ლუბა გოლოვინა - ბავშვური ცელქობიდან ოლიმპიადამდე

© photo: Sputnik / Валерий Мельников / გადასვლა მედიაბანკშილუბა გოლოვინა
ლუბა გოლოვინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბავშვობაში თითქმის ყველა ჩვენგანს უყვარდა გემოზე ხტუნვა-თამაში და თითოეულ ჩვენგანს გაუგონია მშობლებისა და ბებია-ბაბუების შეძახილი: „ფრთხილად! არ წაიქცე!“ მაგრამ, ალბათ, ცოტას თუ მოუვიდოდა აზრად, რომ ბავშვური სიცელქე პროფესიაში გადაიზრდებოდა.

სწორედ ასე მოხდა ჩვენებური ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინას ცხოვრებაში — რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიადა მესამე იქნება მის კარიერაში.
სპორტის ამ სახეობის თავისებურებებზე, ოლიმპიადის მოლოდინებსა და სამომავლო გეგმებზე პორტალ „Sputnik საქართველოს“ თავად ლუბა გოლოვინა ესაუბრა.

— რატომ მაინც და მაინც ბატუტი? ეს ხომ სპორტის საკმაოდ სპეციფიკური სახეობაა?

— ძალიან ენერგიული ბავშვი ვიყავი. სამი წლისა რომ გავხდი, დედამ სპორტულ ტანვარჯიშზე მიმიყვანა თავის მწვრთნელთან. მშობლებიც სპორტსმენები მყავს — სპორტული ტანმოვარჯიშეები. ასე რომ, სამი წლიდან უბრალოდ დავხტოდი, ვერთობოდი, ენერგიას ვხარჯავდი. ხუთი წლისა კი პირველ შეჯიბრზე გამოვედი მოსკოვში და მეორე ადგილი დავიკავე.

— მშობლებმა სპორტზეც მიგიყვანეს და თქვენი პირადი მწვრთნელებიც გახდნენ, არა?

— კი, დედა და მამა — ლუდმილა და ვლადიმირ გოლოვინები.

— ეს გეხმარებათ თუ პირიქით, ხელს გიშლით? ხომ არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს მამათქვენისა და ნაკრების მთავარი მწვრთნელის შეხედულებები წვრთნის პროცესში? 

— ძირითადად მშობლები მავარჯიშებენ. როცა შეკრებებზე ვართ, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზაურ სულაშვილი მაძლევს მითითებებს. თუმცა ძირითადად, მაინც მშობლები მწვრთნიან. 

– სწორმა მიდგომამ და წვრთნების სპეციფიკამ უკვე მესამედ მოგაპოვებინათ ოლიმპიადის საგზური. წინა ორივე ოლიმპიადაზე ფინალში გახვედით — მეექვსე ადგილი პეკინში და მერვე — ლონდონში. რიოში ფინალში გასვლა, ალბათ, მინიმუმია?

— დიახ, ასეა. ეს თემა არც განიხილება და არც ვფიქრობ ამაზე. ფინალი — ეს უპირველესი ამოცანაა და დანარჩენი მერე ვნახოთ. ყველა სპორტსმენი მედლის მოსაპოვებლად მიდის ოლიმპიადაზე და გამონაკლისი არც მე ვარ. ჩვენ სახეობაში ძალიან რთულია რაიმე შედეგის პროგნოზირება — რომელ ადგილს დაიკავებ და რომელი სინჯის მედალს აიღებ.

— ასე დარწმუნებული ხართ საკუთარ ძალებში თუ რეალურად აფასებთ საკუთარ პოტენციალს? 

— საერთოდ, ყოველთვის რეალურად ვუყურებ ყველაფერს — როგორ გამოვალ და რის გაკეთებას შევძლებ. ამიტომ, რაღა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ ფინალში მოხვედრას უპრობლემოდ, გართულების გარეშე შევძლებ.

— რიოს ოლიმპიადის საგზური გასულ წელს ოდენსეს მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვეთ. დარწმუნებული იყავით, რომ საგზურს სწორედ იქ აიღებდით თუ სხვა სალიცენზიო ტურნირებიც გქონდათ მოაზრებული?

— არა, ასი პროცენტით დარწმუნებული არ ვიყავი. თუმცა მინდოდა კი, რომ სწორედ მსოფლიო პირველობაზე გამეფორმებინა საგზური. ჩვენ მეორე შანსიც გვაქვს — ტესტ-ტურნირები. თუმცა იქ რომ მოხვდე, მსოფლიო ჩემპიონატზე 24 უძლიერეს შორის უნდა დაიკავო ადგილი. 

