ფრანგი, რომელმაც ევროპას საქართველო გააცნო

მარი ბროსე
მარი ბროსე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტი „დიდი ადამიანები საქართველოში“ რუსი და ქართველი ჟურნალისტის, ბესიკ ფიფიას იმავე სახელწოდების წიგნზეა დაფუძნებული. წინამდებარე ნარკვევში ავტორი დასავლეთ ევროპასა და რუსეთში ქართველოლოგიის დამფუძნებელ მარი ბროსეზე მოგვითხრობს.

ბესიკ ფიფია

ფრანგი მარი ბროსე დასავლეთ ევროპასა და რუსეთში მეცნიერული ქართველოლოგიის ფუძემდებელია. აკადემიკოსი ნიკო მარი მის შესახებ წერდა: მან ჩაუყარა სერიოზული საფუძველი ევროპაში სახელმძღვანელოების გამოცემას ქართული ენის შესასწავლად: გრამატიკების, ქრესტომათიების, ლექსიკონების. მან თარგმანებით და შინაარსის გადმოცემით ევროპელებისთვის ხელმისაწვდომი გახადა როგორც ძველი, ისე შუა საუკუნეების ქართული საერო ლიტერატურის ძეგლები… ბროსემ არა მხოლოდ პირველმა შეარჩია, არამედ მნიშვნელოვანწილად დაამუშავა კიდეც ქართული ისტორიული მეცნიერების დისციპლინების თითქმის მთელი ციკლი. 

სერგეი პროკუდინ-გორსკი - Sputnik საქართველო
სერგეი პროკუდინ-გორსკი - მისი საიმპერატორო უდიდებულესობის კარის ფოტომემატიანე

მარი ბროსე 1802 წელს პარიზში დაიბადა. მორწმუნე დედა შვილს საეკლესიო კარიერისთვის ამზადებდა, მაგრამ მან ჭაბუკობის წლებიდან ორიენტალისტიკა აირჩია.

ქართული ენა დამოუკიდებლად შეისწავლა და, სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, პარიზში არსებული ქართული წყაროებით საქართველოს ისტორიის შესწავლა დაიწყო. ეს წყაროები მან კერძო და სახელმწიფო ბიბლიოთეკებში, არქივებსა და მუზეუმებში მოიძია. მაგრამ საქართველოს ისტორიის ვრცელი სამეცნიერო გამოკვლევებისთვის ეს საკმარისი არ იყო. იგი მალე გაერკვა, რომ საქართველოსთან დაახლოება რუსეთის მეშვეობით შეიძლება, და რუსული ენის შესწავლაც დაიწყო, რათა შემდგომში პეტერბურგისა და მოსკოვის მუზეუმებსა და ბიბლოთეკებში საქართველოს შესახებ არსებულ მდიდარ ლიტერატურას გაცნობოდა. მარი ბროსემ მიმოწერა დაიწყო დიდ ქართველოლოგთან, პეტერბურგში მცხოვრებ ქართველთან, თეიმურაზ ბაგრატიონთან, რომელიც მას ისტორიულ და ლიტერატურულ დოკუმენტებს დიდი ენთუზიაზმით უგზავნიდა და ყოველივე რთულსა და ძნელად გასაგებს უხსნიდა. 

უკვე ქართველოლოგიურ ძიებათა დასაწყისში მარი ბროსემ საქართველოში გამგზავრებაზე ფიქრი დაიწყო. მისი ოცნება მხოლოდ 1847 წელს ასრულდა. გამგზავრების წინ ფრანგმა მეცნიერმა საქართველოს ისტორიული ძეგლების შესწავლის აუცილებლობისა და მეთოდების შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს საზოგადოებას მისი ჩამოსვლის მიზნებს აცნობდა. სტატიაში ავტორი ყველას სთხოვდა _ მისთვის საქართველოს ისტორიისა და ფილოლოგიისადმი მიძღვნილი მასალები გაეგზავნათ.

