თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. 8 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ჩაივლის, ნათქვამია ეუთოს და ადამიანის უფლებათა დემოკრატიული ინსტიტუტის ბიუროს საჭიროებათა შეფასების ანგარიშში საქართველოში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ.
მოხსენება, რომელიც 26-დან 29 აპრილამდე საქართველოში მყოფი ეუთოს დამკვირვებელთა მოსაზრებას ეფუძნება, მომზადებულია ადამიანის უფლებატა დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისის მიერ. მისიის მიზანი იყო წინასაარჩევნო გარემოს შეფასება და საპარლამენტო არჩევნებისათვის მომზადება.
„ეს (საპარლამენტო — რედ.შენ.) არჩევნები პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ჩაივლის, რომელსაც გავლენა აქვს წინასაარჩევნო გარემოზე, მათ შორის მიმდინარე სამართლებრივი დავების ფონზე, რომელიც უმსხვილეს კერძო მაუწყებელს ეხება (რუსთავი 2 — რედ. შენიშვნა)“, — ნათქვამია მოხსენებაში.
ზოგიერთმა პარტიამ ეჭვი გამოთქვა იმის თაობაზე თუ რამდენად თავისუფალი იქნება არჩევნები. ანგარიშის თანახმად, ოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა, რომელთანაც შეხვედრები ჰქონდათ ეუთოს წარმომადგენლებს, წუხილი გამოთქვეს ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო ბოროტად გამოყენებაზე, განსაკუთრებით ქვეყნის შორეულ რეგიონებსა და ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში.