დიდი ადამიანები საქართველოში: ძმები სიმენსები

© архивное фотоძმები სიმენსები
ძმები სიმენსები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სიმენსების ფირმის წყალობით, საკიდმა ელექტროტელეგრაფმა თბილისი ბორჯომთან, ქუთაისთან, ფოთთან, ერევანთან, ბაქოსთან, ვლადიკავკაზთან, სტავროპოლთან და მოსკოვთან დააკავშირა. ვალტერ სიმენსი აგრეთვე მუშაობდა სამთო მომპოვებელ მრეწველობაში, საქართველოში ნავთობის მოპოვების დარგში.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik.

ბესიკ ფიფია

"მეხილა კაცობრიობის კულტურის აკვანი — ყოველთვის იყო ჩემი სანუკვარი ოცნება…“

სურათზე გამოსახული ხუთივე ძმა — ვალტერი, კარლი, ვერნერი, ოტო და უილიამ სიმენსები (მეუღლესთან ერთად) ნამყოფი არიან საქართველოში. ისინი აქ ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ, ხოლო ორმა მათგანმა საუკუნო განსასვენებელი თბილისში ჰპოვა.

კავკასიაში პირველი სატელეგრაფო ხაზი 1858 წელს თბილისსა და კოჯორს შორის გაიყვანეს. სამუშაოებს გერმანული ფირმა „სიმენსი და გალსკე“ აწარმოებდა. ახალი სატელეგრაფო ხაზების გაყვანაზე შეკვეთის მიღების შემდეგ კომპანიამ თბილისში ფირმა „სიმენსისა და გალსკეს“ განყოფილებაგახსნა. ხელმძღვანელობა დაეკისრა ვალტერ სიმენსს, რომელიც თბილისში 1860 წლის 2 ნოემბერს ჩამოვიდა. იმავდროულად იგი თბილისში ჩრდილოეთი გერმანიის კავშირის კონსულად დაინიშნა.

სიმენსების ფირმის წყალობით, საკიდმა ელექტროტელეგრაფმა თბილისი ბორჯომთან, ქუთაისთან, ფოთთან, ერევანთან, ბაქოსთან, ვლადიკავკაზთან, სტავროპოლთან და მოსკოვთან დააკავშირა. ვალტერ სიმენსი აგრეთვე მუშაობდა სამთო მომპოვებელ მრეწველობაში, საქართველოში ნავთობის მოპოვების დარგში.

© ბესიკ ფიფიასახლი თბილისში ლადო ასათიანის ქუჩაზე, სადაც ცხოვრობდნენ ძმები სიმენსები
სახლი თბილისში ლადო ასათიანის ქუჩაზე, სადაც ცხოვრობდნენ ძმები სიმენსები - Sputnik საქართველო
სახლი თბილისში ლადო ასათიანის ქუჩაზე, სადაც ცხოვრობდნენ ძმები სიმენსები

საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ ვალტერ სიმენსი კავკასიაში დიდი ხნით დარჩებოდა. მაგრამ 1868 წლის 8 ივნისს უბედურება მოხდა — სტუმრად მიმავალი ვალტერი ცხენიდან ჩამოვარდა და სასიკვდილოდ დაშავდა. 13 ივნისს თბილისის უმაღლესი წოდების წარმომადგენლებმა და უამრავმა სხვა ხალხმა ის უკანასკნელ გზაზე გააცილა. ნეკროლოგში, რომელიც გაზეთ „კავკაზში“ გამოქვეყნდა, ვალტერ სიმენსზე საუბარი იყო, როგორც „პიროვნებაზე, რომელიც ადამიანთა საერთო მასიდან გამოირჩეოდა თავისი ინდივიდუალობით“. თბილისი ვალტერს დასტიროდა არა მხოლოდ როგორც კონსულსა და მეწარმეს, არამედ, უწინარეს ყოვლისა, როგორც ადამიანს, რომელმაც პატივისცემა მოიპოვა თავისი საზოგადოებრივი და კერძო ქველმოქმედებით, რომელიც „გამოირჩეოდა განსაკუთრებული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი გულითადობით“.

