„ახალი“ პოლიტიკური სპექტაკლის ძველი სცენარი, ანუ როგორ დავაბნიოთ ამომრჩეველი ...

© photo: courtesy of parliamentპარლამენტი
პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოველი მომდევნო დღე „განკითხვის“ თარიღს გვაახლოვებს. ფიზიკურად და მორალურად დაბერებული პოლიტიკური ელიტის შემხედვარე კვლავაც მთავარი კითხვებია - როგორ ჩატარდება არჩევნები და როგორია თავად არჩევანის პერსპექტივა?

პოლიტიკურ რინგზე საასპარეზოდ დათქმულ თარიღამდე კალენდარი არასრულ ოთხ თვეს ითვლის… შესაძლო კითხვები — ვინ ვის გაეჯიბრება და რატომ?— უადგილოა და, რაც მთავარია, პოლიტიკური სიბეცის მაუწყებელი… „არჩევნები უპირველეს ყოვლისა…“, — განაცხადა დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტმა სოსო ცისკარიშვილმა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე საუბრისას და ასე ხატოვნად, თუმცა ზედმიწევნით ზუსტად, ასახა ჩვენი დროების მაჯისცემა. 

დიახ, ახლა მისი უდიდებულესობა ამომრჩევლის ნდობისა და ამ ნდობაზე მეტად საპარლამენტო მანდატების მოპოვებაა ჩვენივე საზოგადოების წიაღში ნაშობი პოლიტიკური „ელიტის“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიზანი… რა გასაკვირია, რომ მთავარი საფიქრალიც „დიადი“ მიზნისკენ მიმავალი გზის ძიებაა…ხალხის რჩეულთა შორის ყოფნა —არყოფნის საკითხი აყალიბებს ჩვენს მიერ გამოძერწილი პოლიტფიგურების ხედვებს, პოზიციებსა და ქცევას… მაძიებელი ახლაც ბევრია, თუმცა ორიგინალურობით არავინ გამოირჩევა. არ იფიქროთ, რომ ადრე სხვაგვარად იყო, არა.

ქართული ოცნების მიტინგი - Sputnik საქართველო
წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში: აკრძალვები და შეზღუდვები

ცვალებადობის მარადიულობის მიუხედავად, ჩვენში ორ ათეულ წელზე მეტია, უცვლელია პოლიტიკური ველის ცალკეული სუბიექტისა და ყველას ერთად მოქმედების მთავარი პრინციპი — მიზანი ამართლებს საშუალებას… არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ უკვე მრავალი წელია ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკოსებისგან გასაკვირი, მოულოდნელი არაფერია და მათი დიდი უმრავლესობა ერთს ლაპარაკობს, მეორეს ფიქრობს და მესამეს აკეთებს, ანუ „ყველაფერი მოსულა“… რატომ და რა არის წლიდან წლამდე ამგვარი რეალობისა და „პრინციპების ერთგულების“ მიზეზი? ამ კითხვაზე ზუსტად იმდენი პასუხია, რამდენიც თავად პასუხის გაცემის მსურველი…

ობიექტური ისტორიული პირობების გამო, საქართველოში არ არსებობენ კლასიკური მნიშვნელობით პოლიტიკური პარტიები. მხედველობაში მაქვს საერთო მსოფლმხედველობრივ საფუძველზე შექმნილი პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ინტერესებს  იცავენ და გამოხატავენ. ჯერჯერობით, მათი შექმნის პერსპექტივაც არ ჩანს. და ეს მაშინ, როცა ქვეყანაში სამასამდე პოლიტიკური გაერთიანებაა რეგისტრირებული. 

