ბესიკ ფიფია
კავკასიაში ვითარების გაცნობის მიზნით იმპერატორი ალექსანდრე II 1861 წლის 13 სექტემბერს ნოვოროსიისკში ჩავიდა. აქ გადაჯდა საიმპერატორო იახტა „ლივადიაზე" და ორი შხუნის _ "კელასურისა" და „ყაზბეგის" თანხლებით სოხუმისკენ გაემგზავრა.
ზუსტად 12 საათზე „ლივადია" სოხუმის ნავსადგურში შევიდა. ხელმწიფე ნიჩბიან კატარღაზე გადაჯდა და ნავმისადგომისკენ გაემართა. მაგრამ აქ ყველა ხელმძღვანელ პირს თავზარი დაეცა, რადგან ნაპირზე მოწყობილ ხის ნავმისადგომზე სამხედრო და სამოქალაქო ადმინისტრაციის არც ერთი წარმომადგენელი არ ჩანდა. თურმე, აი, რა მოხდა: სოხუმის სამხედრო კომენდანტმა, პოლკოვნიკმა შატილოვმა, რომელმაც წინასწარ იცოდა, რომ იმპერატორის იახტას თან ახლდა ორი სამხედრო შხუნა, სოხუმის ჩრდილოეთით არსებულ კონცხზე მოაწყო სათვალთვალო პოსტი დონის რამდენიმე კაზაკით, რომლებიც მოამარაგეს სასიგნალო შუშხუნებით. კონცხის სიმაღლიდან პირველი ხომალდის გამოჩენის დროს კაზაკებს უნდა გაესროლათ ერთი შუშხუნა, ხოლო მეორე, იმპერატორის ხომალდის გამოჩენის დროს ჰაერში ორი შუშხუნა უნდა აფრენილიყო. ამის შემდეგ სოხუმში მყოფი ჯარები უნდა გამწკრივებულიყვნენ ნავმისადგომიდან იმ სახლამდე, სადაც მომზადებული იყო ბინა ხელმწიფისთვის.
მაგრამ სოხუმამდე რამდენიმე მილის დაშორებით იმპერატორის იახტამ წინ მიმავალ შხუნა „ყაზბეგს" გაუსწრო და „ლივადია"კონცხის სიმაღლიდან პირველი გამოჩნდა. კაზაკებმა, შესაბამისად, ერთი შუშხუნა გაუშვეს. ხოლო როდესაც მეორე გემი გამოჩნდა და ორი შუშხუნაც გაისროლეს, „ლივადიას" სოხუმის რეიდზე ღუზა უკვე ჩაშვებული ჰქონდა. როცა პოლკოვნიკ შატილოვს მოახსენეს, რომ რეიდზე პირველი დადგა იახტა იმპერატორის დროშით, მან ძლივს მოასწრო ნავმისადგომთან მისვლა და ხელმწიფის შეხვედრა, ხოლო ჯარმა გამწკრივება მაშინღა დაიწყო, როდესაც მეფე უკვე ბინაში შედიოდა.
ალექსანდრე II შეხვდა აფხაზეთის თავადაზნაურობას და წარჩინებულებს, სოხუმის ხელმძღვანელებს. პოლკოვნიკ შატილოვთან საუზმის შემდეგ იმპერატორი სოხუმის დასათვალიერებლად წავიდა. მოინახულა ჰოსპიტალი, დაათვალიერა დაბალი ჩინების ყაზარმები, ჯარისკაცებსა და ოფიცრებს ცხოვრების პირობების შესახებ ესაუბრა, სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა, ზოგიერთ მათგანს გიორგის ჯვრები გადასცა.
საღამოს 5 საათისთვის ალექსანდრე II ნავმისადგომზე მივიდა. კატარღაში ჩაჯდა და იქვე პლატფორმაზე მდგარ პოლკოვნიკ შატილოვს ასეთი სიტყვებით მიმართა: „ნახვამდის, გენერალო, გმადლობთ სამსახურისთვის და იმ წესრიგისთვის, რომელიც სოხუმში ვნახე". ახალი გენერლისა და მთელი იქ შეკრებილი ხალხის აღფრთოვანებული „ვაშა!" მონარქს იქამდე მიაცილებდა, სანამ „ლივადიის" გემბანზე არ ავიდა.
