ნოდარ მაისურაძე
იმ ქართველ სპორტსმენებს შორის, რომლებმაც რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის საგზური მოიპოვეს, ერთ-ერთი პირველი მხატვრული ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავა იყო. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ტანმოვარჯიშე, რომელსაც ელისო ბედოშვილი და ლალი დოლიძე წვრთნიან, 2000 წლის შემდეგ პირველად წარადგენს ჩვენ ქვეყანას ოლიმპიურ თამაშებზე.
— ვარსკვლავად გრძნობთ თავს?
— არა, არანაირი ვარსკვლავური დაავადება არ მჭირს. და, საერთოდ, არც ისე ძალიან მიყვარს პრესის ყურადღების ცენტრში ყოფნა. რაღაცნაირად არაკომფორტულად ვგრძნობ თავს. არ მიყვარს ბევრი ყურადღება და როცა მთხოვენ, საკუთარ თავზე რამე გვიამბეო, ცოტა მიჭირს ხოლმე ამის გაკეთება. თავს, უპირველესად, ადამიანად მივიჩნევ, ჩვეულებრივ ტანმოვარჯიშედ, რომელმაც რაღაცას მიაღწია. რა შედეგსაც არ უნდა მივაღწიო, ვერასდროს ვერ შევიგრძნობ ვარსკვლავობას.
— უბრალოდ „რაღაცას?“ ეს ძალიან რბილად ნათქვამია. ბრინჯაოს მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე იუნიორთა შორის, ბრინჯაო ბაქოს ევროპულ თამაშებზე, ორი ბრინჯაო მოსკოვის გრან-პრიზე…
— დიახ, და კიდევ მეოთხე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე, რასაც არანაირად არ ველოდი. ტურნირზე ოლიმპიადისთვის ლიცენზიის ასაღებად გავემგზავრე და ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მეოთხე ადგილზე გავიდოდი. უბრალოდ არ შემეძლო ამის დაჯერება. ახლაც კი მიჭირს იმის გააზრება, რაც მოხდა.
— ლიცენზია გაქვთ. წინ რიოს ოლიმპიადაა. როგორია თქვენი პროგრამა-მაქსიმუმი და პროგრამა-მინიმუმი?
— მაქსიმუმი — ეს, ალბათ, პრიზებია, იმიტომ რომ ოლიმპიადაზე ყველა სპორტსმენი კარგად მომზადებული მიდის და საუკეთესო შედეგის ჩვენებას ლამობს. პირველ და მეორე ადგილზე არა, მაგრამ ბრინჯაოზე კი ვფიქრობ. პროგრამა-მინიმუმი — ეს თავად ოლიმპიადაზე მოხვედრაა.
სეზონის დასაწყისში ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მიღება იყო პირველხარისხოვანი ამოცანა, რასაც თავი გავართვი. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, რომ შანსი ყველას აქვს და ბრაზილიაში ძალიან რთულად იქნება საქმე.
— რა ტურნირები იქნება ოლიმპიური თამაშებისთვის სამზადისის კუთხით?
— იყო მოსკოვის გრან-პრი (რომელზეც სალომემ რგოლით ვარჯიშში ბრინჯაო აიღო — რედ.), იქნება მსოფლიო ჩემპიონატის, ევროპის ჩემპიონატის, მერე ისევ მსოფლიო თასისა და გრან-პრის ეტაპები, რასაც უკვე ოლიმპიადა მოჰყვება. ჩვენ გარკვეული პრობლემები გვქონდა დარბაზთან დაკავშირებით, მაგრამ ახლა უკვე შეგვიძლია ნორმალურად ვარჯიში.
— რომელ ქალაქში გამოსვლისას გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?
— არც კი ვიცი. ძალიან მიყვარს მოსკოვში გამოსვლა, იმიტომ რომ იქ დავიბადე და ჩემთვის მშობლიური ქალაქია. მოსკოვში ბევრი ნაცნობი მყავს — მწვრთნელები, სპორტსმენები, მეგობრები. ჩემთვის სეზონი მოსკოვში იხსნება და ამიტომ მიყვარს ეს ქალაქი.
— ვინ არის რიოს ფავორიტი? ვის უნდა უფრთხოდეთ, ვისზე ღირს ყურადღების გამახვილება?