ვალტერ სიმენსის საქმე მისმა ძმამ, ოტო სიმენსმა განაგრძო, თბილისში გერმანიის კონსულის ვალდებულებანიც მანვე იკისრა.

ოტო სიმენსმა მონაწილეობა მიიღო ინდოევროპული სატელეგრაფო ხაზის კავკასიის მონაკვეთის მშენებლობაში. ეს ხაზი, რომლის სიგრძე 11 000 კილომეტრია, გადიოდა მარშრუტით ლონდონი-ბერლინი-ვარშავა-ოდესა-ქერჩი-თბილისი-თეირანი-ყარაჩი-კალკუტა. ამ ხაზის გაყვანა ინგლისის მთავრობამ დაუკვეთა, რომელსაც თავის უდიდეს კოლონია ინდოეთთან კავშირის სწრაფი საშუალებანი ესაჭიროებოდა.

საქართველოს ტერიტორიაზე სატელეგრაფო ხაზმა სოხუმზე, ზუგდიდზე, ქუთაისზე, გორსა და თბილისზე გაიარა. პირველი სახმელეთო ტრანსკონტინენტური ტელეგრაფი 1870 წლის იანვარში გაიხსნა. 

მარჩელო მასტროიანი - Sputnik საქართველო
მარჩელო მასტროიანი: "...ვითხოვ პოლიტიკურ თავშესაფარს! საცხოვრებლად თბილისში ვრჩები!"

ამასთან დაკავშირებით ოტო სიმენსმა თბილისში გამართა ბანკეტი 70 კაცზე. თუ ევროპიდან ინდოეთში წერილი საშუალოდ 42 დღეში ჩადიოდა, ტელეგრაფის საშუალებით დეპეშებს უკვე ნახევარ საათში იღებდნენ. ინდოევროპულმა ტელეგრაფმა 1931 წლამდე იარსება, თბილისის გავლით დეპეშები მსოფლიოს 34 ქვეყანაში „მოგზაურობდნენ“.

ოტო სიმენსმა თავი გამოიჩინა აგრეთვე, როგორც ნიჭიერმა ინჟინერმა და ნავთობის საქმის ორგანიზატორმა. კერძოდ, მან შემოიღო ნავთობის მოსაპოვებლად ჭაბურღილების ბურღვის მეთოდი მანამდე არსებული რუტინული ხერხის ნაცვლად, როდესაც ნავთობის მოსაპოვებლად ჭებს თხრიდნენ. მანვე, პირველად კავკასიაში, თბილისში დაიწყო ქუჩებისა და ტროტუარების ასფალტით დაფარვა, რაც ნავთობის ნარჩენებისგან მზადდებოდა.

ოტო სიმენსმა ყველა თავისი ჩანაფიქრის განხორციელება ვერ შეძლო. 1871 წლის 23 სექტემბერს, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ, იგი გარდაიცვალა, როგორც ჩანს, ქოლერისგან, რომელიც მაშინ თბილისში მძვინვარებდა.

„უმცროსი ძმები, ვალტერი და ოტო ტფილისში გარდაიცვალნენ და გვერდიგვერდ არიან დაკრძალული, — წერს ვერნერ სიმენსი თავის წიგნში „მოგონებანი ცხოვრების შესახებ“. — ვალტერი გარდაიცვალა… ცხენიდან ცუდად ჩამოვარდნის შედეგად. იგი ლამაზი, ტანადი მამაკაცი იყო, სასიამოვნო მანერებით, რაც მის მიმართ ყველა ნაცნობს კეთილად განაწყობდა. ჩვენთან, ძმებთან, ის ყოველთვის სათუთი გრძნობით იყო დაკავშირებული. ოტო რამდენიმე წლის შემდეგ გარდაიცვალა სუსტი ჯანმრთელობის გამო, რომელსაც დიდ ყურადღებას არ აქცევდა“.

