ერთსა და იმავე საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არახალია და გასაკვირიც არაფერია. ნათქვამია, რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენივე აზრიაო. ზოგჯერ ეს შეხედულებები ერთმანეთის საპირისპიროა, არის შემთხვევები ურთიერთგამომრიცხავიც, მაგრამ გვხვდება ისეთი ვარიანტიც, როცა რაიმე კონკრეტულ შემთხვევაზე საკმაოდ ბევრი განსხვავებული შეხედულებაა და ყველა მათგანს აქვს არსებობის უფლება. ზუსტად ამგვარი ვითარებაა დღეს შექმნილი საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მიცემის საკითხზე; უკანასკნელი კვირის მანძილზე მოვისმინეთ არა ერთი პოლიტიკოსის ახსნა, რატომ შეყოვნდა ეს პროცესი და ყველა მათგანს განსხვავებული არგუმენტი მოჰყავდა; ზოგ ვერსიას ახლა შემოგთავაზებთ და შემდეგ ვიმსჯელოთ, რამდენად შესაძლებელია ერთ კონკრეტულ ამბავს ამდენი ახსნა ჰქონდეს.
რამაზ საყვარელიძე (პოლიტოლოგი): ვიზალიბერალიზაციის პროცესის შეფერხებაში წამყვანი არის თურქეთის თემა. საქართველოს რაოდენობრივად დიდი მოძრაობა არ ექნება ევროპის მიმართულებით. ევროპელების გაგება შეიძლება. აქ პოლიტიკურ ნებაში არაა საქმე, მათ სურთ, დამცავი მექანიზმები გაიჩინონ საკმაოდ რთულ მომენტში. მიგრაციის კარი გახსნილია, რაც ნიშნავს კულტურულ სიჭრელეს, რომლის გადამუშავებაც უჭირს ყველა ქვეყანას. ამას ემატება სხვა პრობლემებიც და პროცესის შეფერხების მთავარი მიზეზიც ეს მგონია.
ძნელია, არ დაეთანხმო, საქართველოდან დიდი მიგრაცია ევროპას ნამდვილად არ ემუქრება, აი, თურქეთიდან და ამ ქვეყნის გავლით ქურთებისა და არაბულენოვანი ტომების დიდი ტალღა კი ნამდვილად იქნება პრობლემატური.
ანი მიროტაძე („ეროვნული ფორუმი“): საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი მიგვეყვანა ბოლომდე. ყველა დავალება არის შესრულებული, 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები იქნება მთავარი გამსაზღვრელი, რამდენად სწრაფად მივიღებთ გამარტივებული სავიზო რეჟიმის გამოყენების შესაძლებლობას. ევროპა დააკვირდება საპარლამენტო არჩევნებს, საქართველოს ხელისუფლება რამდენად დემოკრატიულად, სამართლიანად, გამჭირვალედ ჩაატარებს. ეს იქნება მთავარი ფაქტორი, რომ შემოდგომაზე მივიღოთ ვიზალიბერალიზაცია.
საეჭვოა, ეს იყოს გადამწყვეტი, თუმცა, თუ არჩევნების პროცესი ჩავარდა, პრობლემები ამ მხრივ ნამდვილად გარდაუვალია.
გიორგი ვოლსკი (ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე): ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ყველაფერი სახეზეა. ამ თემის შიდა პროცესთან დაკავშირება კატეგორიულად გამორიცხულია. მოდით, უფრო გლობალურად შევხედოთ: საკმაოდ დიდი პრობლემები გაჩნდა დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ლტოლვილთა დაურეგულირებელი ნაკადების გამო. განსაკუთრებით, ბალკანეთის და მიმდებარე ქვეყნებიდან, რომლებიც ევროკავშირის წევრები არიან.
უკრაინაშიც რთული მდგომარეობაა. ბევრი მოითხოვს ევროპაში გასვლას, თავშესაფრის საკითხებთან დაკავშირებით ევროპის პოზიცია ასევე ჩამოსაყალიბებელია. სერიოზული პრობლემებია თურქეთთან დაკავშირებითაც.
თითქმის ემთხვევა რამაზ საყვარელიძის პოზიციას, დამატებულია უკრაინისა და ბალკანეთის ქვეყნების პრობლემურობა, რაც ცალსახად სწორია და ნამდვილად იქნება შემაფერხებელი ფაქტორი.
ზვიად ძიძიგური (პარლამენტის ვიცე-სპიკერი): ვიზალიბერალიზაციის მიღებას არჩევნებამდე დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, რათა ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთოს და ხმა მისცეს ქვეყნის ევროპულ არჩევანს. არავითარი შიდა პროცესები მის შეფერხებას არ იწვევს. საქართველოს ჰქონდა დავალება, რომელიც ქვეყანამ ბოლომდე შეასრულა. ევროპის სახელმწიფოები ფიქრობენ, რომ უნდა ჰქონდეთ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების სწრაფი მექანიზმი. ამის შემუშავების პროცესს უკავშირდება ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადაწევა.
ზვიად ძიძიგურმა წამოწია საკითხი, რომელიც, ალბათ, ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია ამ პროცესში. რამდენადაც ცნობილია, ამჟამად მიმდინარეობს სწორედ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების სწრაფი მექანიზმის შემუშავების პროცესი, რომელზეც შეთანხმება ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება და იქნებ, მთავარი შემაფერხებელი ფაქტორიც ეს მომენტი იყოს. ამის დასტურად მინდა მოვიყვანო ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის დიდიე რეინდერსის განცხადება, რომ საქართველოსთან ევროკავშირი სავიზო რეჟიმს შეარბილებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტში შეთანხმდებიან აღნიშნული რეჟიმის მოქმედების ექსტრემალურად შეჩერების მექანიზმზე იმ შემთხვევისთვის, თუ მისი დარღვევა მოხდა.
სტატიის ფორმატიდან გამომდინარე, მხოლოდ ოთხი ვერსია შემოგთავაზეთ, თუმცა, აქედანაც ცხადია, რომ, მიუხედავად აზრთა სხვაობისა, ყველა მათგანს აქვს არსებობის უფლება. რეალურად რა და როდის მოხდება, ამას მალე გავიგებთ. რამდენადაც ცნობილია, ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა კომიტეტი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე მსჯელობას 27 ივნისს გეგმავს, სავარაუდოდ, ბევრ საკითხს ნათელი მოეფინება. შეიძლება, ისე მოხდეს, რომ ყველა ჩვენი ექსპერტის მოსაზრება გამართლდეს, ეს კი ორმაგად მომგებიანი იქნება ქვეყნისთვის — ჯერ ერთი, ვიზალიბერალიზაციას ვეღირსებით, მეორეც -ართველი პოლიტიკოსების გამჭრიახობაც უფრო დაფასდება. საბოლოო ჯამში, ევროპასაც ეშველება და ჩვენთანაც დასრულდება ეს გაუთავებელი კამათი და სჯა- ბაასი.
თენგიზ ჩოჩუა