რიოს ოლიმპიადის მოლოდინში

© photo: Sputnik / Natia Tsirekidzeსაქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე, რომელიც 5-21 აგვისტოს გაიმართება რიო–დე–ჟანეიროში, რამდენიმე თვე დარჩა. საქართველოს ოლიმპიურ გუნდს ამჟამად 20 ლიცენზია აქვს. ჩვენი სპორტსმენები სპორტის რამდენიმე სახეობაში ლიცენზიების მოპოვებას კიდევ გეგმავენ.

განსაკუთრებული ყურადღება ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს მართებთ, რომლებსაც ჯერ ერთი ლიცენზიაც კი არ აუღიათ. მათგან განსხვავებით „თავისუფლებმა“ 6 შესაძლებლობიდან 4 ლიცენზია მოიპოვეს, როცა 2015 წელს ლას–ვეგასში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57 კგ) მსოფლიო ჩემპიონი გახდა, სანდრო ამინაშვილი (86 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) – ბრინჯაოს მედლის მფლობელები, ხოლო ელიზბარ ოდიკაძე (96 კგ) უმედლოდ კი დარჩა, მაგრამ მე-5 ადგილის დაკავებით ლიცენზია მიიღო.
რიომდე მოჭიდავეებს სამი სალიცენზიო ტურნირი ელით. პირველი შეჯიბრება 15-17 აპრილს სერბეთში გაიმართება, მეორე – 22-24 აპრილს მონღოლეთში, ხოლო დასკვნითი სალიცენზიო ტურნირი 6-8 მაისს თურქეთში შედგება. სავარაუდოდ, თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს არ უნდა გაუჭირდეთ სრული გუნდით წასვლა. ეს ამასწინანდელმა ევროპის ჩემპიონატმაც დაადასტურა, სადაც გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს. იგივეს ვერ ვიტყვი „კლასიკოსთა“ ნაკრებზე, თუმცა თავს შევიკავებ ნაადრევი დასკვნებისგან და შეჯიბრებებს დაველოდოთ.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრებმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ოლიმპიადა 2016-ის ლიცენზია ვერ მოიპოვა

ბოლო პერიოდში ჩვენმა მთავარმა „დამრტყმელმა“ ძალამ – ძიუდოისტებმა ლიცენზიები 7-დან 5 წონაში ოფიციალურად გაინაღდეს. შედარებით პრობლემატურია ორი წონა – 66 და 100 კგ-მდე, სადაც ლიცენზიისთვის ბროლა გრძელდება, თუმცა 66 კილოში ვაჟა მარგველაშვილს საგზური პრაქტიკულად განაღდებული აქვს, ხოლო ბექა ღვინიაშვილს სამხრეთ ამერიკაში მოპოვებული ორი გამარჯვების შემდეგ უკვე თბილისში გასამართ გრან-პრიზე კარგი გამოსვლით შეუძლია სანუკვარი მიზნის მიღწევა.
ოლიმპიური თამაშებისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია - Sputnik საქართველო
Sputnik-ი 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადაში მონაწილე ქართველ სპორტსმენებზე მოგითხრობთ

საქართველოს ოლიმპიადის პირველი ლიცენზია ტყვიის სროლაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ მოუტანა, ვისთვისაც ეს მერვე ოლიმპიური თამაშებია. თუ მისმა კოლეგა იასნა სეკარიჩმა საგზური ვერ მოიპოვა, სალუქვაძე სულაც ერთადერთი იქნება სპორტის ამ სახეობაში, ვინც რვაჯერ იასპარეზა ოლიმპიურ ფორუმზე. ნინო კიდევ ერთი უნიკალური მიღწევის ავტორია – რიოს ლიცენზია მისმა ვაჟმა 18 წლის ცოტნე მაჭავარიანმაც დაისაკუთრა და ეს პირველი შემთხვევაა საქართველოს სპორტის ისტორიაში, ხოლო უიშვიათესი შემთხვევა – მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ცოტნემ უნგრეთის ქალაქ გიორში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტით სროლაში მეექვსე შედეგი აჩვენა, ფინალში გავიდა და რადგან რვა ფინალისტიდან ხუთს მანამდე უკვე აღებული ჰქონდა ოლიმპიადის საგზური, ჩვენმა მსროლელმა ჩემპიონატის ამ ეტაპზევე გაინაღდა ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლის უფლება, რაც, ულაპარაკოდ, დიდი წარმატებაა.
სამი ლიცენზია მოიპოვეს ქართველმა მშვილდოსნებმა – ხათუნა ნარიმანიძემ, ქრისტინე ესებუამ და იულია ლობჟანიძემ, რომლებმაც 2015 წელს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე პლეი-ოფის მერვედფინალში 5:1 დაამარცხეს იტალია და რიოს საგზური მიიღეს. ჩვენი ნაკრები რიოს ოლიმპიადაზე სრული გუნდით წარდგება და პირად და გუნდურ შეჯიბრებაში გამოვა. ქართველ მშვილდოსან ვაჟებსაც აქვთ შანსი და კარგი იქნება, თუ მას გამოიყენებენ.
ლუბა გოლოვინა - Sputnik საქართველო
ლუბა გოლოვინა - ბავშვური ცელქობიდან ოლიმპიადამდე

