თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. საქართველოს დელეგაცია ვარშავაში, NATO-ს სამიტზე, ქართული პოლიტიკური ძალების ერთობლივი დეკლარაციით წარდგა, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
სამიტი პოლონეთის დედაქალაქში 8-9 ივლისს იმართება.
საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების შეხვედრაზე, რომელიც ავღანეთის თემაზე —,,მტკიცე მხარდაჭერის მისია” იმართება.
„ეს არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელსაც ყველა პარტია, როგორც ოპოზიციური, ასევე სახელისუფლებო აწერს ხელს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე მადლობა მინდა გადავუხადო ამ პარტიებს — როდესაც, საკითხი ეხება საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, ქვეყნის ინტერესს, ქართულ პოლიტიკურ ძალებს გააჩნიათ უნარი გაერთიანდნენ და ერთიანი პოზიციით გამოვიდნენ, ერთიანი პოზიცია დააფიქსირონ ქვეყნის სასარგებლოდ“, — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ვარშავის სამიტზე საქართველოს დელეგაციას ზურგს უმაგრებს უმნიშვნელოვანესი დეკლარაცია, რომელიც საქართველოს პარლამენტის პოლიტიკურმა ძალებმა მიიღეს და რომელშიც მხარდაჭერილია საქართველოს NATO —ს კურსის ურყევი ნება.
დოკუმენტს ხელს აწერენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, „ქართული ოცნება“, „რესპუბლიკელები“, „კონსერვატორები“, „ეროვნული ფორუმი“, „თავისუფალი დემოკრატები“ და „ნაციონალური მოძრაობა“.