ბესიკ ფიფია
„ქართველები — ეს რაღაც განსაკუთრებულია! მე ისინი ძალიან მიყვარს“
„ამ ფილმში მონაწილეობას დავთანხმდი, ვინაიდან სცენარი წაკითხვისთანავე შემიყვარდა, — იხსენებს პიერ რიშარი. — ჩემ გმირს ქართველი პრინცესა შეუყვარდა და ვნებათაღელვის გიგანტურ მორევში აღმოჩნდა. სწორედ მას ერგო ამ ფილმის დასკვნითი სიტყვა: „ბოლშევიზმი მოდის და მიდის, კარგი სამზარეულო კი რჩება“. თანაც ეს როლი რაღაც ახალია ჩემს ცხოვრებაში. გულახდილად რომ ვთქვა, კომედიაში უკვე ადგილსაც ვეღარ ვპოულობდი, როგორც ადრე, 90-იანი წლებში. განვითარება გჭირდება, და არა ერთ ადგილზე დგომა. ჩემი შეყვარებული მზარეულის როლში კი არის პოეზიაც, რომანტიზმიც, კომედიაც და სისასტიკეც, და, საერთოდ, ჩემთვის ახალი ნოტები.
ადრე მეგონა, რომ თავგადასავალი შეიძლება მხოლოდ ფიზიკური იყოს — ექსპედიცია ჯუნგლებში, ცურვა ჩანჩქერებიან მდინარეზე. მაგრამ აქ მივხვდი, რომ თავგადასავალი — ესაა მოგზაურობა სამყაროში, სადაც დრო და სივრცე აღრეულია. ცივილიზებული ადამიანისთვის ძნელია წარმოიდგინოს, რომ როდესაც გეუბნებიან „9 საათზე“, ეს ნიშნავს შუადღეს. როდესაც გეუბნებიან, რომ მანძილი ერთი საათის სავალია, მაშასადამე, 3-4 საათიანი მგზავრობა უნდა ივარაუდო. ყველაზე სახალისო კი ის არის, რომ როდესაც ადგილზე მიხვალ, აღმოჩნდება, რომ თურმე სრულიად სხვა მხარეს მოხვდი. ამ დროს გზაზე ხვდები მწყემსებს, რომლებიც გეუბნებიან, რომ ზუსტად იციან, საით უნდა წახვიდე!
მათ ელემენტარული გასანათებელი ხელსაწყოებიც კი არ აქვთ, მათი მანქანები ყველაზე უადგილო ადგილებში იჩხირება, ბუტაფორიები ყოველთვის სხვადასხვა წერტილებში აღმოჩნდებიან ხოლმე, სპეცეფექტებზე უკვე აღარც ვლაპარაკობ. ადამიანი, რომელმაც უნდა გასცეს ბრძანება „სიწყნარე! მოტორი!“, ყველაზე ხმამაღლა ლაპარაკობს უკვე მას შემდეგ, რაც მთელი გადამღები ჯგუფი გადაღებისთვისაა მომზადებული. მაგრამ აქ გასაოცარი ატმოსფეროა. ჩვენთან ამბობენ: „კმარა ლაყბობა, მოდით, ვიმუშაოთ!“ აქ კი — კმარა მუშაობა, მოდით, ვილაყბოთ, ან მოდით, ვიცინოთ, ანდაც მოდით, სიგარეტი მოვწიოთო. ეს ეხება ყველას, მათ შორის მათაც, ვინც არ ეწევა. ამბობენ, რომ ოდეს-ღაც საფრანგეთშიც ასე მუშაობდნენ…“
მიუხედავად ამისა, პიერ რიშარი არ ნანობს კავკასიურ თავგადასავალს. იგი ამბობს, რომ დაუვიწყარი წუთები განიცადა და ბევრი მეგობარი შე-იძინა. „ყველაზე უცნაური ის არის, რომ ყველა პერიპეტიის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე ლაგდება და გადაღებებიც იწყება. ჩვენამ-დე ზოგჯერ ფურგონიც კი მოდიოდა სანოვაგით… როდესაც გარეგადაღებები დავასრულეთ, პროდიუსერებმა ისეთი გამოსათხოვარი სადილი გამართეს, რომ მისი გადაღება ვთხოვე, რათა შემდეგ ჩვენი ძუნწებისთვის მეჩვენებინა…
მქონდა ბედნიერება, სამი თვე მეცხოვრა თბილისში. ქართველები — ეს რაღაც განსაკუთრებულია! მე ისინი ძალიან მიყვარს. ისინი ნატურით მსახიობები არიან. ჩემს ყველა ქართველ ნაცნობს შეუძლია როიალზე, ვიოლინოზე დაკვრა. ისინი შესანიშნავად მღერიან, თანაც სხვადასხვა ხმებზე… მათ ბავშვივით სული აქვთ“.
თბილისმა პიერ რიშარი მოხიბლა. გადაღებები 1990-იანი წლების შუა პერიოდში მიმდინარეობდა, როდესაც ქალაქში არ იყო წყალი, ელექტ-რობა, გაზი, მაგრამ ყველა სახლი, ქუჩა, ადამიანი სიყვარულის შუქით იყო განათებული, გულწრფელი, გულითადი სიკეთის სითბოთი იყო გამსჭვალული. ასეთი დარჩა თბილისი გამოჩენილი ფრანგის ხსოვნაში — მომღერალი, მოცეკვავე, მომღიმარი.
ფილმის პრემიერის შემდეგ პიერ რიშარმა საფრანგეთის ტელევიზიით ასეთი ფრაზა წარმოთქვა: „მე საქართველოში გავიგე, როგორ უნდა იცხოვრო და დატკბე სიცოცხლით. ყველაფერი მახსოვს: როგორ ვმღეროდით, ვსვამდით, ვქეიფობდით! არასოდეს მქონია ისეთი ბედნიერი და ლამაზი დაბადების დღე, როგორიც იქ გადავიხადეთ. ღმერთო ჩემო, იმასაც კი ვერ ვხვდები, როდისღა ვმუშაობდით?!“
„შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტმა“ მის შემქმნელ კოლექტივს წარმატება მოუტანა, იგი ნომინირებული იყო „ოსკარზე“, როგორც საუკეთესო უცხოური ფილმი, ხოლო პიერ რიშარმა თავის ცხოვრებაში პირველად მიიღო პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. იგი ამასთან დაკავშირებით ხუმრობდა: „კინოში უკ-ვე 40 წელია მიღებენ, ნუთუ საჭირო იყო ქართველ რეჟისორთან მემუშავა, რომ, ბოლოსდაბოლოს, დავეფასებინე?!“
როდესაც პიერ რიშარს სამშობლოში გამგზავრების წინ ჰკითხეს, თუ რა დაამახსოვრდა საქართველოში ყველაზე მეტად, მან ქართული სუფრის კულტურა დაასახელა. 10 წლის შემდეგ პიერ რიშარს საფრანგეთში ქართული ბოჰემიდან ვიღაც ესტუმრა: „ჩვენ ვსვამდით მის საკუთარ ღვინოს, მეტად სახალისო სანახავი იყო, თუ როგორ წარმოთქვამდა იგი ფრანგულ ენაზე ტრადიციულ ქართულ სადღეგრძელოებს და იგონებდა საქართველოს, რომელმაც მას თამადობის ხელოვნება ასწავლა“.
ავტორი – ბესიკ ფიფია, Sputnik Грузия
ნაწყვეტი ნარკვევიდან „დიდი ადამიანები საქართველოში“