დიდი ადამიანები საქართველოში: ჯონ სტეინბეკი

© архив Джона Стейнбекаჯონ სტეინბეკი
ჯონ სტეინბეკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მწერალმა მოინახულა მოსკოვი, კიევი, სტალინგრადი, მის მარშრუტში ბოლო პუნქტად თბილისი იყო მონიშნული. ამ მოგზაურობის შედეგი მოგზაურის ნარკვევები - „რუსული დღიური“ გახდა.

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik.

ბესიკ ფიფია

… 1947 წელს საბჭოთა კავშირში სამოგზაუროდ დიდი ამერიკელი მწერალი, მეოცე საუკუნის კლასიკოსი ჯონ სტეინბეკი ჩავიდა. მას ამ მოგზაურობაში თან ცნობილი ფოტოგრაფი რობერტ კაპა ახლდა. მწერალმა მოინახულა მოსკოვი, კიევი, სტალინგრადი, მის მარშრუტში ბოლო პუნქტად თბილისი იყო მონიშნული. ამ მოგზაურობის შედეგი მოგზაურის ნარკვევები „რუსული დღიური“ გახდა.  

 „სადაც არ უნდა ვყოფილიყავით — რუსეთში, მოსკოვში, უკრაინაში, სტალინგრადში, მაგიური სიტყვა „საქართველო“ მუდმივად გაისმოდა“, — წერს ჯონ სტეინბეკი. — "ადამიანები, რომლებიც არასოდეს ყოფილან იქ და შესაძლოა ვერც მოხვედრილიყვნენ, აღტაცებით საუბრობდნენ საქართველოზე და იქ მოხვედრის დაუოკებელ სურვილზე. ისინი ქართველებზე საუბრობდნენ როგორც „სუპერ“ ადამიანებზე, სახელგანთქმულ მოქეიფეებზე, ცნობილ მოცეკვავეებზე, შესანიშნავ მუსიკოსებზე, მშრომელებსა და მოტრფიალეებზე. და ისინი საუბრობდნენ  კავკასიის ამ ადგილზე შავი ზღვის პირას, უბრალოდ როგორც მეორე სამოთხეზე. ჩვენ თანდათან დავიჯერეთ, რომ რუსების უმეტესობას იმედი აქვს, რომ თუ მთელ ცხოვრებას პატიოსნებასა და სათნოებაში გაატარებენ, როცა მოკვდებიან მოხვდებიან არა სამოთხეში, არამედ საქართველოში — მშვენიერი კლიმატით, მდიდარი მიწითა და  საკუთარი პაწაწინა ოკეანით“.

 აი, როგორ აცნობს ამერიკელი მწერალი ქართველებს საკუთარ მკითხველს: „ქართველები რუსებს საერთოდ არ ჰგვანან. ისინი შავგვრემანები არიან, ძალიან ჰგვანან ბოშებს, მოელვარე კბილებით, გრძელი დიდი ცხვირებით და შავი ხუჭუჭა თმებით. თითქმის ყველა მამაკაცი ულვაშიანია და გარეგნულად ქალებზე ლამაზიც. ისინი ხმელხმელი და ენერგიულები არიან, მათ შავი ბრიალა თვალები აქვთ… ისინი ფიცხები არიან, ამაყები, მგზნებარენი და მხიარულები, და რუსეთის ყველა სხვა ხალხი მათით აღტაცებულია. ისინი ყოველთვის საკუთარი ძალის, სიცოცხლისუნარიანობისა და მამაკაცური ნიჭის შესახებ საუბრობენ. ისინი შესანიშნავი ცხენოსნები და კარგი მებრძოლები არიან“.

 და კიდევ: „ქართველი მამაკაცები რუსი ქალების დიდი მოწონებით სარგებლობენ. ეს პოეტური, მუსიკალური და მოცეკვავე ხალხია და ტრადიციული აზრით, მხურვალე საყვარლები. ეჭვი არ არის, ისინი ცხოვრობენ მიწაზე კურთხეული ბუნებით, რომლისთვისაც, სრულიად აშკარაა, იძულებული იყვნენ ორი ათასი წლის განმავლობაში ებრძოლათ“.

