ალექსანდრე დიუმა: ქართველები უნაკლო ხალხია ყველა საუკეთესო თვისებით

© Национальный архив Грузииალექსანდრე დიუმა
ალექსანდრე დიუმა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიუმამ იმოგზაურა კოსტრომაში, ნიჟნი ნოვგოროდში, ყაზანში, სარატოვში, ასტრახანში, ყიზლარში, დერბენტში, და ბაქოს გავლით თბილისში ჩამოვიდა.

   ბესიკ ფიფია

  რუსეთის იმპერიაში თავისი მრავალთვიანი მოგზაურობა ალექსანდრე დიუმამ პეტერბურგიდან დაიწყო, სადაც იგი 1858 წლის 22 ივნისს ჩავიდა. "სამი მუშკეტერის" ავტორს მოგზაურობაში თან პარიზელი მხატვარი ჟან-პიერ მუანე ახლდა. მოსკოვში მას, როგორც თარჯიმანი, შეუერთდა მოსკოვის უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელსაც დიუმა მოიხსენიებს მხოლოდ გვარით — კალინო.

 დიუმამ იმოგზაურა კოსტრომაში, ნიჟნი ნოვგოროდში, ყაზანში, სარატოვში, ასტრახანში, ყიზლარში, დერბენტში, და ბაქოს გავლით თბილისში ჩამოვიდა. მისმა ჩანაწერებმა, რომლებმაც შეადგინა წიგნი "კავკასია", მსოფლიო მკითხველს საქართველოს ისტორია და გეოგრაფია, ქართველების ყოფა-ცხოვრება და ზნე-ჩვეულებანი პირველად ყველაზე საფუძვლიანად გააცნო.

  თბილისის აღმოჩენა

 დიუმამ სამუდამოდ აღბეჭდა შესანიშნავი თბილისის სახე. "როდესაც თბილისში მივდიოდი, ვაღიარებ, წარმომედგინა, რომ ნახევრად ველურ ქვეყანაში მივდიოდი, ისეთში, როგორიც არის ნუხი ან ბაქო, მხოლოდ უფრო დიდი მასშტაბისა. მე შევცდი. ფრანგული კოლონიის წყალობით, რომელსაც უმთავრესად პარიზელი მკერავები და მოდისტები შეადგენენ, ქართველი მანდილოსნები იტალიური თეატრისა თუ დიდი ბულვარების მოდებს შეიძლება მხოლოდ ორიოდე კვირით ჩამორჩებოდნენ.

ჟან-პერ მუანე. "ქუჩა ტიფლისში". 1858
ჟან-პერ მუანე. ქუჩა ტიფლისში. 1858 - Sputnik საქართველო
ჟან-პერ მუანე. "ქუჩა ტიფლისში". 1858

 …ამჟამად თბილისში 60 ათასიდან 75 ათასამდე კაცი ცხოვრობს; მისი ქუჩების სიგანე 60 ფუტია: აქ არის შესანიშნავი შენობები, მოედნები, ქარვასლები, ბაზრები და, ბოლოს, თეატრი და ეკლესიები, რომლებიც, თავადი გაგარინის წყალობით, ხელოვნების საუცხოო ნიმუშებად იქცნენ.

…ქარვასლა საინტერესო სანახავია. მის ჭიშკარში აქლემებით, ცხენებითა და სახედრებით შედის და გამოდის აღმოსავლეთის ყველა ერის წარმომადგენელი: თურქები, სომხები, სპარსელები, არაბები, ინდოელები, ჩინელები, ყალმუხები, თურქმენები, თათრები, ჩერქეზები, ქართველები, მეგრელები, ციმბირელები და, ღმერთმა იცის, კიდევ ვინ! თითოეული მათგანი გამორჩეულია, აქვს თავისი კოსტიუმი, თავისი იარაღი, თავისი ხასიათი, თავისი გამომეტყველება და, განსაკუთრებით, ქუდი — საგანი, რომელიც მოდის ცვლილებებს ყველაზე ნაკლებად ემორჩილება".

 დიუმა აღნიშნავს, რომ თბილისში აღმოსავლეთის ხალხთა ყველა სავაჭრო წარმომადგენელი ერთ კლასს, ერთ თემს შეადგენს სავაჭრო სახლში. სასტუმროში ცხოვრებისთვის ისინი არაფერს იხდიან, მაგრამ ქარვასლის პატრონები მათ საქონლის რეალიზაციიდან ერთ პროცენტს ახდევინებენ.

