ბესიკ ფიფია
ალექსანდრე გრიბოედოვი საქართველოში პირველად 1818 წლის შემოდგომაზე ჩამოვიდა რუსული დიპლომატიური მისიის შემადგენლობაში, რომელიც სპარსეთში მიემგზავრებოდა. მისია თბილისში სამ თვეზე მეტი ხნით დაყოვნდა. თავის 1918 წლის 21 იანვრით დათარიღებულ „წერილში ტფილისიდან „სინ ოტეჩესტვას" გამომცემელს", გრიბოედოვი თბილისთან დაკავშირებით ზოგიერთი თავისი შთაბეჭდილების შესახებ საუბრობს:
"ბაზრის დახურულ ქუჩებში მრეწველობა ბევრ ხალხს აგროვებს, ზოგი ყიდის, ზოგი ყიდულობს… ქარვასლაში შემოდის შრომის საქონელიცა და ფუფუნების საგნებიც, რომლებიც შავი ზღვიდან მოდის, სადამდეც ახლა ყველაზე მოკლე გზა იმერეთის გავლით გადის. ქალაქის გარეუბნებში ახალმოსახლეები ვიურტემბერგიდან მშვიდად ეწყობიან… საღამოობით წესიერ სახლებში ცეკვავენ, სახლების ბანებიდან დაირისა და სიმღერის ხმები ისმის, რაც თავად მომღერლებს დიდად სიამოვნებთ".
თბილისში პირველი ჩამოსვლისას გრიბოედოვმა არა მხოლოდ მმართველი აპარატის ჩინოვნიკებს შორის, არამედ ადგილობრივ, მკვიდრ მოსახლეობაშიც გაიჩინა ნაცნობები. „მე აქაურობას შევეჩვიე და ერთი სიკვდილია აქედან წასვლა", — წერდა გრიბოედოვი 1818 წლის 27 იანვარს მეგობრებს — იაკობ ტოლსტოის და ნიკიტა ვსევოლოჟსკის. ხოლო 1820 წლის თებერვალში ანდრეი რიხლევსკის თავრიზიდან მისწერა: „იჩქარეთ ტფილისში, ვერ წარმოიდგენთ, ეს რა ფუფუნებაა!"
გრიბოედოვმა სპარსეთში დაახლოებით სამი წელიწადი დაჰყო. 1821 წლის ნოემბერში კი, ირან-თურქეთის ომის დროს, კავკასიაში ჯარების მთავარსარდალთან, გენერალ ალექსეი ერმოლოვთან გაგზავნეს — ირანში საქმის ვითარების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მისაწოდებლად. თავრიზიდან თბილისისკენ მიმავალ გზაზე გრიბოედოვმა ხელი მოიტეხა. მოტეხილობის ხანგრძლივი მკურნალობა მისთვის ერთ-ერთი საბაბი გახდა ირანიდან თბილისში გადმოსასვლელად — ჩინოვნიკად ერმოლოვთან „დიპლომატიურ ნაწილში”.
ერმოლოვთან სამსახური გრიბოედოვისთვის ხანგრძლივი „მოცალეობის დრო" აღმოჩნდა, ვინაიდან ერმოლოვი მას სამსახურის საქმეებით არ ტვირთავდა. მაგრამ შემოქმედი, ცოცხალი, ენერგიული გრიბოედოვისთვის თბილისში ყოფნა უნაყოფოდ არ დამთავრებულა. აქ მან თავისი უკვდავი ნაწარმოების „ვაი ჭკუისაგან" I და II აქტები დაწერა, ისინი პირველმა მოისმინა ავტორის თბილისელმა თანამოსამსახურემ ვილჰელმ კიუხელბეკერმა. 1821 წლის დეკემბერში ეს უკანასკნელი წერდა: „გრიბოედოვი თავის ნაწარმოებს „ვაი ჭკუისაგან" თითქმის ჩემი თანდასწრებით წერდა, ყოველ შემთხვევაში, მე პირველს მიკითხავდა ცალკეულ ადგილებს უშუალოდ მას შემდეგ, როგორც კი დაწერდა".
"გრიბოედოვმა თავისი „ვაი ჭკუისაგან" კავკასიაში შექმნა: ამ ქვეყნის ველურმა და დიდებულმა ბუნებამ, — წერდა ბესარიონ ბელინსკი, — მისი ხალხის მჩქეფარე ცხოვრებამ და გოროზმა პოეზიამ შთააგონა მის შეურაცხყოფილ გრძნობებს შეექმნა აპათიური, მდაბალი წრე ფამუსოვების, სკალოზუბების, ზაგორეცკების, ხლესტოვების, ტუგოუხოვების, რეპეტილოვების, მოლჩალინების — ადამიანის ამ კარიკატურებისა…”
თბილისში გრიბოედოვი დაუმეგობრდა თავად ალექსანდრე ჭავჭავაძეს, პოეტს, გენერალ-ლეიტენანტს, იმ დროს სომხეთის ოლქის უფროსს. შემდეგ კი ცოლად მისი ქალიშვილი ნინო ჭავჭავაძე შეირთო და თავადს დაუნათესავდა. იგი ხშირად იყო ჭავჭავაძეების მამულში წინანდალში, ალაზნის პირას. წინანდალში გრიბოედოვის ყოფნა პოეტურად აისახა ლექსის ნაწყვეტში, რომელიც პოეტმა „შავ რვეულში" დატოვა:
„იქ, სადაც რბის ალაზანი,
სუფევს ირგვლივ ნეტარება,
ალისფერი მოსავალი
ვენახიდან იმზირება".
