აზერბაიჯანელი პოეტი ხაკანი შირვანი შოთა რუსთაველის თანამედროვე იყო. ხაკანი შირვანის შემოქმედებას, როგორც „ვეფხისტყაოსანს“, მსოფლიო ლიტერატურის საგანძურში საპატიო ადგილი უჭირავს.
აფზალ ად-დინ იბრაგიმ იბნ ალი ხაკანი შირვანი დაიბადა დაახლოებით 1120 წელს ქალაქ შემახში, შირვანშაჰების სახელმწიფოს დედაქალაქში, რომელიც ჩრდილოეთ აზერბაიჯანში მდებარეობს. მისი აღზრდა მამის ძმამ, თავისი დროის დიდმა მეცნიერმა კაფი ედ-დინ ომარმა იტვირთა, რომელიც ბავშვს თავად ასწავლიდა ასტრონომიას, ბუნებისმეტყველებას, ლოგიკას, იურიდიულ მეცნიერებებს, გრამატიკასა და ლიტერატურას.
მოწაფეს ბავშვობიდანვე აღმოაჩნდა პოეტური შემოქმედებისადმი მიდრეკილება, მან საზოგადოების ყურადღება ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში მიიპყრო.
შირვანშაჰების სასახლის პირველმა პოეტმა აბულ-ულამ მას სასახლეში სამსახური დააწყებინა და შესთავაზა ფსევდონიმად ხაკანი მიეღო იმის აღსანიშნავად, რომ ხაკანებს (მმართველს) ეკუთვნოდა.
ხაკანიმ ხანგრძლივი და რთული შემოქმედებითი გზა განვლო. თავისი ცხოვრების დაახლოებით 60 წელი ლიტერატურულ საქმიანობას მიუძღვნა და უზარმაზარი შემოქმედებითი მემკვიდრეობა დატოვა.
ხაკანის ნაწარმოებებით თუ ვიმსჯელებთ, იგი საქართველოში მრავალჯერ არის ნამყოფი. მაგალითად, პოეტი წერს: "ამ თმახუჭუჭა პირმნათი მზეთუნახავის სიყვარულით მე აფხაზეთში ცხოვრება და ქართულად ლაპარაკი დავიწყე". აფხაზეთში პოეტი საქართველოს გულისხმობს. აკადემიკოსი ზია ბუნიატოვი წიგნში „აზერბაიჯანის ათაბეგების სახელმწიფო" (1136-1225 წლები) განმარტავს, რომ „შუა საუკუნეების აზერბაიჯანულ და სხვა აღმოსავლურ წყაროებში „აფხაზეთი" და „აფხაზები" ყოველთვის მხოლოდ „საქართველოსა" და „ქართველების" აღსანიშნავად იხმარებოდა.
ხაკანის შემოქმედებაში არის ასეთი სტრიქონებიც: „ერთ მშვენიერ დღეს ფეხით გადავალ აფხაზეთში, მჯერა, ქართველები კარს გამიღებენ".
საქართველოსა და შირვანშაჰების სახელმწიფოს მჭიდრო კულტურული ურთიერთობები აკავშირებდათ მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნების ძირითადი მოსახლეობა სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის იყო. მმართველები მშვიდობისმოყვარეობისა და რჯულთშემწყნარებლობის მაგალითებს თავად აძლევდნენ. მაგალითად, ქართველი მეფე დემეტრე პირველი ყოველ პარასკევს მეჩეთში შედიოდა, შირვანშაჰები, თავის მხრივ, შემახაში არსებულ ქრისტიანულ ეკლესიაში დადიოდნენ. ამის თაობაზე ხაკანიც წერდა: "დღესასწაულის დღეს აფხაზეთიდან დაბრუნებული შაჰი დილით ეკლესიაში წავიდა…"
რელიგიური აღმსარებლობა მაჰმადიან პოეტს ხელს არ უშლიდა ქართველი ქრისტიანი გოგონას შესახებ სიყვარულის მგზნებარე სიტყვები წარმოეთქვა და მისი სილამაზე და სინაზე განედიდებინა:
"შევიყვარე მე ქართველი გოგონა,
სილამაზემ ამიბნია თავგზა
და ქართულიც, ადვილი რომ მეგონა,
შევისწავლე, სხვა მითხარი — რა ვქნა?
ბევრჯერ ვუთხარ: "მოდი, მოდი, მოდი",
ლამის თმებმაც მიპასუხონ — აქ ვართ.
ქრისტიანო, სილამაზით ედავები მზესაც,
სულიც შენი მზესავით რომ ბრწყინავს,
შენსკენ ცუდი ვერ იპოვის გზებსაც,
გულში ჩემში ისადგურებს ყინვა.
შენ მე მტანჯავ, ჩხირად ლამის ვიქცე,
გიხმობ "მოდი", შენ გულგრილად მიცქერ".
ამ ლექსში "მოდი" ასევე, ქართულად წერია. ხაკანი ქართულ სიტყვებს სხვა ლექსებშიც იყენებს, რაც საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ პოეტმა ქართული ენა იცოდა. ცნობილი ირანელი მეცნიერი და მწერალი საიდ ნაფისი საქართველოში ჩამოვიდა, რათა ხაკანის ლექსებში მოყვანილი მისთვის უცნობი სიტყვების აზრი გაეგო. როდესაც ქართველი ხალხის კულტურას, ლიტერატურასა და წეს-ჩვეულებებს გაეცნო, საიდ ნაფისიმ აღნიშნა: "ხაკანის ლექსებში ხშირად შეხვდები ქეიფის აღწერას. საქართველოში ჩასვლამდე მე ზუსტად ვერ ვახერხებდი ამ ლექსებიდან აზრის გამოტანას". ხაკანი თავის ნაწარმოებებში არა მხოლოდ სუფრას, არამედ ხალხსაც და საქართველოს ლამაზ ბუნებასაც სიყვარულით უმღეროდა.