ჟან-პერ მუანე. "ფანჩატური ბაღში". 1858
ჟან-პერ მუანე. ფანჩატური ბაღში. 1858 - Sputnik საქართველო
ჟან-პერ მუანე. "ფანჩატური ბაღში". 1858

 

 ბაზრისკენ მოემართება რამდენიმე სავაჭრო ქუჩა, რომელთაგან თითოეულს თავისი სპეციალიზაცია აქვს. "…მე მათ დავარქმევდი ოქრომჭედლების, დაბაღების, მეიარაღეთა, მებოსტნეების, მეთუნუქეების, თერძების, მეწაღეების, ნაბდის ოსტატთა ქუჩებს, _ წერს დიუმა. ტფილისური ველური ვაჭრობის თავისებურება — ასე ვუწოდებ თათრების, სომხების, სპარსელების, ქართველების ვაჭრობას — ის არის, რომ მეწაღე ფეხსაცმელს არ კერავს, ის, ვინც ფეხსაცმელს კერავს, წუღებს არ ამზადებს, მეწაღე არც ფაფახებს კერავს, ხოლო ხაბაზი მხოლოდ ერთი სახეობის პურს აცხობს. თანაც, მეწაღე, რომელიც ქართულ წაღებს ამზადებს, ჩერქეზულს არ კერავს. თითოეული ხალხის სამოსის თითოეულ ნაწილს თითქმის თავისი მრეწველობა აქვს. ამრიგად, თუ გსურთ ხმალი შეუკვეთოთ, ჯერ უნდა იშოვოთ მისი პირი, შეუკვეთოთ ტარი და ქარქაში, თანაც მისთვის ტყავი ან ტარსიკონი იყიდოთ და, ბოლოს, გასაკეთებელია სახელურის ვერცხლით მოზარნიშება. და ეს ყველაფერი ცალ-ცალკე, სხვადასხვა მოვაჭრეებისგან უნდა შეიძინოთ, რისთვისაც ერთი მაღაზიიდან  მეორეში სიარულია საჭირო.

 აღმოსავლეთმა გადაჭრა ვაჭრობის დიდი პრობლემა — შუამავლობის აკრძალვა. ეს, უეჭველია, გაცილებით უფრო იაფი ჯდება, მაგრამ ასეთი ეკონომია მხოლოდ იმ ქვეყანაში არსებობს, სადაც დროს არავითარი ფასი არ გააჩნია. ამერიკელი, თავისი მოუთმენლობის გამო, ტფილისში ერთი კვირის ბოლომდეც ვერ გაძლებდა.

 ყველა ფარდულის გარე მხარე ღიაა, ვაჭრები გამვლელთა თვალწინ მუშაობენ. ოსტატები, რომლებიც რაიმე ხელობის საიდუმლოებას ფლობენ, აღმოსავლეთში ძალიან უბედურები იქნებოდნენ. არაფერია იმაზე უფრო თავშესაქცევი, ვიდრე ამ ქუჩებში ხეტიალი: უცხოელს ეს არ მობეზრდება. მე იქ თითქმის ყოველდღე დავდიოდი".

© photo: courtesy of Besik Pipiaალექსანდე დიუმას ძეგლი ფოთში.
ალექსანდე დიუმას ძეგლი ფოთში. - Sputnik საქართველო
ალექსანდე დიუმას ძეგლი ფოთში.

 საფრანგეთის კონსულმა, ბარონმა ფინომ დიუმა ქართულ თეატრში მიიწვია: "…ჩვენ აქ იტალიური დასი გვყავს, "ლომბარდიელებს" თამაშობენ და იქ თქვენ ჩვენს მაყურებელთა დარბაზს ნახავთ". "ნუთუ თქვენ ისეთი პროვინციალი გახდით, რომ ლაპარაკობთ ჩვენი დარბაზი ტფილისში?.." — ჰკითხა დიუმამ. მას უნახავს თეატრალური დარბაზები საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში, ინგლისში, რუსეთში. "მხოლოდ ტფილისში დარბაზის ნახვაღა დამრჩა". დიუმა დათანხმდა სპექტაკლზე წასულიყო. ოპერის შესრულებით დიდად კმაყოფილი არ დარჩენილა, თეატრის შესახებ კი დაწერა: "…სინდისის ქენჯნის გარეშე ვიტყვი, რომ ტფილისის თეატრის დარბაზი ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე დარბაზია, რომელიც კი ჩემს სიცოცხლეში მინახავს. თანაც შესანიშნავ დარბაზს მშვენიერი ქალები კიდევ უფრო ალამაზებენ, და ამ თვალსაზრისით, ისევე, როგორც არქიტექტურისა და სხვა მოქარგულობათა თვალსაზრისითაც, ტფილისის დარბაზს, ღვთისწყალობით, სანატრელი აღარაფერი აქვს".