© FB/ LUBA.GOLOVINA.3ლუბა გოლოვინა
ლუბა გოლოვინა - Sputnik საქართველო
ლუბა გოლოვინა

— მაგრამ თქვენ გეგმა „გადაჭარბებით“ შეასრულეთ და მერვე ადგილზე გახვედით.

— დიდი იმედი მქონდა, რომ ეს დანიაში მოხდებოდა, იმიტომ რომ სალიცენზიო მსოფლიო ჩემპიონატის წინ ცხოვრება ორად იყოფა: მსოფლიო ჩემპიონატამდე და მის შემდეგ, ანუ, ოლიმპიადაზე მოხვედრამდე და შემდეგ.

— გამომდინარე აქედან, მომავალ ტურნირებზე უფრო გახსნილად იგრძნობთ თავს?

— უპირველესად, მიზნის მისაღწევად ვიბრძოლებ. სიმართლე რომ გითხრათ, ჯერაც არ მჯერა, რომ ოლიმპიადა უკვე მალე, ამ ზაფხულსაა. აპრილში ევროპის ჩემპიონატია და მინდა იქაც კარგი შედეგი ვაჩვენო და მედალი ავიღო.

— ოდენსეს მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროსა და ვერცხლის მედლები ჩინელმა სპორტსმენმა გოგონებმა აიღეს. ფინალში ასევე გავიდა ერთი კანადელიც. ახლა ისინი ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას არ იღებენ, ასე რომ, წესით, კარგი შანსები გაქვთ.

— ჩვენი ძირითადი კონკურენტები კანადელები არიან, თუმცა, რა თქმა უნდა, არა კონტინენტურ პირველობაზე. სანქტ-პეტერბურგში, სადაც ეს ტურნირი უნდა ჩატარდეს, ჩვენი მთავარი კონკურენტები იქნებიან ბელარუსი, რუსი (მათ ჯერ არ აქვთ რიოს თამაშების ლიცენზია) და უკრაინელი სპორტსმენები. სულ 20 ადამიანი, რომლებიც ერთმანეთში იბრძოლებენ მედლებისთვის. 

© NATIA TSIREKIDZEლუბა გოლოვინა სპორტდარბაზში
ლუბა გოლოვინა სპორტდარბაზში - Sputnik საქართველო
ლუბა გოლოვინა სპორტდარბაზში

– ბოლო ორ ოლიმპიადაზე ჩინელმა ბატუტზე მხტომელებმა (ქალებმაც და მამაკაცებმაც) 12-დან შვიდი მედალი აიღეს, სამი — კანადელებმა, თითო-თითო — რუსმა და უზბეკმა სპორტსმენებმა. რა არის „ცისქვეშეთელი“ სპორტსმენების წარმატების საფუძველთა საფუძველი? სკოლა? მეთოდიკა?

— ჩინელებს შესანიშნავი პირობები აქვთ. ბატუტზე ხტომით ისინი მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ეს სახეობა ოლიმპიური თამაშების სახეობებში შევიდა (ბატუტზე ხტომაში მედლები პირველად 2000 წელს, სიდნეიში გათამაშდა. — რედ.). მანამდე ბატუტს ყურადღებასაც არ აქცევდნენ. სტატისტიკაში თუ ჩავიხედავთ, ვნახავთ, რომ სიდნეისა და ათენში ერთადერთი ბრინჯაოს მედალი აქვთ აღებული. 

ჩინელებისთვის ოლიმპიური თამაშები — ეს უმაღლესი დონეა და სპორტსმენების მომზადებისთვის ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ და რაც არ შეუძლიათ, იმასაც კი. რობოტებივით არიან. ყველამ იცის, რომ სადაც ჩინელები გამოჩნდებიან, პირველ ადგილს აიღებენ.

— რიოს ოლიმპიადა მესამეა თქვენ კარიერაში და აქამდე მაინც არ გჯერათ, რომ ბრაზილიაში მიემგზავრებით. რა ემოციები დაგეუფლათ პირველ ან მეორე ჯერზე?

— პეკინის ოლიმპიადაზე ყველაზე უმცროსი ვიყავი ნაკრებში — სულ 18 წლისა. დაუვიწყარი შეგრძნებები მქონდა, იმიტომ რომ ოლიმპიადაზე მოხვედრა ნებისმიერი სპორტსმენის ოცნებაა. ამ შეგრძნების სიტყვით გადმოცემა რთულია. 