— ფავორიტი რუსეთის ნაკრებია — იანა კუდრიავცევა — მსოფლიოს ცამეტგზისა და ევროპის ათგზის ჩემპიონი, მარგარიტა მამუნი — მსოფლიოს შვიდგზისა და ევროპის ოთხგზის ჩემპიონი.
ჩემი კონკურენტები არიან ბელარუსი მელეტინა სტანიუტა — ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის პრიზიორი, უკრაინელი ანა რიზადტინოვა — 2013 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ბურთით ვარჯიშში, კორეელი ან ჯი. და ყველა მათგანს აქვს შანსი.
ტანვარჯიშში ნებისმიერმა წვრილმანმა შეიძლება გადაწონოს ყველაფერი — არასწორმა ტრიალმა, საგნის მიღებამ. აღარაფერს ვამბობ, თუ საგანი ხელიდან გაგივარდა. ეს, ფაქტობრივად, დასასრულია — რეიტინგში უცებ ეშვები ძალიან დაბლა.
— ეს ფეხბურთი არ არის, რომ 2:0-ს აგებდე და უცბად გარდატეხა შეიტანო თამაშში.
— კი, იმიტომ რომ ტანვარჯიშში რაც არის, ის არის და უკვე აღარაფრის გამოსწორება არ შეიძლება.
— ბურთითა და გურზებით ვარჯიში თქვენი სავიზიტო ბარათია. რიოში მათ წარმოადგენთ თუ ახალი პროგრამა მიგაქვთ?
— ახალი ვარჯიში მაქვს ბურთითა და ლენტით. გურზები დავტოვეთ, იმიტომ რომ მსაჯებმა ძალიან გვთხოვეს, არ შეცვალოთ ეს ვარჯიში ოლიმპიადამდე და ბრაზილიაში აჩვენეთო. ისინი აღფრთოვანებული არიან ამ ნომრით, უყვართ ეს გამოსვლა. უკვე მესამე წელია ამ ნომერს ვასრულებ და მაინც მთხოვენ, რომ არ შევცვალო. ეს თანამედროვეობისა და ეროვნული კოლორიტის ერთგვარი სიმბიოზია. ჩვენი მსაჯი მეუბნება, შენი გურზების მერე ყველას ცეკვა უნდებაო (იცინის).
— რა მუსიკა გაქვთ შერჩეული ბურთით ვარჯიშისთვის?
— ეს ფილმ The theory of everything-ის საუნდტრეკია. ძალიან საინტერესო მუსიკაა. კარგი მუსიკის პოვნა მარტივი არ არის, ამიტომ ძალიან დიდხანს ვეძებდით და ვარჩევდით.
— ეს თქვენი პირადი არჩევანია თუ მწვრთნელთან ერთობლივი?
— ერთობლივი. ჩვენ გამუდმებით ვეძებთ რაღაც ახალსა და არაორდინარულს. ძველმა მუსიკამ მობეზრება იცის. რაღაც სხვაგვარისა და განსხვავებულის გაკეთება გინდება.
აი, ლენტით ვარჯიშისთვის ახალი მუსიკა მაქვს, როგორსაც ადრე არ ვიღებდით. ვიფიქრეთ, ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, ცოტა როკი დაგვემატებინა. პირველად რომ მოვუსმინე, მუსიკა მომეწონა, მაგრამ როცა ნომრის დადგმა დავიწყეთ, ძალიან გამიჭირდა, იმიტომ რომ ეს სავსებით სხვა სტილია, არასაცეკვაო. ძალიან ბევრი ვიფიქრეთ რაღაცეების გაერთიანებაზე, რომ ვარჯიში გამოგვსვლოდა და, ვფიქრობ, თავი გავართვით.
— მაგრამ ადრე ხომ არ შეიძლებოდა ტექსტიანი მუსიკის გამოყენება?
— ახლა შეიძლება. ოთხიდან ერთ ვარჯიშში ტექსტიანი მუსიკის გამოყენების უფლება გვაქვს.
— ხომ არ იმოქმედებს ეს სიახლე მსაჯების გადაწყვეტილებაზე? როკი მაინც განსხვავდება სხვა მიმართულებებისგან და ხომ არ მოხდება ისე, რომ მოძრაობებში სიმკვეთრე და სიმსუბუქე დაგაკარგინოთ?
