თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. საქართველოში დღეს ოფიციალურად აიღო სტარტი წინასაარჩევნო კამპანიამ, და მასთან ერთად ძალაში შევიდა გარკვეული შეზღუდვები, რაც ყველა პარტიას თანაბარ მდგომარეობაში აყენებს.
ქვეყანას ახლა დებატებისა და აგიტაციის ოთხთვიანი პერიოდი ელის, რომლის შემდეგაც ახალი მთვარობა და ახალი პოლიტიკური რეალობა ჩამოყალიბდება.
აკრძალვები
8 ივნისიდან ქვეყნის თითქმის ყველა მოსახლეს ეძლევა უფლება, დაიწყოს ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის აგიტაცია და მისი პროგრამის წარდგენა. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ პარტიის პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ძალადობისა და ომის პროპაგანდას, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისა და რელიგიურ თუ ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირებისკენ მოწოდებებს.
წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა ეკრძალებათ საარჩევნო კომისიის წევრებს, მოსამართლეებს, შსს–ის, თავდაცვის სამინისტროს, პროკურატურის, დაზვერვისა და დაცვის სპეციალური სამსახურის ჩინოვნიკებს, გენერალურ აუდიტორს, სახალხო დამცველს, უცხოეთის მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს, საქველმოქმედო და რელიგიურ ორგანიზაციებს.
ამას გარდა, პარტიის აგიტაცია სამსახურის საათებში ეკრძალებათ სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლებს, კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრებს.
წინასაარჩევნო კამპანიისას ამომრჩევლის აგიტაცია იკრძალება აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში, სამხედრო ნაწილებსა და სასამართლოებში.
პარტიებს, პოლიტიკურ გაერთიანებებსა და მათ წარმომადგენლებს, არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე, ეკრძალებათ საქართველოს მოქალაქეებისთვის ფულის, საჩუქრებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების შეპირება და გადაცემა, გარდა სააგიტაციო მასალებისა.
არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე პარტიებს ასევე ეკრძალებათ მოქალაქეების ან იურიდიული პირებისთვის რაიმე ტიპის სამსახურის გაწევა ან სამუშაოს შესრულება.
8 ივნისიდან პოლიტიკურ პარტიებს ეკრძალებათ გარკვეული ადმინისტრაციული შენობების გამოყენება, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტზე არსებულ დაწესებულებებს ეკრძალებათ საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და ტექნიკის გადაცემა წინასაარჩევნო კამპანიის საწარმოებლად.
ამას გარდა, სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლებს ეკრძალებათ საკუთარი ხელქვეითების გამოყენება კანდიდატის წარდგინებასა და არჩევაში, ხოლო მივლინებებში ყოფნისას არ აქვთ აგიტაციისა და ხელმოწერების შეგროვების, ასევე პარტიის სახელით ღონისძიებების ჩატარების უფლება.
თანაბარი პირობები
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებულები არიან, ხუთი დღის განმავლობაში გამოყონ სპეციალური ადგილები, რათა პარტიებს თანაბარი პირობები შეექმნათ წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად. ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა შეადგინონ გრაფიკი სხვადასხვა პარტიებისთვის ამ ადგილების გამოყენების თვალსაზრისით.
ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებმა უნდა გამოაქვეყნონ იმ შენობების ჩამონათვალი, რომლებზეც სააგიტაციო პლაკატების გაკვრა და სააგიტაციო მასალების სტენდების განთავსება იკრძალება.
ასეთ შენობებად საქართველოში მიიჩნევა საკულტო ნაგებობები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, სახელმწიფო თუ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურისა და პოლიციის შენობები და საგზაო მოძრაობის ნიშნებიც.
არჩევნებამდე 60 დღით ადრე აიკრძალება იმ ახალი პროგრამებისა და პროექტების დაწყება, რომლებიც გაწერილი არ იყო სამინისტროების, სახელმწიფო თუ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების ბიუჯეტებში.
ასევე 60 დღის ადრე ოფიციალურად იკრძალება პენსიისა და დახმარებების გაზრდა, თუ ასეთი მანამდე არ იყო გაწერილი ბიუჯეტში.
გამონაკლისს შეადგენს ფორს–მაჟორულ ვითარებასა და სტიქიური უბედურების შემთხვევაში დახმარების აღმოჩენა.
საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციის მომენტიდან იკრძალება საკადრო ცვლილებები პოლიციის, პროკურატურისა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების ხელმძღვანელობაში.
თუ დეპუტატობის კანდიდატებს შორის მინისტრი აღმოჩნდება, ოფიციალური სიის გამოქვეყნების შემდეგ, ვალდებულია გადადგეს თანამდებობიდან.
არჩევნებამდე 50 დღით ადრე, საქართველოში მაუწყებელი ყველა ტელეკომპანია ვალდებულია, ანგარიში ჩააბაროს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მის მიერ გავრცელებული სააგიტაციო მასალების თაობაზე. მათ შორის, ფასიანი თუ უფასო რეკლამისთვის გამოყოფილ დროზე.
ამას გარდა, ტელეკომპანიები ვალდებულები არიან, დაიცვან მიუკერძოებლობისა და საეთერო დროის თანაბრობის პრინციპი არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიისთვის.
ამასთან, „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ აქვს უფლება, საეთერო დრო დაუთმოს მხოლოდ იმ პარტიებს, რომლებსაც საკუთარი წარმომადგენელი ჰყავთ პარლამენტში ან ადგილობრივ თვითმმართველობაში.
ასეთი პარტიები ყოველ 3 საათში 90 წამ საეთერო დროს მიიღებენ.
გარდა ამისა, საქართველოში მაუწყებელი ყველა ტელეარხი ვალდებულია, პარტიებს ყოველ ერთ საათში თითო წუთი გამოუყოს რეკლამისთვის.