© FB/ LUBA.GOLOVINA.3ლუბა გოლოვინა შეჯიბრზე გამოსვლის დროს
ლუბა გოლოვინა შეჯიბრზე გამოსვლის დროს - Sputnik საქართველო
ლუბა გოლოვინა შეჯიბრზე გამოსვლის დროს

— როდის გაგიჩნდათ ეგ შეგრძნება — როცა ლიცენზია აიღეთ თუ როცა უკვე პეკინში ჩახვედით?

— ჯერ ლიცენზია იყო. ეს ჩემთვის უფროს ასაკში პირველი წელი იყო და არ შემეძლო, ოლიმპიადაზე მოსახვედრად ოთხი წელი დამეკარგა. სპორტსმენისთვის ძალიან ძნელია წინსვლის გარეშე ცხოვრება.

ოლიმპიადა კი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იყო — შემიძლია და გამომივა კიდეც.

ოლიმპიური სოფელი — ეს კიდევ ცალკე თემაა. მიდიხარ და გზადაგზა დიდებული სპორტსმენები გხვდებიან — ოლიმპიური ჩემპიონები, მსოფლიო ჩემპიონები. და როცა ტელევიზორში დანახვის მერე პირისპირ ხვდები მათ — ეს უბრალოდ საოცარი შეგრძნებაა. ეს გამოცდილებაა ახალგაზრდა სპორტსმენისთვის.

მაგალითად, პეკინში იმ დარბაზში დავდიოდი ტრენაჟორებზე სავარჯიშოდ, სადაც მარია შარაპოვა და სხვა სახელოვანი ჩოგბურთელები ვარჯიშობდნენ.

— ვინ მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?

— როჯერ ფედერერმა, თუმცა მხოლოდ შორიდან მოვკარი თვალი. ძალიან მაღალი მომეჩვენა. გარშემო ხალხი ეხვია და ავტოგრაფებს არიგებდა.

— ფოტო არავისთან გადაგიღიათ?

— არა, არ გამომივიდა. ამბობდნენ, რომ ღამღამობით, როცა ხალხი არ არის, სასადილოში რონალდინიო დადისო. 

— რამ მოგხიბლათ ყველაზე მეტად პეკინსა და ლონდონში? რა განსაკუთრებული ჰქონდა ამ ქალაქებს?

— ჩემთვის ჩინეთი ძალიან საინტერესო იყო, თუმცა ლონდონისგან უფრო მქონდა შედეგის იმედი. პეკინში უფრო მეტი შთაბეჭდილებები მქონდა, ალბათ იმიტომ, რომ ეს პირველი ოლიმპიადა იყო. თანაც უკეთ იყო ორგანიზებული.

— მომავალი ოლიმპიადა თქვენთვის უბრალოდ ის ტურნირია, რომელზეც მსოფლიოს უძლიერესი სპორტსმენები ჩადიან, თუ თავად სიტყვათშეთანხმება „ოლიმპიური თამაშებია“ უნიკალური და ყველა ჩარჩოს სცდება?

— რაღა თქმა უნდა, ჩარჩოებს სცდება. არა მგონია, მოიძებნოს ისეთი სპორტსმენი, რომლისთვისაც ოლიმპიური თამაშები „უბრალოდ ტურნირია“. იქ მოხვედრა ძალიან ძნელია და ამის შანსი ყველას არ ეძლევა.

მე, მაგალითად, მთელი წელი შესვენება მქონდა — შვილი შემეძინა. ვარჯიში მშობიარობიდან ერთი თვის შემდეგ დავიწყე და ძალიან გამიჭირდა ფორმის აღდგენა, რომელიც ლიცენზიის მოსაპოვებლად მჭირდებოდა. რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა, რომ გამომივიდა ეს.

— ეს, უპირველესად, თქვენ პროფესიონალიზმზე მეტყველებს. რა ჰქვია თქვენს ბიჭუნას?

— ალექსანდრე.

— მიგყავთ რიოში?

— არ ვიცი, ვნახოთ (იცინის).

— მეუღლეც სპორტსმენია?

— ყოფილი სპორტსმენი. ადრე ფეხბურთს თამაშობდა. ეზოში გავიცანი. მეგობრებთან ერთად ვსეირნობდი და იქ შევხვდი. 

