თბილისი, 10 მაისი — Sputnik. მასშტაბური ქართულ–ამერიკული წვრთნები „ღირსეული პარტნიორი 2016“, რომელიც ოთხშაბათს დაიწყება და რომელიც უკვე მეორედ ჩატარდება საქართველოში, მმართველ კოალიციაში მორიგი დაპირისპირების საბაბად იქცა.
„ქართული ოცნების“ ბედი, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებული საგარეო პოლიტიკური კურსის მქონე პოლიტიკოსებითაა დაკომპლექტებული, უკვე განსაზღვრულია. კოალიციაში შემავალი ყველა პარტია ცალკე გავა საპარლამენტო არჩევნებზე.
რუსეთის ფაქტორი
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველო–აშშ–ის მორიგ სამხედრო წვრთნების თაობაზე განაცხადა, რომ ის კავკასიაში სამხედრო–პოლიტიკური ვითარების შეგნებულად რყევას ემსახურება.
სწორედ ამ შეფასების შემდეგ განაცხადა დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა, რომ „ღირსეული პარტნიორი“ შესაძლოა საფრთხედ იქცეს — გაამწვავოს ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის და უფრო მეტიც, 2008 წლის მსგავს შეიარაღებულ კონფლიქტამდეც კი მიგვიყვანოს.
მეჭიაურის კომენტარს ბოდვა უწოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა. ხოლო მისი თანაპარტიელი, „რესპუბლიკელი“ პაატა ზაქარეიშვილი უშუალოდ „ქართული ოცნების“ აზრით დაინტერესდა მეჭიაურის განცხადებასთან დაკავშირებით.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია, ქართული ოცნება ამას როგორ უყურებს, ქართული ოცნების დუმილი უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვიდრე ბატონი მეჭიაურის ესა თუ ის განცხადება“, — აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
ამასთან აღსანიშნავია, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზაქარეიშვილი არაერთხელ მოიხსენია როგორც პრორუსული კურსის პოლიტიკოსი.
კიდევ ერთმა „რესპუბლიკელმა“ ლევან ბერძენიშვილმა მეჭიაურის პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოდან“ და შესაბამისად, მმართველი კოალიციიდან გარიცხვა მოითხოვა.
პრემიერმა არ დააყოვნა
ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს პროდასავლური კურსი, თუმცა პაატა ზაქარეიშვილის მიმართ კრიტიკა არ დაიშურა — მის განცხადებას ნაჩქარევი და არაობიექტური უწოდა.
უპასუხოდ არც მეჭიაური დაუტოვებია.
„ძალიან დასანანია, რომ ბატონი თამაზის განცხადებები არ გამოხატავს საქართველოს მთავრობისა და პარტია „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
რაში დასჭირდა მეჭიაურს ასეთი მკვეთრი განცხადებების გაკეთება საპარლამენტო არჩვენების წინ, გამოცანად რჩება.
პრემიერ–მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან გიორგი კვირიკაშვილი ოპონენტების მიმართ თავშეკავებული პოლიტიკით გამოირჩევა. მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, ის არცერთ ოპონენტს არ დაპირისპირებია.
ამასთან, მან არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო განუხრელად ისწრაფვის ევროკავშირისა და ნატოსკენ, ხოლო რუსეთთან ურთიერთობების დალაგება კვლავ ერთ–ერთი პრიორიტეტული საკითხია.
წვრთნები გარდაუვალია
პოლემიკის მიუხედავად, რაღა თქმა უნდა, სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ მაინც გაიმართება. საქართველოში უკვე ჩამოვიდა ამერიკული სამხედრო ტექნიკა — M1A2 Abrams–ის ტიპის რვა ტანკი, Bradley–ს შვიდი ავტომობილი, C 130–ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავები, „ჰამერის“ ჯიპები, სამედიცინო–საევაკუაციო და სასარდლო–საშტაბო ჯავშანმანქანები.
წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს 500 ქართველი, 150 ბრიტანელი სამხედრო და აგრეთვე 650 ჯარისკაცი აშშ–ის არმიის ევროპული სარდლობიდან.
წვრთნები 26 მაისამდე გასტანს.
წვრთნების პროცესში მიღებული ცოდნა ქართველ სამხედროებს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობაში დაეხმარება, მიაჩნია სამხედრო ექსპერტს, ჟურნალ „არსენალის“ მთავარ რედაქტორ ირაკლი ალადაშვილს.
„გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო უკვე დიდი ხანია ნატოსკენ ისწრაფვის, სურს, რომ მისი შეიარაღებული ძალები ალიანსის სტანდარტებს შეესაბამებოდეს“, — განაცხადა ალადაშვილმა.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ წარსულში არაერთხელ განაცხადა, რომ დაგეგმილი სამხედრო წვრთნები არცერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული. სამინისტროში ხაზი გაუსვეს, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და სრული უფლება აქვს თავად აირჩიოს სამხედრო პარტნიორები და საკუთარ ტერიტორიაზე წვრთნები ჩაატაროს.