 დიუმამ აღფრთოვანებული სტრიქონები მიუძღვნა თბილისურ აბანოებს: "…რატომაა, რომ გრძნობათა მორევის ისეთ ქალაქს, როგორიც პარიზია, არ გააჩნია ასეთივე აბანოები? რატომ არც ერთი საქმოსანი არ გამოიწერს თბილისიდან თუნდაც ორიოდე მექისეს? ეს, რასაკვირველია, სასარგებლოც იქნებოდა და სარფიანიც….ექვსი კვირის განმავლობაში, რომელიც თბილისში გავატარე, ყოველ მესამე დღეს სპარსულ აბანოში დავდიოდი".

  უნაკლო ხალხი

  დიუმა: "ქართველ ხალხს უყვარს იმის გაცემა, რისი მიღებაც სხვებს უყვართ.

— რა აზრისა ხართ ქართველებზე?— შევეკითხე ბატონ ფინოს, ჩვენს კონსულს ტფილისში, რომელიც იქ უკვე სამი წელია ცხოვრობს.

— ეს უნაკლო ხალხია, ყველა საუკეთესო თვისებით, — მიპასუხა მან.

 როგორია ასეთი სიტყვების მოსმენა ფრანგისგან, რომელიც, როგორც ეს ყველგან და ყოველთვის ხდება, ყოველივე უცხოურს ლანძღავს და საკუთარ თავს ყველაზე მაღლა აყენებს, როგორც ჩვენ ყველა?!

 თავისი სიმამაცით განთქმულმა ერთმა რუსმა, გვარად შერემეტიევმა, მითხრა:  'ისინი ბრძოლაში უნდა ნახო: როდესაც ისინი თავისი წყეული ზურნის ხმას გაიგონებენ, რომელიც თოჯინების თეატრისთვისაც კი უვარგისია, უკვე ხალხი კი არა, ტიტანები ხდებიან, რომელთაც ცის დაპყრობაც კი შეუძლიათ".

მარგარეტ ტეტჩერი - Sputnik საქართველო
"დიდი ადამიანები საქართველოში": მარგარეტ ტეტჩერი

"ისინი სუფრასთან უნდა ნახო, — მეუბნებოდა ერთი ღირსეული გერმანელი, რომელიც სიამაყით იხსენებდა ხოლმე, როგორ სვამდა შუა დღეზე ჰაიდელბერგის დუქანში თორმეტ კათხალუდს; _ ისინი თხუთმეტ, თვრამეტ, ოც ბოთლ ღვინოს ისე ყლაპავენ, თითქოს აქ არაფერი მომხდარაო. ფინოც სიმართლეს ლაპარაკობდა, რუსიც სიმართლეს ლაპარაკობდა, გერმანელიც სიმართლეს ლაპარაკობდა…"

 დიუმამ ქართველები დაათრო

ერთ მშვენიერ დღეს ჟურნალ "ცისკრის" თითქმის მთელი რედაქცია მიადგა დიუმას და იგი სადილად მიიწვია. მწერალი დათანხმდა. მისთვის დიდი სუფრა გაშალეს, რომელსაც ოციოდე კაცი უჯდა, სპეციალურად სტუმრისთვის თბილისში განთქმული ქეიფის მოყვარული რამდენიმე პიროვნებაც მოიწვიეს. სასადილოში ღვინით სავსე უზარმაზარი ჩაფი იდგა, რომელიც, დიუმას შეფასებით, შესაძლოა, 100-მდე ლიტრსაც კი იტევდა. ეს ჭურჭელი უნდა დაეცალათ. დიუმა წერს: "ქართული სადილი ეს ისეთი მასპინძლობაა, სადაც თითქმის არაფრით გამორჩეული მსმელიც კი ხუთ-ექვს ბოთლ ღვინოს სვამს, ზოგჯერ კი თორმეტსაც ან თხუთმეტსაც თითოეული… თანამეინახის დათრობა საქართველოში ღირსების საქმეა".

