იგორ ობოლენსკი
1897 წლის 26 აპრილს ტფილისის ძველ უბანში, სოლოლაკში, ინჟინერ კონსტანტინ კნიპერის ოჯახში გოგონა დაიბადა. ბავშვს სახელად ოლგა დაარქვეს — მამიდის, თეატრის საქვეყნოდ ცნობილი მსახიობის, ოლგა კნიპერის საპატივცემულოდ, რომელსაც მსოფლიო კნიპერ–ჩეხოვას გვარით იცნობდა.
ოლგა საქართველოში ძმასთან სტუმრობდა, როცა იმ დროისათვის უკვე საკმაოდ ცნობილი მწერალი და დრამატურგი ანტონ ჩეხოვი ეტრფოდა.
ოლგა პირველი
ინჟინერ კნიპერს მყუდრო აგარაკი ჰქონდა მცხეთაში, საქართველოს უძველეს დედაქალაქში. თეატრალური სეზონის დამთავრების შემდეგ, მისი და, ოლგა კნიპერი, სწორედ იქ ჩადიოდა ხოლმე დასასვენებლად. წლების შემდეგ საკუთარ მოგონებებში ის დაწერს, რომ 1899 წლის 16 ივნისს სწორედ მცხეთაში მიიღო პირველი წერილი პოდმოსკოვიეს მელიხოვოდან, სადაც ჩეხოვი ცხოვრობდა.
ერთი წლის შემდეგ ოლგა კნიპერი დედასთან ერთად კვლავ ეწვევა საქართველოს — ბორჯომში სურდათ ზაფხულის გატარება. წარმოიდგინეთ ოლგას სიხარული, როცა მატარებელში სრულიად შემთხვევით გადააწყდა მომავალ მეუღლეს, ანტონ ჩეხოვს. ის მწერალ მაქსიმ გორკისა და მხატვარ ვიქტორ ვასნეცოვთან ერთად მოდიოდა ტფილისში. მეგობრებს საქართველოს სამხედრო გზაზე გავლა სურდათ.
ჩეხოვის ტფილისში ჩამოსვლა მართლაც რომ დროული იყო. ოლგას ძმიშვილი ლევი მძიმედ ავად გახლდათ და კორსეტში გაკრული საწოლს იყო მიჯაჭვული — ხერხემლის გაჭიმვას უპირებდნენ. ვერცერთმა ადგილობრივმა ექიმმა ვერ შეძლო ბიჭის დახმარება.
როგორც კი შეიტყო ამის შესახებ, ჩეხოვი მაშინვე მივიდა კნიპერებთან სოლოლაკში. ლევის მშობლების გასაკვირად, ჩვეული აბების ნაცვლად, ანტონი მათთან… გრამოფონით ხელდამშვენებული მივიდა. მას ოლგასგან სცოდნოდა, რომ ბიჭი მუსიკას აღმერთებდა და გადაეწყვიტა, გასინჯვის საკმაოდ მტკივნეული პროცედურა ფირფიტების მოსმენით შეემსუბუქებინა.
გამოუვიდა კიდეც — ლევ კნიპერი თავდავიწყებით უსმენდა მუსიკას, ხოლო ექიმი ჩეხოვი სინჯავდა, რის შემდეგ კიდევ ერთხელ გააკვირვა ბიჭის დედ–მამა: ნორჩ პაციენტს ჰომეოპათიური წვეთები გამოუწერა. მალე ლევს კორსეტი მოხსნეს.
ჩეხოვის მიერ კნიპერებისთვის მიტანილმა გრამოფონმა ბიჭის ცხოვრებაში საბედისწერო როლი ითამაშა: ლევმა მთელი ცხოვრება მუსიკას მიუძღვნა. კომპოზიტორის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები — ეს სიმღერა „Полюшко-Поле–ს“ მუსიკაა.
ცნობილი აქტრისა საქართველოში ომის წლებში დაბრუნდა — უკვე დაქვრივებული. თბილისში ევაკუირებულ მხატვრულ თეატრთან ერთად რამდენიმე თვე გაატარა. თეატრის ხელმძღვანელობა და და წამყვანი არტისტები რუსთაველის პროსპექტზე მდებარე სასტუმრო „თბილისში“ განათავსეს. სხვათა შორის, ოლგა კნიპერი–ჩეხოვის გვერდზე ნომერში ვლადიმირ ნემიროვიჩ–დანჩენკო ცხოვრობდა — ეგრეთ წოდებული „მხატის“ (მოსკოვის მხატვრული აკადემიური თეატრი) ერთ–ერთი დამაარსებელი, რომელიც ქალაქ ოზურგეთში გახლდათ დაბადებული.
ოლგა მეორე
ისე მოხდა, რომ ანტონ ჩეხოვის მეუღლის ძმიშვილ ოლგას ჩეხოვის ძმიშვილი მიხაილი შეუყვარდა. იმ დროისათვის ინჟინერ კნიპერის ოჯახი უკვე მოსკოვში გადასულიყო საცხოვრებლად.
როდესაც ახალგაზრდები დაქორწინდნენ, მიხაილი 23 წლისა იყო, ოლგა კი ჩვიდმეტისა.
ოლგა ქმრის გვარზე გადავიდა და უბრალოდ ჩეხოვა გახდა — ქალბატონი სახელად ოლგა კნიპერ–ჩეხოვისა ერთადერთი უნდა ყოფილიყო.
მხატვრული თეატრის ერთ–ერთ ყველაზე ნიჭიერ მსახიობთან, მიხაილ ჩეხოვთან ოლგას ცხოვრება ვერ აეწყო და წყვილი რამდენიმე წელში დაშორდა.
ამ ქორწინების სამახსოვროდ ოლგას ქალიშვილი ადა და დიდებული გვარი დარჩა, რომელიც შემდგომი ქორწინებების მიუხედავად, არცერთხელ შეუცვლია.
მიხაილ ჩეხოვთან განშორების შემდეგ ოლგა ავსტრია–უნგრეთის ქვეშევრდომ ფრიდრიხ იაროშზე გათხოვდა და მასთან ერტად გერმანიაში გაემგზავრა 1921 წლის იანვარში.
ბერლინში ოლგა მეორე ქმარსაც გაშორდა და გადაწყვიტა, ისევ ეცადა ბედი თეატრში. ჩეხოვამ თეატრალური მოღვაწეობა ბერლინის პატარა თეატრებში თამაშით დაიწყო, რომლებიც იმ დროს მრავლად იყო ოციანი წლების ბერლინში. მერე კი მის ცხოვრებაში კინო გაჩნდა.
ის ბევრს მუშაობდა, როგორც დეიდას სწერდა, მუშაობდა „ასი ცხენის ენერგიით“ და საბოლოოდ რაოდენობა ხარისხში გადაიზარდა: ოლგა ჩეხოვამ მალე საქვეყნოდ გაითქვა სახელი და ბერლინის ერთ–ერთი უპირველესი ვარსკვლავი გახდა. მერე კი იმდენი მოახერხა, რომ დედა და ქალიშვილი მოსკოვიდან ბერლინში გადაიყვანა.
ოცდაათიანების დასაწყისში ოლგა ჩეხოვა გერმანიის ლამის ყველაზე ცნობილი მსახიობი იყო, ხოლო მას შემდეგ, რაც ხელისუფლების სათავეში ადოლფ ჰიტლერი მოვიდა, საერთოდაც მესამე რეიხის უმთავრეს ვარსკვლავად იქცა.
ოლგა და ლუბიანკა
ოლგა ჩეხოვა ბერლინში საბჭოთა ჯარების შესვლისთანავე გაამგზავრეს მოსკოვში და აეროდრომიდან პირდაპირ ლუბიანკაზე ამოაყოფინეს თავი. თუმცა თუ ლუბიანკელი გამომძიებლების მიერ ოლგას დაკითხვის ოქმს გადაავლებთ თვალს, გეგონებათ, რომ კარგი მეგობრების საუბარს კითხულობთ. ეს კი დამატებით კითხვებს აჩენს.