საქართველოში მარი ბროსე საზოგადო მოღვაწეებს, მწერლებს, მეცნიერებს დაუახლოვდა, რომლებიც მას დიდი სიამოვნებით ეხმარებოდნენ.

საქართველოში მისი ყოფნა თერთმეტი თვით შემოიფარგლა, რაც, მისი აზრით, მთელი ქვეყნის გასაცნობად საკმარისი არ იყო. მარი ბროსე ერთნაირი ინტერესით სწავლობდა საქართველოს ისტორიას, ლიტერატურას, ნუმიზმატიკას, მეტროლოგიას, სფრაგისტიკას, ქრონოლოგიას და ასე შემდეგ. იგი განათლებით ფილოლოგი, საქმიანობით ისტორიკოსი, არსებითად კი უნივერსალი ქართველოლოგი იყო. 

© РИА НОВОСТИ ალავერდის საკათედრო ტაძარი კახეთში
ალავერდის საკათედრო ტაძარი კახეთში - Sputnik საქართველო
ალავერდის საკათედრო ტაძარი კახეთში

მარი ბროსე სანკტ-პეტერბურგიდან საქართველოში 1847 წლის 1 აგვისტოს გამოემგზავრა. გზაში თითქმის სამი კვირა იყო, თბილისში კი 1847 წლის 19 აგვისტოს ჩამოვიდა. მისი ჩამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კავკასიის ხალხთა შესახებ ეთნოგრაფიული და ფილოლოგიური ცნობების შეგროვება იყო.

თავისი ერთ-ერთი პირველი გასვლა მარი ბროსემ თეთრიწყაროსკენ განახორციელა. 26 აგვისტოს ამ დასახლების მიდამოებში მან გადაიწერა ყველა ქვის წარწერა, რაც გზაში ხვდებოდა. ამ დროიდან და საქართველოში მოგზაურობის მთელი პერიოდის განმავლობაში ეს მისი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი გახდა. ასე გადაურჩინა მარი ბროსემ შთამომავლობას არაერთი წარწერა.

იყო კოჯორში, მცხეთაში. საქართველოს ძველი დედაქალაქისკენ მგზავრობას იგი ასე ხატოვნად აღწერს:„ მდინარე ღრმა იყო, დინება კი სწრაფი და ისეთი ხმაურიანი, რომ ლამის თავბრუ დამესხა. იმ უცნაურ ილუზიას განვიცდიდი, რომელიც ნაცნობია ხალხისთვის, ვისთვისაც ამგვარი სახიფათო გადასვლები ჩვეულებრივი ამბავია: გეჩვენება, რომ ცხენი წინ არ მიიწევს და მას დინება იტაცებს".

მოგზაური ალავერდში და თელავშიც იყო. ახალშენში ღამე მარანში გაათია, სადაც ბევრი ქვევრია. ახალგამომცხვარი, თონიდან ახალი ამოყრილი ცხელი შოთის პური ბროსემ პირველად აქ გასინჯა. 

ალექსანდრე დიუმა - Sputnik საქართველო
ალექსანდრე დიუმა: ქართველები უნაკლო ხალხია ყველა საუკეთესო თვისებით

ქვემო ავჭალაში თავადმა თადეოზ გურამიშვილმა მიიღო. მისი ბინა ძველი ციხესიმაგრის კედლებს მიღმა იყო, სადაც მეფე გიორგი მეთორმეტე, მაშინ ჯერ კიდევ უფლისწული, თბილისის დანგრევის შემდეგ, თავშესაფრის საძებნელად ჩამოვიდა. მტკვრის სანაპიროზე განლაგებული ტერასებიდან შესანიშნავი ხედი იშლებოდა. თავადმა სტუმარს მის მიერ აგებული წყლის წისქვილი და უზარმაზარი ღვინის ქვევრი აჩვენა.