კავკასიაში ფირმა „სიმენსის“ საქმეებში კარლ სიმენსიც აქტიურად მონაწილეობდა. მის აქ ყოფნას არა მხოლოდ იმის აუცილებლობა განაპირობებდა, რომ ზოგადად უნდა ეხელმძღვანელა ინდოევროპული სატელეგრაფო ხაზის გაყვანის-თვის, არამედ ოჯახური ვითარებაც. მისი მეუღლე მარია მძიმედ დაავადდა და ექიმებმა კლიმატის შეცვლა ურჩიეს. კარლ სიმენსის ოჯახი თბილისში 1867-1868 წლებში ცხოვრობდა.

1869  წელს საქართველოში ჩამოვიდა კიდევ ერთი ძმა — უილიამ სიმენსი. მან ლონდონიდან სოხუმში ინდოევროპული ტელეგრაფისთვის სპეციალური კაბელი ჩამოიტანა, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე უნდა გაეყვანათ. 

ჯონ სტეინბეკი - Sputnik საქართველო
დიდი ადამიანები საქართველოში: ჯონ სტეინბეკი

უილიამმა ლონდონში დაამზადა ასევე მიწისქვეშა კაბელი სატელეგრაფო ხაზისთვის მოსკოვი-თბილისი. ეს ხაზი ხშირად ზიანდებოდა კობი-გუდაურის მონაკვეთზე თოვლის ზვავების გამო. ამიტომ 1879 წელს ამ მონაკვეთზე სატელეგრაფო ხაზი მიწის ქვეშ გაიყვანეს.

სიმენსების უფროსი ძმა და ფირმა „სიმენსის“ დამფუძნებელი ვერნერ სიმენსი საქართველოში სამჯერ იყო. პირველად იგი თბილისში 1865 წელს ჩამოვიდა, კავკასიის არმიის სარდალს, გენერალ-ადიუტანტ პოეტ გრიგოლ ორბელიანს შეხვდა და მასთან ერთად ნავთობის მოპოვების საკითხები განიხილა. მეორედ ვერნერ სიმენსი თბილისში 1868 წელს ჩამოვიდა ინდოევროპული ტელეგრაფის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, მესამედ — 1890 წელს თავის ძმასთან, კარლთან ერთად, რათა სპილენძის მაღარო დაეთვალიერებინათ. ვერნერი აღფრთოვანებული იყო საქართველოთი და ამჯერად თან ცოლი და ქალიშვილიც ჩამოიყვანა.

საქართველოში და მთლიანად კავკასიაში მოგზაურობამ „მის მეხსიერებაში ღრმა კვალი დატოვა, რის შესახებაც ის მოგვიანებით დაწერს თავის „მოგონებებში ცხოვრების შესახებ“, — იუწყება ვერნერ სიმენსის ბიოგრაფი 

პიერ რიშარი - Sputnik საქართველო
დიდი ადამიანები საქართველოში: პიერ რიშარი

ზიგფრიდ ფონ ვეიხერი. — შეიძლება დაბეჯითებით ვივარაუდოთ, რომ კავკასია, მისი ხელუხლებელი და შესანიშნავი ბუნებით, სიმენსში შინაგან სიმშვიდეს იწვევდა და ამით იყო მისთვის სასიამოვნო“.