ძმები სიმენსები - Sputnik საქართველო
დიდი ადამიანები საქართველოში: ძმები სიმენსები

"…რამდენი ბოთლი დავცალე მუსიკოსებისა და პოეტის ზუზუნის ფონზე, არ ვიცი. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს საპატიო ციფრი იქნებოდა, ვინაიდან სადილის დამთავრების შემდეგ წამოიჭრა ჩემთვის მოწმობის მოცემის საკითხი, რომელიც ჩემს უნარს დაადასტურებდა  - არა სულიერს, არამედ ფიზიკურს. წინადადება მიღებულ იქნა: აიღეს ფურცელი და თითოეულმა თავისი აზრი გამოხატა, შემდეგ მას ხელიც მოაწერეს. სახლის პატრონმა პირველმა დაწერა: "ბატონი ალექსანდრე დიუმა ჩვენს რედაქციაში იყო, სადაც მის პატივსაცემად გამართულ სადილზე უფრო მეტი ღვინო დალია, ვიდრე ქართველებმა. 1858, 29 ნოემბერი (ძვ. სტილი), ივანე კერესელიძე, ქართულ ჟურნალ  "ცისკრის" რედაქტორი". შემდეგ კალამი აიღო ნიკოლოზ ჭავჭავაძემ: "მე ვესწრებოდი და გახლავართ მოწმე, რომ ბატონმა დიუმამ უფრო მეტი ღვინო შესვა, ვიდრე ქართველებმა".

 ფრანგმა მწერალმა ეს აღიარება სრულიად სერიოზულად მიიღო და მომხდარში იუმორის ელემენტები არ დაუნახავს.

 დიუმა თავის წიგნში "კავკასია" აღნიშნავს, რომ საქართველოში "აყენებენ ღვინოს, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება ყიზლარისას და მას შეუძლია მეტოქეობა გაუწიოს ფრანგულს, თუ ადგილობრივები მათ კარგად გამოყვანას და, განსაკუთრებით, შენახვას ისწავლიან. ღვინოს თხის ან კამეჩის ტიკებში ინახავენ, რაც მას აძლევს გემოს, რომელსაც, როგორცმითხრეს, სპეციალისტები დიდად აფასებენ, თუმცა მე ამაზრზენად მიმაჩნია. იმ ღვინოს კი, რომელსაც ტიკებში არ ასხამენ, მიწაში ჩაფლულ დიდ ქვევრებში ინახავენ, როგორც არაბები ინახავენ ხორბალს ორმოებში. ამბობენ, რომ ერთ-ერთი რუსი დრაგუნის ქვეშ მიწა ჩაიქცა და იგი ქვევრში აღმოჩნდა, სადაც დაიხრჩო კიდეც, როგორც კლარენსი მალვაზიის კასრში" (კლარენსი ინგლისის მეფის ედუარდ IV უმცროსი ძმა იყო, რომელსაც სიკვდილი მიუსაჯეს და მეფემ ძმას შესთავაზა —  თავად აერჩია სიკვდილის სახეობა: სახრჩობელა, გილიოტინა თუ დახვრეტა… კლარენსმა ტკბილ იტალიურ ღვინო მალვაზიაში დახრჩობა ითხოვა)

 „…დააბრალეთ ქართულ ქაღალდს“

 დიუმა დადიოდა აბანოში, ყოველდღიურად  ქარვასლაში იყო, დაეხეტებოდა მიდამოებში, სვამდა ქართულ ღვინოს, ზოგჯერ ერთი დღის განმავლობაში სამი-ოთხი სუფრის გამოცვლაც კი უწევდა. მაგრამ "სამი მუშკეტერის" ავტორი არ ივიწყებდა, რომ იგი მწერალია და ყოველდღიურად მუშაობდა, პუშკინს, ლერმონტოვს, ნეკრასოვს ფრანგულად თარგმნიდა. თბილისში მან ორი ნოველა შექმნა. დიუმა წერს: "მე თბილისში ჩემს საყვარელ ქაღალდს ვეძებდი, მაგრამ ვერ აღმოვაჩინე. და თუ ნოველები არ მოგეწონათ, ეს ჩემი ბრალი არ არის. ქართველები უფრო ბედნიერები არიან, ვიდრე მე. მათ ქაღალდი არ სჭირდებათ საუცხოო სიტყვების გადმოსაცემად. მე ჩემი ქაღალდი ვერ მოვნახე და ეს ქაღალდი — ტკივილიანი ქაღალდია. და თუ ყველაფერი ისე არ არის, ყველაფერი ქართულ ქაღალდს დააბრალეთ და არა ფრანგ მწერალს". 

"საამური ტფილისი!  - წერს დიუმა თბილისთან გამოთხოვებისას,  - მე გონებით მას გულითადი ბოდიში გავუგზავნე  - რა კარგად ვმუშაობდი იქ!"