არა მხოლოდ თუნდაც მომქანცველი, მაგრამ მაინც მომხიბლავი მოგზაურობითა და მრავალი ახალი აღმოჩენით, არამედ, ზოგჯერ, ნაკლებად სასიამოვნო, თუმცა კი გარდაუვალი საყოფაცხოვრებო ეპიზოდებით ეცნობოდა მარი ბროსე საქართველოს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა, რაც დროის გასვლის შემდეგ უკვე სასაცილო ჩანდა, მეცნიერის კალმის წყალობით გამოიყურება როგორც ჭკუის სასწავლებელი აღმოსავლური არაკი:

"თბილისში ცხენის დაქირავება გადავწყვიტე და ფული წინასწარ გადავიხადე, რაც თბილისში არასოდეს ხდება _ ოთხი ვერცხლის რუბლი. მაკლერმა ცხენის კარგ თვისებებში დამარწმუნა და ჩემს ეზოში მისი ჭენებაც მიჩვენა. სამსაათნახევრიანი სიარულისა და თვრამეტი ვერსის გავლის შემდეგ, როდესაც მცხეთაში მივედი, ცხოველმა არაფერი ჭამა და კონვულსიური ძაგძაგი დაიწყო… დილით ცხენი გვერდზე იწვა, ადგომა აღარ შეეძლო, აღარაფერს ჭამდა… წინა ფეხები ეკვეთებოდა და თავს ვერ იკავებდა. იძულებული გავხდი, სხვა ცხენი მეშოვნა, ადგილობრივ ნაცვალს ვთხოვე და სამი პატივსაცემი პიროვნების ხელმოწერით მომცეს ცნობა, რომელიც იუწყებოდა, რომ ცხოველი მე არ გადამიქანცავს და, ყოველგვარ ეჭვგარეშეა, ცხენი ჩვენს მოგზაურობაზე ადრე იყო დაავადებული. ამასთან ერთად ყველამ დამარწმუნა, რომ, საქართველოს კანონის თანახმად, დაქირავების დროს დაღუპული ცხოველისთვის პატრონს არაფერს უხდიან, დაქირავების ღირებულებისა და ცხოველის ტყავის გარდა"… მე ნართაულად მთხოვეს, ამენაზღაურებინა ზარალი 15 ვერცხლის რუბლის ოდენობით… ჩემი მშვიდობისმოყვარე ბუნებიდან გამომდინარე, დავთანხმდი გადახდაზე…" 

© НАЦИОНАЛЬНЫЙ АРХИВ ГРУЗИИმამადავითის ეკლესიის თბილისის ლამაზი ხედები იშლება
მამადავითის ეკლესიის თბილისის ლამაზი ხედები იშლება - Sputnik საქართველო
მამადავითის ეკლესიის თბილისის ლამაზი ხედები იშლება

სურამისკენ მიმავალ გზაზე მარი ბროსემ ტყავის ჩანთა მოისაკლისა. მასში ოფიციალური ქაღალდები და მიუნხენური ჭოგრიტი ეწყო. აღმოჩნდა, რომ ჩანთა კარეტის ძირზე არსებული ხვრელიდან ჩავარდა. ერთ-ერთი მეეტლე მის საძებნელად წავიდა, მაგრამ მალე ხელცარიელი დაბრუნდა. მოგზაურის მიერ ოფიციალური ქაღალდების დაკარგვა სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლებას აცნობეს. დაიწყო ენერგიული ძიება, რომელიც წარმატებით დასრულდა: ჩანთა პატრონს დაუბრუნეს, თუმცა მასში ჭოგრიტი აღარ იდო.

