მარჩელო მასტროიანი: "...ვითხოვ პოლიტიკურ თავშესაფარს! საცხოვრებლად თბილისში ვრჩები!"

© RIA Novostiმარჩელო მასტროიანი
მარჩელო მასტროიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარჩელო მასტროიანი საქართველოში 1988 წლის მარტში ჩამოვიდა. მთელი მსოფლიოსთვის სათაყვანებელი იტალიელი მსახიობი თბილისში ღამის რეისით ჩამოფრინდა მოსკოვიდან. თბილისის აეროპორტში დამხვედრთა შორის იყო მისი მეგობარი სერგო ფარაჯანოვი.

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik.

გამოჩენილ იტალიელზე, რომელიც მიჩვეული იყო ილუმინაციით გაკაშკაშებულ ევროპას, საქართველოს დედაქალაქმა თავისი მკრთალი მოყვითალო ელექტროშუქით დამთრგუნველი შთაბეჭდილება მოახდინა. მოღუშულმა და პირქუშმა სერგო ფარაჯანოვმაც, რომელიც თითქოს სულაც არ იყო გახარებული მეგობრის ჩამოსვლით, მისი განწყობა კიდევ უფრო დაამძიმა.

სასტუმროს უზარმაზარ ფოიეშიც ასევე ბნელოდა, და მხოლოდ სადღაც შორეულ კუთხეში ბჟუტავდა ნათურა. ლამის ხელის ცეცებით მივიდნენ მასტროიანი და ფარაჯანოვი სარეგისტრაციო დგართან. პორტიეს ეძინა. გასაღვიძებლად ფარაჯანოვს მოუწია მხარზე ხელი მოეკიდა ახალგაზრდა ბიჭისთვის და შეეჯანჯღარებინა. მან ძლივს ასწია ნამძინარევი თვალები და როცა ორი მაესტრო დაინახა, დაბნეულად ჰკითხა სიბნელეს: "მასტროიანი?" "მასტროიანი!" — უპასუხა მარჩელომ, გახარებულმა, რომ იცნეს. "მაააასტროოიიიააანიიი!!!" — იღრიალა ბიჭმა მთელი ხმით, სკამიდან წამოხტა და ხელები გაშალა.

კიდევ ერთი წამი და თვალისმომჭრელმა შუქმა გააჩახჩახა სასტუმროს დარბაზი. სტუმარს თვალწინ ასეთი სურათი გადაეშალა: პირდაპირ ფოიეში იდგა მაგიდები, რომლებზეც აუარება საუცხოო ქართული პურმარილი იყო დახვავებული, მაგიდების ირგვლივ ფეხზე მდგარი ხალხი ძვირფას სტუმარს ესალმებოდა ხელში ქარვისფერი კახური ღვინით სავსე ყანწებით. შემდეგ დაიწყო თუ დაიწყო, რაც მაესტროს შეეფერებოდა — სიმღერები, ცეცხლოვანი ცეკვები და უამრავი სიურპრიზი სერგო ფარაჯანოვის სტილში.

© საქართველოს ეროვნული არქივიმარჩელო მასტროიანი სტალინის სახლ-მუზეუმში
მარჩელო მასტროიანი სტალინის სახლ-მუზეუმში - Sputnik საქართველო
მარჩელო მასტროიანი სტალინის სახლ-მუზეუმში

მარჩელო მასტროიანი საქართველოში სამი დღე დარჩა. იყო შეხვედრა მსახიობთან სახელმწიფო ფილარმონიაში და ფილმების ჩვენება მისი მონაწილეობით. საპატიო სტუმარს აჩვენეს ღირსშესანიშნაობანი, წაიყვანეს გორში იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმში, აიყვანეს ჯვრის მონასტერში.

კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას მოგონებებიდან: "მარჩელოს გავუმართეთ ნადიმი რეზო თაბუკაშვილთან და მედეა ჯაფარიძესთან სახლში. ჩემთანაც იყო სახლში. შემდეგ წავიყვანეთ სერგო ფარაჯანოვთან. იქ ძალიან საინტერესო ამბავი მოხდა. ფარაჯანოვი მთაწმინდაზე, ისეთ ადგილზე ცხოვრობდა, სადაც დიდი მანქანა ბოლომდე ვერ ადიოდა. ჩვენ ჩამოვედით მანქანიდან და გზას ფეხით გავუყევით, ამ დროს ერთ-ერთი თბილისური ეზოდან გამოვიდა ქალი, რომელსაც ხელში ვედრო ეჭირა. მარჩელო რომ დაინახა, გაჩერდა, უცებ ვედრო ძირს დააგდო და ატეხა ყვირილი: მარჩელო ჩამოვიდა, მარჩელო ჩამოვიდაო, და ასე კივილ-კივილით შევარდა ეზოში. ჩვენ შევედით სერჟიკასთან, ის საოცარი ადამიანი იყო, იყო კაცი-თეატრი. როცა სერჟიკასგან გამოვედით, ქვემოთ უამრავი ხალხი დაგვხვდა ყვავილებით. ისინი მივიდნენ მარჩელოსთან. გაოცებული იყო: ასე თბილად ხალხი იტალიაში არ შემხვედრიაო, თქვა ცრემლმორეულმა".

კინორეჟისორისა და სცენარისტის ირაკლი კვირიკაძის მოგონებებიდან: "მე დაკავებული ვიყავი მასტროიანის თბილისის პროგრამით, ვინაიდან გადაწყდა, რომ მე მისთვის სცენარი უნდა დამეწერა. დილით მივდივარ ფარაჯანოვთან სახლში, რათა გავაფრთხილო იტალიელი სტუმრის მომავალი ვიზიტის შესახებ. ფარაჯანოვი წარბშეკრული მხვდება, ქვედა საცვალში და შპრიცით ხელში (ის თავად იკეთებდა ინსულინის ნემსებს). მას დიაბეტის შეტევა აქვს. ცუდ ხასიათზეა.

— ვინ არის მასტროიანი?— მეკითხება და მარწმუნებს, რომ ეს სახელი არასოდეს გაუგონია (თავს მაჩვენებს, რასაკვირველია).  - არ მინდა მისი ნახვა, კისერიც მოუტეხია… მე ავად ვარ!

© არქივის ფოტომარჩელო მასტროიანი
მარჩელო მასტროიანი - Sputnik საქართველო
მარჩელო მასტროიანი

 

როდესაც სასტუმროში მასტროიანთან დავბრუნდი, ძალიან უგუნებოდ დამხვდა. თურმე, ღამით ლოს-ანჯელესიდან მოვიდა ცნობა, რომ მისი ნომინაცია "ოსკარზე" ჩაფლავდა (მასტროიანი ნომინირებული იყო მამაკაცის საუკეთესო როლზე რეჟისორ ნიკიტა მიხალკოვის ფილმში "შავი თვალები").

ესეც შენ, ვფიქრობ ჩემთვის, კარგ შარში გავეხვიე. ორივე გენიოსი ცუდ ხასიათზეა. და მაინც გავრისკე წამეყვანა მასტროიანი ფარაჯანოვთან. ის ღამე ყველასთვის დაუვიწყარი დარჩა. სტუმარი ბევრი შეიკრიბა… ფარაჯანოვის მოფამფალებული სახლის ძველი კედლები ლამის ჩამოიქცა ჩვენი სიცილ-ხარხარისგან. და ეს რომ არ მომხდარიყო, სერგომ სტუმრები ღამის ქუჩაში გამოიყვანა, რათა მეზობლებისთვის ცოცხალი მარჩელო მასტროიანი გაეცნო.

გაღვიძებული მეზობლების აღტაცებულმა შეძახილებმა მთელი სოლოლაკის უბანი ფეხზე დააყენა! ვიწრო ქუჩაზე ხალხმა დაიწყო დენა ხელში ღვინის ბოთლებით, ყველით, მწვანილით. გაიშალა გრძელი მაგიდა და დაიწყო ქეიფი. განთიადის მთვარე ანათებდა. მარჩელო უსმენდა იმპროვიზებულ ქართულ სიმღერებს, სვამდა ღვინოს, და ნამდვილად ბედნიერი იყო. ის ყვიროდა. "წყალსაც  წაუღია ყველა "ოსკარი", ვითხოვ პოლიტიკურ თავშესაფარს! საცხოვრებლად თბილისში ვრჩები!"

© საქართველოს ეროვნული არქივიმარჩელო მასტროიანი ჯვრის მონასტერზე
მარჩელო მასტროიანი ჯვრის მონასტერზე - Sputnik საქართველო
მარჩელო მასტროიანი ჯვრის მონასტერზე

მეორედ ფარაჯანოვი და მასტროიანი სახლში მარტო იყვნენ, სვამდნენ კახურ ჭაჭას, აყოლებდნენ სომხურ ლავაშს, ყველს, ვაშლს და საუბრობდნენ, შესანიშნავად ესმოდათ ერთმანეთისა. შემდეგ კი, უკვე გვიან ღამით, ხასიათზე მოსულები სტუმრად წავიდნენ ფარაჯანოვის დასთან — ანასთან ყავის დასალევად. გზაზე ფარაჯანოვი გაჩერდა მეზობელ სახლთან, სადაც მასტროიანის ერთ-ერთი ფანატი ქალი ცხოვრობდა. მისი ბინის კედლებზე შპალერის ნაცვლად იტალიელი მსახიობის პორტრეტები იყო გაკრული. სერგომ მარჩელოს უთხრა, რომ აქ ცხოვრობს ქალი, რომელსაც აბოდებს ფილმებზე "ქორწინება იტალიურად" და "განქორწინება იტალიურად", და სთხოვა მის ფანჯარაზე დაეკაკუნებინა.