იახტამ კურსი ქალაქ ფოთისკენ აიღო. უფრო ადრე იქ გაიგზავნა სამხედრო შხუნა, რომელსაც უნდა ეცნობებინა, რომ მეფე ღამის 12 საათისთვის ჩამოვიდოდა. ამ დროისთვის უნდა მოემზადებინათ სამდინარო გემი, რომელიც იმპერატორს ფოთის რეიდზე დახვდებოდა და მდინარე რიონით ჭალადიდსა და ქუთაისში წაიყვანდა. „ლივადია" ფოთში დანიშნულ საათზე ჩავიდა. ალექსანდრე II-ს ბნელი, უმთვარო ღამე შეხვდა, შორს ოდნავ მოჩანდა უღრანი ტყე და სიბნელეში ჩაძირული ფოთი. სამდინარო გემი კი არსად ჩანდა. ხელმწიფეს არც უკმაყოფილება გამოუხატავს, არც რისხვა, იახტის მოაჯირზე დაყრდნობილი მშვიდად ელოდებოდა. გავიდა ერთი საათი, მეორე, მესამე, წყეული გემი კი არა და არ ჩანდა. ალექსანდრე მხოლოდ ხანდახან მხლებლებიდან ვინმეს უხმობდა თავისთან და რაღაცას ეუბნებოდა ან ეკითხებოდა.
ამალაში მყოფი კონტრ-ადმირალი სკოლკოვი და შავი ზღვის ფლოტის სარდალი ბოგდან გლაზენაპი, რასაკვირველია, ყველაზე მეტად იყვნენ აღშფოთებული ასეთი დანაშაულებრივი დაუდევრობით და ყველაზე მეტად გრძნობდნენ თავს დამნაშავედ იმ მტანჯველი მოლოდინის გამო, რასაც თავად იმპერატორი ასე მოთმინებით იტანდა.
როცა უკვე ღამის სამი საათი ჩამოდგა, სკოლკოვი გლაზენაპს მიუახლოვდა, მეფისკენ გაახედა, რომელიც ისევ ბნელ ნაპირს გასცქეროდა, და ჰკითხა: „რას ფიქრობთ, თქვენო აღმატებულებავ, რა მოხდებოდა ახლა აი, იქ, მოაჯირთან განსვენებული იმპერატორი ნიკოლოზი რომ მდგარიყო?" „ის მოხდებოდა, _ უპასუხა გლაზენაპმა, _ რომ მე და თქვენ უკვე დიდი ხნის წინ ვიქნებოდით ბორტს მიღმა".
ღამის 4 საათისთვის, როგორც იქნა, შეჩვენებული გემიც გამოჩნდა. ფოთის ნავსადგურის კაპიტანი კიტაევი, 60 წლის მოხუცი, იახტის გემბანზე ავიდა და საზღვაო წესდების შესაბამისად უპატაკა ხელმწიფეს. მეფეს უკმაყოფილების ერთი სიტყვაც კი არ წარმოუთქვამს; სამაგიეროდ მოხუც მეზღვაურს მაგრად მოხვდა უფროსებისგან. გაცეცხლებული გლაზენაპის კითხვაზე, რატომ დააგვიანა ასე ძალიან, კაპიტანმა აკანკალებული ხელით სამხედრო სალამი მისცა და ენის ბორძიკით აუხსნა, რომ მდინარის ორთქლის გემისთვის ორთქლი მზადდებოდა. ერთ რამედ ღირდა ამ დროს ადმირალის შეხედვა. „ეს როგორ, კაპიტანო, თქვენ ჯერ კიდევ 1860 წლის 14 სექტემბერს იცოდით, რომ ხელმწიფე იმპერატორი 1861 წლის 14 სექტემბერს, ღამის 12 საათზე დადგებოდა ფოთის რეიდზე. თქვენ უნდა გეზრუნათ, რომ თქვენს უბედურ გემს მთელი წლის განმავლობაში ორთქლი არ მოჰკლებოდა და ასე დალოდებოდით მის უდიდებულესობას – და ეს არის მეზღვაურის თავის მართლება?!”
