საქართველო რიოს ოლიმპიადაზე მსროლელთა დინასტია წარადგენს

© НОК Грузииცოტნე მაჭავარიანი
ცოტნე მაჭავარიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული სპორტის ისტორიაში პირველად ერთ ოლიმპიადაზე დედა-შვილი გამოვა - ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. ტყვიის მსროლელმა ცოტნე მაჭავარიანმა საქართველოს ნაკრებისთვის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე მე-15 ლიცენზია მოიპოვა, იუწყება საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდი.

ცოტნე მაჭავარიანი საქართველოს ყველაზე სახელგანთქმული სპორტსმენის, პნევმატური პისტოლეტიდან მსროლელი ნინო სალუქვაძის ვაჟია. სალუქვაძეს ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული აქვს როგორც ოქროს, ისე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები.

18 წლის ცოტნე მაჭავარიანმა უნგრეთის ქალაქ დიორში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტით სროლაში საკვალიფიკაციო ეტაპზე 579 ქულა მოაგროვა (პირადი რეკორდი), მეექვსე შედეგი აჩვენა და ფინალში გავიდა. ფინალშიც ასევე მეექვსე იყო.

საქართველოს ოლიმპიური ჩემპიონები - Sputnik საქართველო
საქართველოს ოლიმპიური ჩემპიონები

რვა ფინალისტთაგან ხუთს, რომლებმაც მაჭავარიანზე უკეთესი შედეგი აჩვენეს, მანამდე უკვე აღებული ჰქონდა ოლიმპიადის საგზური, ამის გამო მაჭავარიანმა ამ ეტაპზე გაინაღდა ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლის უფლება, რაც უდავოდ დიდი წარმატებაა.

ცოტნე მაჭავარიანი მოზრდილთა ევროპულ ჩემპიონატზე პირველად გამოვიდა, არადა, ასაკის მიხედვით, იუნიორთა ტურნირში უნდა ჩართულიყო. სწორედ იმის გამო, რომ დიორში სამი ოლიმპიური ლიცენზია თამაშდებოდა, მწვრთნელებმა გადაწყვიტეს ცოტნესთვის შანსი მიეცათ. მან დასახული ამოცანა წარმატებით შეასრულა და რიოში სახელოვანი დედის მხარდამხარ იასპარეზებს.

ნინო სალუქვაძე პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც რიოს საგზური მოიპოვა. მისთვის ეს უკვე რიგით მერვე ოლიმპიადაა. ქართული სპორტის ისტორიაში პირველად ერთ ოლიმპიადაზე დედა-შვილი გამოვა.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ წარმატების სათავეში დგას სახელოვანი მწვრთნელი, ლიცენზიანტების მამა და ბაბუა ვახტანგ სალუქვაძე.

ყველა ახალი ამბავი
0