თბილისი, 16 ივლისი — Sputnik.
ვლადიმირ ევსეევი — საზოგადოებრივ–პოლიტიკური ცენტრის დირექტორი, დსთ–ს ქვეყნების ინსტიტუტის კავკასიის განყოფილების გამგე საერთაშორისო მედიაჯგუფ „რასია სივოდნიასთვის“.
რა თქმა უნდა, საუბარი არ არის ირანისთვის ყველა სანქციის მოხსნაზე, რომელთა შორისაცაა: გაეროს უსაფრთხოების საბჭოს 4 სასანქციო რეზულიცია, აშშ პრეზიდენტის 18 ბრძანებულება, ევროკავშირის 4 დოკუმენტი და აშშ კონგრესის მიერ მიღებული 10 კანონი.
ამერიკის სანქციების ნახევარი საერთოდ არ უკავშირდება ირანის ბირთვულ პროგრამას — თეირანის წინააღმდეგ სანქციების შემოღება ჯერ კიდევ 1979 წელს დაიწყეს საერთაშორისო ტერორიზმის მხარდაჭერისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო და მათ მოხსნას არავინ აპირებს.
მიუხედავად ამისა, 2013 წლის 24 ნოემბერს მიღებული „მოქმედების ერთობლივ გეგმასთან“ შედარებით, დღეს მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა, რამაც შესაძლებელი გახადა ვისაუბროთ მოლაპარაკებებში ისტორიულ წარმატებებზე. ვცადოთ შევაფასოთ, თუ რამდენად შეესაბამება ეს რეალობას.
სანქციები გაუქმდება, მაგრამ არა ყველა და არა ერთბაშად
პირველი: „მოქმედების ერთობლივი ყოვლისმომცველი გეგმის“ თანახმად, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მიერ შესაბამისი (როგორც ქვემოთ გამოჩნდება, სასანქციო) რეზოლუციის მიღების დღიდან, ირანის ისლამურ რესპუბლიკას სანქციები სრულად მხოლოდ ათი წლის შემდეგ მოეხსნება. ამასობაში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, მით უმეტეს, თუ მოლაპარაკების მონაწილე ქვეყნების მხრივ იურიდიული გარანტიების არარსებობას (აღნიშნული დოკუმენტის რატიფიცირება არც აშშ–ს კონგრესში იგეგმება და არც ირანის პარლამენტში) გავითვალისწინებთ.
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ამერიკული ადმინისტრაცია ვალდებულია, ხელმოწერიდან ხუთ დღეში წარუდგინოს ქვეყნის კონგრესს ირანულ ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების პირობები. ახლა კონგრესმენები არდადეგებზე არიან, ამიტომ ისინი „მოქმედების ერთობლივ და ყოვლისმომცველ გეგმას“ მხოლოდ აგვისტოში მიიღებენ და ამის შემდეგ კიდევ 30 დღიანი ვადა ექნებათ მასში კორექტივების შესატანად.
ეს კი „რესპუბლიკელებს“, რომლებიც კონგრესის ორივე პალატაში უმრავლესობაში არიან, აძლევს დროს იმისათვის, რომ ამ შეთანხმების რეალიზაციას ხელი შეუშალონ.
იმ დროისთვის, როცა კონგრესმენებს შეთანხმების პირობები გადაეცემათ, აშშ–ში საპრეზიდენტო არჩევნების აქტიური ფაზა დაიწყება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი თეთრი სახლის პოზიციას ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, ზედმეტად რბილად მიიჩნევს. ამიტომ შეთანხმებას „უვარგის გარიგებად“ მოიხსენიებენ.
კერძოდ, „დემოკრატების“ კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა ირანი აშშ–ის ისტორიულ მოწინააღმდეგედ გამოაცხადა. ამიტომ ძნელად საიმედოა, რომ ის ანტიირანული სანქციების შეჩერების ობამასეულ პოლიტიკას განაგრძობს (აშშ კონგრესის მიერ მიღებულ კანონებთან მიმართებით ეს მხოლოდ ექვსი თვითაა შესაძლებელი).
