სერგეი პროკუდინ-გორსკი - მისი საიმპერატორო უდიდებულესობის კარის ფოტომემატიანე

სერგეი პროკუდინ-გორსკი
სერგეი პროკუდინ-გორსკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტი „დიდი ადამიანები საქართველოში“ ჟურნალისტ ბესიკ ფიფიას იმავე სახელწოდების წიგნზეა დაფუძნებული. წინამდებარე ნარკვევში ავტორი რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ II-ის პირადი ფოტოგრაფის სერგეი პროკუდინ-გორსკის შესახებ მოგვითხრობს.

ბესიკ ფიფია

მსოფლიოში პირველი ფერადი ფოტოგრაფია და ფერადი კინემატოგრაფია სერგეი პროკუდინ-გორსკიმ გამოიგონა. იგი სანკტ-პეტერბურგში დაიბადა 1863 წელს. სწავლობდა პეტერბურგის კონსერვატორიაში და სამხატვრო აკადემიაში, მუშაობდა ქიმიის საკითხებზე დიმიტრი მენდელეევის საუნივერსიტეტო ლაბორატორიაში, სწავლობდა ბერლინის უმაღლეს ტექნიკურ სკოლაში.

ფერადი გამოსახულების მიღების მეთოდი პროკუდინ-გორსკიმ XX საუკუნის დასაწყისში გამოიგონა. ის ჩვეულებრივი შავ-თეთრი ფოტოფირფიტებისა და საკუთარი კონსტრუქციის სპეციალური ფოტოაპარატის საშუალებით ერთი და იმავე სიუჟეტის სამ სურათს იღებდა სამი სხვადასხვა ფოტოფილტრით — ლურჯით, მწვანეთი და წითელით. შემდეგ მზადდებოდა დიაპოზიტივები, რისი პროექცირებაც ხდებოდა ეკრანზე სპეციალური დიაპროექტორით. შედეგად ეკრანზე ჩნდებოდა ფერადი გამოსახულება.

© საქართველოს ეროვნული არქივისერგეი პროკუდინ გორსკი - მდინარის პირას ბათუმის მახლობლად
სერგეი პროკუდინ გორსკი - მდინარის პირას ბათუმის მახლობლად - Sputnik საქართველო
სერგეი პროკუდინ გორსკი - მდინარის პირას ბათუმის მახლობლად

საიმპერატორო კარის წინაშე საკუთარი ნამუშევრების წარდგენა ფოტომხატვარმა ცარსკოე სელოში მოაწყო. ნიკოლოზ II ნანახით აღფრთოვანებული დარჩა და უმალვე დაავალა პროკუდინ-გორსკის, გადაეღო რუსეთის იმპერიაში შემავალი ყველა ოლქის ცხოვრების ამსახველი მხარეები, და ამისთვის ფოტოგრაფს ორი სპეციალური ნებართვაც მისცა. პირველში ნათქვამი იყო, რომ მისი საიმპერატორო უდიდებულესობა ნებას რთავს მას, შევიდეს ნებისმიერ ადგილზე, გასაიდუმლოების როგორი დონეც არ უნდა მოქმედებდეს იქ, და ფოტოზე გადაიღოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტებიც კი. მეორე დოკუმენტში ყველა ოფიციალურ პირს მოუწოდებდნენ, ხელი შეეწყოთ პროკუდინ-გორსკისთვის „ნებისმიერ ადგილზე და ნებისმიერ დროს". მოგზაურობისთვის ფოტოგრაფს გამოუყვეს პულმანის ვაგონი, რომელშიც ფოტოლაბორატორიაც მოეწყო.

© საქართველოს ეროვნული არქივიბორჯომში, მინერალურ წყაროსთან, ფოტოს ავტორი - სერგეი პროკუდინ-გორსკი
ბორჯომში, მინერალურ წყაროსთან, ფოტოს ავტორი - სერგეი პროკუდინ-გორსკი - Sputnik საქართველო
ბორჯომში, მინერალურ წყაროსთან, ფოტოს ავტორი - სერგეი პროკუდინ-გორსკი

1909-1915 წლებში პროკუდინ-გორსკიმ ფოტოაპარატით ხელში იმოგზაურა საქართველოში. გადაიღო რამდენიმე ათეული სურათი, მათ შორის — ბათუმში, ჩაქვში, სოხუმში, ახალ ათონში, გაგრაში, ბორჯომში, თბილისში. ოსტატმა აღბეჭდა ბუნება, არქიტექტურა, წარმოება, ყოფა-ცხოვრება, სოფლის მეურნეობა, ქართველების კოსტიუმები. მდინარე მეფისწყალზე კი პროკუდინ-გორსკიმ საკუთარი ფოტოსურათიც გადაიღო. სურათები იმდენად მკაფიო, ცოცხალი, მდიდარია, თითქოს დღეს არის გადაღებული ძვირფასი იაპონური ტექნიკით.

© საქართველოს ეროვნული არქივიხედი ტიფლისზე მამადავითის მონასტრიდან. ფოტოს ავტორი - სრეგეი პროკუდინ-გორსკი
ხედი ტიფლისზე მამადავითის მონასტრიდან. ფოტოს ავტორი - სრეგეი პროკუდინ-გორსკი - Sputnik საქართველო
ხედი ტიფლისზე მამადავითის მონასტრიდან. ფოტოს ავტორი - სრეგეი პროკუდინ-გორსკი

1917 წლის რევოლუციის შემდეგ პროკუდინ-გორსკი რუსეთიდან ემიგრაციაში წავიდა და თან წაიღო თავისი თითქმის მთელი არქივი, რომელიც ფოტოფირფიტების 20 ყუთს შეადგენდა. მას სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტებისა და სამეფო ოჯახის წევრების ფოტოების გატანის ნება არ მისცეს. იგი დასახლდა პარიზში, სადაც 1944 წელს გარდაიცვალა. ოთხი წლის შემდეგ პროკუდინ-გორსკის შვილმა 5000 დოლარად გაყიდა კოლექცია — 1900 მინის ნეგატივი და 14 ალბომი, რომელიც შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ბიბლიოთეკაში აღმოჩნდა და დღემდე იქ ინახება.

2000 წელს პროკუდინ-გორსკის ფოტოების ელექტრონული ვერსიები დამზადდა, 2007 წელს კი ქართული თემატიკისადმი მიძღვნილი მისი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო თბილისში, ზუგდიდში, ბათუმში, შემდეგ კი საჩუქრად გადაეცა ზუგდიდის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს.


ყველა ახალი ამბავი
0