ბესიკ ფიფია
მაქსიმ გორკიმ — ალექსეი პეშკოვის ლიტერატურული ფსევდონიმია — 1892 წელს თბილისში გაზეთ „კავკაზში“ დაბეჭდა თავისი პირველი პროზაული ნაწარმოები „მაკარ ჩუდრა“ და ლიტერატურაში მისი გზაც აქედან იწყება. მოთხრობა მტკვრის ნაპირებზე დაიწერა, სადაც გორკი ამიერკავკასიის რკინიგზის სახელოსნოებში მუშაობდა.
„არასოდეს ვივიწყებ, რომ სწორედ ამ ქალაქში (იგულისხმება თბილისი — ბ. ფ.) გადავდგი პირველი გაუბედავი ნაბიჯი იმ გზაზე, რომელსაც აი, უკვე ოთხი ათეული წელიწადია მივყვები. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ სწორედ ქვეყნის დიდებულმა ბუნებამ და მისი ხალხის რომანტიკულმა სათნოებამ — სწორედ ამ ორმა ძალამ მომცა ბიძგი, რამაც მაწანწალიდან ლიტერატორად მაქცია“.
საქართველოსთან და მის კულტურასთან გორკის გაცნობა XIX საუკუნის 90-იანი წლების დამდეგს იწყება, პირველად „რუსეთში მოგზაურობის“ დროიდან. საქართველოს ძველმა კულტურამ, დიდებულმა ბუნებამ, ლამაზმა და ამაყმა ხალხმა — გორკიზე ღრმა შთაბეჭდილება მოახდინეს, რაც მწერლის შემოქმედებაში აისახა.
მაგალითად, გორკის მოთხრობა „შეცდომა“ მწერლის ცხოვრების ერთ-ერთ ეპიზოდს ემყარება, რომელიც 1891 წლის დეკემბრის მიწურულს თბილისში მოხდა. კრავცოვის პროტოტიპი ქართველი გოლა ჩიტაძე იყო, გლეხის შვილი, რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე. დაავადებულ ჩიტაძესთან მორიგეობდნენ მისი ამხანაგები, რევოლუციურად განწყობილი ახალგაზრდობა, რომელთა შორის გორკიც იყო.
ალექსეი პეშკოვის საქართველოში ცხოვრების მეორე ეპიზოდი დაედო საფუძვლად მწერლის მოთხრობას „ადამიანის დაბადება“. 1892 წლის ზაფხულის დამლევს ალექსეი პეშკოვი შავი ზღვის გზატკეცილის მშენებლობაზე მუშაობდა. სადღაც სოხუმსა და ოჩამჩირეს შორის უკაცრიელ გზაზე შეხვდა იგი ქალს, რომელსაც მშობიარობა დაეწყო და ეს ბავშვი მან მიიღო, ჭიპლარი კი კბილებით გადაკვნიტა. ალექსეი პეშკოვის სამეანო გმირობა მდინარე კოდორის მახლობლად ბრინჯაოში ჩამოისხა, ხოლო სოფელ აძუბჟაში მდებარე საავადმყოფოს გორკის მოთხრობის მიხედვით ეწოდა „ადამიანის დაბადება“.
საქართველოში გორკის ყურადღება ეროვნული კულტურის ჟანრების მრავალფეროვნებამ მიიპყრო. მწერალმა დიდი ინტერესი გამოიჩინა ქართული ხალხური სიმღერებისადმი, რომელთა მელოდიურობა და თავისებურებები აღაფრთოვანებდა. 1900 წელს გორკი თბილისში მცირე ხნით კვლავ ჩამოვიდა ანტონ ჩეხოვთან და ვიქტორ ვასნეცოვთან ერთად.