 როგორ უნდა გამოიცნო ქართველი

 დიუმა: "თუ ვინც გიყურებს, ნათელი სახე და სწორი ცხვირი აქვს, თვალები, წარბები და თმები  - შავი, კბილები  - თეთრი, თუ მას მოკლე ბეწვიანი წვეტიანი ქუდი ახურავს, იგი ქართველია. რაც უნდა თქვას, წმინდა წყლის სიმართლეა. თუ იგია მბობს, რომ ცხენები არ ჰყავს, გაბრაზება არ ღირს… მაგრამ თუ ეს მაყურებელი რუსია, ის აუცილებლად ცრუობს  - მას სურს ორჯერ მეტი გადაგახდევინოს, მას ცხენები ჰყავს ან მათი შოვნა შეუძლია. ეს ჩემთვის სალაპარაკოდ იოლი არ არის, მაგრამ რადგან ეს ჭეშმარიტებაა, იგი უნდა გამჟღავნდეს კიდეც…"

 მშვენიერი მეგრელი ქალები

"სამი მუშკეტერის" ავტორი აღფრთოვანებულია დასავლეთ საქართველოს ქალებით: "მთელი ძველი კოლხეთის ქალები საუცხოონი არიან, — ჩვენ გვინდოდა გვეთქვა: ქართველ ქალებზე უფრო ლამაზები, მაგრამ აქ დროულად გაგვახსენდა, რომ სამეგრელო, იმერეთი და გურია ყოველთვის საქართველოს ნაწილები იყო… მეგრელი ქალები, განსაკუთრებით, ქერათმიანები შავი თვალებით და შავგვრემანები ცისფერი თვალებით  - დედამიწის ზურგზე ყველაზე ლამაზი ქმნილებები არიან".

 „რა სიღატაკეა!“

 დიუმა აღნიშნავს, რომ ქართველები მფლანგველები არიან და "არაპრაქტიკულობის გამო სწრაფად კოტრდებიან: ყველა ქართველი ღარიბია, ან ახლოსაა ამასთან". "რა საშინელი სიღარიბეა აქ!  - წამოიძახებს ფრანგი მწერალი.  - ღმერთო, შემინდე! რა სიღატაკეა! ეს სიღარიბე იქამდე მიდის, რომ, ბევრის აზრით, ყველაზე სათნო ქალის ზნეობა, რომელიც მედეადან მოდის, ახლა ოქროს მონეტის დანახვას ვერ გაუძლებდა".

  ეროვნული ღირსება

 ფრანგმა მწერალმა საქართველოში მოგზაურობის შესახებ ნარკვევის ერთ-ერთ გმირად აქცია ქართული… ცხვირი.

ჟან-პერ მუანე. "წყლის წისქვილი მთებში". 1858
ჟან-პერ მუანე. წყლის წისქვილი მთებში. 1858 - Sputnik საქართველო
ჟან-პერ მუანე. "წყლის წისქვილი მთებში". 1858

 დიუმა წერს: "…ჩამოთვლილი ღირსებების გარდა, ქართველებს აქვთ კიდევ ერთი, რის შესახებაც ჩვენ არ გვისაუბრია, ახლა კი, თუ მათ ეს არ ეწყინებათ, ვიტყვით —  მათ აქვთ ცხვირები, როგორიც არც ერთ ქვეყანაში არავისა აქვს. მარლინსკიმ რაღაც ოდის მაგვარი დაწერა ქართულ ცხვირზე. ჩვენ აქ ამ სიტყვებს მოვიტანთ, ვინაიდან იმედი გვაქვს, რომ ჩვენს სათქმელს ეს უკეთესად გამოხატავს: "თუ გსურთ დატკბეთ ცხვირებით, მთელი მათი სიგრძე-სიგანით, მათი სილამაზის მთელი აღქმით, ვინმე კოლეგიის ასესორს მოჰკიდეთ ხელი და საქართველოში გაემგზავრეთ. გაფრთხილებთ, თქვენს თავმოყვარეობას მძიმე დარტყმა ელის, თუ თქვენ ევროპიდან, გადაგვარებული ხალხის ქვეყნიდან დააპირებთ საქართველოში ცხვირის ჩაყვანას მათ გასაკვირვებლად… პირველსავე მოედანზე დარწმუნდებით, რომ ყველა რომაული და გერმანული ცხვირი, ქართულთან შეხვედრისას, სირცხვილით თავადვე წაიყრის მიწას. აი, სად არის ცხვირები! წარმოსადეგი, მაღალი, ბორბალივით…"

