თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელმა არჩილ ხაბაძემ, რომელიც მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს, სამშაბათს თანამდებობა დატოვა. მან ეს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობით ახსნა. საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება.
ახლა მისი სავარძელი ცარიელია, ხოლო უმაღლეს საბჭოში მმართველ ძალას ხმათა უმრავლესობა არ გააჩნია და მას საპარლამენტო არჩევნებამდე თითქმის აღარ გააჩნია შანსი ქვეყნის ყველაზე მთავარი საკურორტო რეგიონის მართვის სადავეები მიიღოს.
დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიის მანძილზე აჭარის კონტროლს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა.
აჭარის შავი ზღვის სანაპიროზე ტურისტთა რიცხვი ყოველ წელს იზრდება, რასაც ქვეყნისთვის არსებითი შემოსავალი მოაქვს. ტურისტთა მოზიდვის მიზნით რეგიონის ყოველი მორიგი ახალი მთავრობა მის გაუმჯობესებას ცდილობდა.
ისტორიის გაკვეთილები
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვების შემდეგ აჭარის მართვა „ქართულ ოცნებას“ გადაეცა. მანამდე რვა წლის მანძილზე საკურორტო რეგიონს მართავდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
აჭარაზე კონტროლის მოპოვება სააკაშვილის ხელისუფლებას გაუჭირდა. 2003 წლის ნოემბერში „ვარდების რევოლუციიას“ და ედუარდ შევარდნაძის გადადგომის შემდეგ სიტუაცია აჭარაში გამწვავდა. იმ დროისათვის უკვე 12 წელი ამ ტერიტორიას ასლან აბაშიძე მართავდა. მას არ სურდა უარის თქმა აჭარაზე, რომლისთვისაც შევარდნაძის მთავრობის დროს განსაკუთრებული სტატუსი მოიპოვა.
ხელისუფლების შენარჩუნება აბაშიძემ ძალით გადაწყვიტა. ავტონომიურ რესპუბლიკაში მან მობილიზაცია გამოაცხადა, დაიშალა რკინიგზა, რომელიც თბილისს ბათუმთან აკავშირებდა, ააფეთქეს ხიდები.
2004 წლის 2 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა აბაშიძეს ულტიმატუმი გამოუცხადა და ათი დღე მისცა, რათა ავტონომიის დასაცავად შექმნილი ფორმირებები განიარაღებულიყო. ორ დღეში აჭარაში საპროტესტო აქციები დაიწყო, 5 მაისს კი სააკაშვილმა ტელევიზიით გამოაცხადა აჭარაში თავისი პირდაპირი მმართველობის დამყარების შესახებ და აბაშიძეს უსაფრთხოების გარანტიებს შეპირდა, თუ კი ის ექსცესების გარეშე გადადგებოდა.
სიტუაცია განიმუხტა რუსეთის უშიშროების საბჭოს მაშინდელი მდივნის იგორ ივანოვის დახმარებით, რომელიც ბათუმში მოლაპარაკებებზე ჩავიდა და 6 მაისის ღამეს აბაშიძემ საქართველო დატოვა. ის ივანოვთნ ერთდ მოსკოვში გაფრინდა.
აბაშიძე შეცვალა სააკაშვილის 32 წლის თანამებრძოლმა ლევან ვარშალომიძემ, რომელიც აჭარის მთავრობას 2012 წლის ოქტომბრამდე ხელმძღვანელობდა.
რით დაგვამახსოვრდა ხაბაძე
2012 წლის არჩევნებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წაგების შემდეგ ავტონომიურ რესპუბლიკას სათავეში ბიძინა ივანიშვილის ბანკის თანამშრომელი არჩილ ხაბაძე ჩაუდგა.
იმ დროისათვის ბათუმი და ზოგადად აჭარა მთლიანად შეიცვალა. სააკაშვილი ბათუმს თავის საყვარელ ქალაქს უწოდებდა. 2012 წლისთვის ბათუმში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომები ტარდებოდა, მსოფლიო ბრენდების სასტუმროები ფუნქციონირებდა, იგეგმებოდა პირველი ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და სტუდქალაქის მშენებლობა.
ხაბაძემ გააგრძელა აჭარაში ტურიზმის განვითარებისა და მაღალმთიან რეგიონებში ცხოვრების დონის ამაღლების პროექტების განხორციელება, თუმცა თავი ამით არ დაგვამახსოვრა.
ხაბაძის მმართველობის პერიოდში ყველაზე ხმაურიანი სკანდალი გახდა მისი მოადგილის მიერ ავტომობილის შესაძენად გამოცხადებული ტენდერი 73,5 ათას ლარად. ამას მოჰყვა კრიტიკა არა მარტო ოპოზიციიდან, არამედ ქვეყნის მთვრობის მხრიდან. საბოლოოდ ტენდერი გაუქმდა.
კიდევ ერთი სკანდალი მოჰყვა ძველი ხელისუფლების დროს აშენებული „ანბანის კოშკის“ რესტორნის 1 ლარად გაყიდვას. მაშინ აჭარის მთავრობას თავის მართლება მოუწია, თითქოსდა ობიექტი გადაცემულია ინვესტირების პირობებით.
უკანასკნელი სკანდალი დაკავშირებულია ბათუმის ბულვარის მერიის ბალანსზე გადაცემასთან და ერთერთი ხეივნის გაუქმებასთან. ეს გადაწყვეტილება არასამთავრობოებმა და ოპოზიციამ გააპროტესტა, რამაც აიძულა მთავრობა ხელი არ ახლოს ხეივანს.
ყოველი მორიგი სკანდალის შემდეგ აჭარის უმაღლეს საბჭოში მთვრობის ხელმძღვანელის იმპიჩმენტის ინიციაცია ხდებოდა, თუმცა ის ჩავარდა ხმათა არასაკმარისი რაოდენობის გამო.
ამჟამად აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 დეპუტატიდან „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს მხოლოდ ცხრა. ამგვარად, მთავრობის ახალი თავმჯდომარის შესახებ გადაწყვეტილებას, რომელიც(თავმჯდომარე)ერთობლივად ქვეყნის პრეზიდენტმა და პრემიერმა უნდა წარადგინონ, მიიღებს არა მმართველი ძალა, არამედ ოპოზიცია.
წარსულის შემობრუნების მცდელობა
საქართველოში ხელისუფლების შეცვლის სამწლინახევრის შემდეგ, ქვეყანაში ლევან ვარშალომიძე დაბრუნდა, რომელიც რაღაც დროის მანძილზე ცხოვრობდა და მუშაობდა უკრაინაში. იგი ავტონომიის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე აჭარის ხელისუფლებისთვის ბრძოლას აპირებს. ეს არჩევნები საპარლამენტო არჩევნების პარალელურად 8 ოქტომბერს ჩატარდება.
ავტონომიური რესპუბლიკისათვის სერიოზული ბრძოლა გაიმართება. გარდა ძირითადი მოთამაშეების —„ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“, უმაღლეს საბჭოში ადგილების მოპოვებას სხვა პარტიებიც შეეცდებიან.
არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავენ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას პარტია „თავისუფალი დემოკრატები“, მსოფლიოში ცნობილი ოპერის მომღერლის პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისათვის“, პარლამენტის ყოფილი სპიკერის ნინო ბურჯანაძის პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“და ირმა ინაშვილის „პატრიოტთა ალიანსი“.