სხვა საკითხია, როგორია ამ „სისტემის“ მარგი ქმედების კოეფიციენტი, როგორ გამოიყურება და ისმინება ეს პოლიტიკური მრავალსახეობა და მრავალხმიანობა? ვფიქრობ, რომ შთაბეჭდილება მძიმეა. „დამსახურება“ სცენაზე მდგომთ და პარტერში მსხდომთ თანაბარი გვაქვს. დემოკრატია, პოლიტიკური პლურალიზმი მრავალპარტიულობის გარეშე არ არსებობს, მაგრამ არა ისე, როგორც ეს ჩვენ წარმოგვიდგენია. პარტიად ცნობილი ყოველი წარმონაქმნი სინამდვილეში რომელიმე მეტ-ნაკლებად ცნობადი პერსონის გარშემო გაერთიანებული დაჯგუფებაა, რომლის მიზანიც ნებისმიერი ხერხით ძალაუფლების მოპოვება და ამ გზით არა ხალხის, არამედ პირადი კეთილდღეობისთვის ზრუნვაა. ისინი არ არიან შეზღუდული „პოლიტიკური იდეალებით“, პროგრამებით და „ზნეობრივი პრინციპებით“… ისინი მზად არიან, ნებისმიერ ლოზუნგი,,ისროლონ’’ და ნებისმიერ ალიანსში შევიდნენ, თუ, მათივე შეფასებით, ეს მათ წარმატებას მოუტანს. შესაძლოა, არც გაემტყუნებათ, რადგან ადამიანების უდიდესი ნაწილიც ხმას იმას აძლევს, ვინც ტელეეკრანზე სხვებზე სიმპატიურად გამოიყურება…

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
„პიკასოს ბიჭების“ შანსები... ანუ მარტივი განტოლება

ჩვენში პოლიტიკური ცხოვრების ტრადიციები ჯერ კიდევ ძალზე სუსტია. ჯერაც გაუაზრებელია, ერთის მხრივ, რას მოითხოვს საზოგადოება პოლიტიკოსებისაგან და, მეორეს მხრივ, მაინცდამაინც არც პოლიტიკოსები იწუხებენ თავს წარსულის შეფასებით, რეალობის აღქმითა და ანალიზით, საზოგადოებრივი დაკვეთისა და ისტორიული ამოცანების გაგებით. საგანგებოდ აღვნიშნავ, რომ უსუსურია ამ მოთხოვნა-მიწოდების შეთავსების მცდელობა… პოლიტიკაში მოდიან და შემდეგ სწრაფად ქრებიან ადამიანები და ალიანსები.  

შესაბამისად, სრულიად გაუგებარია ის წინასაარჩევნო რეალობა, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, როცა მოვლენები კალეიდოსკოპური სისწრაფით, თუმცა კარგად ნაცნობი სცენარით ვითარდება. ამბობენ, რომ „ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო“ და ამ გამონათქვამის ერთგული ჩვენივე პოლიტიკოსებზე მეტად არავინ მეგულება. ეს ერთგულება მიზეზია პრაგმატიზმის, რომელიც უკლებლივ ყველა სხვა  წინასაარჩევნოდ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველია. 

პრაგმატიზმის შედეგია პოლიტიკური ქორწინებებისა თუ განქორწინებების უკვე გამოკვეთილი კონტურებიც, მათ შორის რეალური, ნაკლებად რეალური და, თქვენ წარმოიდგინეთ, აბსურდულიც. თუმცა ჩვენში ძნელი გასარკვევია, რომელი რომელია, ისე როგორც პოლიტიკაში — ვინ ვინ არის… პრაგმატიზმი განსაზღვრავს სასტარტო პოზიციებს — ვინ შეასრულებს სოლო პარტიას და ვინ ამჯობინებს გუნდური თამაშის პრინციპს. მოცემული მომენტის პრაგმატული ინტერესები, სამწუხაროდ, ზედმეტად ხშირად სძლევს პრინციპებსაც, იდეოლოგიებსაც და ზოგჯერ ქვეყნის ისტორიულ სტრატეგიასაც. ამჟამადაც უნდა ველოდეთ ქართული პოლიტიკური კალეიდოსკოპის არაერთ „ახალ“ ბრუნს და „ახალი“ შემთხვევითი კავშირებისა და ალიანსების დაბადებას. უცნაური ისაა, რომ თითქოს ყველამ წინასწარ ვიცით, თუ რამდენად განწირულია ეს კავშირები და საკმარისია, მათი გამომწვევი კონკრეტული პირობები გაქრეს, რომ სულ მალე მათი არსებობა აღარც კი გაგვახსენდება.

