. „კაფირ“ მამაკაცებს (არაბულად: ურწმინო) მათ ყოველწლიური ხარკი დააკისრეს 4 ოქროს დინარის ოდენობით (4,25 გრამი სუფთა ოქრო), აუკრძალეს წირვაზე დასწრება, ვაჭრობა და მიცვალებულების ქრისტიანულად დაკრძალვა. და რაც ყველაზე მთავარია — დასახლება საკონცენტრაციო ბანაკისა თუ გეტოს პროტოტიპად გადაიქცა 277 ადამიანისათვის, რომლის დატოვება გარედან დახმარებისა და სიმამაცის გარეშე შეუძლებელი იყო.
ბოევიკებმა ყველა სასაფლაო და ტაძარი გაანადგურეს. მიწასთან გაასწორეს წმიდა ილიას სახელობის ეკლესია, რომელიც ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნეში იყო აშენებული. მღვდელმსახურის თითები გულსაკიდ ჯვარს შემოეკრუნჩხა. ეტყობა, რომ უმძიმს ამ თემაზე საუბარი: „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა დაპყრობიდან რამდენიმე დღეში კარიატეინელ თანამზრახველებს უბრძანეს, ეჩვენებინათ მათთვის ქრისტიანთა სახლები და მოეძებნათ ისინი, ვინც უახლოეს ფერმებში გაასწრეს, ან საკუთარი სახლების სარდაფებში დაიმალნენ. მაშინ დავიწყეთ ჩვენი ხალხის იქიდან გამოყვანისთვის მზადება“.
ქორწილი თუ სიკვდილით დასჯა
მამა ჰაზაალემის თქმით, მეორე დღეს, სირიის არმიისა და იმ მუსლიმების დახმარებით, რომლებიც არ ემხრობოდნენ „ისლამური სახელმწიფოს„ შუასაუკუნეობრივ კანონებს, ტყვეობიდან 16 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა.
ბოლო ჯგუფი, რომელიც ცხრა ადმიანისგან შედგებოდა, სექტემბრის ბოლოს გამოიყვანეს. იმ დროისათვის ბოევიკები უკვე ეძებდნენ ქრისტიანების თანამგრძნობ მუსლიმებს და დასახლებაში ვითარება უკიდურესად იყო დაძაბული. მაგრამ წინამძღვარს ბედუინებმა აღმოუჩინეს დახმარება, რომლებსაც მამა ჰაზაალემმა ამაყად უწოდა ჭეშმარიტი პატრიოტები და ღვთისმოსავი ადამიანები, ხოლო საკუთარ თავს — მათი „ნათლია“.
გადაცმულმა ბედუინებმა მხოლოდ მათთვის ცნობილი ბილიკებით შეაღწიეს კარიატეინში და ადგილობრივ იატაკქვეშეთს დაუკავშირდნენ. მერე ტყვეები წაიყვანეს და უკან, უდაბნოში გაბრუნდნენ. როგორ გააკეთეს ეს, როგორ მოაწყეს გაქცევა, ამას წინამძღვარი დაწვრილებით არ გვიყვება — იქ კიდევ დარჩა ხალხი და შესაძლოა მათი გამოყვანა სწორედ ამ გზით გახდეს საჭირო.
მამა ჰაზაალემის თქმით, თავად ტერორისტთა კანონების წყალობით, ქალების გამოყვანა მარტივია. საქმე ისაა, რომ ფსევდო შარიათის კანონების თანახმად, ბლოკპოსტებზე მდგარ ბოევიკებს არ აქვთ ქალების პასპორტებში ჩახედვისა და მათი სახეების ნახვის უფლება, თუ მათ შავი ნაჭერი ფარავს. თუმცა არსებობს სირთულეებიც: აუცილებელია, რომ ერთი ოჯახის ყველა წევრი ერთდროულად გამოვიდეს სამშვიდობოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ტერორისტები დარჩენილებზე იყრიან ჯავრს.
სიკვდილით დასაჯეს არა მხოლოდ ქრისტიანები. „ქალაქის ცენტრში პარასკევის ლოცვის შემდეგ ხუთ მუსლიმს მოკვეთეს თავები მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი კაფირებად ცნეს, — ამბობს წინამძღვარი. — კარიატეინში დასჯილთა შორის მისი ძმიშვილიც აღმოჩნდა, რომელიც ისლამისტების კანონებისა და წესების წინააღმდეგ გამოდიოდა.
სოფელში დარჩენილი სირიელი ქრისტიანები შეშინებულები არიან. ისინი იმედით ცხოვრობენ, დადგენილ წესებს ასრულებენ, თავებს უხრიან გზად შემხვედრ რადიკალებს. მათ ეკრძალებათ მუსლიმებისთვის თვალებში ცქერა, სკამზე ჯდომა, თუ ბოევიკი ზის. წინამძღვარმა განგვიმარტა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ კანონების თანახმად, ქრისტიანი ბოევიკის გვერდით უნდა ჩაცუცქდეს.
ტყვეთა გათავისუფლების ბოლო ოპერაცია ჩავარდა. ტერორისტები უფრო ყურადღებიანები გახდნენ, ადამიანები კიდევ მეტად დაშინდნენ და მოხალისეებსაც, რომლებიც ბლოკირებულ სოფელში ბოლოჯერ შეიპარნენ, შიში დაეუფლათ. ერთ წამში უთავოდ დარჩენის დიდი ალბათობა მეტად წონადი არგუმენტი გამოდგა. ქრისტიანებმა ისევ საკუთარ სახლებში ცხოვრება და ტერორისტთა შეურაცხყოფის ყლაპვა არჩიეს.
საუბრის ბოლოს მამა ჰაზაალემმა გვითხრა, რომ მართლმადიდებელი სირიელები, რომლებმაც საუკუნისწინანდელი დევნა ახლა ხელმეორედ განიცადეს, არ მიატოვებენ საკუთარ რწმენას და ერთმორწმუნეთა გადასარჩენად ახალ გზებს მოძებნიან.