თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. ცნობილი ქართველი საოპერო მომღერლის, მეცენატ პაატა ბურჭულაძის განცხადებით, "საქართველოს განვითარების ფონდი" დაფუძნდა იმისთვის, რომ დაასრულოს არაპროფესიონალიზმისა და შიშის ეპოქა.
24 დეკემბერს პაატა ბურჭულაძემ საზოგადოებრივ–პოლიტიკური ორგანიზაციის პრეზენტაცია გამართა, რომლის შესახებაც ინფორმაცია მედიაში ჯერ კიდევ ნოემბრის თვეში გავრცელდა. პრეზენტაციას მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„საქართველოს განვითარების ფონდი" დაფუძნდა იმისთვის, რომ დაასრულოს ნეპოტიზმის, არაპროფესიონალიზმის, უპასუხისმგებლობის, გულგრილობისა და შიშის ეპოქა. დიახ, შიშის ეპოქა — ადრე ხელისუფლების გვეშინოდა, დღეს კი გვეშინია ხვალინდელი დღის. "საქართველოს განვითარების ფონდი" დაფუძნდა იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ იზეიმოს სამართლიანობამ“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
ფონდის დირექტორმა, საგარეო საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის ექსმრჩეველმა ვანო მაჭავარიანმა მედიასთან საუბრისას სხვა პოლიტიკური პარტიებთან კონსულტაციების გამართვა არ გამორიცხა.
„ჩვენ არავისთან დიალოგს არ გამოვრიცხავთ… ჩვენი მთავარი მიზანია – საზოგადოებაში ის საზოგადოებრივ–პოლიტიკური თემები დავაბრუნოთ, რომლებიც ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია“, – განმარტა მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან.
ორგანიზაცია საჯარო რეესტრში სახელწოდებით „ პაატა ბურჭულაძე –საქართველოს განვითარების ფონდი“ დარეგისტრირდა. ფონდის თანადამფუძნებლები არიან ირაკლი გერჩიანი და ზურაბ ტყეშელაშვილი.
ქართული მედია არ გამორიცხავს, რომ ფონდი 2016 წლის არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება. მანამდე ბურჭულაზე აცხადებდა, რომ იგი არ გამორიცხავდა პოლიტიკაში მოსვლას იმ შემთხვევაში, თუ ეს ქვეყნისთვის აუცილებელი იქნებოდა და ამაზე საქართველოს კათალიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა–კურთხევა ექნებოდა.
20014 წელს მსოფლიოში აღიარებულმა საოპერო მომღერალმა საქველმოქმედო ფონდი „იავნანა“ დააარსა, რომელიც დაარსების დღიდან გახდა მრავალი მზრუნველობამოკლებული ბავშვის მფარველი.
„იავნანას“ ფონდის ეგიდით არაერთი საქველმოქმედო აქცია–კონცერტი გაიმართა როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. ამ კონცერტებიდან შემოსული თანხები ბავშვთა დახმარების ფონდში ირიცხება. პაატა ბურჭულაძეს გაერომ გაწეული ქველმოქმედებისათვის 2006 წელს კეთილი ნების ელჩის წოდება მიანიჭა.