ახლა ეს უკვე არავის გაუკვირდება… თქვა, რომ ეპოქა დასრულდა და პოლიტიკაში მოვიდა. მოგზაურობა ხელოვნებიდან პოლიტიკაში და პოლიტიკიდან ხელოვნებაში ჩვენში უცხო არ არის, ისევე, როგორც შთაბეჭდილება, რომელიც ასეთი მოგზაურობის მზერისას ყალიბდება… თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში სიახლე არის. ხელოვნების წარმომადგენელი პოლიტიკური პარტიის ლიდერი ხდება. ეს „მრავლისმნახველი“ ქართული პოლიტიკური სინამდვილისთვისაც კი უჩვეულო მოვლენაა!.. პაატა ბურჭულაძემ გადაწყვეტილება საზოგადოებას ვრცელი განცხადებით აუწყა. სიტყვათა წყობა ემოციური, პათოსი ეროვნული, განწყობა საბრძოლო, მადლობა ყველას ვინც სამშობლოსათვის იღვაწა და, რაც მთავარია, მომავლის ხედვასთან ერთად წარსულის ანალიზი.
პაატა ბურჭულაძე: „…25 წელი ჩვენ ვყოფდით ქვეყანას პატრიოტებად და მოღალატებად; ვეძებთ და ვპოულობთ მტრებს ჩვენ შორის; ვომობთ, ვაშენებთ, ვშრომობთ, ვღალატობთ, ვგმობთ, გვიყვარს, გვძულს. მუდმივად ჩვენ შორის ჩნდებიან პატრიოტები და მტრები…. 25 წელი პატრიოტები სჯიან მტრებს, რომლებიც მანამდე თავად იყვნენ პატრიოტები და თავის მტრებს სჯიდნენ, აპატიმრებდნენ, მათზე გამარჯვებას ზეიმობდნენ. 25 წელი — იმედი, იმედგაცრუება, პროტესტი; იმედი, იმედგაცრუება, პროტესტი — ეს არის ის მანკიერი წრე, რომელზეც 25 წელი ვტრიალებთ…“
თუ ასე იყო, შენ რა გამღერებდა, შე კაი კაცო, სად იყავი აქამდე?! — იკითხავს მკითხველი და არც გაემტყუნება. ეს, ისე, ხუმრობით, სადაც შესაძლოა სხვა არაფერია სიმართლის გარდა. თუმცა, მოგეხსენებათ, რეალობის დანახვა და აღქმა არასდროს არის გვიან. ვინ როდის შეძლებს ამას, წინასწარ ვერავინ განჭვრეტს. ახლა მთავარია, სამომავლოდ ახალს რას გვპირდება თავად ახალი, ჯერ კიდევ უცნობი პოლიტიკური დასის ლიდერი.
პაატა ბურჭულაძე: „…ჩვენ გვაქვს უფლება, ვიყოთ ბედნიერი ერი! ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ, რომ ჩვენ ზურგს სახელმწიფო გვიმაგრებს, ძლიერი, დამოუკიდებელი სახელმწიფო!.. გვინდა ვიყოთ ჩვენი ევროპული ოჯახის ნამდვილი წევრი, ევროპის განუყოფელი ნაწილი, ევროპელების ტოლი და სწორი, და არა ღარიბი, კორუმპირებული და ოკუპირებული, რომელსაც სულ ხელი აქვს გაწვდილი, რომელიც სულ დახმარებას ითხოვს, დაჩოქილია, შეშინებული და უთავმოყვარეო. ჩვენ ვართ ქართველები!.. გვინდა ვიყოთ არა მხოლოდ ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო, არამედ ღირსეული, საკუთარი ტრადიციების მქონე, დამოუკიდებელი და სამაგალითო. გვინდა, რომ ევროპულ ოჯახში თანაცხოვრებით მოვიგოთ ჩვენ და გავამდიდროთ ევროკავშირი ჩვენი ღირებულებებით. არ გვინდა ქვეყანას ჰყავდეს არაფორმალური ბატონი და მისი გემოვნებით ვცხოვრობდეთ მისივე გემოვნებით შექმნილ სამყაროში…“
EXCELLENT! რა ბრძანეთ ბატონო?! ХОРОШО!.. სიახლისა რა გითხრათ, ჩვენში მსგავსი შინაარსის მიმართვა ხშირად წამიკითხავს და მსმენია… ახლაც გულს უხარია… თუმცა არც ის მავიწყდება, რომ ერთია, რა გვინდა და მეორეა, რა შეგვიძლია და როგორ? არც შემოთავაზებული მეთოდი გამოირჩევა სიახლითა და ორიგინალურობით. პოლიტიკის დებიუტანტი ამბობს, რომ უნდა დავემშვიდობოთ წარსულს, უნდა გავიგოთ, რომ ეს ეპოქა დასრულდა, დამთავრდა, წარსულს ჩაბარდა და თან გაიყოლა ყველა ის პოლიტიკოსი, რომლის ამოცანა იყო სხვა პოლიტიკოსების წინააღმდეგ ბრძოლა და არა ქვეყნის აღზევება, სხვა პოლიტიკოსზე გამარჯვება და არა ქვეყნის გამარჯვება. ეპოქა დასრულდა და ყველა, ვინც ცდილობს ეს ეპოქა ვირტუალურად უკან დააბრუნოს, წარსულში გვაცხოვროს, წარსულით გამოგვკვებოს, მტრის ხატით შეგვაშინოს, არის წარსულის საკუთრება, მისი მძევალი და ასეთი ხალხი პოლიტიკიდან უნდა წავიდეს. ვინ უნდა წავიდეს და ვინ არა, ამას მისი უდიდებულესობა ამომრჩეველი გადაწყვეტს. საკითხავი ახლა ის არის, მაინც ვინ არიან ამ ახალი პოლიტიკური მოძრაობის წევრები და ვისთან ერთად აპირებს პაატა ბურჭულაძე პოლიტიკური გეგმების განხორციელებასა და ამბიციების დაკმაყოფილებას.
ვრცელი განცხადების მეორე ნაწილში სიტყვა „ჩვენ“ სხვადასხვა ბრუნვაში ხშირად გვხვდება, თუმცა კონკრეტული პიროვნებები არ სახელდება. არის დაპირება, რომ მათ ჩვენ ვიხილავთ და კიდევ მოწოდება — კვალიფიციურო და პატიოსანო ადამიანებო, შემოგვიერთდით! ჩვენ ვიწყებთ მოძრაობას „სახელმწიფო ხალხისთვის“… ასე რომ, კარი ღიაა…
შედგება თუ არა ეფექტური და, რაც მთავარია, არსებული პოლიტიკური ველისგან პოზიტიური ნიშნით გამორჩეული პოლიტიკური გუნდი და როგორი იქნება რეპერტუარი, არავინ უწყის, ამას მომავალი გვიჩვენებს. მიუხედავად ამისა, როგორც ეს ჩვენში ხდება ხოლმე, ხალხში ახალი პოლიტსოლისტის უკვე სჯერათ, არის მოლოდინი და იმედი.
პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში ჯერ მოსული არ იყო, როცა IRI-ს კვლევებში სასურველ პოლიტიკოსთა ჩამონათვალის სათავეში მოექცა. ციფრები მეტყველია, გამოკითხულთა 75 პროცენტი ყველაზე მეტად კეთილგანწყობილი სწორედ მის მიმართ არის… გამოკითხულთა არც იმ 70 პროცენტის დავიწყება შეიძლება, რომელიც არც ერთ პარტიას არ უჭერს მხარს… ასე რომ, გაკოტრებული პოლიტიკური გარემო ქმნის ილუზორულ განცდას, რომ არსებულ პოლიტიკურ სპექტრზე განაწყენებული ამომრჩეველი ახალი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი იქნება.
მთავარ პოლიტიკურ დაპირისპირებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. მეტ-ნაკლებად „გამოცდილი“, ბრძოლებში უკვე „გამოწრთობილი“ პოლიტსუბიექტები ახალი მარათონისთვის სასტარტო პოზიციების დასაკავებლად ემზადებიან. ჯერ უცნობია საბოლოო კონტურები, ვინ ვის გვერდით დადგება და რატომ. სავსებით ლოგიკურია კითხვა, სად შეიძლება მოვიაზროთ პაატა ბურჭულაძე და მისი გუნდი, მოსალოდნელია თუ არა სოლო პარტია და რამდენად წარმატებული იქნება ის? ახალი მოთამაშე ოპოზიციურ ფლანგს იკავებს. ხშირად საუბრობენ, თითქოს მსოფლიო ბანი მიხეილ სააკაშვილის ბანობას აპირებს და მართლაც საინტერესოა და კითხვას ბადებს, რატომ დუმდა პაატა ბურჭულაძე წლების მანძილზე და რატომ არასოდეს მოგვისმენია ცხრაწლიანი მმართველობის მისეული შეფასება.
პასუხგაუცემელი კითხვების მიუხედავად, ახლა ნაკლებად სავარაუდოა რაიმე ტიპის დეკლარირებული ერთობა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, ან სხვა მის სატელიტ პარტიებად მოაზრებულ სტრუქტურებთან. მათდამი საზოგადოების დამოკიდებულების გათვალისწინებით ამგვარი გადაწყვეტილება პოლიტიკური ხარაკირის ტოლფასი იქნება.
მართალია პაატა ბურჭულაძის გუნდს ექსპერტები ე.წ პროდასავლური პარტიების კატეგორიას მიაკუთვნებენ, გამორიცხულია მისი ალიანსი, მათ შორის, გეოპოლიტიკურად მონათესავე პარტიებთან. სრული უტოპიაა დამოყვრება იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომელთათვისაც იბერიის გაბრწყინების გზა მხოლოდ დასავლეთის ვექტორზე არ გადის. აქვე იმასაც დავძენ, რომ არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში ახალი პოლიტიკური გუნდი მაქსიმალურად ეცდება შეინარჩუნოს დამოუკიდებელი მოთამაშის იმიჯი. ჩვენ გავითვალისწინოთ ციფრებში გამოხატული საზოგადოების დამოკიდებულება და დავასკვნათ, რომ საარჩევნო სავალდებულო ბარიერის გადალახვის პრობლემა არ არის.
ამდენად სოლო პარტია მოსალოდნელი და ლოგიკურია. რაც შეეხება შედეგს, ის მხოლოდ „სოლისტის ვოკალურ მონაცემებზე“ არ იქნება დამოკიდებული. „ახალი მესიის“ მოძიებით აღფრთოვანების ყველა სხვა წინა შემთხვევისგან განსხვავებით, შესაძლოა ამჯერად გადამწყვეტი აღმოჩნდეს – სოლისტს ვინ მისცემს ბანს…
მაშ ასე, მალე… ოპერა სახელად „სახელმწიფო ხალხისთვის“… დაველოდოთ პრემიერას… ვნახოთ, რას იტყვის კრიტიკა… მანამდე კი აპლოდისმენტები იმისთვის, რაც უკვე იყო სცენაზე…