 თბილისში ჩამოსული მწერალი მაშინვე ქალაქის წარმოუდგენელ სისუფთავეს აღნიშნავს: „პირველი სუფთა აღმოსავლეთის ქალაქი, რომელიც ვნახე. მდინარეში, რომელიც ქალაქის ცენტრს ჰკვეთს, ასობით ბავშვი ბანაობს“.

 ამერიკელმა სტუმარმა ყურადღება მიაქცია, რომ „თბილისის მცხოვრებლები უკეთ იცვამენ, უკეთ გამოიყურებიან და სულიერად უფრო მდიდრები ჩანან, ვიდრე ის ხალხი, რომლებიც ჩვენ რუსეთში ვიხილეთ. ქუჩები მხიარული და ნათელი გეჩვენება. ხალხი ლამაზადაა ჩაცმული, ქალები კი ფერად თავსაფრებს ატარებენ“.

 ოკეანისგაღმელმა სტუმრებმა თბილისში მოინახულეს თანამედროვე „რუსეთის ეკლესიები“, როგორც ჯონ სტეინბეკმა საბჭოთა მუზეუმებს უწოდა. მოსკოვიდან მათ თან დაჰყვებოდა უცხოეთის ქვეყნებთან კულტურული ურთიერთობების საკავშირო საზოგადოების ამერიკის განყოფილების გამგე ივან ხმარსკი, რომელსაც მწერალმა კრემლის გრემლინი შეარქვა, და რომელიც მას დიდად აღიზიანებდა კაპიტალიზმის ნაკლოვანებებისა და სოციალიზმის უპირატესობების შესახებ თავისი პოლიტიკური დისკუსიებით. თბილისში ორი მუზეუმია,  ვკითხულობთ „რუსულ დღიურში“, —  ერთი ქალაქის მუზეუმი, რომელიც ქედზეა განლაგებული და რომელშიც ძველი სახლების შესანიშნავი მაკეტები და ძველი ქალაქის გეგმებია გამოფენილი. მაგრამ მუზეუმში ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა მისი მცველი, რომელიც, წესით, მსახიობი უნდა ყოფილიყო. იგი ყვიროდა, სხვადასხვა პოზებს იღებდა, სიტყვით გამოდიოდა, მეტად თეატრალური იყო, ხან გულამოსკვნით ტიროდა, ხან ხმამაღლა იცინოდა. როდესაც იგი ყვიროდა, მარჯვენა ხელს გაშლილად იქნევდა უკან, ყვირილით კი, რასაკვირველია, ქართულად ყვიროდა ძველი ქალაქის დიდებაზე. ის ისე სწრაფად ლაპარაკობდა, რომ მისი თარგმნა შეუძლებელი იყო და, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს უაზრობაც იყო, ვინაიდან ხმარსკიმ ქართული ენა არ იცოდა. ჩვენ მუზეუმიდან დაყრუებულები, მაგრამ ბედნიერები გამოვედით.

 თბილისის მწერალთა კავშირში სტუმრებს პატარა მიღება მოუწყვეს. მრგვალ მაგიდასთან ოცამდე კაცი შეიკრიბა. წამყვანმა, რომელიც მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა, ქართული ლიტერატურის შესახებ მოხსენებისათვის სიტყვა გადასცა ამერიკელი მწერლის გვერდით მჯდომ მამაკაცს. შემდეგ ჯონ სტეინბეკი იგონებს:

„ჩემგან მარჯვნივ მჯდომმა მამაკაცმა ქაღალდების დასტა ამოიღო და მე დავინახე, რომ ტექსტი მანქანაზე იყო ნაბეჭდი ერთი ინტერვალით. მან კითხვა დაიწყო, მე კი თარგმანს ველოდებოდი. მას შემდეგ, რაც მან ერთი აბზაცი წაიკითხა, უცებ მივხვდი, რომ ინგლისურად ლაპარაკობდა. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, ვინაიდან ათიდან მხოლოდ ერთი სიტყვა მესმოდა… ასე წაიკითხა მან მანქანაზე ნაბეჭდი ოცი გვერდი… რადგან ოთახში შეკრებილი ხალხის უმრავლესობას ინგლისური საერთოდ არ ეს-მოდა, ისინი ისხდნენ და კეთილად იღიმოდნენ, მათ ხომ ეგონათ, რომ მათი კოლეგა შესანიშნავ ინგლისურ ენაზე კითხულობდა. როდესაც მან დაამთავრა, მამაკაცმა, ვინც პირველმა წარმოთქვა სიტყვა, იკითხა: „შეკითხვები თუ გაქვთ?“ ხოლო რადგან მე ძალიან ცოტა რამ თუ გავიგე იქიდან, რაც ითქვა, იძულებული ვიყავი მეღიარებინა, რომ შეკითხვები არ მქონდა“.

 1947 წლის 28 აგვისტოს თბილისის „დინამოს“  სტადიონზე, სადაც 40 000 მაყურებელი იყო, გაიმართა ფეხბურთის მატჩი სსრ კავშირის პირველობაზე თბილისის „დინამოსა“ და კიევის „დინამოს“ შორის. ქართველი ფეხბურთელები იგებდნენ ანგარიშით 2:0, მაგრამ შემდეგ ორი ბურთი გაუშვეს. ამ თამაშს  ამერიკელი სტუმრებიც დაესწრნენ და ასეთი შთაბეჭდილება დაგვიტოვეს: „ეს იყო შესანიშნავი, სწრაფი და თავგამოდებული ფეხბურთი უზარმაზარ სტადიონზე… მართალია, თამში ხისტი და სწრაფი იყო, ხოლო პაექრობა  - დაუნდობელი, მაგრამ შეჯახებები, ჩხუბი არ წარმოქმნილა… მატჩი ფრედ — 2:2 დამთავრდა და თამაშის დასრულებისთანავე ორი მტრედი გაუშვეს. საქართველოში ძველთაგანვე ნებისმიერი შეჯიბრების, ჩხუბის შემდეგაც კი,გამარჯვების შემთხვევაში თეთრ მტრედს უშვებდნენ ხოლმე, დამარცხების შემთხვევაში კი  - შავს. ამ მტრედებს საქართველოს სხვა ქალაქებში ცნობა მიჰქონდათ. ამ დღეს კი, ვინაიდან თამაში ფრედ დამთავრდა, შავი მტრედიც გაუშვეს და თეთრიც, რომლებმაც სტადიონიდან ამბავი წაიღეს“.

 თბილისში ჯონ სტეინბეკი და რობერტ კაპა ეკლესიებშიც იყვნენ; ბევრი მითი და ლეგენდა მოისმინეს; მიირთმევდნენ საუცხოო მწვადებსა და შესანიშნავ ყურძენს, რომლის მტევნებიც ლამის ყოველ ნაბიჯზე იყო გამოკიდებული, და სვამდნენ შესანიშნავ მინერალურ წყალ „ბორჯომს“, რომლის გემოც, როგორც ჯონ სტეინბეკი წერდა, არ შეიძლება რომელიმე მინერალურ წყალს შეადარო. ერთი სიტყვით, საქართველო ნამდვილად აღმოჩნდა მეორე სამოთხე შესანიშნავი მიწით, მხიარული და მხურვალე ხალხით და თბილი ზღვით.

 ოკეანისგაღმელი სტუმრები გორს  - სტალინის მშობლიურ ქალაქს ეწვივნენ. გაიგეს, როგორ ღარიბად და ვიწროდ ცხოვრობდა სტალინის ოჯახი, ნახეს, რამდენი ხალხი მოდიოდა მთელი საბჭოთა კავშირისთვის ამ წმინდა ადგილის სანახავად, თითოეული დეტალის დამახსოვრებას ცდილობდნენ. ჯონ სტეინბეკს მაშინ გაუჩნდა აზრი, რომ თუ ახლა, სტალინის სიცოცხლეშივეა ასეთი უზარმაზარი კულტი (კეისრის დონეზე), მაშინ რაღა მოხდება, როდესაც იგი გარდაიცვლება?— ალბათ, ის თავად ღვთაება გახდება.