 ქართულ ცხვირთან დაკავშირებული ისტორია ალექსანდრე პუშკინმა თავის დღიურში ჯერ კიდევ 1815 წელს ჩაწერა. დენის დავიდოვი გრაფ ლეონტი ბენიგსენთან მიდის და ეუბნება: "თავადმა ბაგრატიონმა გამომგზავნა ვაცნობო თქვენს აღმატებულებას, რომ მტერი უკვე ცხვირწინაა.." "რომელი ცხვირის წინ, დენის ვასილის ძევ? _ პასუხობს გენერალი, _ თუ თქვენი ცხვირის წინაა, მაშასადამე, ის უკვე ძალიან ახლოსაა, ხოლო თუ თავად ბაგრატიონის ცხვირის წინ,  - ჩვენ კიდევ სადილობასაც მოვასწრებთ…"

 

 სამეგრელოს ტალახი

"…ჩვენ ჯერ კიდევ არაფერი ვიცოდით სურამის თოვლისა და სამეგრელოს ტალახის შესახებდა, ჩემდა საუბედუროდ, მათ გასაცნობად გავემგზავრეთ". დიუმა მუქ ფერებში აღწერს ფოთს, სადაც ოდესღაც არგონავტებმა ჩაუშვეს ღუზა. "არ ვიცი, იაზონის დროს მარსის მოედანი როგორი იყო, მაგრამ ახლა — ესაა ჭაობი, მოლივლივე ტალახი, რომელშიც სამუდამოდ ჩაძირვა გემუქრება, თუ თუნდაც ნახევარი საათის განმავლობაში ერთ ადგილზე დარჩები".

 ფოთის მოუვლელობასა და კეთილმოუწყობლობას დიუმა სრული ირონიით აღწერს: "დოლის ბრაგუნი გაისმა. ვიღაცა საცოდავი განცხადებას ყვიროდა, ვერ ვიტყვი, რომ ყოველ გზაჯვარედინზე  - ფოთში არც ერთი არ არის, ვერ ვიტყვი, აგრეთვე, რომ ყოველი ქუჩის კუთხეში, ქუჩებიც არაა, ყვიროდა ყოველი სახლის წინ. სახლი კი თხუთმეტამდე თუ იქნება. ამიტომაც შემოვლა ხანმოკლე იყო. დოლს უბრაგუნებდა და განცხადებას კითხულობდა, რასაც დოლის ხმაზე გამოსული მცხოვრებლები მეტად გულგრილად უსმენდნენ… სანამ იგი ტალახში შეუჩერებლივ დადიოდა, კიდევ არა უშავდა… მაგრამ საკმარისი იყო მოქადაგე გაჩერებულიყო, რომ იგი თანდათან ტალახში ჩაძირვას იწყებდა; საბოლოოდ მთლიანადაც ჩაიძირებოდა და დაიხრჩობოდა, რომ არა დოლი, რომელიც მას ამაში ხელს უშლიდა".

 გოდება ნოტებით

 შემთხვევის წყალობით დიუმა ფოთში დაკრძალვის მომსწრე აღმოჩნდა: "მოულოდნელად მდინარის მხრიდან უცნაური ხმები მომესმა, რაც არ ჰგავდა არც მწუხარების გამოხატვას და არც სასოწარკვეთილ ყვირილს. ეს, ალბათ, რაღაც ყმუილის მაგვარი იყო, ნოტებით ჩაწერილი. მე და მუანე ჭიშკრისკენ გავიქეცით და მეგრული დაკრძალვა დავინახეთ… მღვდელმა რამდენიმე ლოცვა წაიკითხა, რაც დაკრძალვის დროს სრულდება, შემდეგ კი ქვრივმა კიდევ უფრო ხმამაღლა დაიწყო მოთქმა.

…რამაც ყველაზე მეტად გაგვაოცა ამ ქვრივში, რომელსაც შავი ტანსაცმელი ეცვა და რომელიც სახეს ფრჩხილებით იკაწრავდა, მიუხედავად იმისა, რომ გარშემო მყოფნი აკავებდნენ, — ეს მისი გოლიათური აღნაგობა იყო… იგი კუბოს კიდევ რამდენიმე ნაბიჯში გაჰყვა, შეჩერდა, და გამცილებელთა ხელებზე გადაესვენა.."