მოგზაურმა თავისთვისაც აღმოაჩინა და სხვასაც შემოუნახა სიყვარულით დაფიქსირებული კავკასიური სტუმართმოყვარეობის ხასიათი: „ჩვენს ქვეყნებში წარმოდგენაც კი არა აქვთ, როგორ ესმით აზიელებს სტუმართმოყვარეობა, რასაც იქ ღვთის მადლად მიიჩნევენ, სადაც სასტუმრო გულთბილი მიპატიჟებით იცვლება. არა მხოლოდ ჩემი ყოველდღიური საუზმე მზადდებოდა იასაულის მცდელობით ისე, რომ ჩემს მასპინძელს უკმაყოფილების ნიშანწყალი არ ეტყობოდა; არა მხოლოდ მთელი ოჯახი საკუთარ მოკრძალებულ საცხოვრებელს ყოველ საღამოს მთლიანად მითმობდა; არამედ ხშირად ხდებოდა ხოლმე, რომ ადამიანები გზაზე მაჩერებდნენ, მათთან საუზმეზე მიწვევდნენ, ხილს და ჭიქა ღვინოს მთავაზობდნენ".

შხეთში, წმინდა სამების პატარა ეკლესიაში მარი ბროსეს მღვდელი ისეთი ღარიბი მოეჩვენა, რომ მისთვის მცირეოდენი საჩუქრის შეთავაზება გადაწყვიტა. „როგორი იყო ჩემი გაოცება, — წერს მოგზაური, — როდესაც მისი სახელით ორი დოქი საუცხოო ღვინო და პროდუქტებით სავსე კალათა მომიტანეს! როგორი სულისშემძვრელი სტუმართმოყვარეობაა! ღმერთმა ასმაგად გადაუხადოს!"

სააღდგომო დღესასწაულის წინ მარი ბროსე ზუგდიდში ჩავიდა, სადაც სამეგრელოს მთავრის რეზიდენცია მდებარეობს. მოგზაურს მთავარი დავით დადიანი და დედოფალი ეკატერინე ჭავჭავაძე, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქალიშვილი შეხვდნენ. დიდ შაბათს ბროსე წირვას დაესწრო. მოგზაური წერს, რომ ეკლესიაში სხვებთან ერთად იყვნენ აფხაზებიც, „რომლებსაც ადვილად შეიცნობ გადაპარსული თავითა და თეთრი ყაბალახით", მეგრელები და იმერლები, რომლებიც „უპირატესად გამოწყობილი არიან რუსულ სამხედრო ფორმაში წითელი საყელოებით". ღვთისმსახურება დილის ხუთ საათამდე გაგრძელდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში არც თავადებს, არც ქალბატონებს ერთი წუთითაც კი არ შეუსვენიათ, არ დამსხდარან, აღნიშნავს მარი ბროსე. 

იმპერატორი ალექსანდრე 2 - Sputnik საქართველო
მეგრული „მატრიოშკა“ რუსი ხელმწიფისთვის

დღის 2 საათისთვის მთავარმა საპატიო სტუმრების პატივსაცემად წვეულება მოაწყო თავისი სასახლის დარბაზში, ხოლო ხალხისთვის სუფრა სასახლის ბაღებში გაიშალა. „ჩემს ძალებს აღემატება იმის აღწერა, _ იხსენებს მარი ბროსე, _ რამდენი ხარი და ძროხა დაიკლა, რამდენი ქათამი და წიწილა მოიტანეს სუფრაზე ათასნაირი საწებლებით, რამდენი დოქი ღვინო დალიეს სუფრის წევრებმა, რომლებიც კარგად მოემზადნენ აღდგომის დღესასწაულისთვის მის წინ მკაცრი მარხვის დაცვით, რაც შვიდი კვირა გრძელდებოდა. სამაგიეროდ რა სიხარული იყო, რა შეძახილები, როგორი სიმღერები, როგორი ფერხულები და ცეკვები! სააღდგომო სადილი ხუთი საათი გაგრძელდა. პატარა სირჩებით დაიწყეს, შემდეგ მოჰყვა ჩვეულებრივი ჭიქები, შემდეგ — თასები, საოცარი ჯიხვის ყანწები და, ბოლოს _ ჰერკულესის თასის მსგავსი ლარნაკები. ზრდილობიანი სადღეგრძელოები, რომლებსაც ათასგვარი ყაიდით წარმოთქვამენ, პატივისცემას და ურთიერთობას მოითხოვს, რაზეც უარის თქმა ძნელია, თასი თასს უხმობს, ყანწისთვის შენც ყანწით უნდა გადაიხადო. ძველ რუსებს ჰქონდათ თასი, რომელსაც „ბრატინა” ერქვა. ეს სახელწოდება მეტად კარგადაა შერჩეული! მეგრელებს აქვთ სხვა, არანაკლებ გრაციოზული სუფრის წესი; ორი, სამი, ოთხი მეგობარი ფეხზე დგება, ერთმანეთს ხელებს გადააჭდობენ და ღვინის თანაბარ რაოდენობას ერთად, ერთდროულად სვამენ. ამ ერთობლივი ღვინის სმით გახურებული მეგობრები ერთმანეთს კოცნიან და ძმობის იგივე ცერემონიის შესასრულებლად სხვებთან მიდიან…" 

