პაატა ბურჭულაძემ ბოლოს მაინც პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა

გამოწერა
ბურჭულაძემ საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო. მან არაერთხელ განაცხადა, რომ პოლიტიკაში მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუ ამაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევა იქნება.

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. ცნობილმა ქართველმა საოპერო მომღერალმა და მეცენატმა პაატა ბურჭულაძემ ხუთშაბათს პოლიტიკური მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ შექმნის შესახებ განცხადება გააკეთა.

ბურჭულაძემ გასული წლის დეკემბერში საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საქართველოს განვითარების ფონდი“ დააარსა. აპრილში ფონდის ოფისმა მუშაობა ვაშინგტონშიც დაიწყო.

„ჩვენ მოვდივართ პოლიტიკაში! ჩვენთან ერთად მსოფლიოს წარმატებული ადამიანები ქმნიან ჯგუფებს ჩვენ დასახმარებლად და თქვენ მათ იხილავთ! ჩვენ ემიგრაციაში წასული ქართველები გვიკავშირდებიან და დახმარებას აღგვითქვამენ და თქვენ იხილავთ მათ! და ჩვენ ველით ყველას, ვინც პირველ რიგში არის პატიოსანი და კვალიფიციური, რომ შემოუერთდეს ჩვენს გუნდს“, — აღნიშნულია „ფეისბუქის“ საშულებით გავრცელებულ ბურჭულაძის განცხადებაში.

ბურჭულაძე აპირებს განაგრძოს საქართველოს ევროპული გზა და შექმნას ეკონომიკურად ძლიერი, დამოუკიდებელი და ტრადიციული სახელმწიფო.

„ჩვენ უნდა შევცვალოთ ხალხი პოლიტიკაში, ჩვენ უნდა შევცვალოთ თავად პოლიტიკა და გვექნება შანსი, შევცვალოთ ქვეყანა. ეპოქა დასრულდა! ჩვენ, უბრალოდ, უნდა გავაცნობიეროთ ეს! აღარ არის პოლიტიკაში არც უმეცრების, არც უსინდისოების ადგილი, ისინი მაინც იქნებიან, მაგრამ შევეცადოთ, რომ ისინი იყვნენ უმცირესობაში“, — აღნიშნა მან. 

ბურჭულაძე - Sputnik საქართველო
ცვლილებების ზღვარზე: საქართველოში ოპერის მომღერალი შეიძლება პოლიტიკოსი გახდეს

ბურჭულაძის მრჩეველმა სამოქალაქო საკითხებში აგიტ მირზოევმა დაადასტურა, რომ ახალი პოლიტიკური მოძრაობა შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

„რა თქმა უნდა, არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ. ჩვენ, ისევე, როგორც ნებისმიერ პოლიტიკურ მოძრაობას, ხელისუფლებაში მოსვლა გვინდა, რათა ყველა ჩანაფიქრი განვახორციელოთ. ამისთვის აუცილებელია არჩევნებში მონაწილეობა, რომლის შედეგებიც აჩვენებს, რამდენად მაღალია ქვეყანაში ახალი პოლიტიკური მოძრაობის შექმნის მოთხოვნილება“, — განაცხადა მირზოევმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“.

ბურჭულაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სოციოლოგიური კვლევის შედეგებით, ქართველ პოლიტიკოსთა და საზოგადო მოღვაწეთა რეიტინგში ლიდერობს. ის გამოკითხულთა 75%-ს მოსწონს. 

ბურჭულაძემ არაერთხელ განაცხადა, რომ პოლიტიკაში მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუ ეს ქვეყნისთვის იქნება საჭირო და ამაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევა იქნება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0