არჩევნები - Sputnik საქართველო
საპარლამენტო არჩევნებში უკვე 25 პარტიას უნდა მონაწილეობის მიღება

საკამათო არ არის, რომ ამომრჩეველთან ურთიერთობა, ქცევა და რიტორიკა ასევე პიარ-ტექნოლოგიებით კარგად შეფუთულ პრაგმატულ გათვლებს დაექვემდებარება. თუმცა, ეს უკანასკნელი მარათონის ცალკეულ მონაწილეთა ფინანსურ შესაძლებლობებზე იქნება დამოკიდებული. რიტორიკა ვახსენე და დავაკონკრეტებ, რომ მისი შინაარსი, მსგავსად წარსულისა, ამჯერადაც უკვე არის და არჩევნების მოახლოვებასთან ერთად, კიდევ უფრო იქნება ხალხის „დაბოლებისკენ“ მიმართული.

ახლა მკითხველმა, შესაძლოა, მისაყვედუროს და მართებულად მიმანიშნოს, რომ სწორედ პრაგმატიზმი ქართულ პოლიტიკას ყოველთვის აკლდა. არ ვიკამათებ და ერთს დავსძენ მხოლოდ — ქართული პოლიტიკური თეატრის აქტიორებს სათავისოდ არასოდეს უჭირდათ და არც ამჯერად გასჭირვებიათ გათვლა. 

ყოველი მომდევნო დღე „განკითხვის“ თარიღს გვაახლოვებს. მატულობს პოლიტიკური დუღილის ტემპერატურაც, თუმცა ამჯერადაც არაფერი იცვლება. ფიზიკურად და მორალურად დაბერებული პოლიტიკური ელიტის შემხედვარე კვლავაც მთავარი კითხვებია — როგორ ჩატარდება არჩევნები და როგორია თავად არჩევანის პერსპექტივა? ვისსა და ვის, თუ რასა და რას შორის? ვის რა „ემუქრება“ არჩევნების შემდეგ?..

ეუთოს დროშები ვენაში - Sputnik საქართველო
ეუთო: არჩევნები საქართველოში პოლიტიკურად დაძაბული იქნება

პარადოქსია, მაგრამ არავინ კითხულობს, რისი მოლოდინი შეიძლება გვქონდეს არჩევნების შემდეგ, როცა წლებია, ქვეყანაში არაფერი იცვლება ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების კუთხით და რაც მთავარია, უცვლელია ასარჩევის და ამომრჩევლის დამოკიდებულება თავად არჩევნების მიმართ. რა შეიძლება შეიცვალოს დროის დარჩენილ მონაკვეთში? ვეჭვობ, ამჯერადაც ყველაფერი  ძველი სცენარით გათამაშდება.

ზოგადად, პოლიტიკური პროცესებით იმედგაცრუებისა და არჩევნებისადმი საზოგადოებაში არსებული ნიჰილიზმის გათვალისწინებით, ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი თვლის, რომ  მომავალი არჩევნების ერთ-ერთ მთავარ პრობლემად, შესაძლოა, ამომრჩეველთა პასიურობაც იქცეს. გავიზიარებ მოსაზრებას, რომ გულგატეხილ ადამიანს არავის ნდობა აღარ აქვს, მისი მიმხრობა ძნელია. ჩემი აზრით, წელს უმთავრესი პრობლემა მაინც ამომრჩევლის გააქტიურება და არჩევნებზე მიყვანა იქნება. და ამ პრობლემის გადაჭრა ყველა პოლიტიკური ძალისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია.


ყველა ახალი ამბავი
0