მარი ბროსე გვატყობინებს, რომ დღესასწაული სამი დღე გაგრძელდა. „რა მრავალხმიანობა, რა დაუღალავი ყელები, _ აღფრთოვანებულია პარიზელი მეცნიერი, — როგორი უცნაური და ჰარმონიული ხმები ამოდის ღვინით გამთბარი ამ მკერდებიდან და ახშობს ბანკეტის ხმაურს!.. არც დარბაზში, არც ბაღებში მე არ შემიმჩნევია კაცი, რომელსაც ღვინისგან გონება წართმეოდა. არადა, ღმერთმა ხომ იცის, რა ნექტარია ეს „ოჯალეში", განსაკუთრებით როდესაც ის ახალგაზრდაა და სხვა ჯიშებიც ურევია! მთავარმა განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინა და ბრძანა, ჩვენთვის თვრამეტი წლის ღვინო მოეტანათ. ჯერ კიდევ მწკლარტე იყო, მაგრამ მდიდარი, მე მას მხოლოდ ბორდოს ყველაზე სახელგანთქმულ ღვინოებს შევადარებდი".

მარი ბროსემ დავით დადიანისგან აუცილებელი განმარტებები მიიღო და მან შესაბამისი განკარგულებანიც გასცა, რათა მოგზაურს მისი სამფლობელოს ყველა საინტერესო ადგილის დათვალიერების საშუალება ჰქონოდა. მთავარმა სტუმარს ერთი მცოდნე ახალგაზრდა კაცი მიუჩინა, რომელსაც მისთვის მეგზურობაც უნდა გაეწია და პროდუქტებით, ბინითა თუ ცხენებით უზრუნველეყო. ექსკურსიის განმავლობაში მთავარმა მარი ბროსეს დაუთმო ღონიერი, შესანიშნავი „ბაჩა", ერთგული და დაუღალავი აღმართებში და მთიან გზებზე თოხარიკით სიარულისას. ამას გარდა, თავადმა ისურვა, რომ სტუმარს მთლიანად მის ხარჯზე ემოგზაურა.

სამეგრელოს შემდეგ მარი ბროსე სამურზაყანოს, აფხაზეთს ეწვია. „არც ერთ მცხოვრებს, — წერს მოგზაური, — არ ემეტებოდა ჩვენთვის პროდუქტები ვერცხლის სანაცვლოდაც კი. სენიორი შინ არ იყო, ხოლო მისი ცოლი მიღებაზე უარს გვეუბნებოდა. რა უნდა გვექნა? მოლაპარაკების წყალობით ამ ქალისგან ცოტაოდენ დათმობას მივაღწიე. ასე რომ, გამომიყვეს მოწნული ქოხი, სადაც ტახტზე ხალიჩის ნაცვლად დამიგეს დიდი დათვის ტყავი, რუხი და რბილი. ჩვენი საკვები მორჩენილი ცივი ღომი, წითელი ლობიო და ყველის ნარჩენები იყო, აგრეთვე ერთი მოხარშული კვერცხი და რამდენიმე ნაჭერი შავი პური… ყოველივე ამას ასრულებდა ერთი დოქი საეჭვო ფერისა და მომჟავო გემოს მქონე ერთობ მაგარი აფხაზური ღვინო". 