„თბილისში ჩვენი საპატიო სტუმრები იყვნენ მაქსიმ გორკი, ანტონ ჩეხოვი და მხატვარი ვასნეცოვი, — იგონებს ქართული ხალხური ცეკვების გამოჩენილი შემსრულებელი ა. ალექსიძე (სონღულაშვილი) — ქართველმა ლიტერატორებმა მათ ვერის ბაღში (მაშინ მას „ფანტაზია“ ეწოდებოდა) საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს, სადაც მეც მიმიწვიეს. ზეიმს ქართველი ქალებიც ესწრებოდნენ. ქეიფის დროს იქ მყოფებმა ქართული ცეკვების შესრულება გვთხოვეს. რასაკვირველია, მეც გამომიძახეს. როდესაც სტუმრების თხოვნას ვასრულებდი, რამდენჯერმე მომიწია გამოსვლა საცეკვაოდ, თავი არ დამიზოგავს. სტუმრები ქართული ხალხური ცეკვებით მეტად კმაყოფილი დარჩნენ. ჩვენმა საცეკვაო ხელოვნებამ დიდი მხიარულება და გაცხოველებული აზრთა გაცვლა-გამოცვლა გამოიწვია. ბევრი ისაუბრეს ცეკვების თავისებურებაზე. იყო სადღეგრძელოები. მახსოვს, გორკიმ ჭიქა ასწია და თქვა: „ვადღეგრძელებ იმ ხალხს, რომელმაც თავის სადიდებლად ასეთი ცეკვები შექმნა…“
ქართული საცეკვაო ხელოვნებით, ისევე როგორც სიმღერებით აღფრთოვანება მწერალს მთელი სიცოცხლის განმავლობაში არ განელებია. 1903 წელს გორკიმ საქართველოში იმოგზაურა და ქუთაისიც მოინახულა. მას თან ახლდა მ. გურეშიძე, რომელიც იგონებს: „საღამოს მასთან ერთად ქუთაისი-ონის საფოსტო გზის დასაწყისში, წითელ ხიდთან მდგარ ერთ დუქანში შევედი, სადაც ჩვეულებრივად რაჭველი და მახლობელი სოფლის გლეხობა იკრიბება ხოლმე. გორკი აკვირდებოდა გლეხებს, რომლებიც სადილობდნენ და თან მღეროდნენ. მას განსაკუთრებით მოეწონა სიმღერა „ოდელია რანუნი“ და მისი შინაარსის რუსულად გადათარგმნა ითხოვა“.
1905 წლის რევოლუციურ მოვლენებში გორკი მეტად აქტიურად მონაწილეობდა. ცარიზმის საწინააღმდეგო პროკლამაციებისთვის პეტრე-პავლეს ციხეში ჩასვეს. რუსეთისა და მსოფლიო საზოგადოებრიობის პროტესტმა მთავრობა აიძულა მწერალი გაეთავისუფლებინა. ხოლო მოსკოვის დეკემბრის შეიარაღებული აჯანყების დროს ფულითა და იარაღით დახმარებისთვის გორკის ოფიციალური ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორება ემუქრებოდა.
უცხოეთში გამგზავრებამდე გორკის ბინაში მოსკოვში დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ცხოვრობდა და მწერალს იცავდა 11 მებრძოლისგან შემდგარი რაზმი, რომელიც ქართველი სტუდენტებისგან იყო ჩამოყალიბებული. თითქმის ყველა მებრძოლი შესანიშნავად ასრულებდა ქართულ სიმღერებს. იმ დღეებში გორკის ბინას ხშირად სტუმრობდა თევდორე შალიაპინი, რომელიც რაზმის მებრძოლებთან ერთად მღეროდა ქართულ სიმღერებს. ამ სიმღერებს ის თბილისში ყოფნის დროიდან იცნობდა.
„გორკის ქართული სიმღერები ძალიან მოსწონდა და ჩვენ მისი თხოვნით ხშირად ვმღეროდით, — იგონებს ერთ-ერთი მებრძოლი ალ. წუწუნავა — იმ ჯგუფში, რომელიც მას იცავდა, აღმოჩნდნენ ახალგაზრდები, რომლებმაც იცოდნენ როგორც ქართლ-კახური, ისე გურული სიმღერები. გაირკვა, რომ ზოგიერთი სიმღერა, განსაკუთრებით გურული სიმღერები, გორკისთვის ნაცნობი იყო. მას მოსწონდა „ხასანბეგურა", „ალი ფაშამ გვიღალატა“. ის ხშირად ამბობდა, ასეთი წყობის სიმღერები მხოლოდ ქართველებს აქვთო“.