— ახლა, ამ მომენტისთვის ჯერ კიდევ შევდივარ ფორმაში და ამიტომ ჯერჯერობით ცოტა მიჭირს. ჩემი აზრით, უნდა დავაკვირდეთ, როგორი რეაქცია ექნებათ მსაჯებს ამ ვარჯიშზე პირველ სტარტზე. ეს აბსოლუტურად სხვა სტილია — ასეთი რამ მანამდე არავის გაუკეთებია. უბრალოდ, უნდა მოვუსმინოთ პროფესიონალების, მსაჯებისა და მაყურებლების აზრს. როცა მაყურებელს რამე მოსწონს, სოციალურ ქსელებში აქტიური განხილვები იწყება. ინფორმაცია უწყვეტ ნაკადად მოედინება და საშუალება გვეძლევა, ობიექტურად განვსაჯოთ, რამდენად მოეწონა მაყურებელს ნომერი.
— მაყურებლის სიმპათიის საფუძველზე შეიძლება ნომრის კორექტირება?
— კი, იმიტომ რომ მაყურებელმა უბრალოდ თვალი კი არ უნდა ადევნოს ხალიჩაზე შენ მოძრაობას, არამედ სიამოვნება უნდა მიიღოს.
— ამიტომაც ხომ არ ჰქვია სპორტის ამ სახეობას მხატვრული ტანვარჯიში? რაღაცნაირად თეატრივითაა, თითქოს ერთი მსახიობის სპექტაკლის სანახავად მიდიხარ…
— სავსებით გეთანხმებით, ეს მინი-სპექტაკლია. ჩვენი გამოსვლა წუთნახევარი გრძელდება და ამ დროში ვარჯიშის აზრის ჩვენება უნდა მოასწრო, ბოლომდე უნდა გაიხსნა და ემოციის მთელი სიღრმე აჩვენო.
— როცა სავარჯიშო საგანს ჰაერში ისვრით, სანამ დაბლა დაეშვება, ამ დროში რამეზე ფიქრობთ თუ ყველაფერი ავტომატურად ხდება?
— რა თქმა უნდა, ვფიქრობ. ყველაფერი რომ ავტომატურად გავაკეთო, ყველაფერს გამოვეთიშები და გამოსვლა უსიცოცხლო გამომივა. ასეთ დროს გამუდმებით ვფიქრობ, როგორ დავიჭირო საგანი, ან ვუყურებ, სწორი ტრაექტორია აქვს თუ არა მას. თუ ვხედავ, რომ რაღაც ისე არ არის, ვცდილობ ისე გამოვძვრე, რომ კიდევ უფრო უხეში შეცდომა არ დავუშვა.
— ისეც ხომ არ მომხდარა, რომ რაღაც ისე არ წასულა და გამოსვლის პროცესში შეგიცვლიათ ნომრის ელემენტი?
— კი, ყოფილა ასეთი შემთხვევები და მეუბნებიან, კარგად ძვრები სიტუაციიდანო (იცინის). რაღაცნაირად გამომდის გამოსვლის დროს სწრაფი ორიენტირება და ვითარების გამოსწორება.
სასაცილო რამ შემემთხვა 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე კიევში. გამოსვლის ბოლო წამებზე ბურთი არასწორად ავისროლე ჰაერში და წამის მეათასედში იმის გაფიქრებაც მოვასწარი, მომკლავენ-მეთქი, ელისოსკენ (ელისო ბედოშვილი — საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი) გახედვაც და იმის წარმოდგენაც, რა მოხდებოდა. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ბურთს მივუსწარი, რომელიც პირდაპირ ჩემს ფეხებზე დაეშვა. აქამდე ვერ მოვდივარ აზრზე, როგორ გამომივიდა ეს. არადა, მართლა „გამლახავდნენ“ და ვერც მე ვაპატიებდი საკუთარ თავს ასეთ შეცდომას. თანაბრად კარგი გამოსვლები მქონდა და მაინც და მაინც ბოლოში რომ გამეფუჭებინა საქმე, ეს საშინელება იქნებოდა.