© NATIA TSIREKIDZEლუბა გოლოვინა შვილთან ერთად სპორტდარბაზში ვარჯიშის დაწყებამდე
ლუბა გოლოვინა შვილთან ერთად სპორტდარბაზში ვარჯიშის დაწყებამდე - Sputnik საქართველო
ლუბა გოლოვინა შვილთან ერთად სპორტდარბაზში ვარჯიშის დაწყებამდე

— რა არის ყველაზე მთავარი ბატუტზე ხტომაში? წონასწორობა, კონცენტრაცია? რა თვისებები სჭირდება სპორტსმენს?

— რთული სათქმელია. თუმცა, ალბათ, უფრო კოორდინაცია. ჩემი აზრით, ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისებაა. თუ თავი მთლად კარგად არ გიმუშავებს, როცა ასეთ სიმაღლეზე ხტები, შესაძლოა უსიამოვნებებიც შეგხვდეს.

— ხშირია ტრავმები?

— სამწუხაროდ, კი. თანაც ძალიან სერიოზული ტრავმები.

— რა სახისა?

— ძირითადად, ზურგის. მაგალითად, ლონდონის თამაშების წინ მალის გადაადგილება მქონდა — 5 მილიმეტრით. მომზადება გამიჭირდა. საბოლოოდ ტესტ-ტურნირზე მოვხვდი, იმიტომ რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ლიცენზიის აღება ვერ მოვახერხე. შეჯიბრებაზე ტრავმით გავდიოდი. დღეში 12 გამაყუჩებელს მიკეთებდნენ ინექციით. ასე მიწევდა მომზადება. და ეს იმიტომ, რომ ჩვენში სამედიცინო მომსახურება ისეთი მაღალი დონისა არ არის, როგორც, ვთქვათ, ჩინეთში. ყველაფრის თავად გაკეთება გვიწევს. თუმცა იმ მომენტში ოლიმპიური კომიტეტი, კერძოდ, რამაზ გოგლიძე დამეხმარა. კლინიკაში გამგზავნა და ზურგის ტკივილიც დავიწყებას მიეცა.

ცოტა ხნის წინ დარბაზში გათბობა გაგვითიშეს და ძალიან ციოდა. ამიტომ ტკივილმა ისევ შემახსენა თავი. იმედი მაქვს, რომ სერიოზული არაფერია.

— რას შეადარებდით ბატუტზე ხტომას? უფრო ტანვარჯიშს ხომ არ ეკუთვნის ეს სახეობა?

— მხატვრულ ტანვარჯიშთან ნამდვილად ვერ გავაიგივებთ (იცინის). რაც შეეხება სპორტულს, იქაც და აქაც სალტოები და აკრობატული ელემენტები სრულდება, მაგრამ მაინც სხვადასხვა სახეობებია. ბატუტზე ხტომისას დიდ სიმაღლეზე ადიხარ და იქ ასრულებ ათ ელემენტს.

— ათი აუცილებელი ელემენტი ერთ გამოსვლაში?

— დიახ, ასეთი პროგრამა გვაქვს. პირველი ვარჯიში — ათი ელემენტი, მეორე — ათი ელემენტი (აუცილებელი და თავისუფალი პროგრამები). ამას მოსდევს ე.წ. „სკოლის“ ელემენტები, რომელთაგან მხოლოდ ორია რთული. თავისუფალ პროგრამაში კი ათივე ელემენტი რთულია, რომლის კოეფიციენტი საბოლოო შედეგს ემატება.

— ანუ, ქულების გამოთვლა ფიგურულ სრიალში ქულების გამოთვლას ჰგავს?

— შესაძლოა.

— როცა 5-6 მეტრ სიმაღლეზე ხტებით…

— მე 8 მეტრზე ვხტები (იცინის). 

© FB/ LUBA.GOLOVINA.3ლუბა გოლოვინა საქართველოს ნაკრების წევრებთან ერთად
ლუბა გოლოვინა საქართველოს ნაკრების წევრებთან ერთად - Sputnik საქართველო
ლუბა გოლოვინა საქართველოს ნაკრების წევრებთან ერთად

— უფ! კარგით, როცა 8 მეტრ სიმაღლეზე ხტებით, რა აზრები გიტრიალებთ ამ დროს თავში? 

— როცა ასეთ სიმაღლეზე ვარ, ვცდილობ, არ ვიფიქრო რაიმე ისეთზე, რაც ყურადღებას გამიფანტავს. იმიტომ რომ, თუ პროგრამაზე არ კონცენტრირდები სრულად, ეს ძალიან საშიშია: შეიძლება ტრამვა მიიღო, ან სულაც ბატუტიდან გადავარდე და ყველაფერი ცუდად დამთავრდეს. შეჯიბრებებზე გამოსვლისას, მგონი, საერთოდაც არ ვფიქრობ არაფერზე.

— მთელი მსოფლიო მოიარეთ. რომელი ქალაქი გიყვართ ყველაზე მეტად? სად გამოდიხართ ყველაზე კომფორტულად?

— შინ, სამშობლოში, როცა ახლობელი გვერდით მყავს. მშობლიური კედლებიც მეხმარება. თუმცა, ყველა ქალაქს რაღაც თავისებური აქვს.

— მესამე ოლიმპიადა, მესამედ ოლიმპიურ ნაკრებში. როგორი დამოკიდებულება აქვთ თქვენს მიმართ ახალგაზრდა სპორტსმენებს? გეკითხებიან ხოლმე რამეს?

— ლიცენზია რომ მოვიპოვე და დარბაზში მივედი, პატარა ბავშვები ისე მიყურებდნენ, როგორც კერპს. ეს ძალიან სასიამოვნო იყო. ყოველთვის ვცდილობ, რომ სამაგალითო ვიყო ახალგაზრდა თაობისთვის.

იმიტომ რომ, როცა პატარები იმ სპორტსმენებს უყურებენ, რომლებმაც უკვე მიაღწიეს რაღაცას, სტიმული ეძლევათ. მათაც უჩნდებათ სხვადასხვა ქალაქებში მოგზაურობის, შეჯიბრებებზე გამოსვლის, მედლების მოპოვებისა და დასახული მიზნების მიღწევის სურვილი.

— ტოკიოს თამაშებში მონაწილეობასაც ხომ არ გეგმავთ? სამი ოლიმპიადა ზღვარი ხომ არ არის? 

— არა, ზღვარი, რა თქმა უნდა, არ არის. მით უმეტეს, რომ ასაკი მონაწილეობის საშუალებას მაძლევს. ვაპირებ, რომ რიოს გარდა კიდევ ორ ოლიმპიადაში მივიღო მონაწილეობა და, ღმერთმა ქნას, რომ ჯანმრთელობამ ხელი შემიწყოს.
— თილისმა გაქვთ?

— კი, ეს სათამაშოა. დედამ მაჩუქა 8 მარტს, ოღონდ რომელ წელს, ეგ აღარ მახსოვს. ერთდროულად ძაღლსაც ჰგავს და მელიასაც — სულ თან დამაქვს. ეგეც და კიდევ პატარა მაიმუნიც. ორივე სულ ჩემთანაა. 

© .SPUTNIK ლუბა გოლოვინას ავტოგრაფი SPUTNIK-ს
 ლუბა გოლოვინას ავტოგრაფი SPUTNIK-ს - Sputnik საქართველო
ლუბა გოლოვინას ავტოგრაფი SPUTNIK-ს

— თუ წარმოგიდგენიათ თავი სპორტის მიღმა?

— ასეთი აზრები მომსვლია თავში. სპორტული კარიერა მუდმივი არ არის და ოდესღაც მისი მიტოვება მომიწევს. ზუსტად ვიცი, რომ მწვრთნელობა არ მინდა. მგონი ძალიან მკაცრი ვარ ამ მხრივ. ნერვები არ მეყოფა და სულ გაბრაზებული ვიქნები ბავშვებზე. თანაც, კარგად მახსოვს, როგორ მწვრთნიდნენ პატარაობაში და როგორ მაწამებდნენ. სპორტსმენს როგორც კი შევხედავ, მაშინვე ვხვდები, იტყუება, ეშმაკობს, არ უნდა გაკეთება თუ რა. 23 წელია ვვარჯიშობ და ეს ყველაფერი ჩემთვის ზედაპირზე დევს.

— ანუ, შესაძლოა ოჯახური ტრადიცია დაარღვიოთ?

— კი, შესაძლოა ასეც მოხდეს. ჩვენში მწვრთნელობა არც ისე პოპულარული პროფესიაა. სხვა სფეროებში მსურს თავის მოსინჯვა.

— მაგალითად?

— ამ ბოლო დროს ძალიან დამაინტერესა მენეჯმენტმა. იქნებ პატარა ბიზნესიც წამოვიწყო — რესტორანი ან სასტუმრო გავხსნა. კიდევ დიზაინი და არქიტექტურა მაინტერესებს. ვნახოთ, ყველაფერი წინაა. ჯერ მთავარი ოლიმპიური თამაშებია.

ყველა ახალი ამბავი
0