16 აპრილი — Sputnik. იმის შესახებ, თუ რამდენად რეალურია სომხეთში ქართული სააფთიაქო ქსელის გამოჩენა და ადგილობრივი აფთიაქებისათვის რა შეიძლება გამოიწვიოს ამან, „Sputnik არმენიასთან“ საუბრობს პრეპარატების მწარმოებლებისა და იმპორტიორების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი სამველ ზაქარიანი. უფრო ადრე ქართულ მასმედიაში იუწყებოდნენ, რომ საქართველოში ცნობილი სააფთიაქო ქსელი სომეხ კოლეგებთან თანამშრომლობისა ან თავისი ქსელის გახსნის შესახებ მოლაპარაკებებს მართავს.
— რამდენად რეალურია სომხეთში ფილიალის ან მსხვილი ქართული ქსელის წარმომადგენლობის გახსნა?
— სომხეთში 1500 აფთიაქია, მათგან რამოდენიმე მსხვილი, დანარჩენი ლოკალურია. ის, რომ ერთ-ერთი მსხვილი ქართული აფთიაქი სომხეთის ბაზრით დაინტერესდა, გასაკვირი არ არის, განსაკუთრებით სომხეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შესვლის მერე. სხვა ქვეყნის წარმომადგენლის არსებობა წამლების წარმოებას გაზრდის, სიახლეებს შემოიტანს და ჯანსაღ კონკურენციას შექმნის. ქართული კომპანია წამლების ახალ სახეობებს შემოიტანს და იმის გამო, რომ საქართველოში წამლები უფრო იაფია, ადგილობრივი აფთიაქების ფასებზეც იმოქმედებს. თანაც, ქართული აფთიაქები საერთაშორისო სტანდარტებით მუშაობენ.
— რა თავისებურებებით გამოირჩევა წამლების სომხური ბაზარი?
— სომხეთის კანონმდებლობამ ბოლო წლებში ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა: წამლების ადგილობრივი მწარმოებლების მიერ GMP სერტიფიკატის მიღება, სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროში ინსპექტორატის შექმნა. სომხეთში წამლების რვა მწარმოებლიდან სამს ეს სერტიფიკატი გააჩნია. აქ ჩვენ პირველები ვართ დსთ-ის ქვეყნებსა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს შორის. ჩვენ საქართველოსაც ვუსწრებთ: მათ GMP სერტიფიკატის მქონე მხოლოდ ერთი მწარმოებელი ჰყავთ. ჩვენი მწარმოებლები 10-11%-ით აკმაყოფილებენ სომხურ ბაზარს. მალე წამლების წარმოებისა და იმპორტის ყველა მოთხოვნა წამლების შესახებ ახალ კანონს დაემორჩილება. ეს კანონი ძალაში უახლოეს მომავალში შევა.
— კონტრაბანდული წამლების საკითხთან დაკავშირებით როგორი ვითარებაა?
— იმის გამო, რომ საქართველოში წამლები უფრო იაფია, ვიდრე სომხეთში, საქართველოდან ჩამოტანილი წამლების კონტრაბანდა იზრდება. რიგით მოქალაქეებს საქართველოდან სომხეთში წამლები ჩამოაქვთ, აბარებენ მათ ადგილობრივ აფთიაქებში, სადაც ისინი არალეგალურად, ლიცენზიის გარეშე იყიდება. ეს კანონდარღვევაა, და ბევრი ითბობს ამაზე ხელს. სომხეთში შემოტანილი წამლების დაახლოებით 30-50% კონტრაბანდულია. წამლების კონტრაბანდა უნდა აღიკვეთოს: ჩვენი სამხედრო მდგომარეობიდან გამომდინარე, ბიოტერორიზმის პრობლემას ვქმნით. ქვეყანაში წამლების არალეგალური შემოტანის დროს შეუძლებელია დადგინდეს წამლის შემადგენლობის სისწორე. ასევე არასწორი გადაზიდვის დროს კლიმატური პირობების დარღვევის გამო წამლის სტრუქტურა შეიძლება დაზიანდეს. არსებობს წამლების მიზანმიმართული ფალსიფიკაციაც.
— საზღვრის კონტროლს შეუძლია აღკვეთოს არალეგალური გადაზიდვები?
— ოფიციალურ დონეზე საზღვრის კონტროლი ძლიერია, მაგრამ არალეგალური შემოტანა სუსტად კონტროლდება. თანაც სომხეთის კანონით პირადი მოხმარებისათვის წამლის ხუთი შეკვრის შემოტანაა დაშვებული. და ზოგიერთები კვირაში რამოდენიმეჯერ დადიან საქართველოში. თუ ქართული კომპანია სომხურ ბაზარზე შემოვა, შესაძლოა, ეს საკითხი დარეგულირდეს კიდეც.
— მართალია თუ არა, რომ ზოგიერთ ცნობილ სომხურ აფთიაქში ყალბი წამლები იყიდება?
— სომხეთში შემოტანის წინ ნებისმიერი წამალი ექსპერტიზას გადის და ლიცენზია მერე ენიჭება. გაგვიგია, რომ ზოგიერთი წამალი კარგად მოქმედებს, ზოგი — ცუდად. სომხეთში, სინამდვილეში, ყალბი წამლის შემოტანა და გაყიდვა რთულია, რადგან პატარა ქვეყანა გვაქვს და ასეთი ინციდენტი მაშინვე გახმაურდება.
გავიმეორებ, მიუხედავად კონტრაბანდისა, ყალბი წამლის აღმოჩენის არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა.