თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ქართულ-ამერიკულ წვრთნებში „ღირსეული პარტნიორი 2016“ მონაწილეობის მიზნით ფოთში ამერიკული M1A2 Abrams-ის ტიპის ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები Bradley შემოვიდა.
აშშ-ის არმიის ეროვნული გვარდიის სამხედრო ტექნიკა საქართველოში შავი ზღვით, ბულგარეთის პორტ ვარნადან შემოვიდა. ფოთიდან ტექნიკას ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გადაიყვანენ, აღნიშნულია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
რიგით მეორე წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ (Nobel Partner) ვაზიანში 11-26 მაისს გაიმართება. სწავლების მიზანია ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მოქმედი ქართული ასეულის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება. სცენარი ითვალისწინებს ისეთი საბრძოლო ოპერაციების ჩატარებას, როგორებიცაა სტაბილურობა, შეტევა და თავდაცვა.
ტანკი „აბრამსებისა“ და საბრძოლო მანქანა „ბრედლების" გარდა წვრთნებში ასევე ამოქმედდება C-130 ტიპის ამერიკული თვითმფრინავები.
სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს 500 ქართველი სამხედრო, 650 აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის სამხედრო და 150 სამხედრო მოსამსახურე დიდი ბრიტანეთიდან.