პიერ რიშარი - Sputnik საქართველო
დიდი ადამიანები საქართველოში: პიერ რიშარი

 დიუმა აღნიშნავს, რომ საქართველოში დაკრძალვა სპეციალურად დადგმულ სპექტაკლს ჰგავს: "…როდესაც უკანასკნელი დადიანი გარდაიცვალა, მიცვალებულის ყოველი ნათესავი და მეგობარი ეკლესიაში უნდა შესულიყო ისე, რომ ორივე მხრიდან სხვა ხალხს ხელით სჭეროდა, თითქოს დაღლილობისგან მუხლები ეკვეთებოდა, მას თავგანწირვით უნდა ეყვირა და გულზე მუშტები ერტყა, ტანზე პერანგი შემოეხია. ერთი სიტყვით, მთელი სპექტაკლი თამაშდებოდა. ამ დროს საინტერესო სცენებიც ხდებოდა. მაგალითად, მიცვალებულის მეზობელი, აფხაზეთის მთავარი მიხეილ შერვაშიძე, როგორც ნათესავი, თავს მოვალედ თვლიდა ეს მწუხარება გაეზიარებინა, ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად მაინც. მასაც ორი ადამიანი იჭერდა აქეთ-იქიდან და მან ასეთ შემთხვევაში ტრადიციული წესი შეასრულა:  ყვიროდა, ტიროდა, კვნესოდა. უეცრად ეკლესიის მახლობლად ყვირილი გაისმა, უფრო გულითადი, მაგრამ სხვაგვარი: აღმოჩნდა, რომ მთავრის ხალხი მოვიდა იმ ცხენებით, რომლებიც მეგრელებისგან ჰყავდათ მოპარული. მეგრელებმა იცნეს და უკან დაბრუნება მოითხოვეს…ამჯერად ყვირილი სრულიად ბუნებრივი გამოვიდა.

  სიძვირე

 დიუმა თავის წიგნში წარმოდგენას გვაძლევს ფასებზე, დანახარჯებზე და ამას, ალბათ, მომავალი მოგზაურების საყურადღებოდ აკეთებს. თავად დიუმა კი ფულისადმი მეტად გულგრილია და ადვილად მხარჯავი. იგი ყურადღებას აქცევს საქონლისს იძვირეს და მომსახურების მაღალფასებს. ფრანგი მოგზაური აღნიშნავს, რომ შლაპა თბილისში ოთხჯერ უფრო ძვირი ღირს, ვიდრე პარიზში, ქართველი დალაქი კი კლიენტისგან ექვსჯერ მეტს იღებს, ვიდრე ფრანგი: თანაც მან გაკრეჭვაც არ იცის. როცა დიუმამ სარკეში ჩაიხედა, გამწარებულმა წამოიყვირა: "ჩემი გაკრეჭილი თმები ჯაგრისს დაემსგავსა, მაგრამ არა იმ ჯაგრისს, რითიც ტანსაცმელს წმენდენ, არამედ რითიც იატაკს ხეხავენ!  მე მუანეს და კალინოს დავუძახე, რომ დამტკბარიყვნენ ჩემი ახალი იერით. როდესაც მათ შემომხედეს, ხარხარი აუტყდათ. "განძი ვიშოვნეთ, —  თქვა მუანემ,  - თუ ფული არ გვეყოფა, კონსტანტინოპოლში თქვენ ჩამოგატარებთ, როგორც სელაპს, რომელიც კასპიის ზღვაში დავიჭირეთ".

მარჩელო მასტროიანი - Sputnik საქართველო
მარჩელო მასტროიანი: "...ვითხოვ პოლიტიკურ თავშესაფარს! საცხოვრებლად თბილისში ვრჩები!"

 ქალაქ ფოთში დიუმა შეჩერდა სასტუმროში, რომელიც ხის ფარდულს წარმოადგენდა.  ნომერში იდგა "სალაშქრო საწოლი, თუჯის ღუმელი, დაფეხვილი მაგიდა და ხის ორი ტაბურეტი… სახლი ხიმინჯებზე იდგა, რის გამოც იატაკიდან მიწამდე დიდი ცარიელი სივრცე იყო, ხოლო თავად იატაკი ცხაურებიან ფიცარნაგს წარმოადგენდა. სწორედ ამ ცარიელ სივრცეში გროვდებოდა ყველა იქაური ღორი, ისინი, მგონი, ქორწილს იხდიდნენ… მემესმოდა მათი ღრუტუნი, ჭყვიტინი, მოულოდნელი და არათანაბარი მოძრაობები, რაც დროდადრო მხოლოდ იმისთვის ჩერდებოდა, რომ შემდეგ გაცილებით უფრო მძაფრად განახლებულიყო…" და ოთახი ასეთ სასტუმროში, როგორც დიუმა წერს, "ღირდა დღეში ორი რუბლი  - ოთხი ფრანკით უფრო ძვირი, ვიდრე პარიზის ოტელ "ლუვრის" ოთახი.