ფოთში ღამის გათევის შემდეგ ხელმწიფე სამდინარო გემით მდინარე რიონს აჰყვა. წინასწარ შედგენილი პროგრამის მიხედვით, სოფელ ჭალადიდში იმპერატორი სანადიროდ მიიწვიეს. რიონის ნაპირიდან, იმ ადგილიდან, სადაც გემი გაჩერდა, ნახევარ ვერსში ფანჩატურის მსგავსი ნაგებობა აეგოთ, სადაც მოეწყო მეფე. ალექსანდრე II სკამზე ჩამოჯდა და სიგარა გააბოლა. 10-15 წუთის შემდეგ მარეკების ხმა და მწევრების ყეფა მოისმა. ხელმწიფე სკამიდან წამოდგა, ფანჩატურიდან ერთ-ერთი თოფი აიღო და ლოდინი დაიწყო. ხმაური და ყვირილი სულ უფრო ახლოვდებოდა. და, აი, მდელოზე ირემი გამოხტა და… ბალახის ძოვა დაიწყო. მეფემ სასხლეტიდან თითი აიღო, მივიდა და მოეფერა ცხოველს, რომელიც მოშინაურებული აღმოჩნდა. „ნადირობა დამთავრდა, — წარმოთქვა გრაფმა ადლერბერგმა, — ირემი დატყვევებულია". სანადიროდ მყოფი გენერალ-ადიუტანტი ა. შჩერბაკოვის ვარაუდით, მოშინაურებული ირემი ერთ-ერთ მეგრელ თავადს ეკუთვნოდა.
შემდეგი გაჩერება სოფელ მარანში იყო. აქ ხელმწიფემ სამეგრელოს თავად-აზნაურები მიიღო, მათი მდგომარეობის შესახებ ესაუბრა, თურქეთის კამპანიის დროს ერთგულებისა და სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მათთან ერთად საუზმე მიირთვა. საუზმეზე მხოლოდ ქართული კერძები იყო, ყველა განსაკუთრებით განაცვიფრა მეგრულმა „მატრიოშკამ". გასაკვირი კი ნამდვილად იყო: ხელმწიფეს ოთხმა კაცმა მიართვა შამფურზე წამოცმული მთელი ხარი, გაჭრეს და იქიდან ხბო ამოიღეს, ხბოდან — ცხვარი, ცხვრიდან - ინდაური, ინდაურიდან წიწილა, იქიდან კი — შაშვი. და ეს ყველაფერი არტისტულად და გემრიელად იყო მომზადებული. მეფემ ვერცხლის აზარფეშით სამეგრელოს კეთილდღეობისა და აყვავების სადღეგრძელო შესვა. მეფის შემდეგ აზარფეშა ხელიდან ხელში გადადიოდა.
ერთ-ერთმა თავადმა აზარფეშა, რომელშიც თითქმის ერთი ბოთლი ღვინო ჩადის, პატივცემულ ლეიბ-მედიკოს კარელინს მიართვა. მან ცოტა მოსვა და ის იყო, მისი მეზობლისთვის გადაცემა დააპირა, რომ თავადმა პროტესტი განაცხადა: სტუმარს არწმუნებდა, რომ საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული წესის მიხედვით, არ შეიძლება აზარფეშის ვინმესთვის გადაცემა, თუ მასში ერთი წვეთი ღვინო მაინც არის დარჩენილი. და, აი, დარბაისელმა ექიმმა, ნებით თუ ძალით, დიდი გაჭირვებით გამოცალა აზარფეშა, რისთვისაც ყველასგან ტაში დაიმსახურა.
