თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიამ სტარტი ოფიციალურად აიღო. შესაბამისი განკარგულება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდზე უკვე გამოქვეყნებულია.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება. საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატის მანდატის მოპოვებისთვის დაახლოებით 30 პარტია იბრძოლებს. არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პარტიების რეგისტრაცია აგვისტოს თვემდე გაგრძელდება. 8 ოქტომბერს გაიმართება ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, პარტიებს უფლება აქვთ აგიტაცია-პროპაგანდა დაიწყონ, გარდა ამისა, ძალაში შევიდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ აკრძალვა. ასევე ამოქმედდა მაღალჩინოსნების მხრიდან ნებისმიერი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის აკრძალვა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო არჩევნების თარიღის დანიშვნაზე განკარგულებას ხელი 3 ივნისს მოაწერა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კი 8 ივნისს.
ეს თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ყველაზე გრძელვადიანი საარჩევნო კამპანია იქნება.