გრიბოედოვს წინანდალი ისე მოსწონდა, რომ გაუჩნდა აზრი, დასახლებულიყო საქართველოში, სადაც მას შეეძლო თავი მთლიანად საყვარელი სარბიელისთვის – ლიტერატურისთვის მიეძღვნა. „გადაეცით ნინოს, — წერდა გრიბოედოვი პრასკოვია ახვერდოვას 1828 წლის 29 ივლისს, — რომ ეს აღარ გაგრძელდება და რომ მალე, ალბათ, არაუმეტეს ორი წლის შემდეგ, მე გავხდები წინანდლის განდეგილი".
ერთხელ გრიბოედოვი გზად ახლდა კახეთისკენ მიმავალ ინგლისელ მოგზაურს რობერტ ლაიოლს, ავტორს მომავალი წიგნისა „მოგზაურობა რუსეთში, ყირიმში, კავკასიასა და საქართველოში". გრიბოედოვი და ლაიოლი თბილისიდან კახეთში 1822 წლის 22 ივნისს გაემგზავრნენ. იორზე გადასვლის შემდეგ ისინი გომბორში მივიდნენ, სადაც ადგილობრივი მცხოვრებლები თბილად შეხვდნენ. თელავის ახლოს გაცნობისა და ენისელში, ჯორჯაძეების მამულში ღამის გათევის შემდეგ გრიბოედოვი და ლაიოლი ყვარელში ჩავიდნენ. ღამე ჭავჭავაძეების ძველებურ სახლში გაათიეს. სტუმართმოყვარე მასპინძელმა „ვახშამი გამართა, სადაც განუწყვეტლივ მოჰქონდათ ღვინო და მას უზომო რაოდენობით სვამდნენ". 26 ივნისს გზა ალაზნის ველზე გრემის ძველი ციხის ნანგრევებისკენ გააგრძელეს. მოგზაურობის უკანასკნელი დღე ალავერდის მონასტრისა და ციხის დათვალიერებას მიეძღვნა, რისთვისაც მგზავრებს მდინარე ალაზნის გადალახვა მოუწიათ. შემდეგ გრიბოედოვი და ლაიოლი თბილისში დაბრუნდნენ.
1823 წლის მარტში გრიბოედოვი ხანგრძლივი შვებულებით მოსკოვს გაემგზავრა, თბილისში 1826 წლის 3 სექტემბერს დაბრუნდა. სტეპან ბეგიჩევისა და ფიოდორ ბულგარინის ცნობით, გრიბოედოვი საქართველოში 1826 წლის სექტემბრიდან 1827 წლის მაისამდე მუშაობდა ტრაგედიაზე „ქართული ღამე". გრიბოედოვი ორივე მათგანს 1828 წელს უკითხავდა სცენებს „ქართული ღამიდან". ჩვენამდე ამ ტრაგედიის მხოლოდ ორმა სცენამ მოაღწია, ხოლო მისი თანამედროვეების ცნობები ნაწარმოების დასრულების შესახებ ერთმანეთისგან განსხვავდება. ფიოდორ ბულგარინის ნაამბობიდან ირკვევა, რომ გრიბოედოვმა „რომანტიკული ტრაგედიის გეგმა და რამდენიმე სცენა" შექმნა. სტეპან ბეგიჩევი კი მის შესახებ საუბრობს, რომ ნაწარმოები უკვე დამთავრებული იყო და თავად გრიბოედოვის სიტყვები მოჰყავს: „მე დაწერილი მაქვს ტრაგედია".
თბილისში გრიბოედოვი საზოგადოებრივ-სახალხო ცხოვრების საკითხებზეც მუშაობდა. მისი მონაწილეობით საქართველოში რამდენიმე სამაზრო სასწავლებელი გაიხსნა „თავისუფალი მდგომარეობის" მქონე პირებისთვის, დაწესდა აღმოსავლური ენების სასწავლებელი, გაზეთი „ტიფლისსკიე ვედომოსტი", კომერციული ბანკი, განიხილებოდა აგრეთვე საჯარო ბიბლიოთეკის შექმნის საკითხიც.