უფრო მეტიც, ოლგა ლუბიანკიდან კვლავ აეროდრომზე წაიყვანეს და ისევ ბერლინში გაამგზავრეს. იმ დღიდან მისი ოჯახი საბჭოთა მხარის დაცვის ქვეშ იყო, რაზეც პირადად გენერალი აბაკუმოვი ზრუნავდა.
ომის შემდეგ ბევრი უცხოური გაზეთი თუ წიგნი ამტკიცებდა, რომ ჩეხოვა საბჭოთა დაზვერვის აგენტი იყო. მწერალ ვლადიმირ ბოგომოლოვის დაუმთავრებელ რომანში „Жизнь моя, иль ты приснилась мне?“ („ჩემი ცხოვრება, თუ დამესიზმრე?“) მოყვანილია ნაწყვეტი სტატიიდან „ორდენი ოლგა ჩეხოვას“, რომელიც გაზეთ „დერ კურიერში“ 1945 წლის 14 ნოემბერს გამოქვეყნებულა: „ის წლების განმავლობაში ეწეოდა სახიფათო თამაშს გესტაპოსგან მალულად, რომელმაც მისი გაშიფვრა ვერ შეძლო. ომი უკვე მხოლოდღა ომის უკანასკნელ დღეებში, როცა წითელი არმია უკვე ბერლინის შემოგარენში იბრძოდა, დააკავეს მისი მძღოლი, თავად ოლგამ კი მოახერხა გესტაპოს პატიმრობიდან თავის დაძვრენა“.
გაზეთი „მაინცერ ანცაიგერი“ წერდა, ცნობილ მსახიობ ოლგა ჩეხოვას პირადად მარშალმა სტალინმა გადასცა მაღალი ჯილდო მამაცობისთვისო. პაველ სუდოპლასტოვი მოგონებებში „Разведка и Кремль.
Записки нежелательного свидетеля“ („დაზვერვა და კრემლი. არასასურველი მოწმის ჩანაწერები“) წერს, რომ საბჭოთა დაზვერვა ოლგა ჩეხოვას ჰიტლერზე თავდასხმის ოპერაციაში ჩართვას უპირებდა.
ვერსია იმის თაობაზე, რომ ოლგა საბჭოთა აგენტი იყო, ემხრობა სერგო ბერიაც წიგნში „მამაჩემი ლავრენტი ბერია“. თუმცა დოკუმენტური მტკიცებულებები ოლგას შპიონობისა დღემდე არ მოიძებნება.
ორი ოლგა
ცნობილმა ხელოვნებათმცოდნემ და ტელეწამყვანმა ვიტალი ვულფმა მიამბო: ოლგა ჩეხოვა–კნიპერს მხოლოდ სიკვდილის წინ გაუმხელია მისთვის, რომ 1937 წელს, როცა პარიზული გასტროლებიდან მოსკოვში ბრუნდებოდა, ბერლინში გაჩერებულა.
საყვარელი დეიდის საპატივცემულოდ ოლგა მეორეს მიღება გაუმართავს. ოლგა პირველი შემკრთალა კიდეც, როცა მის გვერდით, სუფრაზე მესამე რეიხის მთელი უმაღლესი შემადგენლობა გამწკრივებულა.
კნიპერ–ჩეხოვა დროზე ადრე დაბრუნდა მოსკოვში და დიდი ხნის მანძილზე, სიცოცხლის ბოლომდე საიდუმლოდ ინახავდა ჰიტლერთან და რიბენტროპთან ერთად დროსტარების ამბავს.
ოლგა კნიპერ–ჩეხოვა 1959 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია მოსკოვში, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე, მეუღლის, ანტონ ჩეხოვის გვერდით.
ოლგა ჩეხოვამ კი ცხოვრება მიუნხენში გალია, სადაც, სამსახიობო კარიერის დამთავრების შემდეგ, დააფუძნა ფირმა „ოლგა ჩეხოვას კოსმეტიკა“. ის 83 წლისა გარდაიცვალა, რასაც გერმანიის ყველა გაზეთი იუწყებოდა.
ნათესავები კი იხსენებდნენ, რომ ოლგა სიცოცხლის ბოლომდე ითხოვდა ტელევიზორის გამორთვას, თუკი ეკრანზე ომის კინოქრონიკის კადრები გადიოდა.