— ხომ არ დგება ხოლმე ისეთი მომენტები, როცა სხვა საზრუნავი გიგროვდება, დაღლილობა გძლევს და ყველაფრის მიტოვება გინდება? თუ ასეა, რა გაჩერებთ ხოლმე?
— კი, ასეთი აზრები მქონია და ეს ყველა სპორტსმენისთვის ჩვეულებრივი ამბავია. ყოველდღიური ვარჯიში, ყოველდღე იმაზე ფიქრი, რომ ეს უნდა გააკეთო, უნდა გააკეთო, უნდა გააკეთო იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიო — ძალიან დამღლელია.
მაგრამ ასეთი აზრებით, უპირველესად, ისევ საკუთარ თავს ვნებს სპორტსმენი. შეჯიბრებაზე სანანებლად გაგიხდება საქმე, ეს რატომ არ გავაკეთე, მწვრთნელს რატომ არ დავუჯერე, რატომ არ დავრჩი დარბაზში და კიდევ დამატებით ორი საათი რატომ არ ვივარჯიშე… თუ მოდუნდები, ეს აუცილებლად აისახება შეჯიბრებაზე. გამოსვლის ყველა ნიუანსი უწვრილეს დეტალებამდე უნდა იყოს დახვეწილი, რომ უხეში შეცდომა არ მოგივიდეს.
— გამოდის, რომ პროფესიონალი სპორტსმენის ფსიქოლოგია განსხვავდება როგორც მოყვარული სპორტსმენის, ისე უბრალო ადამიანის ფსიქოლოგიისგან. ეს რაღაც სხვაა?
— რა თქმა უნდა. პირველ რიგში, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა საკუთარი თავის, მწვრთნელების, მშობლების, გულშემატკივრების წინაშე, რომლებსაც უყვარხარ და მთელი გულით გქომაგობენ. ეს ყოველთვის მაოცებდა.
— გჭირდებათ მხარდაჭერა და ქომაგობა?
— კი, შეჯიბრებებზე ეს ძალიან მეხმარება. როცა მქომაგობენ, ძალები მემატება და კიდევ უკეთესად გამოსვლა მინდება.
— სპორტსმენის, მით უმეტეს, მხატვრული ტანმოვარჯიშის „ცხოვრება“ ხანმოკლეა. 25-27 წლისა უკვე ვეღარ გახვალთ შეჯიბრებებზე. გაქვთ სამომავლო გეგმები?
— წელს სკოლას ვამთავრებ. უმაღლესში უნდა ჩავაბარო, მაგრამ ერთი წლის გამოტოვება მიწევს. ოლიმპიადის გამო მისაღები გამოცდებისთვის კარგად მომზადებას ვერ ვახერხებ. ახლა ოლიმპიადაა ჩემთვის პრიორიტეტული. ამიტომ მომავალ წელს ჩავაბარებ.
— რა სპეციალობაზე?
— ჯერ არ მიფიქრია ამაზე — წინ მთელი წელი მაქვს. ისე კი, ჯანმრთელობა თუ შემიწყობს ხელს, ტანვარჯიშს განვაგრძობდი.
— ანუ, უმაღლესში ჩაბარება არ ნიშნავს იმას, რომ სპორტს მიატოვებთ?
— არა, არ ნიშნავს. თუმცა არა მგონია, რომ 27 წლამდე ვივარჯიშო. მხატვრულ ტანვარჯიშში რეკორდსმენი გვყავს 29 წლის ესპანელი კაროლინა როდრიგესი. ქება და დიდება მას. როგორ შეძლო ამდენ ხანს გაძლება — დღემდე გამოცანაა. მართლაც რომ ყოჩაღ! თუმცა რიოს ოლიმპიადის შემდეგ როდრიგესი კარიერას ასრულებს. 27 წლის ადამიანი ჯერ ისევ ახალგაზრდაა, მაგრამ არა მხატვრულ ტანვარჯიშში.
— დღეში რამდენ საათს ვარჯიშობთ საშუალოდ?
— საშუალოდ ხუთ-ექვს საათს. ეს ნორმალური სამუშაო დღეა.
— სკოლაში ლოიალურად გეკიდებიან?