 

  მუსიე დიუმა

 ფოთში, საფრანგეთიდან თბომავლის მოლოდინში, დიუმამ ვინმე გორელი ვასილი გაიცნო. ისინი დამეგობრდნენ და მწერალმა მას საფრანგეთში წასვლა შესთავაზა. ვასილი სიხარულით დათანხმდა. ისინი გემბანზე ავიდნენ, მაგრამ ხომალდმა დაძვრა ვერ მოასწრო, რომ მას მოადგა დიდი ნავი ჯარისკაცებით, ოფიცრის მეთაურობით. მან ვასილი გემიდან ჩამოსვა, რადგან მას უცხოეთში წასასვლელად პასპორტი არ ჰქონდა. "საწყალი ვასილი მისმავე მეგობარმა დააბეზღა, რომელსაც მისი შეშურდა".

 დიუმამ ვასილს წერილი გაატანა პოლკოვნიკ რომანოვთან, რაც მას პასპორტის მიღებაში უნდა დახმარებოდა. ამას გარდა "სამი მუშკეტერის" ავტორმა ვასილს გადასცა შემდეგი შინაარსის დოკუმენტი: "რეკომენდაციას ვაძლევ ქართველ ვასილს, რომელმაც ჩემთან სამსახური ფოთში დაიწყო, მაგრამ იძულებული გახდ ადარჩენილიყო პასპორტის უქონლობის გამო, ყველას წინაშე, ვისაც იგი მიმართავს, განსაკუთრებით საფრანგეთის ხომალდების მეთაურებსა და საკონსულოების მდივნებს. რაც შეეხება ხარჯებს ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ ვექსელი გადმოაგზავნოთ ჩემს სახელზე, მე კი ვცხოვრობ პარიზში, ამსტერდამის ქუჩაზე, სახლი #77. ფოთი. 1 (13) თებერვალი, ალექსანდრე დიუმა".

ჯონ სტეინბეკი - Sputnik საქართველო
"დიდი ადამიანები საქართველოში": ჯონ სტეინბეკი

 საქართველოდან სამშობლოში დაბრუნებული დიუმა გემიდან ნავსადგურში ქართული ეროვნული ტანსაცმლით _ ფაფახით, ჩოხითა და ხმლით ჩამოვიდა. დიუმა "კავკასიაში" გვიყვება, როგორ მოეწონა მას საქართველოში ერთი ქართველი თავადის შარვალი და მოინდომა მისი უფრო ახლოს ნახვა. ქართველმა თავადმა შარვალი უმალვე გაიხადა და დიუმას გადასცა სიტყვებით: "გეთაყვა, ეს თქვენ — საჩუქრად".  დიუმა შეცბა: "ეს როგორ?" "ნუ მოგერიდებათ, მუსიო დიუმა, ჩემმა ცოლმა მხოლოდ გუშინ შემიკერა, დღეს პირველად ჩავიცვი". იგი ცხენზე შეჯდა და გააჭენა. მას გრძელი ტანსაცმელი ეცვა, და შიშველი ფეხები არ მოუჩანდა. შარვალი კი დიუმამ პარიზში თან წაიღო.

 …ერთ მშვენიერ დღეს დიუმა მისმა დიასახლისმა დილის ექვს საათზე გააღვიძა, რომელიც მასთან შეშინებული შევარდა: "მუსიო,  -  წაიჩურჩულა მან, — ქვევით ვიღაც კაცი დგას: ის არც ერთ ენაზე არ ლაპარაკობს, ბუტბუტებს მხოლოდ "მუსიო დიუმას" და მოითხოვს, რომ შემოვუშვათ. დიუმამ კიბეზე ჩაირბინა, რაღაც გუმანით იგრძნო, რომ ეს, ალბათ, ვასილი უნდ აყოფილიყო. და არც შემცდარა. "ეს ყოჩაღი კაცი ქუთაისიდან პარიზში მაინც ჩამოვიდა, ციებ-ცხელება შეეყარა და კონსტანტინოპოლში 27 დღე იწვა, გზაში 61 ფრანკიდა 50 სანტიმი დახარჯა — და ეს ყველაფერი ისე, რომ მან ფრანგულად ერთი სიტყვაც არ იცოდა. მხოლოდ ორი სიტყვით მოვიდა: "მუსიო დიუმა".

 

 ავტორი ბესიკ ფიფია (ავტორის ნარკვევების სერიიდან "დიდი ადამიანები საქართველოში")

 

ყველა ახალი ამბავი
0