გრიბოედოვის კალამს ეკუთვნის ჩანაწერი საქართველოს ეკონომიკური მოწყობის შესახებ „საუკეთესო მეთოდები ქალაქ ტფილისის ხელახალი აშენებისთვის". გრიბოედოვი გვთავაზობს — ქალაქში მშენებლობას მივუდგეთ ადგილობრივი ყოფის, ეროვნული არქიტექტურის ტრადიციების გათვალისწინებით. მაგალითად, იგი გამოთქვამს აზრს, რომ საჭიროა აივნებისა და ხის გალერეების შენარჩუნება სახლების გარშემო: „ჩარდახი, რომელიც სახურავის კიდიდან ბოძებზე მაგრდება კედლიდან ერთი არშინისა და მეტის დაშორებით, იძლევა ჩრდილს, სასიამოვნო სიგრილეს აქაური ცხელი სარტყელის პირობებში, თანაც ხელს უშლის სიცხისგან აგურის გახურებას. სახლის შიგნით შუქი კი ნაკლებია, სამაგიეროდ უფრო მეტი სიგრილეა. ყველა აქაური ექიმი ადასტურებს, რომ ეს ჯანმრთელობისთვისაც კარგია… აღმოსავლურად გაწყობილი დარბაზები ასევე გრილია და სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის (ჰაერი მოძრაობს). ნაგებობის ღია ნაწილი ქუჩისკენ არ უნდა იყოს მიმართული. ჩვენი ჩრდილოეთის არქიტექტურა მცირე ფანჯრებით აქ არ ვარგა”. გრიბოედოვი ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ „ყველაზე მეტად უნდა ვიზრუნოთ ხიდის მოწყობისთვის სომხური მონასტრის ან არტილერისტების სახლის პირდაპირ", აღნიშნავს, რომ „მიწის ყოველი არშინი ძვირად ფასობს", ახალი სამშენებლო გეგმების შესრულების დროს „მხედველობაში უნდა გვქონდეს შემდეგი მოსაზრებანი": არ დაირღვეს მფლობელის უფლებები, რათა არ წარმოიქმნას “სამართლიანი უკმაყოფილება".
1827 წლის მარტში კავკასიაში რუსეთის ჯარების სარდლად ერმოლოვის ნაცვლად ივანე პასკევიჩი — გრიბოედოვის ნათესავი დაინიშნა. პასკევიჩის ცოლი ელიზავეტა ალექსის ასული გრიბოედოვის მკვიდრი ბიძაშვილი იყო. უკვე აპრილში გრიბოედოვს სპარსეთთან და თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობის ყველა საკითხის წარმოება დაევალა. ის მონაწილეობდა რუსეთ-სპარსეთის ომში, 1828 წლის თებერვალში უშუალოდ მონაწილეობს სპარსეთთან თურქმანჩაის ხელშეკრულების გაფორმებაში, იმავე წლის 15 აპრილს კი სპარსეთში მინისტრ-რეზიდენტად ინიშნება.
სპარსეთში გამგზავრების წინ გრიბოედოვის პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა — იგი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქალიშვილზე, ნინო ჭავჭავაძეზე დაინიშნა. თბილისში ყოფნისას გრიბოედოვი თავისუფალ დროს ყოველთვის დადიოდა პრასკოვია ნიკოლოზის ასულ ახვერდოვასთან, კავკასიის არტილერიის უფროსის თევდორე ახვერდოვის ქვრივთან, სადაც მას ყოველთვის მეტად გულთბილად ხვდებოდნენ. ამ სახლში რუსულ და ფრანგულ ენებზე საუბრობდნენ, უკრავდნენ როიალზე, ცეკვავდნენ, მსჯელობდნენ თეატრსა და ლიტერატურაზე. სახლი სოლოლაკში მთის ფერდობზე იდგა და მისი ტერასა გამოდიოდა შესანიშნავი ბაღისკენ, ლამაზი ხეივნებით. სახლის ეზოში ერთი ფლიგელი ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახს ეკავა. ახვერდოვები და ჭავჭავაძეები ერთმანეთთან მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული მეგობრობითაც და ნათესაობითაც. სწორედ ახვერდოვის სახლში გაიცნო გრიბოედოვმა მისი მომავალი მეუღლე — ნინო ჭავჭავაძე.
ნინო ჭავჭავაძე 1812 წელს დაიბადა, ის გრიბოედოვზე 17 წლით უმცროსი იყო. ჯერ კიდევ ყმაწვილქალობისას, თითქმის მოზარდი, უკვე გამოირჩეოდა თავისი სილამაზით, არაჩვეულებრივი ნიჭითა და სიკეთით. გრიბოედოვი მას სიამოვნებით ასწავლიდა მუსიკას, ესაუბრებოდა ლიტერატურასა და მეცნიერებაზე: ასე შეუმჩნევლად გაიზარდა პოეტის სიყვარული ქალიშვილისადმი. ნინო, თავის მხრივ, გრიბოედოვს ახლობელ ადამიანად მიიჩნევდა და მას ძალიან იყო შეჩვეული.
1827-1828 წლებში თბილისში ნინო ჭავჭავაძე უკვე აღიარებული იყო, როგორც უბადლო სილამაზისა და გამორჩეული მომხიბვლელობის ქალი. „ანგელოზის სილამაზის გამო, და ეს მეტაფორა არ არის, შეიძლებოდა მისთვის ჭეშმარიტად არამიწიერი არსება გეწოდებინა", — ამბობს თავის მოგონებებში კავკასიელი ოფიცერი ფიოდორ ტორნაუ. გრიბოედოვის საელჩოს მეორე მდივანმა კარლ ადელუნგმა კი ჩაწერა: „მე ძალიან გამაოცა აგრეთვე ცნობამ იმის შესახებ, რომ გრიბოედოვი ცოლს ირთავს. მისი მომავალი ცოლი _ ახალგაზრდა თექვსმეტი წლის ნინო ჭავჭავაძეა; იგი მეტად საყვარელი ადამიანი, მეტად ლამაზი და საუცხოოდ განათლებულია… მე მქონდა საშუალება კარგად შემეთვალიერებინა ის, იგი არაჩვეულებრივად კარგია, მას შეიძლება მზეთუნახავი უწოდო…"
თავისი ნიშნობის შესახებ გრიბოედოვმა ფიოდორ ბულგარინს 1828 წლის 24 ივნისით დათარიღებულ წერილში დაწვრილებით უამბო: „…ეს იყო 16-ში (ივლისს). ამ დღეს მე ჩემს ძველ ახლობელ ახვერდოვასთან ვსადილობდი, მაგიდასთან ნინო ჭავჭავაძის პირდაპირ ვიჯექი… სულ მას ვუყურებდი, დავფიქრდი, გული ამიჩქროლდა… როდესაც მაგიდას მოვშორდი, მას ხელი მოვკიდე და ვუთხარი: ჩემთან წამოდით, რაღაც უნდა გითხრათ. მან დამიჯერა, როგორც ყოველთვის, ალბათ, იფიქრა, რომ ფორტეპიანოსთან დავსვამდი, გამოვიდა კი სხვა რამ. იქვე დედამისის სახლია, იქით გავეშურეთ, ოთახში შევედით, ლოყები ამეწვა, სუნთქვა შემეკრა და არც კი მახსოვს, რას ვლუღლუღებდი, თანაც სულ უფრო და უფრო ცოცხლად, იგი ატირდა, მერე გაიცინა, შემდეგ მე მას ვაკოცე. წავედით დედამისთან, ბებიასთან, მეორე დედა პრასკოვია ნიკოლოზის ასულ ახვერდოვასთან. ჩვენ დაგვლოცეს. მე მის ტუჩებს მთელი ღამე, მთელი დღე ვეკონებოდი. მამამისთან ერევანში კურიერი გავგზავნე წერილით, ჩვენ ორივესგან, და ახლობელი ადამიანებისგან". საპასუხო წერილში თავადმა ალექსანდრე ჭავჭავაძემ ქალიშვილ ნინოს და გრიბოედოვის კავშირი დალოცა, იტყობინებოდა, რომ გაიხარა მათი სიყვარულით.
მალე სიონის ტაძარში 33 წლის ალექსანდრე გრიბოედოვისა და 16 წლის ნინო ჭავჭავაძის ჯვრისწერა გაიმართა. მათი საქორწილო ზეიმის აღწერა გაზეთ „ტიფლისსკიე ვედომოსტის" 1828 წლის 12 სექტემბრის ნომერში დაიბეჭდა:
"…პირველი მეჯლისი, ან, უკეთესად თუ ვიტყვით, სადილი ცეკვებით — სპარსეთში ჩვენი სრულუფლებიანი მინისტრის ა. ს. გრიბოედოვის თავადის ასულ ნ. ა. ჭავჭავაძეზე დაქორწინებასთან დაკავშირებით 24 აგვისტოს გაიმართა. მეორე დიდებული მეჯლისი ტფილისის სამხედრო გუბერნატორთან, გენერალ-ადიუტანტ ნ. მ. სიპიაგინთან 26 აგვისტოს მოეწყო. საუცხოოდ განათებული და ბრწყინვალედ მოვლილი ოთახები, რომლებიც მის ბრწყინვალებას ეკავა, მორთული იყო ყვავილებით. საყვირების ხმა იუწყებოდა სტუმრების მოსვლას, რომელთაც ამისთვის სპეციალურად დანიშნული ჩინოვნიკები ეგებებოდნენ, ხოლო ქალბატონებს თავად მასპინძელი ხვდებოდა.
ყველა სტუმრის შეკრების შემდეგ მეჯლისი საუცხოო ფეიერვერკით დაიწყო. იგი მისი ბრწყინვალების სახლის წინ, ალექსანდრეს შესანიშნავ მოედანზე აინთო, რომელიც მისი ბრწყინვალება ნ. მ. სიპიაგინის მიერ ამ მხარის მმართველობის დროს გაშენდა. ფეიერვერკის შემდეგ ცეკვები დაიწყო. ერთმანეთს ცვლიდა პოლონური ეკოსეზები, ვალსები, კადრილები. ბოლოს ყველა მიყუჩდა და დამსწრეთა ყურადღება მიიპყრო კვარტეტმა, რომელიც თბილისელმა ვირტუოზებმა დიდი ხელოვნებით შეასრულეს და რომელმაც მუსიკის ყველაზე მკაცრი შემფასებლებიც კი დიდად კმაყოფილი დატოვა.
კვარტეტის დასრულების შემდეგ კვლავ ცეკვები გაჩაღდა. ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი ქართველი ქალები მგზნებარე მელოდიების თანხლებით ქართულ ცეკვას — ლეკურს ცეკვავდნენ. შესანიშნავმა მოძრაობებმა, სიმკვირცხლემ, რასაც აღმოსავლეთის ლამაზმანები ამ ცეკვაში ავლენდნენ, თითოეულ მაყურებელს ჩვენი მგზნებარე კოტილიონი და მაზურკა დაავიწყა. საუცხოო ვახშამი 3 საათზე დამთავრდა, თუმცა ამით სტუმართა მხიარულება არ განელებულა — ცისკრის მზე უკვე ამობრწყინებული იყო კავკასიის მწვერვალებზე, როდესაც პოპური და, მასთან ერთად, მეჯლისიც დასრულდა…"
„თქვენ ამბობთ, რომ მე ძალიან დაკავებული ვიყავი ჩემი ქორწინებით, — წერდა გრიბოედოვი ივან პასკევიჩს 1828 წლის 23 აგვისტოს. — დიდსულოვნად მაპატიეთ, მაგრამ ნინოა ჩემი ყარსიცა და ახალციხეც, და მე მისი დასაკუთრება ვიჩქარე ისევე, როგორც თქვენმა ბრწყინვალებამ — ამდენი ციხე-სიმაგრისა…"
1828 წლის 9 სექტემბერს გრიბოედოვი თავისი ამალით, ახალგაზრდა მეუღლესთან და სიდედრთან ერთად თბილისიდან თავისი სამსახურის ადგილისკენ გაემგზავრა, თუმცა ყოველგვარი სიხარულის გარეშე. ჯერ კიდევ პეტერბურგში, სპარსეთში გამგზავრების წინ, გრიბოედოვმა ქსენოფონტ პოლევოის უთხრა: „მე უკვე ისე კარგად ვიცნობ სპარსელებს, რომ მათ ჩემთვის ყოველგვარი პოეტური მხარე დაკარგეს. ვხედავ მხოლოდ ჩემი მდგომარეობის მნიშვნელობასა და სიძნელეებს მათ შორის ყოფნაში და, რაც მთავარია, თავადაც არ ვიცი, რატომ — ასე გასაოცრად არ მინდა იქ წასვლა!" ხოლო როდესაც ანდრეი ჟანდრს სპარსეთში მისი ელჩად დანიშვნის შესახებ ატყობინებდა, გრიბოედოვმა აღნიშნა: „იქ ყველას აგვკუწავენ. ალაიარ-ხანი ჩემი პირადი მტერია… იგი მე სპარსელებთან დადებულ ზავს არ მაჩუქებს!"
