თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ქართველმა სპორტსმენებმა ოლიმპიურ თამაშებში პირველად საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში 1952 წელს მიიღეს მონაწილეობას. სსრკ-სთვის ეს პირველი თამაშები იყო.
საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, მსოფლიო სპორტული თამაშების მონაწილე 1996 წლიდან გახდა. ამ დროიდან ქართველმა სპორტსმენებმა 14 ბრინჯაოს, 5 ვერცხლისა და 6 ოქროს მედალი მოიპოვეს.
ოლიმპიადის საერთაშორისო დღე
საქართველოში ეს დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით სპორტული შეჯიბრებებით აღნიშნეს.
წელს მოვლენების ცენტრი ქუთაისი გახდა. იქ ორგანიზებული იყო მარათონი, რომელშიც სხვადასხვა ასაკის 500-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
ქუთაისის სპორტის მუზეუმში გაიხსნა ფოტოგამოფენა „დამოუკიდებელი საქართველოს 20-წლიანი მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში“. იქვე იყო წარმოდგენილი სამახსოვრო ოლიმპიური ფულადი ნიშნები.
ზეიმის დასკვნითი ეტაპი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა, სადაც ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტის „ვგულშემატკივრობ საქართველოს“ სპეციალური ბანერი გახსნეს და ოლიმპიური ცეცხლი სიმბოლურად აანთეს. ღონისძიება ცეცხლოვანი ბრაზილიური სპორტული ცეკვებით დასრულდა.
ოლიმპიადის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მასობრივი სპორტული ღონისძიებები საქართველოში 1993 წლიდან, მას შემდეგ იმართება, რაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი აღიარა.
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი ჯერ კიდევ 1989 წელს შეიქმნა. მისი პირველი პრეზიდენტი მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი გახდა.
2012 წლიდან კომიტეტს ლერი ხაბელოვი ხელმძღვანელობს. ის თავისუფალი სტილით მოჭიდავე, 1992 წლის ოლიმპიური ჩემპიონი (ბარსელონა), 1988 წლის ვერცხლის პრიზიორი (სეული), მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი და ევროპის სამგზის ჩემპიონია.
საქართველოს მიღწევები
ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებში 1952-1988 წლებში საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში მონაწილეობდნენ, ხოლო 1992 წელს — დსთ-ის გაერთიანებულ გუნდში.
ქართველები სპორტის უმრავლეს სახეობებში მონაწილეობდნენ. პირველი ოქროს მედალი 1952 წელს თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით ციმაკურიძემ და სპორტულ ტანვარჯიშში მედეა (მზია) ჯუღელმა მოიპოვეს.
თამაშებზე დიდ წარმატებას მიაღწიეს სამმაგ ხტომაში ვიქტორ სანეევმა და თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ლევან თედიაშვილმა. სანეევს სამი ოქროს (1967, 1972 და 1976 წლებში) და ერთი ვერცხლის (1980 წელი) მედალი აქვს მიღებული, ხოლო თედიაშვილს — ორი ოქროს მედალი (1972 და 1976 წლებში).
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქართველი სპორტსმენები ხუთ საზაფხულო და ექვს ზამთრის ოლიმპიადაზე მონაწილეობდნენ.
პირველად ოქროს მედლები ძიუდოისტმა ზურაბ ზვიადაურმა და ძალოსანმა გიორგი ასანიძემ 2004 წელს მიიღეს.
რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადა
ამ დროისთვის რიო-დე-ჟანეიროს ზაფხული ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება 38-მა ქართველმა სპორტსმენმა მოიპოვა, რაც რეკორდული რაოდენობაა. აქამდე ყველაზე დიდი ჯგუფით საქართველო სიდნეის ოლიმპიადაზე 2000 წელს წარდგა.
რიოს ოლიმპიადაზე მედლების რეკორდული რაოდენობის კომპლექტები გათამაშდება — 306. ასევე მოსალოდნელია რეკორდული რაოდენობის ქვეყნის მონაწილეობა — 206.
თამაშები 5-21 აგვისტოს გაიმართება
რიოს ოლიმპიადაზე საქართველოდან პირველად წარდგენილი იქნებიან სპორტსმენები ისეთ სახეობებში, როგორებიცაა ნიჩბოსნობა კანოეთი, მარათონი, ქალთა ძიუდო და ქალთა ძალოსნობა.
საქართველოს წარმომადგენელი ჰყავს მხატვრულ ტანვარჯიშშიც — სალომე ფაჟავა.
ოლიმპიადების მთელი ისტორიის განმავლობაში ერთ თამაშებზე გამოვა დედა-შვილი — მსროლელები ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი.
საქართველოს ნაკრების სპორტსმენები ოლიმპიადაზე ახალი ფორმებით წარდგებიან. ყოველდღიური ფორმა მუქ-ლურჯ ფერებში იაპონურმა ფირმა „მიზუნომ“ შეკერა. მაისურებზე იქნება ეროვნული სიმბოლიკა — საქართველოს დროშა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ემბლემა.