თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. მარია შელუდიკოვა. საქართველოს არაერთხელ უთქვამს უარი რუსეთისთვის მისი მოქალაქეების გადაცემაზე, რომელთაც სამშობლოში ტერორისტებად თვლიან. მოტივი: „არ არის გარანტიები, რომ რუსეთში მათ უფლებებს არ დაარღვევენ“. სწორედ ამ ფორმულირებით თქვეს უარი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში აჰმედ ჩატაევის რუსეთის ხელისუფლებისთვის გადაცემაზე, რომელიც შემდგომში სტამბულის ტერაქტის ორგანიზატორი აღმოჩნდა და შედეგად 44 კაცი დაიღუპა.
ჩატაევის ექსტრადიციაზე უარი მსგავსი პირველი შემთხვევა არ არის. 2014 წლის იანვარში საქართველომ უარი თქვა ტერაქტების მომზადებაში ბრალდებულ მიქაელ კადიევის და რიზვან ომაროვის ექსტრადიციაზე. განმარტებები ასევე ბუნდოვანი იყო. ამჟამად ტერორისტები თავისუფალი არიან, ვინაიდან მათი სასჯელის ვადა ამოიწურა.
ასევე არ მოხდა დაღესტნელი იუსუპ ლაკაევის ექსტრადიცია, რომელმაც პოლიციელები ჩაცხრილა. რუსეთში მას ბრალად ედება აფხაზეთში რუსეთის საელჩოს პირველი მდივნის დიმიტრი ვიშერნევის მკვლელობა. ამჟამად ლაკაევი სასჯელს საქართველოში იხდის.
არ სჯეროდათ, რომ საშიში იყო
წარმოშობით ჩეჩენი აჰმედ ჩატაევი ადრე დანაშაულებრივი ორგანიზაცია „კავკასიის იმარატის“ ლიდერ დოკუ უმაროვზე მუშაობდა, ხოლო მისი დაღუპვის შემდეგ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ მიემხრო.
ბოევიკმა ჩეჩნეთის ომის დასაწყისში, 1999 წელს დაკარგა ხელი, რის გამოც ზედმეტსახელი „ოდნორუკი“ („ცალხელა“) შეარქვეს. ამასთან იგი უცხოეთიდან აფინანსებდა ჩეჩნეთის ტერიტორიაზე ბანდფორმირებების მოქმედებებს. 2000-იანი წლების დასაწყისში გროზნის სასამართლომ ჩატაევი ტერორიზმში დაადანაშაულა და მას განაჩენი გამოუტანა. 2001 წელს იგი ქვეყნიდან ავსტრიაში გაიქცა, სადაც დევნილის სტატუსი და პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.
ამის შემდეგ, 2008 წლის გაზაფხულზე იგი შვედეთში დააკავეს და მის ავტომობილში იარაღი და საბრძოლო მასალები აღმოაჩინეს. არც ამ ფაქტს მოჰყოლია ჩატაევის რუსეთში ექსტრადირება. მან განაცხადა, რომ იარაღი ჩაუდეს და მხოლოდ ერთი წელი დაჰყო შვედეთის ციხეში. ამ დროს რუსეთმა ჩატაევზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.
აჰმედ ჩატაევი 2010 წელს უკრაინაში, უჟგოროდში დააკავეს. ევროპის სასამართლომ კიევს ჩატაევის რუსეთისთვის გადაცემა აუკრძალა და იგი უკრაინელებმა საქართველოს გადასცეს, სადაც მას 2000-იან წლებში მომხდარი დანაშაულები ედებოდა ბრალად.
2011 წელს ტერორისტი ბულგარეთში დააკავეს, სადაც ბულგარეთის ქალაქ პლოვდივის სასამართლომ ასევე უარი თქვა დაკავებულის რუსეთში ექსტრადირებაზე.
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ჩატაევს ქართული პასპორტი ჰქონდა და სააკაშვილის მმართველობისას სპეცსამსახურების აგენტი იყო — „არსებობს შესაბამისი დოკუმენტები და მტკიცებულებები“.
რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტი ჯერ კიდევ 2016 წლის იანვარში აცხადებდა, რომ ჩატაევი ხელმძღვანელობს ქვედანაყოფს, რომელიც ამზადებს ტერაქტებს რუსეთის ფედერაციასა და ევროპაში.
რატომ საქართველო?
პოლიტოლოგი მაქსიმ შევჩენკო აღნიშნავს, რომ საქართველო უარს ამბობდა ჩეჩენი და დაღესტნელი ტერორისტების რუსეთში ექსტრადირებაზე სწორედ სააკაშვილის პერიოდში. „ჯერ კიდევ მაშინდელი შს მინისტრის მოადგილე ბაჩო ახალაია იმაზე დაიჭირეს, რომ ტერორისტული დაჯგუფებებისთვის იარაღის სამალავებს ქმნიდა“. შევჩენკოს თქმით, ახლა სიტუაცია ძირეულად შეიცვალა.
„საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება სხვანაირად იქცევა. თანამედროვე ქართული ხელმძღვანელობა საკმაოდ ადეკვატურია, — აღნიშნა მაქსიმ შევჩენკომ. — არავინ არის დაინტერესებული იმაში, რომ საქართველო იქცეს პლაცდარმად რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიაში ომისთვის. საქართველოს, რა თქმა უნდა, არ სურს, რომ ტერორიზმთან იყოს ასოცირებული“.
გარდა ამისა, პოლიტოლოგი თვლის, რომ გასათვალისწინებელია კავკასიური მენტალიტეტი. კავკასიაში სტუმრის გაცემა — სამარცხვინოა. ექსტრადიციისთვის აუცილებელია მართლა მნიშვნელოვანი დასაბუთება: „ეს ევროპა და აზია არ არის, ეს კავკასიაა“.
ექსტრადიციის გადაწყვეტილების საკითხზე ორი ფაქტორი მოქმედებს — იურიდიული და პოლიტიკური, თვლის რუსეთის სტრატეგიულ კვლევათა ინსტიტუტის რეგიონული უსაფრთხოების პრობლემების სექტორის ხელმძღვანელი იგორ ნიკოლაიჩუკი. სახელმწიფო, რომელშიც დამნაშავე დააკავეს, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ სამშობლოში საქმის სამართლიანი გამოძიება იქნება უზრუნველყოფილი.
„დამნაშავეებს ასამართლებენ იმ ქვეყნის კანონებით, სადაც დააკავეს. საქართველოს სრული უფლება აქვს განაცხადოს, რომ რუსეთის ფედერაციაში გარკვეულ საქმეებს მიკერძოებულად განიხილავენ. აუცილებელია დარწმუნება, რომ ბრალდებული დამსახურებულ სასჯელს მიიღებს. ბევრი ქვეყნის კონსტიტუცია ითვალისწინებს, რომ მსგავსი კოლიზია შესაძლოა მოხდეს“, — ასკვნის ექსპერტი.
იგორ ნიკოლაიჩუკმა პოლიტიკურ ასპექტზე მიუთითა და განაცხადა, რომ საქართველო უარს ამბობს ექსტრადიციაზე, რათა საზოგადოების ყურადღება მიაპყროს იმას, რომ „მოსამართლეები უარესი არიან, ვიდრე დამნაშავეები“.
„ამ შემთხვევაში უარი თავისებური დემარშია რუსეთის მიმართ, რომელიც განისაზღვრება საქართველოში რთული შიდა პოლიტიკური სიტუაციით, — თქვა პოლიტოლოგმა და აღნიშნა, რომ სიტუაცია ახლა სხვაა, საქართველოში გაიგეს, რომ რუსეთის ფედერაცია უფრო საიმედო პარტნიორია. 2008 წლის შემდეგ ურთიერთობები დაძაბულია, ვერაფერს იზამ, მაგრამ საქართველოში მიხვდნენ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის დამყარების აუცილებლობას. ნათელია, რომ ნატოსთან მეგობრობა — გზაა, რომელიც ჩიხამდე მიდის“.
სამშაბათს, 28 ივნისს სტამბულის აეროპორტის საერთაშორისო ტერმინალში სამი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 44 კაცი დაიღუპა. მტკიცებულებები მიანიშნებს ამ ტერაქტის კავშირზე „ისლამურ სახელმწიფოსთან“.