ხაკანი შირვანი - Sputnik საქართველო
ხაკანი შირვანი: "შევიყვარე მე ქართველი გოგონა..."

ქალაქ გორში თავადაზნაურთა ასამბლეამ მარი ბროსეს პატივსაცემად საზეიმო ბანკეტი გამართა. „ეს დღე, — შენიშნავს ფრანგი ქართველოლოგი, — არ წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან". სადილს 66 თავადი, აზნაური და რუსი ჩინოვნიკი ესწრებოდა. შეკრებილთა სახელით მარი ბროსეს სადღეგრძელო თავადმა გიორგი ერისთავმა წარმოთქვა:

„ბატონო ბროსეტ! მას შემდეგ, რაც ივერიელებმა შეიტყვეს თქვენი დიდი შრომების შესახებ, რომლებიც ეძღვნება ჩვენი ენის შესწავლას, ჩვენი ქვეყნის არქეოლოგიისა და ისტორიის შესწავლას, ჩვენი დიდი სურვილი გახდა გვეხილეთ თქვენ ჩვენი სამშობლოს მიწაზე, რათა გამოგვეხატა ჩვენი მადლიერება! აღსრულდა ჩვენი გულითადი სურვილი! ჩვენ გხედავთ ჩვენს შორის! ბატონო ბროსეტ! ეს სავსე თასი თქვენდამი ჩვენი უღრმესი პატივისცემის ნიშანია. დაე, მოიტანოს მან თქვენამდე ჩვენი თანამემამულეების საერთო ხმა! ხსოვნა თქვენს შესახებ ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს გადაეცემა და ისინი პატივისცემით წარმოთქვამენ თქვენს სახელს! ბატონებო! შევსვათ ბატონ ბროსეტის სადღეგრძელო, რომელსაც უყვარს რუსთაველის, პეტრიწისა და ხონელის ენა და რომელიც ჩვენს ენას აცნობს განათლებულ ხალხებს, მხარეებსა და ქვეყნებს".

ფეხზე მდგომი მარი ბროსე დაელოდა სადღეგძელოს ჩამთავრებას, თავის დახრით მადლობა გადაუხადა თავადსა და სუფრის ყველა წევრს და ჩამოწოლილ სიჩუმეში ქართულად ალაპარაკდა:

„ბატონო თავადებო, აზნაურებო და მთელი გორის კეთილშობილო საზოგადოებავ! სულითა და გულით მადლობას გიხდით იმ კეთილშობილებისა და პატივისცემისთვის, ჩემ მიმართ რომ გამოიჩინეთ. უხერხულადაც კი ვგრძნობ თავს, რომ ამ მიღებით ასეთი პატივი მომაგეთ. ვფიქრობ, აქ ჩამოსვლის აზრამდე მიმიყვანა მეცნიერებისკენ სწრაფვამ და თქვენი სამშობლოსადმი სიყვარულმა, ვინაიდან ღმერთმა ისურვა ავერჩიე მე, უღირსი, რათა ქართული ლიტერატურისადმი ინტერესი გამეღვიძებინა, რისთვისაც ჩემი შესაძლებლობის შესაბამისად ვიღწვი… არ დაივიწყოთ, თავადებო და აზნაურებო, რომ ამჟამად, მეფისა და დედოფლის მსგავსად, მსოფლიოში მეცნიერება და ხელოვნება ბატონობენ. ეცადეთ თქვენც გაანათლოთ თქვენი ახალგაზრდები ცოდნითა და ხელოსნობით. დაეხმარეთ საკუთარ თავს და ღმერთი კეთილმოწყალებას არ მოგაკლებთ. მეც შემოგიერთდებით — გულითაც და შრომებითაც".

მარი ბროსეს გარდაცვალების ცნობამ საქართველოში დიდი გულისტკივილი გამოიწვია. თბილისში, ქუთაისში, გორში, ახალციხესა და საქართველოს სხვა ადგილებში სამოქალაქო პანაშვიდები გადაიხადეს.