მეორე: ახლანდელი მოლაპარაკებების დასრულებისთანავე გაეროს უსაფრთხოების საბჭოს წარედგინება რეზოლუციის პროექტი, რომელშიც ჩაწერილია, რომ ირანს 5 წლით უნარჩუნდება ემბარგო მძიმე შეიარაღების ნიმუშების მიწოდებაზე, ხოლო ბალისტიკური რაკეტებისა და სარაკეტო ტექნოლოგიების ექსპორტი8 წლით ეკრძალება.
შესაბამისად, თეირანის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები მოქმედებას განაგრძობს, რასაც შეუძლია ხელი შეუშალოს, მაგალითად, ირანის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში სრულუფლებიან წევრად მიღებას. არც ევროკავშირის, აშშ–ისა და მათი მოკავშირეების ცალმხრივი სანქციების შეჩერება–მოხსნის საკითხი იქნება მაინცდამაინც იოლი.
ირანისა და „ექვსეულის“ შეთანხმება კი მხოლოდ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მიერ სასანქციო რეზოლუციის მიღებიდან 90 დღის შემდეგ შევა ძალაში.
ვინ და როგორ გააკონტროლებს ირანს
მესამე: გაეროს უსაფრთხოების საბჭო და მაგატე უმკაცრესად გააკონტროლებენ ირანის ბირთვულ საქმიანობას. კერძოდ, ირანისა და „ექვსეულის“ წარმომადგენლები „მოქმედების ერთობლივი და ყოვლისმომცველი გეგმის“ შესრულების მონიტორინგის შედეგებზე სამსჯელოდ, სულ ცოტა, ორ წელიწადში ერთხელ შეიკრიბებიან ხოლმე. ირანი „შეთანხმების იმპლემენტაციის დაწყების დღიდან 9 თვის განმავლობაში 130–150 კაცამდე გაზრდის მაგატეს ინსპექტორების კვოტას“. ამასთან, ირანი თავის ბირთვულ ობიექტებზე „დაუშვებს მაგატეს მხოლოდ იმ ქვეყნების წარმომადგენელ ინსპექტორებს, რომლებთანაც დიპლომატიური ურთიერთობები აქვს“. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამერიკელი ინსპექტორები უახლოეს მომავალში ნამდვილად ვერ მოხვდებიან ირანში.
ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ფედერიკა მოგერინი — ან მისი წარმომადგენელი — კოორდინაციას გაუწევს თეირანთან შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხებში ერთობლივი კომისიის მუშაობასა და ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო წამოჭრილი დავების მოგვარებას. ერთობლივი კომისიის სხდომები კვარტალში ერთხელ ჩატარდება ნიუ–იორკში, ვენაში ან ჟენევაში, თუმცა გაუგებარია, რის საფუძველზე მიიღებენ გადაწყვეტილებებს — კონსენსუსის თუ უბრალო უმრავლესობის ხარჯზე.
ამ უკანასკნელს პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმდენად, რამდენადაც დასავლეთს კომისიაში ხმათა უმრავლესობა აქვს. ამიტომ მას 65 დღიან ვადაში შეუძლია ირანის წინააღმდეგ სანქციების აღდგენა, თუკი იფიქრებს, რომ ისლამური სახელმწიფო არ ასრულებს შეთანხმების პირობებს (ასეთ შემთხვევაში შეთანხმება მოქმედებას შეწყვეტს ირანის მხრივაც).
გარდა ამისა, მაგატეს არ აქვს საკმარისი ფინანსები და არ ჰყავს საკმარისი ხალხი საიმისოდ, რომ „მოქმედებათა ერთობლივი და ყოვლისმომცველი გეგმა“ სრული მოცულობით განახორციელოს. ხოლო შეთანხმების იმპლემენტაციის ერთობლივი კომისია კი ვერ შეძლებს ირანის მიმართ არსებული ყველა პრეტენზიის განხილვას.
კონკრეტულად, რაზე მოილაპარაკეს
შეხვედრაზე მოილაპარაკეს შემდეგზე:
• გაზის მომუშავე ცენტრიფუგების რაოდენობის შემცირება 6104 ერთეულამდე;
• ურანის გამამდიდრებელი ახალი საწარმოების აგება (იკრძალება 15 წლით);
• ურან–235–ის 3,7%–მდე მცირედგამდიდრებული ურანის ჰექსოფტორიდის მარაგის 300 კგ–მდე შემცირება (15 წლის ვადაში).