რუსეთის დიპლომატიური მისიის საზეიმო გაცილება პოლკის მუსიკის თანხლებით მოხდა. ერევნისკენ გზად უნდა გაევლოთ კოდა, შულავერი, გერგერი და ამამლი. ეჩმიაძინიდან გრიბოედოვმა თავის ახლობელ ვარვარა სიმონის ასულ მიკლაშევიჩს მისწერა:
„ჩემო მეგობარო, ვარვარა სიმონის ასულო! ჩემი ცოლი, როგორც ყოველთვის, თვალებში შემომყურებს, წერას მიშლის; იცის, რომ წერილს ქალს ვწერ, და ეჭვიანობს. ნუ დამძრახავთ ხანგრძლივი დუმილისთვის, საყვარელო მეგობარო, ხომ გესმით, რა არაჩეულებრივ დროს ვწერ მე ამას. ცოლიანი ვარ, ვმოგზაურობ უზარმაზარი ქარავნის თანხლებით, 110 ცხენითა და ჯორით, ღამეს მთებში კარვებში ვათევთ, სადაც ზამთრის სიცივეებია. ჩემი ნინიკო კი არ ჩივის, ყველაფრით კმაყოფილია, ცქრიალებს, მხიარულია. დროდადრო კი საუცხოო შეხვედრებიც გვაქვს ხოლმე, მხედრები მთელი სიჩქარით მოჰქრიან, მტვერს აყენებენ, ქვეითდებიან და გვილოცავენ კეთილ მიბრძანებას იქ, სადაც სულაც არ გვიხარია ყოფნა. ახლა ეჩმიაძინის მონასტრის ყველა მღვდელმსახურმა მიგვიღო ჯვრებით, ხატებით, ბაირაღებით, გალობით, საკმეველით და ა.შ. და აქ, ამ ძველი სავანის თაღქვეშ ჩემი პირველი ფიქრი თქვენთან და ანდრეისთანაა. მაპატიეთ ჩემი სიზარმაცის გამო…"
25 სექტემბერს გზა გააგრძელეს. ერევნის გავლის დროს გრიბოედოვი ცოლს შეეხუმრა: „სპარსეთში არ დატოვო ჩემი ძვლები, თუ იქ მოვკვდი, თბილისში, წმინდა მამა დავითის მონასტერში დამასაფლავე". 7 ოქტომბერს თავრიზში ჩავიდნენ. აქ იყო განთავსებული უცხოეთის მისიები, უფლისწულ აბას-მირზას კარზე, რომელსაც ფეთხ-ალი შაჰმა უცხოეთის ქვეყნებთან ურთიერთობანი ჩააბარა. თუმცა გარემოებამ გრიბოედოვის შაჰთან პირადად შეხვედრა მოითხოვა. მან თავის ახალგაზრდა ცოლზე მზრუნველობა ინგლისის ელჩის მეუღლეს, ქალბატონ მაკდონალდს მიანდო, თავად კი 1828 წლის 9 დეკემბერს თავრიზიდან თეირანს გაემგზავრა. გზიდან გრიბოედოვი ცოლს თითქმის ყოველდღე სწერდა წერილს, მაგრამ ამ წერილებიდან მხოლოდ ერთი — მეცხრე შემორჩა — ყაზვინიდან 1828 წლის 24 დეკემბერს გამოგზავნილი:
„ჩემო ფასდაუდებელო მეგობარო, ვდარდობ, უშენოდ უზომოდ მოწყენილი ვარ. ჭეშმარიტად ახლა ვგრძნობ, თუ რას ნიშნავს — გიყვარდეს. ადრეც ბევრს დავშორებივარ, ვისაც ძლიერ ვიყავი შეჩვეული, მაგრამ ერთი დღე, ორი, ერთი კვირა და — მჭვუნვარება ქრებოდა. ახლა კი, შენგან რაც უფრო შორს ვარ, მით უფრო ცუდად ვგრძნობ თავს. კიდევ ცოტა ხანს მოვიცადოთ, ჩემო ანგელოზო, და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ამის შემდეგ ერთმანეთს აღარასოდეს დაგვაშოროს…
გახსოვს, როგორ გაკოცე პირველად, ჩვენ ერთმანეთს მალე და გულწრფელად სამუდამოდ დავუახლოვდით. გახსოვს პირველი საღამო, როგორ ისხდნენ აივანზე შენი დედიკო და ბებია და პრასკოვია ნიკოლოზის ასული, შენ და მე კი ფანჯარასთან, როგორ გიკრავდი გულში. შენ კი, სულო ჩემო, გაწითლდი. მე გასწავლიდი, თუ როგორ უნდა კოცნა, რაც შეიძლება მაგრად… მშვიდობით, უძვირფასესო ჩემო მეგობარო… გკოცნი ტუჩებში, მკერდზე, ხელებზე, ფეხებზე და მთლიანად — თავიდან ბოლომდე. მოწყენილი ვარ".
…1829 წლის თებერვლიდან წერილები და ცნობები გრიბოედოვისგან თბილისში სულ უფრო და უფრო იშვიათად მოდიოდა. ირანში რუსეთის მისიის დანარჩენი თანამშრომლებისგანაც არაფერი ისმოდა. ბოლოს გავრცელდა ბუნდოვანი ხმები თეირანში მთელი რუსული მისიის დაღუპვის შესახებ.
გრიბოედოვის სიკვდილის შესახებ გავრცელებული ხმების პირველი ოფიციალური დადასტურება გახდა თავრიზში გენერალური კონსულის ანდრეი ამბურგერის შეტყობინება: „დღეს დილით აქ მოვიდა მირზა-მუსა-ხანის კაცი, რომელმაც თეირანიდან დაწვრილებითი ცნობები მოიტანა იქ მომხდარი საშინელი შემთხვევის შესახებ. მგონი, თეირანის სასულიერო საზოგადოება იყო იმ მღელვარების მთავარი მიზეზი, რომელმაც ჩვენი მინისტრი გაავებული ბრბოს მსხვერპლად აქცია, ვინაიდან სწორედ მთავარი მეჩეთი მოუწოდებდა მორწმუნეთა შეკრებისკენ. უბედური ალექსანდრე სერგის ძე საკუთარი სიმამაცის მსხვერპლი გახდა. როდესაც მან ხმაური გაიგონა, გაშიშვლებული ხმლით ხელში გარეთ გამოვარდა და იმავე წუთში მას ნასროლი ქვა მოხვდა. იგი დარტყმისგან ძირს დაეცა; ხოლო შემოჭრილი ბრბო მას საშინლად გაუსწორდა. ნათელში იყოს მისი სული! ყველა მისკენ გაქანდა საშველად, მაგრამ ისინიც გაცოფებული ბრბოს მსხვერპლი გახდნენ. მთელი ქონება გაძარცულია, სახლი, რომელიც მინისტრს შაჰმა უბოძა, სრულიად განადგურებულია".