1880 წლის 2 სექტემბერს გაზეთმა „დროებამ" იონა მეუნარგიას ხელმოწერით ნეკროლოგი გამოაქვეყნა: „…ამ კაცის წყალობით ჩვენი სახელი და ხსოვნა ჩვენ შესახებ ევროპაში მარადის დამკვიდრდა… ადრე, ჩვენი ისტორიული არსებობის კვალობაზე, განათლებული ევროპა, ასე თუ ისე, გვიცნობდა. მან იცოდა, რომ კავკასიაში ცხოვრობს მამაცი ხალხი ივერიელები, რომლებიც მედგრად უდგანან აზიის ხალხებს და ებრძვიან მათ, განსაკუთრებით — სპარსელებსა და თურქებს.

მაგრამ მას შემდეგ, რაც ბედმა რუსეთთან დაგვაკავშირა, ჩვენი ქვეყნის ევროპაში ხსენება მთლიანად გაქრა. ბროსემ მსოფლიოს პირველმა აცნობა ჩვენი ისტორიის არსებობის, ჩვენი ბედისა და დღევანდელი მდგომარეობის შესახებ. აი, რით დაიმსახურა სახელოვანმა ბროსემ ყოველი ქართველის მარადისი მადლობა და ხსოვნის პატივისცემა… ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მოუღლელი მშრომელი, მითოლოგიური ბრიარეის მსგავსად — 50 თავითა და ასი ხელით — იბრძოდა საქართველოს ისტორიის გამოსაკვლევად და მისი ლიტერატურის შესასწავლად".

სიონის ტაძარში გამართულ პანაშვიდზე არქიმანდრიტმა გრიგოლ დადიანმა სიტყვა წარმოთქვა. მან მეცნიერის სიცოცხლე შეადარა სიცოცხლეს „სამი მისიონერისა, რომლებიც მშობლიურ მიწას ტოვებენ და სამყაროს დასალიერისკენ მიეშურებიან, რათა ღვთის მოძღვრება იქადაგონ. ასევე მანაც, ისტორიული ჭეშმარიტების მოციქულმა, დატოვა საფრანგეთი, თავისი სამშობლო, მაგრამ არა ჭეშმარიტების საქადაგებლად, რაც უფალმა დაგვიტოვა, არამედ იმისთვის, რათა ეპოვა ჭეშმარიტება, რომელიც ისტორიისა და დროის მიერ არის დაფარული. ამ შორეულ ქვეყანაში მისმა გულმა ორმაგი კმაყოფილება მიიღო: ჯერ ერთი — იმის გამო, რომ ევროპას მისთვის უცნობი ხალხი გააცნო და, მეორეც, იმიტომ, რომ ამ ხალხის წარსულის ცოდნამ ძველი დროის მსოფლიო ისტორია შეავსო".

ქართველი საზოგადო მოღვაწე ქრისტეფორე მამაცაშვილი 1880 წლის 19 სექტემბერს გაზეთ „დროებაში" წერდა: „ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა — ძეგლი დავუდგათ მარი ბროსეს; მაგრამ ვინაიდან ჩვენი სიღარიბე ამის საშუალებას არ გვაძლევს, ეს ჩვენ ანდერძად უნდა დავუტოვოთ ჩვენს შთამომავლობას, რომელიც, იქნებ, ჩვენზე უფრო მდიდარი და ბედნიერიც იყოს”.

1902 წელს, მარი ბროსეს დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით, ილია ჭავჭავაძემ თბილისის ქალაქის თვითმმართველობას ერთ-ერთი ქუჩისთვის მარი ბროსეს სახელის მინიჭების თხოვნით მიმართა. და, მართლაც, ყოფილ წყალსაქაჩის ქუჩას ბროსეს სახელი ეწოდა.

1994 წელს მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე, სკვერში ჯუნა მიქატაძის მიერ შექმნილი მარი ბროსეს ბრინჯაოს ძეგლი აღიმართა.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0