ალექსანდრე II იმავე საღამოს ქუთაისში ჩავიდა და გენერალ-გუბერნატორ ნიკოლოზ კოლიუბაკინის სახლში გაჩერდა, რომელიც საპატიო სტუმრისთვის წინასწარ იყო განახლებული. პირველ დღეს ხელმწიფემ ხელმძღვანელი პირები, თავადაზნაურობის წარმომადგენლები მიიღო, დაათვალიერა ჰოსპიტალი და სასწავლებლები. მეორე დღეს იგეგმებოდა მეჯლისის მოწყობა, რისთვისაც ქუთაისში იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის ყველა ლამაზმანი შეიკრიბა. მეჯლისი ქალაქგარეთ ერთ-ერთ წარმტაც ადგილზე მოწყობილ პავილიონში უნდა გამართულიყო. მაგრამ ამას წვიმამ შეუშალა ხელი, - ორი დღე-ღამის განმავლობაში კოკისპირულად წვიმდა.
„ხელმწიფემ მოისურვა, რომ ამ საღამოზე გენერალ-გუბერნატორის სახლში მოეწვიათ იმდენი ქალბატონი, რამდენიც იქ დაეტეოდა, — იგონებს ა. შჩერბაკოვი. - და, აი, დაიწყო წვალება - ვინ მოიწვიონ და ვინ არა. მოწყობილი პავილიონი, რასაკვირველია, ქუთაისში ჩამოსულს ყველას დაიტევდა, მაგრამ ახლა ამოსარჩევი გახდა სულ რაღაც 20-30 ქალბატონი. თუ მხოლოდ მხარის ქალთა არისტოკრატიას მოიწვევდი, დაგიგროვდებოდა მხოლოდ დედაბრები, მოიწვევდი მხოლოდ მზეთუნახავებს და უკიდურესად განაწყენდებოდნენ პირველები. საჭირო იყო შუალედის მოძებნა - და მოიწვიეს ისინიც და ისინიც. ცეკვები ამ საღამოზე მხოლოდ ლეკური იყო. მაგრამ უნდა გენახა, რა ლეკური იყო ეს! მე ძველი კავკასიელი ვარ, არც მანამდე, არც ამის შემდეგ მზეთუნახავების ასეთი შეკრება, ასეთი კარგი მოცეკვავეები არ მინახავს. ხელმწიფე წარმოუდგენლად გამოცოცხლდა, ტაშს უკრავდა, როგორც სხვები, ლეკურის ტაქტში, ბევრ ქალბატონს გულთბილად ესაუბრებოდა, მეორე დღეს კი მათ უმრავლესობას საკმაოდ ძვირფასი საჩუქრები გაუგზავნა. საკუთარი განსაკუთრებული კეთილგანწყობის გამოსახატად გენერალ-გუბერნატორს უბრძანა — დასაჯილდოებლად წარმოედგინა თავადებისა და აზნაურების ღირსეული წარმომადგენლები მთელი საგუბერნატოროდან, და მეჯლისის საღამოს ეს წარდგინება დაამტკიცა. მეორე დღეს კი გრაფმა ადლერბერგმა სია გენერალ კოლიუბაკინს გადასცა. სულ ჯილდო დაახლოებით 300-მა კაცმა მიიღო".
იმ პირთა შორის, ვინც ქუთაისში სხვადასხვა თხოვნით ჩავიდა, იყო თავადის ქალი დადეშქელიანი — სვანეთის ყოფილი მთავრის, 1857 წელს ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის, თავად ალექსანდრე გაგარინის მკვლელობისთვის სიკვდილით დასჯილი კონსტანტინე დადეშქელიანის ქვრივი. მან მეფეს უთხრა, რომ ძალიან უჭირს და მისთვის და მისი შვილებისთვის დახმარება სთხოვა. იმპერატორმა თავადის ქალ დადეშქელიანისთვის ერთდროულად 6000 რუბლის გამოყოფა ბრძანა.
მესამე დღეს, დაახლოებით დილის 10 საათზე ალექსანდრე II ქუთაისიდან იმავე გზით ფოთში დაბრუნდა, იქიდან კი ყირიმში გაემგზავრა.