თბილისი, 8 მაისი — Sputnik. ქართულ-ამერიკულ წვრთნებს საქართველოს მოსახლეობის მოსატყუებლად ატარებენ, განაცხადა დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ თამაზ მეჭიაურმა.
რიგით მეორე წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ (Nobel Partner) ვაზიანში 11-26 მაისს გაიმართება. სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს 500 ქართველი სამხედრო, 650 აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის სამხედრო და 150 სამხედრო მოსამსახურე დიდი ბრიტანეთიდან. გარდა ამისა, წვრთნებში ამოქმედდება M1A2 „აბრამსების“ ტიპის ტანკები და საბრძოლო მანქანა „ბრედლები", რომლებიც უკვე ჩამოყვანილია საქართველოში.
„ეს წვრთნები შოუს ნაწილია. იქიდან გამომდინარე, რომ თავად ნატოს ხელმძღვანელობა, აშშ-ის ელჩი ნატოში, პირველი პირები, საგარეო საქმეთა მინისტრი ცალსახად ამბობენ, რომ უაახლოეს მომავალში ჩვენ და განსაკუთრებით უკრაინას ნატოს წევრობის იმედი არ უნდა ჰქონდეს და უახლოეს მომავალში ნატო გაფართოებას არ აპირებს, ამ ფონზე სახელმწიფოს პირველი პირები მოსახლეობას ტვინს ურეცხავენ, რომ მალე მიგვიღებენ ნატოში, და ქვეყანაში ტექნიკა შემოჰყავთ, რათა აჩვენონ, რა მხარდაჭერა აქვს ქვეყანას“, — განაცხადა მეჭიაურმა.
ამასთან, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ამ წვრთნებზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა უნდა აიღოს.
მანამდე ქართულ-ამერიკული წვრთნების ჩატარებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც ამას პროვოკაციული ნაბიჯი უწოდა. ოფიციალური მოსკოვი მიიჩნევს, რომ ეს წვრთნები კავკასიის რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური ვითარების შეგნებულ რყევებისკენაა მიმართული.
ამის საპასუხოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოს სრული უფლება აქვს, დამოუკიდებლად შეარჩიოს სამხედრო პარტნიორები და ჩაატაროს წვრთნები თავის ტერიტორიაზე. ოფიციალური თბილისი აღნიშნავს, რომ კავკასიაში სტაბილურობის შენარჩუნება, პირველ რიგში, საქართველოს ინტერესებშია.