— ახლა კი, მაგრამ ადრე პრობლემები მქონდა. ბევრ შეჯიბრებაში ვმონაწილეობდი და ხშირად მიწევდა გაკვეთილების გაცდენა. სკოლისა და დიდი სპორტის შეთავსება ძალიან ძნელია, მაგრამ განათლებაზე აუცილებლად უნდა იზრუნო. თუმცა ახლა აქცენტს მაინც უფრო სპორტზე ვაკეთებ.
— რამდენადაც ვიცი, მხატვრული ტანმოვარჯიშეები იშვიათად მონაწილეობენ ორ ოლიმპიადაში. იმედი გაქვთ, რომ სამხრეთ კორეის ოლიმპიადაზე წახვალთ?
— რა თქმა უნდა, მაქვს. ბავშვობიდან მიყვარს სპორტის ეს სახეობა, მიუხედავად იმისა, რომ ტანმოვარჯიშის თანდაყოლილი თვისებები არ მქონდა. დედაც კი წინააღმდეგი იყო. გამუდმებით მითითებდა სხვა გოგოებზე და მეუბნებოდა, ნახე, როგორი მონაცემები აქვსო. მე კიდევ ძალიან მომწონდა ტანვარჯიში და მსურდა, რამისთვის მიმეღწია. ასე რომ, თუ რამეს მივაღწიე, მხოლოდ და მხოლოდ შრომისა და მიზანდასახულობის წყალობით.
— თქვენ მოისურვეთ ტანვარჯიშზე სიარული? და რატომ მაინც და მაინც ეს სახეობა?
— თავიდან ცეკვაზე დავდიოდი, მაგრამ არ მომეწონა. მერე ცურვაზე შევედი და არც ის მომეწონა. აი, როცა ტანვარჯიშის დარბაზში შევედი და ბურთები და ლენტები დავინახე, მაშინვე მივხვდი, რომ სწორედ ეს მინდოდა. შინ მივიდოდი და ჩემით ვიწელებოდი, „შპაგატში“ ჩაჯდომას ვცდილობდი, ტრიალებს ვაკეთებდი, წონასწორობის დაცვაში ვვარჯიშობდი… სულ ვეუბნებოდი ოჯახის წევრებს, რომ აუცილებლად გამომივიდოდა.
— თქვენ საკმაოდ გვიან დაიწყეთ ვარჯიში…
— კი, უკვე რვა წლისა ვხდებოდი. ათი დღე მომცეს საცდელად, რომ მევარჯიშა და შეეხედათ, რა გამომივიდოდა. თუ გავართმევდი თავს, დამტოვებდნენ. ჰოდა, დამტოვეს. მერე სასკოლო შეჯიბრებებზე გავიმარჯვე და ამან კიდევ მეტი ძალა შემძინა, გამამხნევა. ამის მერე კიდევ უფრო შეუპოვრად დავიწყე ვარჯიში, რომ თანატოლ გოგონებს წამოვწეოდი.
— სპორტი ტრავმის გარეშე არ არსებობს. რამდენად ხშირია ტრავმები მხატვრულ ტანვარჯიშში? მაყურებელთა უმეტესობამ, ალბათ, არც იცის, რისი გადატანა გიწევთ?
— კი, ხანდახან მართლაც ძალიან რთულადაა საქმე. სამი წელი მტკიოდა მარცხენა ტერფი, არა და ეს ჩემი სამუშაო ფეხია. ნემსებსაც მიკეთებდნენ და გამაყუჩებლებსაც ვსვამდი, მაგრამ მაინც არაფერი მშველოდა, შეჯიბრებებზე ტკივილის გაძლება მიწევდა. ზურგის ტრავმაც მაწუხებდა და ნერვიც მქონდა მოჭყლეტილი… მოკლედ, ტრავმები ბევრია, რასაც მაყურებელი ვერც ამჩნევს. თუმცა ხანდახან ტკივილის დამალვა არ ხერხდება. იანა კუდრიავცევა მსოფლიო ჩემპიონატზე მოტეხილი ტერფით გამოვიდა და მხოლოდ ტურნირის მერეღა გაუკეთეს ოპერაცია.
— ერთ-ერთ შარშანდელ ინტერვიუში ამბობდით, რომ თქვენს ფედერაციას მძიმე ფინანსური მდგომარეობა აქვს, რომ არ გყავთ მასაჟისტი, ექიმი. ამაზე კი გიპასუხეს, ჯერ მედლები აიღეთ და მერე დაფინანსებაც იქნებაო. მაგრამ მედლები ხომ გაქვთ?