იმ დროს, როდესაც თეირანში მომზადდა და აღსრულდა მკვლელობა, ნინო ჭავჭავაძე თავრიზში ცხოვრობდა. გადაწყვიტეს, სამწუხარო ამბავი მისთვის დაემალათ და დაარწმუნეს, დედასთან, თბილისში გამგზავრებულიყო. აქ მას მეუღლის სიკვდილის შესახებ ივან პასკევიჩის ცოლმა ელიზავეტა ალექსის ასულმა აცნობა. ნინოს ისტერიკა დაემართა, მეორე დღეს მას ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. ბავშვმა სულ რამდენიმე საათი იცოცხლა.
საელჩოზე თავდასხმიდან ერთი კვირის შემდეგ სპარსეთის მთავრობამ ხალხი გაგზავნა, რათა ამოეთხარათ ორმო, გრიბოედოვის ცხედარი მოეძებნათ, სომხურ ეკლესიაში გადაეტანათ და მის ეზოში მიწისთვის მიებარებინათ — იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთის მთავრობა მის გადაცემას მოითხოვდა. გრიბოედოვის საშინლად დამახინჯებული ცხედარი ძლივს ამოიცნეს ხელზე დაკრუნჩხული ნეკით, — მას ამ თითზე ალექსანდრე იაკუბოვიჩთან დუელის დროინდელი ჭრილობა ჰქონდა. ცხედარი გადაასვენეს და სომხური ეკლესიის ეზოში დაასაფლავეს.
ორი კვირის შემდეგ გრიბოედოვის ნეშტი ისევ ამოთხარეს და თავრიზის გავლით თბილისში გაგზავნეს. ნახჭევანში მისი ცხედარი სხვა კუბოში გადაასვენეს, მოაწესრიგეს და ასე გააგრძელეს გზა. 11 ივნისს გერგერის მახლობლად სამგლოვიარო კორტეჟს შეხვდა პუშკინი, რომელიც ამის შესახებ გვიამბობს თავის ნარკვევში „მოგზაურობა არზრუმში": „მე გადავედი მდინარეზე. ურემში შებმული ორი ხარი ციცაბო აღმართზე ადიოდა. ურემს რამდენიმე ქართველი მიაცილებდა.
— საიდან მოდიხართ?— შევეკითხე. — თეირანიდან. — რა მოგაქვთ?— გრიბოედოვი.
ეს იყო მოკლული გრიბოედოვის ცხედარი, რომელსაც თბილისში მიაცილებდნენ. არ მეგონა, თუ კიდევ შევხვდებოდი ჩვენს გრიბოედოვს! მე მას შარშან პეტერბურგში დავშორდი, მისი სპარსეთში გამგზავრების წინ. იგი მოწყენილი იყო და რაღაც უცნაური წინათგრძნობა ჰქონდა".
მხოლოდ 17 ივლისს, საღამოს, მრავალგზის შეფერხების შემდეგ მიაღწია სამგლოვიარო პროცესიამ თბილისს. ნინო ჭავჭავაძემ, რომელიც ქმრის ნეშტს ოჯახთან ერთად ქალაქის საგუშაგოსთან დახვდა, გონება დაკარგა და მისი მოსულიერება დიდხანს ვერ შეძლეს.