3,7%–მდე გამდიდრებული ურანის ჰექსოფტორიდის 300 კილოგრამს ზემოთ არსებული მარაგი ბუნებრივ დონემდე „გაზავდება“ ან საერთაშორისო ბაზარზე გაიყიდება ირანისთვის ბუნებრივი ურანის მიწოდების სანაცვლოდ. თუმცა, პარალელურად გაგრძელდება ურანის გამდიდრება შემდგომში მისი მყარ (ოქსიდურ) ფორმად გარდასაქმნელად.
• ფორდოს ურანის გამამდიდრებელ მიწისქვეშა საწარმოში 1044 გაზის ცენტრიფუგის განთავსება, რომლებსაც არ გამოიყენებენ ურანის გასამდიდრებლად (შეზღუდვა იმოქმედებს 15 წელი)
• ნათანზაში განთავსებულ ურანის გამამდიდრებელ ძირითად საწარმოში Р-1 ტიპის მოქმედი ცენტრიფუგების 5060–მდე შემცირება (8 წლის ვადაში);
• Р-1 ტიპის გარდა, გაუმჯობესებული ცენტრიფუგების გამოყენებაზე უარის თქმა (8 წლით);
• არაკში მშენებარე მძიმე წყლის რეაქტორისთვის კონსტრუქციის შეცვლა და აქტიური ზონის დემონტაჟი (კერძოდ, მისი სიმძლავრის 20 მგვტ–მდე შემცირება);
ეს ზომა იქ იარაღისათვის საჭირო პლუტონიუმის შესაზღუდად არის საჭირო. გარდა ამისა, ამ რეაქტორიდან უკვე გამოყენებული ბირთვული საწვავის გატანაც იგეგმება, რათა აღიკვეთოს მისგან პლუტონიუმის გამოყოფის შესაძლებლობა (უვადოდ);
• ირანის ისლამურ რესპუბლიკაში უკვე გამოყენებული ბირთვული საწვავის გადამუშავების აკრძალვა (15 წლით);
• თეირანის უარი ქვეყანაში მძიმე წყლის რეაქტორების აშენებაზე უახლოეს 15 წელიწადში და ქვეყნიდან მძიმე წყლის მთელი გამოუყენებელი მარაგის გატანა ამავე ვადაში;
• ურანის გამდიდრების დონეზე შეზღუდვის დაწესება 15 წლით;
• მაგატეს მხრივ 15 წლიანი კონტროლის დაწესება ირანში ურანის მაღაროებსა და ურანის კონცენტრანტის მწარმოებელ საწარმოებზე;
• ყველა არამოქმედი ცენტრიფუგის, მათ შორის ყველა გაუმჯობესებული ცენტრიფუგის (IR-2, IR-4, IR-5, IR-6 და IR-8) დემონტაჟი და გატანა ირანისავე ტერიტორიაზე მაგატეს კონტროლით მათი შენახვის მიზნით (10 წლით);
• ირანის მხრივ 1997 წლის დამატებითი პროტოკოლის მოთხოვნათა ნებაყოფლობითი შესრულება (8 წლის ვადით, ფარჩინის სამხედრო ბაზაზე მაგატეს ერთჯერადად დაშვების ჩათვლით, სადაც სავარაუდოდ ნეოიტრონულ დეტონატორზე — ბირთვული აფეთქების ინიციატორზე — ცდები ტარდებოდა).
მიიჩნევა, რომ ეს ერთ წლამდე გაზრდის 25 კგ ურანის შექმნისათვის საჭირო ვადას, რაც სავსებით საკმარისია 1 ბირთვული ჭურვის დასამზადებლად.
ეს დასკვნა სადავოა, ვინაიდან ის არ ითვალისწინებს მყარი ფორმის მცირედ გამდიდრებული ურანის მნიშვნელოვან მარაგებს, რომელთა შემდგომი გამდიდრებისთვის ვარგის ურანის ჰექსაფტორიდად გარდაქმნა კონვერსიის გზითაა შესაძლებელი.
ამგვარად, ჯერ ადრეა ვისაუბროთ ვენაში მიღწეული შეთანხმების ისტორიულ მნიშვნელობაზე. რა თქმა უნდა, წარმატება იყო, მაგრამ ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა და არც საერთაშორისო საზოგადოებისთვის არის ხილული მისი პოზიტიური შედეგი.