 ჯონ სტეინბეკმა აგრეთვე აღნიშნა, რომ საქართველოში ძალიან ბევრია ადამიანი, რომელიც აღმერთებს ხელოვნებას, განსაკუთრებით პოეტებს, მწერლებს, რომლებიც ცამდე აჰყავთ, ახალგაზრდები და გაუწაფავნიც კი. ჯონ სტეინბეკი წერს, რომ ეს კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანია საბჭოთა და ამერიკელ ადამიანებს შორის, ამერიკაში ხომ მწერალი არავის აინტერესებს, თითოეულმა მწერალმა თავად უნდა შეიქმნას კარიერა და მკითხველთა სიყვარული დაიმსახუროს.

 უცხოეთთან კულტურული ურთიერთობების საკავშირო საზოგადოების საქართველოს განყოფილების ხელმძღვანელმა ჯონ სტეინბეკს თბილისში ინგლისურ ენაზე თარგმნილი „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემა აჩუქა. რობერტ კაპას გადმოცემით, დაღლილობის მიუხედავად, მწერალი ყოველ საღამოს იღებდა ხელში რუსთაველის პოემას და კითხულობდა, სანამ არ დაეძინებოდა. რობერტ კაპა წერდა: „იგი საწოლზე წევს, ხელში მაგრად უჭირავს „ვეფხისტყაოსნის“ სქელი ტომი. მისი სახე სრულიად მოდუნებულია, პირი  - ღია, იგი წყნარად და თავშეუკავებლად… ხვრინავს“.

 ჯონ სტეინბეკი და რობერტ კაპა თბილისიდან ბათუმს გაემგზავრნენ. ისინი გაოცებული იყვნენ სილამაზით, ტროპიკული კლიმატით, ხილის მრავალფეროვნებითა და ჩაის უზარმაზარი პლანტაციებით. ბათუმში „ჩვენ გაწამებული ვიყავით კვებით, ღვინით და შთაბეჭდილებებით“.

 ჯონ სტეინბეკი: „ეს საოცარი ქართველები ჩვენი მსგავსნი არ არიან. მათ შეეძლოთ ჩვენზე მეტი ეჭამათ, მეტი დაელიათ, ეცეკვათ და ემღერათ. მათში ჩქეფდა იტალიელთა თავაშვებული მხიარულება, ბურგუნდიელთა ფიზიკური ენერგია. რისთვისაც არ უნდა მოეკიდათ ხელი, ისინი ამას მკვირცხლად აკეთებდნენ. ისინი სულაც არ ჰგვანან რუსებს, ვისაც ჩვენ ვხვდებოდით, და ადვილი გასაგებია, თუ რატომ არიან ამ ხალხით აღფრთოვანებული სხვა საბჭოთა რესპუბლიკებში. ტროპიკული კლიმატი მათ სიცოცხლისუნარიანობას არ ამცირებს, უფრო პირიქით  აძლიერებს კიდეც. და არ არსებობს ძალა, რომელიც მათ ინდივიდუალობას ან ნებას მოთოკავს. ამას მრავალი საუკუნეების განმავლობაში ცდილობდნენ დამპყრობლები, ხელმწიფეთა არმიები, დესპოტები ან ადგილობრივი ხელისუფალნი. მაგრამ მათი ნებისყოფა ყველაფერს სძლევდა და ის მცირედითაც კი ვერაფერმა შეარყია.