უცხოეთში ხანგრძლივი ცხოვრების შემდეგ 1928 წელს გორკი სამშობლოში დაბრუნდა. მაშინ მან საბჭოთა კავშირში ბევრი იმოგზაურა. თავის ლიტერატურულ სამშობლოს, საქართველოსაც ეწვია. „კოჯორი ყვაოდა და ბრწყინავდა დროშებით, ორკესტრის სპილენძით, — წერს გორკი ნარკვევში „მოგზაურობა საბჭოთა კავშირში“. — მგონი, მასწავლებელთა ყრილობა იყო, და დაახლოებით სამი საათის განმავლობაში ვისმენდით მათ მიერ შესანიშნავად შესრულებულ ქართულ ხალხურ სიმღერებს… ამაღელვებელი იყო მასწავლებელთა გულითადი სტუმართმოყვარეობა, მათი უბრალოება და ნაზი სიამაყე საკუთარი ხალხის შეუდარებელი სილამაზის სიმღერების გამო“.
ინტერესმოკლებული არ არის თავად ამ შეხვედრის მონაწილეთა მოგონებებიც. „სადილობის დროც მოვიდა, — იგონებს კ. კეკელიძე. — ქართული სუფრა ეზოში, უზარმაზარი კაკლის ხის ქვეშ გაიშალა. სუფრასთან მ. გორკი მოიწვიეს. სადილის დროს იგი ჩუმად იყო, ცოტას ჭამდა. „თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს, — თქვა მან მოულოდნელად, — „იმღერეთ ქართული სიმღერები“. „რა ვიმღეროთ?“ — შევეკითხე მე. „იმღერეთ„მრავალჟამიერი“, დიდი ხანია აღარ მომისმენია“.
ჩვენ მორიდებით დავიწყეთ სიმღერა, თან დიდ მწერალს ვაკვირდებოდით. ხოლო როდესაც დავინახეთ, როგორ გაუნათდა თანდათან სახე, ჩვენც გავთამამდით, მეგობრებმაც მხარი აგვიბეს და გარემო ქართული სიმღერის მელოდიით აივსო. მ. გორკი ჩაფიქრებული გვისმენდა, იღიმოდა… ჩვენ ვცდილობდით თითოეული ბგერისთვის განსაკუთრებული სითბო მიგვენიჭებინა, რაც შეიძლება უკეთესად გვემღერა. ბოლოს კიდევ უფრო უკეთესად შევასრულეთ ქართული ხალხური სიმღერა „გლეხის შვილი ვარ“.
სტუმარს ცრემლები წამოუვიდა. წამოდგა, ყვავილებით მოფენილ ბორცვს გახედა, ცრემლები მალულად მოიწმინდა. როდესაც სიმღერა დავამთავრეთ, სიჩუმე ჩამოწვა. იგი ჩვენკენ შემობრუნდა, გაგვიღიმა და თქვა: „მიყვარს საქართველო, ქართველი ხალხი, მიყვარს ქართული სიმღერები. ისინი მე მახსენებს ჭაბუკობის წლებს, რომლებიც საქართველოში გავატარე“.
ვ. გავაშელიშვილი, რომელიც მწერლის სახლში მზარეულად მუშაობდა, იხსენებს, რომ 1935 წელს გორკისთან სტუმრად მივიდნენ ქართული ხალხური სიმღერების ანსამბლის წევრები, რომელსაც კირილე პაჭკორია ხელმძღვანელობდა. მწერალს ყურადღება ფრიად ესიამოვნა და, კონცერტით აღფრთოვანებულმა, გავაშელიშვილს სთხოვა „ქართული სუფრა გაეშალა“. ქეიფი ქართული წესით წარიმართა, ეროვნული ეტიკეტის დაცვით. იყო სადღეგრძელოები, სუფრას თამადა ხელმძღვანელობდა, ქართული სუფრული სიმღერების მომაჯადოებელი მელოდიები ისმოდა. გორკი ამბობდა: „ამ წუთებში მე თავს კვლავ საქართველოში ვგრძნობ“.
