თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. საქართველოში მედიკამენტების კონტროლი ახალი, სრულყოფილი სისტემით განხორციელდება, — განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომაზე პარასკევს, 8 იანვარს.
მთავრობის სხდომაზე „სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის 2016 წლის პროგრამის“ პროექტი განიხილეს.
„ხარისხის კონტროლი მოიცავს გრძელ ჯაჭვს და თუკი აქამდე ხორციელდებოდა მხოლოდ საწარმოდან გამოშვებული და ექსპორტით შემოტანილი მედიკამენტების ერთჯერადი კონტროლი, ამჯერად ეს იქნება მთელი ჯაჭვი, რომელიც მოიცავს იმ ნედლეულის სერტიფიცირების შემოწმებას, რომელიც შედის საწარმოში და შემდგომ მედიკამენტად გადაიქცევა“, — განაცხადა სერგეენკომ.
მინისტრის თქმით, მანამდე მედიკამენეტების კონტროლი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ლაბორატორიაში, რომელსაც ამ სფეროში საერთაშორისო აკრედიტაცია არ გააჩნია, შერჩევით ხორციელდებოდა.