მსახიობმა ადვილად შეასრულა თხოვნა და განზე გადგა. ღამის ორი საათია დაწყებული. მალე ფანჯარა გაიღო, საიდანაც ბიგუდებიანმა "მხიარულმა ქვრივმა" გამოყო თავი. გახალისებულმა ფარაჯანოვმა ქალს საზეიმოდ მიმართა:

— ხომ დაგპირდი, რომ ღამით მარჩელო მასტროიანს მოგიყვანდი, აჰა, წაიყვანე!

— ნაკლები უნდა სვა! – უპასუხა იტალიური კინოს თაყვანისმცემელმა.

— ის არის, მართლა ის არის! — ცდილობდა ფარაჯანოვი მის დარწმუნებას. ქვრივმა იცოდა მეზობლის ახირებების შესახებ, მაგრამ ასეთს მაინც არ ელოდა: აკაციის ქვეშ მართლაც ბოლთას სცემდა ლაბადაში გახვეული სრულიად ნამდვილი მარჩელო მასტროიანი, რომელსაც არაფერი ესმოდა იმისა, თუ რა ხდებოდა. იმ ღამით იმ ქალს დიდხანს არ დაეძინა, დილით კი იდგა ფანჯარასთან და მისჩერებოდა იმ აკაციას, სადაც შერეკილი მეზობლის გვერდით მას თავისი ახალგაზრდობის კერპი მოელანდა…

© არქივის ფოტომარჩელო მასტროიანი
მარჩელო მასტროიანი - Sputnik საქართველო
მარჩელო მასტროიანი

თბილისში ყოფნისას მარჩელომ საქართველოს გაზეთებს რამდენიმე ინტერვიუ მისცა. აი, როგორ აღწერენ მაესტროსთან შეხვედრას ერთ-ერთი მათგანის — გაზეთ "მოლოდიოჟ გრუზიის" ჟურნალისტები ნ. ხალატიანი და მ. ელიგულაშვილი: "ო, ღმერთო ჩემო!" — მარჩელომ წმიდა იტალიური ტემპერამენტით ისე მხატვრულად აიქნია ხელები ცისკენ, რომ მოგვეჩვენა, თითქოს ეს ქართულად წამოიძახა. — "თანაც თქვენ ორნი ხართ?! თითქოს მე უბედურს ერთი მწვალებელი არ მეყოფოდა! მე მხოლოდ ორი დღეა, რაც თბილისში ვარ, მაგრამ უკვე მგონია, რომ აქ სამი მილიონი ჟურნალისტია".

"…ქართულ სტუმართმოყვარეობაზე, მზად ვარ, თუნდაც მთელი საათი ვილაპარაკო, — თქვა ინტერვიუში მარჩელომ. — ორი დღე თავს საშობაო ბატად ვგრძნობდი, რომელსაც დასაკლავად ასუქებენ. ასეთი ცხოვრების კიდევ ერთი კვირა და მე სადმე დავიმალებოდი ცოტა ხნით, უბრალოდ, დასასვენებლად. ჩემთვის ძალიან სამწუხარო იქნებოდა, დიდი ხნით დავშორებოდი ჩემს აქაურ მეგობრებს. ჩემი მეგობრები კი არიან მსახიობები, რეჟისორები და მაყურებლები…

ყოველ ნაბიჯზე საყოველთაო ყურადღების ცენტრში ვარ. თანაც საკუთარ ემოციებს თქვენთან ისეთი ტემპერამენტით გამოხატავენ, რაც მხოლოდ იტალიელებში თუ შეიძლება ნახო. საერთოდ, ქართველები და იტალიელები, როგორც გაირკვა, ბევრი რამით ჰგვანან ერთმანეთს. თქვენი ხალხი ძალიან მომეწონა. იცით, ცალკეული ადამიანი იუმორის გრძნობით შეიძლება ყველგან შეგხვდეს. მაგრამ ის, რომ საერთო ეროვნულ ხასიათში იყოს იუმორი, ირონია, უნარი — გაამასხარაოს ყველაფერი, მათ შორის, პირველ რიგში, საკუთარი თავი — ეს დიდი იშვიათობაა. და ეს შესანიშნავია!"

"აღსავსე ვარ შთაბეჭდილებებით თქვენი სტუმართმოყვარე რესპუბლიკისგან, — თქვა გაზეთ "ზარია ვოსტოკასთან" ინტერვიუში მარჩელო მასტროიანიმ. — აქ ბევრი რამ მშობლიურ იტალიას მაგონებს. მაგრამ აქ გაცილებით უფრო თბილია ხალხიც და ამინდიც, რაც კარგი ფილმების შექმნისთვის განგაწყობენ".

ავტორი – ბესიკ ფიფია, Sputnik Грузия

ნაწყვეტი ნარკვევიდან „დიდი ადამიანები საქართველოში“

 




ყველა ახალი ამბავი
0