— მედლები გვაქვს, მაგრამ… და ეს „მაგრამ“ სულ არის.
— თქვენ მსოფლიო დონის სპორტსმენი ხართ, მაგრამ არც პირადი ექიმი გყავთ და არც მასაჟისტი. ვინ გიწევთ სამედიცინო დახმარებას?
— არც კი ვიცი, რა მეშველებოდა, რომ არა რუსეთის ნაკრების ექიმი. ნებისმიერ დროს შემიძლია დავურეკო და კონსულტაცია გავიარო. უიმისოდ უბრალოდ დავიღუპებოდი. შეჯიბრებებზე სულ უკან დავდევ: „დიმა, შეგიძლია ფეხი გადამიხვიო?“, „დიმა, ეს წამალი გაქვს?“ და ა.შ.
რაც შეეხება მასაჟისტს — ეს ჩვენი მარადიული პრობლემაა. უკვე ბევრი მასაჟისტი გამოვცადე, მაგრამ პროფესიონალ სპორტულ მასაჟისტს ვერ ვპოულობ. ეს მართლა დიდი პრობლემაა ჩემთვის, რადგან დატვირთვისგან ფეხები ძალიან სწრაფად „მიმძიმდება“ და ვარჯიში მიჭირს.
— დაფინანსება ძალიან ცოტაა?
— კი, მარტო შეჯიბრებები ფინანსდება, ექიმი და მასაჟისტი — არა. არა და ამის გამო ტრავმები უფრო ხშირია, რადგან თუ კუნთებს რეგულარული ყურადღება არ მიექცა, პრობლემა დაგროვდება და კიდევ უფრო სერიოზულ ტრავმაში გადაიზრდება.
— როგორ მუსიკას უსმენთ დარბაზს გარეთ?
— კონკრეტულად არავის ვანიჭებ უპირატესობას. ისეც ხდება, რომ დარბაზიდან გამოსულს, მას შემდეგ, რაც მთელი დღე მუსიკა მესმოდა, უბრალოდ სიჩუმე მინდა — რომ დავჯდე და გავითიშო.
— ძალიან ცოტა თავისუფალი დრო კი გაქვთ, მაგრამ მაინც გკითხავთ: რომელია თქვენი საყვარელი წიგნი და მწერალი?
— კი, თავისუფალი დრო ნამდვილად ცოტა მაქვს და მიტომაც ძირითადად თვითმფრინავში ვკითხულობ. ეს იმიტომ, რომ იქ ძალიან ბევრ დროს ვატარებ და თანაც ხელს არავინ მიშლის. რაც შეეხება წიგნს, ამ დროისათვის ეს შარლოტა ბრონტეს „ჯეინ ეარია“. ძალიან მომწონს.
ვარჯიშის მერე ძალიან მინდა ხოლმე, რომ წავიკითხო, რამე ფილმს ვუყურო, მაგრამ ისე ძალიან ვიღლები, რომ ერთადერთი, რაც მინდა — შხაპი და ძილია. თვალები თავისით მეხუჭება ხოლმე.
— თილისმა გაქვთ?
— კი, სათამაშო ვეფხვის ბოკვერი, რომელიც ვეფხვის წელში მაჩუქეს. სულ თან მაქვს, სურათშიც კი ჩანს და გამოდის, რომ ჩემი თილისმაა.
— მხატვრული ტანვარჯიში, ალბათ, გამუდმებულ დიეტებს მოითხოვს, თორემ ისე ვერ შეინარჩუნებდით ასეთ შესანიშნავ ფორმას. როგორია თქვენი დღიური ნორმა?
— კი, ასეა. დიეტები პრობლემაა, ძალიან დიდი პრობლემა. ტკბილეული მიყვარს, რაც არაფრით არ შეიძლება. თავის კონტროლი და ფორმის შენარჩუნებაზე ზრუნვა მიწევს. ახლა მხოლოდ ბოსტნეულს, ხილს, უცხიმო საკვებს ვჭამ, შემწვარი არ შეიძლება. კარტოფილი, პური, ცომეული — ეს კარგა ხნის დავიწყებული პროდუქტებია (იცინის).