მხატვრულ ტანვარჯიშში ლიცენზია მოიპოვა სალომე ფაჟავამ, როცა გასული წლის სექტემბერში შტუტგარტში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე 71.782 ქულით მე-4 ადგილი დაიკავა. ამ გოგონამ საერთოდ პატარა გმირობა ჩაიდინა, რადგან ნახევარზე ვარჯიში და მომზადება გაუსაძლის პირობებში უწევს. დანიაში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე მე-8 ადგილი დაიკავა და საგზურიც მიიღო ბატუტზე მხტომელმა ლუბა გოლოვინამ. მისთვის ეს მესამე ოლიმპიური თამაშები იქნება. ამ უდავოდ ნიჭიერ სპორტსმენს, მუდმივად თან სდევს უიღბლობა, თორემ აქამდეც უნდა მოეპოვებინა რომელიმე სინჯის მედალი.
ბერლინში გამართული მარათონის 42,195-კილომეტრიანი დისტანცია დაძლია და ასევე ლიცენზია მოიპოვა დავით ხარაზიშვილმა. კარგა ხანია საქართველოს მძლეოსნობაში ლიცენზია არ ჰქონია. არის იმის შანსიც, რომ ხარაზიშვილს ეულად არ მოუწიოს რიოში გამგზავრება.
სამი ლიცენზია მოიპოვეს ძალოსნებმაც. გიორგი ასანიძის გუნდი აშშ-ის ქალაქ ჰიუსტონში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით გამოვიდა. მძიმეწონოსანი ლაშა ტალახაძე ვერცხლის მედალოსანი გახდა, მოგვიანებით კი რუსი სპორტსმენი დოპინგზე ჩავარდა და ქართველმა ოქროს მედალი მიიღო. ძალოსნობაში ლიცენზიების გაცემის პრინციპი განსხვავებულია – საგზურს ქვეყანა იღებს და არა კონკრეტული სპორტსმენი. საქართველომ 3 ლიცენზია მიიღო. ვინ გაემგზავრება ოლიმპიურ თამაშებზე, ამას მწვრთნელთა შტაბი მოგვიანებით გადაწყვეტს, ცხადია, ოლიმპიური თამაშების საგზური განაღდებულია აქვს ლაშა ტალახაძეს, რომელმაც რიოშიც ოქროს მედალს უნდა შეუტიოს.
მანუჩარ კვირკველია - Sputnik საქართველო
ქართველ მოჭიდავეებს ცხრა ოლიმპიური ლიცენზიის მიღების იმედი აქვთ

ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ, 7-18 სექტემბერს რიო პარალიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს. ქართველი პარასპორტსმენებიდან ამ დროისთვის ლიცენზიის მოპოვება ძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა (90 კგ) შეძლო. გოგოჭური შარშან მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი გახდა და რიოს პარალიმპიური თამაშების ლიცენზიაც გაინაღდა.
ქართული დელეგაცია დაახლოებით 15 ლიცენზიას კიდევ ელოდება. შანსი აქვს ძიუდოისტ ქალს ესტერ სტამს, წარმოშობით ჰოლანდიელს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა მიიღო.
ფარიკაობა საქართველოში მუდამ პოპულარული იყო, გვყავს ოლიმპიური და მსოფლიოს არაერთი ჩემპიონი. თუმცა, ბოლო ხანს უმაღლესი რანგის ტურნირებზე პოდიუმი ჩვენებურთა გარეშე ივსებოდა. ახლა გამოჩნდა ნიჭიერი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, რომელიც ძალიან ახლოს არის ლიცენზიის მოპოვებასთან. იმედიანად არიან მოკრივეებიც. მოკლედ, ყველაფერი უახლოეს 2-3 თვეში გადაწყდება და ქართველი ქომაგებიც უფრო დიდი ინტერესით მიუსხდებიან ტელეეკრანებს აგვისტოს თვეში. მით უმეტეს, რომ ზემოთ ჩამოთვლილ სპორტსმენთა უმეტესობას ოლიმპიურ თამაშბზე მხოლოდ მონაწილეობის კი არა, უმაღლესი სინჯის მედლების მოპოვების პრეტენზიები გააჩნია.

ყველა ახალი ამბავი
0