გრიბოედოვის დაკრძალვის აღწერა გამოქვეყნებულია გაზეთ „ტიფლისსკიე ვედომოსტის" 1829 წლის 18 ივლისის ნომერში:
„სპარსეთში რუსეთის სრულუფლებიანი მინისტრის ა.ს. გრიბოედოვის ნეშტი, რომელიც ჩამოასვენეს ყველა პატივით, რაც მის წოდებას ეკადრებოდა, ყველა საკარანტინო ვადების დაცვის შემდეგ, 17 ივლისს თბილისის კარანტინიდან სიონის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც იგი წინასწარ მომზადებულ შესანიშნავ კატაფალკზე მოათავსეს. მეორე დღეს მისი აღმატებულება — თბილისის სამხედრო გუბერნატორი, მთელი გენერალიტეტი, სამხედრო და სამოქალაქო ჩინოვნიკები ტაძარში შეიკრიბნენ. ღვთისმსახურების შესრულების შემდეგ მისმა უწმინდესობამ, საქართველოს ეგზარქოსმა წარმოთქვა გამოსამშვიდობებელი სიტყვა, სადაც ყველა მისი ღირსება ისე ჩამოთვალა, რომ მსმენელებზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა და ყველა დამსწრე განიმსჭვალა ღრმა მწუხარებით ასეთი შესანიშნავი პიროვნების, ასეთი დიდი დანაკარგის გამო. ტრადიციული რიტუალის შესრულების შემდეგ ალექსანდრე სერგის ძე გრიბოედოვის ნეშტი, მისი უწმინდესობის, საქართველოს ეგზარქოსისა და ყველა დამსწრეთა თანხლებით, წმინდა დავითის მონასტერში გადაიტანეს და მიწას მიაბარეს — იმ სურვილის შესაბამისად, რაც აწ განსვენებულს სიცოცხლეში არაერთგზის გამოუთქვამს".
გრიბოედოვის საფლავი განსაკუთრებულია, იგი დაკრძალულია მღვიმეში. საფლავზე დაიდგა მოქანდაკე კამპიონის მიერ შესრულებული ძეგლი — ეს არის შავი მარმარილო ბრინჯაოს ჯვრით, მის ფეხთან ბრინჯაოსგან ჩამოსხმული მუხლმოყრილი მტირალი ქალის ფიგურაა. ძეგლის კვარცხლბეკის წინა მხარეს მწერლის ბარელიეფია, გვერდით კი დევს წიგნი — „ვაი ჭკუისაგან". მათ ქვეშ ოქროსფერი ასოებითაა ამოკვეთილი: „ალექსანდრე სერგის ძე გრიბოედოვი, დაიბადა 1795 წელს, 4 იანვარს, მოკლეს თეირანში 1829 წელს, 30 იანვარს". სამხრეთის მხარეს წარწერაა: „გონება და საქმენი შენნი უკვდავია რუსეთის ხსოვნაში, მაგრამ მე რად მოვესწარ ამას, სიყვარულო ჩემო", ჩრდილოეთის მხრიდან სხვა წარწერაა: „დაუვიწყარს მისი ნინოსგან".
16 წლის ქვრივი სიკვდილამდე მეუღლის ხსოვნის ერთგული დარჩა და მრავალგზის უარყო უამრავი წინადადება; თავისი სიცოცხლე ნათესავებს, მეგობრებს, ახლობლებს მიუძღვნა, ყველას უხვად მიაგებდა სიკეთეს და სითბოს. ეს იყო მთელი ოჯახის მფარველი ანგელოზი და ამავე დროს არსება, რომლის წინაშეც ქედს იხრიდა ყველა, ვინც კი მაშინ კავკასიაში მსახურობდა, დაწყებული მეფისნაცვლიდან, ყველაზე დაბალ ჩინებამდე. მას ყოველთვის თავს ადგა კეთილშობილების, გულმოწყალების განსაკუთრებული შარავანდედი. იგი მზად იყო, თითოეულის გაჭირვება გაეთავისებინა და ყველაფერი გაეკეთებინა, რაც შესაძლებელი იყო. თბილისში ცხოვრებისას კვირა არ გავიდოდა, რომ მამადავითის ციცაბო ფერდობზე ფეხით არ ასულიყო — ძვირფასი ადამიანის განსასვენებლის მოსანახულებლად.
ნინო ჭავჭავაძემ ქმრის დაღუპვის შემდეგ 28 წელი იცოცხლა და 1857 წელს, 45 წლის ასაკში გარდაიცვალა ქოლერისგან, რომელიც იმ დროს თბილისში მძვინვარებდა. ნინო ჭავჭავაძე ავადმყოფ ნათესავს უვლიდა და უარი თქვა ქალაქის დატოვებაზე. ავადმყოფი გამოაჯანმრთელა, მაგრამ თავად უიმედოდ დაავადდა. გაზეთი „კავკაზი" მის გარდაცვალებას ასე გამოეხმაურა:
"ჩვენმა ტფილისის საზოგადოებამ მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა. გასულ პარასკევს, 28 ივნისს ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ნინო ალექსანდრეს ასული გრიბოედოვა, ქალიშვილობაში ჭავჭავაძე. გასულ კვირა დღეს ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მოხდა მისთვის წესის აგება ყველა იმ ადამიანის თანდასწრებით, ვინც პატივს სცემდა ამ შესანიშნავ პიროვნებას, რომელიც ყოველთვის იყო ტფილისის საუკეთესო სალონების ნამდვილი მშვენება და რომელიც სიკვდილმა ასე ადრიანად გამოსტაცა ამ წრეს. ცხედარი ხელით აიყვანეს წმინდა მამა დავითის მონასტერში და მისი მეუღლის გვერდით დაკრძალეს".