— ზედმეტი ასი და ორასი გრამის დაკლებასაც გაიძულებენ?
— კი, იმიტომ რომ ეს აწონვის გარეშეც კი ჩანს.
— ერთი კვირით სრული თავისუფლება რომ მოგცენ, რას შეჭამდით?
— არც კი ვიცი. მეგობრები „მაკდონალდსში“ რომ მპატიჟებენ, როგორც წესი, უარს ვეუბნები, იმიტომ რომ არანორმალურია – იჯდე და უყურო, როგორ ჭამენ სხვები (იცინის). თანაც მეუბნებიან ხოლმე, მიდი, მიდი, ერთი ლუკმისგან არაფერი მოგივაო…
— რამდენად შეიცვალა ტანვარჯიში ბოლო ოცი წლის განმავლობაში, ანუ მას შემდეგ, რაც ქართულ ტანმოვარჯიშეებს ოლიმპიადაზე მონაწილეობა არ მიუღიათ?
— ყველაფერი ძალიან შეიცვალა და, რაც მთავარია, ტემპი შეიცვალა. ადრე ბევრი ელემენტი იყო, ახლა იმდენი აღარ არის. დავამატეთ საცეკვაო ელემენტები, რაც ძალიან ალამაზებს გამოსვლას და მართლაც მხატვრულ ტანვარჯიშად აქცევს. ადრე ერთი ზედმეტი წამიც კი არ იყო, რომ მაყურებლისკენ მიბრუნებულიყავი და გაგეღიმა მათთვის. ახლა, ჩემი აზრით, მძლავრი განვითარების პროცესი მიდის. გამოსვლა უფრო გართულდა, მაგრამ უფრო ლამაზიც გახდა, იმიტომ რომ კომპოზიცია გამოდის, მანამდე კი ძალიან გადატვირთული იყო და მხოლოდ ელემენტებისგან შედგებოდა. საყურებლად უფრო საინტერესო გახდა. ყოველწლიურად სულ უფრო რთულდება, მაგრამ უფრო საინტერესოც ხდება.
— ვინ იყო თქვენი ორიენტირი, ვინ მიგაჩნიათ იდეალად?
— ყველა ტანმოვარჯიშეს თავისი ხიბლი აქვს და ვერ ვიტყვი, რომელიმე ერთი იდეალი მყავს-მეთქი. თითოეულში რაღაც ცალკე აღებული მომწონს და მათ გაერთიანებას ვცდილობ.
თუმცა ყოველთვის მომწონდა ევგენია კანაევა — ორგზის ოლიმპიური, ჩვიდმეტგზის მსოფლიო და ცამეტგზის ევროპის ჩემპიონი. მართლა ძალიან მაგარი იყო. ყველაფერს შრომით მიაღწია და ყოველთვის ძალიან სტაბილურად გამოდიოდა. ეს ძალიან რთულია. ყველა შეჯიბრებაზე საათივით გამართული გამოსვლები ჰქონდა, არც ჩავარდნები ჰქონია და არც უხეში შეცდომები, რაც მისი დიდი პლუსი იყო. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონობა — ეს ძალიან მაგარია. ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ. აი, ვის შეიძლება უწოდო იდეალური!
— საქართველოში რატომ გადმოხვედით, რუსეთის ნაკრებში ვერ მოხვდებოდით?
— არა. საქართველოში ყოველ წელს ჩამოვდიოდი დასასვენებლად. 2008 წელს ბებიასთან ერთად ჩამოვედი, რაღაც პრობლემები შემექმნა საბუთებთან დაკავშირებით და რუსეთში ვეღარ დავბრუნდი.
გადავწყვიტე, რომელიმე დარბაზში მევარჯიშა, რომ დრო არ დამეკარგა. ვარჯიში დავიწყე, ვივარჯიშე, ვივარჯიშე და მერე ნაკრებშიც ამიყვანეს. და არა იმიტომ, რომ რუსეთის ნაკრებში ვერ მოვხვდებოდი.
ჩემთვის გარემოებათა ასეთი დამთხვევა ბედნიერი აღმოჩნდა…
იმედს ვიტოვებთ, რომ ბრაზილიაში სალომე ფაჟავას გამოსვლაც ბედნიერ გარემოებათა დამთხვევა იქნება.