მაგრამ გორკის საქართველოში არა მხოლოდ სასიმღერო ხელოვნება იზიდავდა. მას აინტერესებდა და იცნობდა კიდეც ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ნიმუშებს. იყო ახალი ათონის მონასტერში, ნარიყალას ციხეზე, მცხეთაში, გელათში. მწერალი აღშფოთებული იყო არქიტექტურული ძეგლებისადმი ველური დამოკიდებულების გამო. „მცხეთაში, გრანდიოზულ ტაძარში, რომელიც IV საუკუნეშია აგებული, გაქრა საკურთხევლის კედლის ნახატები — მძლავრი, ორი ადამიანის სიმაღლის თორმეტი მოციქულის ფიგურები. საკურთხეველში მითხრეს, რომ ეს უძველესი და დიდებული ფერწერა მღვდლებმა კირით შეათეთრეს, — წერდა გორკი. — საღებავი ფრესკებსაც წაუსვეს… ვ. მ. ვასნეცოვი 1903 წელს აღფრთოვანებისგან ლამის ტიროდა, როცა საკურთხევლის ფერწერასა და ამ ფრესკებს უმზერდა".
აღშფოთებული იგონებდა გორკი ქუთაისელი პოლიცმეისტერის დანაშაულებრივ აფერას, რომელმაც გელათის მონასტერი გაძარცვა: „ა. სვიმონოვმა ექვს-შვიდ წლებში, როდესაც ქუთაისში პოლიცმეისტერი იყო, გელათის ღვთისმშობლის ხატს ძვირფასი ქვები მოაძრო და ისინი მინებით შეცვალა, მისი კარიერაც ამ გმირობით დასრულდა“.
ბუნებრივია, გორკის განსაკუთრებულ ინტერესს ქართული ლიტერატურა იწვევდა. სწორედ გორკი იყო რუსული და ქართული კულტურების დაახლოების — ქართველი მწერლების ნაწარმოებების თარგმნის და მათი რუსულ ენაზე გამოცემის ინიციატორი. „მე მგონია, რომ ლიტერატურა სულ უფრო იოლად და უფრო უკეთესად აცნობს ერთმანეთს ხალხებს, — წერდა გორკი. — ეს არ არის აზრი პროფესიონალისა, რომელსაც თავისი საქმე უყვარს, ეს არის დაკვირვების შედეგი ჩემი ორმოცი წლის შეგნებული ცხოვრების მანძილზე“.
გორკიმ საქართველოს, მისი ხალხის, ბუნებისა და ხელოვნებისადმი სიყვარული მთელი სიცოცხლის მანძილზე შეინარჩუნა.
„თუ ტფილისში იქნები, — წერდა გორკი 1914 წელს შვილს, — მცხეთაში, საქართველოს ძველ დედაქალაქში ჩადი და იქ ტაძარში მიდი. ნახე, აგრეთვე, ტფილისის მუზეუმი, — იქ არის კავკასიის ყველა ხალხის ცვილის ფიგურები“. გორკი შემთხვევას არ უშვებდა, რომ საქართველოსადმი ინტერესი სხვებისთვისაც გაეღვივებინა. 1934 წელს იგი რომენ როლანს სწერდა: „დღეს ჩემთან ჩამოვიდა ალექსეი ტოლსტოი კავკასიიდან, სადაც იგი ყრილობის შემდეგ ისვენებდა. მთებში მისი მოგზაურობის შესახებ აღფრთოვანებული მიამბობდა. მე კავკასიას საკმაოდ კარგად ვიცნობ, იქ ვნახე ყველაზე დიდებული პეიზაჟები, რაც კი ოდესმე მინახავს. კავკასიაში, შავი ზღვის სანაპიროებზე, ადლერსა და ბათუმს შორის თქვენც შეგეძლოთ გენახათ ბევრი ხელსაყრელი ადგილი წყნარი ცხოვრებისთვის“.
როდესაც ქართველი ხალხის მიმართ საკუთარ გრძნობებს გამოხატავდა, გორკი განსაკუთრებული სითბოთი წერდა: „ჟრიამულობს ქართველი რომანტიკოსი ხალხი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყნის სილამაზე, მისი მზისფერი ღვინო და შესანიშნავი სიმღერები“.