ვერნერ სიმენსის მემუარებში ვკითხულობთ: „ორპირიდან ცხენებით ქუთაისში გავემგზავრეთ — ამ ძველ კოლხეთში. ქუთაისი განლაგებულია ლამაზ ადგილას რიონის ველზე, იმ ქედის ფერდობთან ახლოს, რომელიც კავკასიონის მთავარ ქედს მცირე კავკასიონთან აერთებს. ქუთაისს ზევიდან გადმოსცქერის ძველ-თაგან ცნობილი გელათის მონასტერი, რომელიც ერთ-ერთ უძველეს მონასტრად ითვლება და, როგორც გადმოცემა ამბობს, აგებულია წმინდა ადგილზე. ჩემი მეორე მგზავრობის დროს ვიყავი მონასტერში, რომელიც რამდენიმე ათასი ფუტის სიმაღლეზე მდებარეობს. იქ ასვლა ძნელია და მომქანცველი, მაგრამ მე ამის სანაცვლო ჯილდოდ მივიჩნიე, როცა სიმაღლიდან ჩემ წინ არაჩვეულებრივი პანორამა გადაიშალა. მონასტერი, რომლისგანაც ამჟამად მხოლოდ ნანგრევებიღაა დარჩენილი, განსაკუთრებით ცნობილია თავისი პატარა ტაძრით. იგი აგებულია გრანიტის ოთხ სვეტზე, რომელთაგანაც თითოეული განსაკუთრებული სტილით გამოირჩევა. ეს ტაძარი უძველესი დროიდან არსებობს. კავკასიური ძეგლების სიძველე ასწლეულებით კი არ იზომება, როგორც ევროპაში, არამედ ათასწლეულებით. ეს დიდად გადაჭარბებულიც რომ იყოს, მაინც, რასაც უნდა შეხედო და რაც უნდა მოისმინო — ეს ყოველივე იმას მოწმობს, რომ კავკასიაში არის კაცობრიობის კულტურის აკვანი…

© ბესიკ ფიფიავალტერ და ოტო სიმენსებისათვის უკანასკნელი განსასვენებელი თბილისში ვერის სასაფლაო გახდა, თუმცა საფლავების ზუსტი მდებარეობა უცნობია
ვალტერ და ოტო სიმენსებისათვის უკანასკნელი განსასვენებელი თბილისში ვერის სასაფლაო გახდა, თუმცა საფლავების ზუსტი მდებარეობა უცნობია - Sputnik საქართველო
ვალტერ და ოტო სიმენსებისათვის უკანასკნელი განსასვენებელი თბილისში ვერის სასაფლაო გახდა, თუმცა საფლავების ზუსტი მდებარეობა უცნობია

ტფილისი, რომელსაც ღრმა მდინარე მტკვარი ჰკვეთს, ციცაბო კლდის ძირში, მის ჩრდილოეთით მდებარეობს და ესაა მთავარი მიზეზი იმისა, რომ ზაფხულობით ქალაქში ასეთი აუტანელი სიცხეა… ტფილისი, არსებითად, ორი ქალაქისგან შედგება: ზემო — ევროპული ქალაქისგან და ქვემო — აზიურისგან, ისინი მკვეთრად არის გამიჯნული ერთიმეორისგან. ევროპული ტფილისი სიამოვნებით და სიამაყით უწოდებს საკუთარ თავს აზიურ პარიზს, ყოველ შემთხვევაში, ამ ტიტულზე პრეტენზიას აცხადებს უშუალოდ კალკუტის შემდეგ…

სოხუმი ლამაზადაა განლაგებული პატარა კლდოვან ზღვის უბეში, მაღალი მთის მასივის ძირში… მისი მიდამოები თვალწარმტაცია, განსაკუთრებით მწვანე საფარი, რომლის დიდებულების წინაშეც ყოველგვარი აღწერა უფერულდება. თავად ქალაქში გამაოცა ტირიფების გრძელმა ხეივანმა, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდება ჩვენს ყველაზე მაღალ ტყის ხეებს, მათი ხშირფოთლებიანი ტოტები გუმბათისებური კენწეროებიდან ზედ მიწამდეა დაშვებული…

კავკასიაში ამ მოგზაურობას ჩემი ცხოვრების ყველაზე სასიამოვნო მოგონებებს მივაკუთვნებ. მეხილა კაცობრიობის კულტურის აკვანი — ყოველთვის იყო ჩემი სანუკვარი ოცნება…“

ავტორი – ბესიკ ფიფია, Sputnik Грузия

ნაწყვეტი ნარკვევიდან „დიდი ადამიანები საქართველოში“

 

 

ყველა ახალი ამბავი
0