 რუსთაველის ქვეყანაში ყოფნის უკანასკნელ დღეს, თბილისის ინტელიგენციამ და კულტურის მოღვაწეებმა, ამერიკელი სტუმრების პატივსაცემად მიღება გამართეს. ჯონ სტეინბეკი აღიარებს, რომ ისინი ისე იყვნენ დაღლილი „ზედმეტი ჭამისგან, ზედმეტი სმისა და ნანახის სიუხვისგან“, რომ მხოლოდ ერთზე ოცნებობდნენ: ეძინათ, ეძინათ და ეძინათ. „ძალიან დავიღალეთ და აღარ გვინდოდა სიტყვების მოსმენა, განსაკუთრებით ინტელექტუალური სიტყვებისა. ჩვენ აღარ გვინდოდა გვეფიქრა ხელოვნებაზე, პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, საერთაშორისო ურთიერთობებზე და, რაც მთავარია, აღარ გვინდოდა ჭამა და სმა. გვინდოდა მხოლოდ საწოლში ჩავწოლილიყავით და დაგვეძინა თვითმფრინავის გაფრენამდე… ჩვენი ტანსაცმელი საშინელ მდგომაროებაში იყო… პიჯაკებზე კერძების ნაკვალევი გვეტყობოდა. პერანგები სუფთა კი იყო, მაგრამ ცუდად გაუთოებული. ჩვენ ელეგანტური ამერიკის არც თუ საუკეთესო ნიმუშებს წარმოვადგენდით. თუმცა კაპამ თავი დაიბანა, და ეს თითქოს ორი კაცისთვის საკმარისი უნდა ყოფილიყო…

 ჩვენ ფუნიკულიოზე დიდ რესტორანში აგვიყვანეს, რომელიც მთის წვერზეა. იქიდან მთელი დაბლობი მოჩანს. როდესაც ავედით, უკვე ბინდდებოდა და ჩვენს ქვემოთ ქალაქი აციმციმდა. კავკასიონის შავი მწვერვალების ფონზე საღამოს ცა ოქროსფრად გამოიყურებოდა. ეს დიდი მიღება იყო. გეგონებოდა მაგიდა მთელი მილის სიგრძეზე იყო გაშლილი… აქ იყვნენ ქართველი მოცეკვავეებიც, მომღერლებიც, კომპოზიტორებიც, კინორეჟისორებიც, პოეტებიც, მწერლებიც… ვახშამი, როგორც ყველა მსგავსი მიღება, ოფიციალური გამოსვლებით დაიწყო, მაგრამ ქართულ ნატურას, ქართულ სულს ამის მოთმენა არ შეუძლია და ეს ყველაფერი უცებ დაიშალა… მახსოვს, როგორ წამოდგა ქართველი კომპოზიტორი, ხელში ჭიქა აიღო, გაიცინა და თქვა: „ჯანდაბას პოლიტიკა!“

 მახსოვს, როგორ ვცდილობდი ქართული ცეკვა მეცეკვა ლამაზ ქალთან, რომელიც უდიდესი ქართველი მოცეკვავე აღმოჩნდა. და ბოლოს მახსოვს სიმღერა ქუჩაში და ისიც, თუ როგორ მოვიდა ჩვენთან მილიციელი იმის გასაგებად, რას ვმღეროდით და ისიც გუნდს შემოუერთდა. ხმარსკიც კი ცოტა გამხიარულდა… დაემხო ენობრივი ბარიერები, დაირღვა ეროვნული საზღვრები და თარჯიმნების ყოველგვარი საჭიროებაც მოიხსნა. დრო შესანიშნავად გავატარეთ და მიღება, სადაც შიშითა და უგულოდ მივდიოდით, საუცხოო აღმოჩნდა“.

 ამერიკელმა სტუმრებმა იმ ღამეს დაძინება მაინც ვერ შეძლეს. განთიადისას მათ მხოლოდ სასტუმროში შერბენა, ჩემოდნების ჩალაგება და აეროპორტისკენ გაქცევა მოასწრეს.  "საქართველო ჯადოსნური კუთხეა, და იმ წამს, როცა თქვენ მას ტოვებთ, ყველაფერი სიზმარს ემსგავსება",  - წერს ჯონ სტეინბეკი თავის მოგზაურის ნარკვევებში.  - "აქ ხალხიც ჯადოსნურია. სინამდვილეში, ეს ერთ-ერთი ყველაზე უხვი და ულამაზესი ადგილია დედამიწაზე და მისი ხალხი ამის ღირსია".

ავტორი —ბესიკ ფიფია

 ავტორის ნარკვევების სერიიდან "დიდი ადამიანები საქართველოში".


ყველა ახალი ამბავი
0