ელენა სუპონინა— პოლიტიკური ანალიტიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე.
იმ შეკითხვებს შორის, რომლებიც ბელგიაში 22 მარტს მომხდარი ტერაქტების შემდეგ წამოიჭრა, ყველაზე ხშირად გვხვდება შემდეგი: რატომ სწორედ ახლა? რატომ ბრიუსელში? რა იქნება მერე?
პასუხები ამ შეკითხვებზე ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. თუმცა ზოგიერთი მათგანი ყურადღება იმსახურებს, ვინაიდან მომხდარში გარკვევის საშუალებას იძლევა. ეს კი, თავის მხრივ, შესაძლოა ვინმეს ახალი შეტევის თავიდან აცილებაში დაეხმაროს, რაც, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ამ ფაქტის კონსტატაცია, ნამდვილად გაგრძელდება.
ბრიუსელი დიდი ხანია, რაც მეომარ ქალაქს დაემსგავსა
ეს ერთ–ერთი პასუხია შეკითხვაზე, რა იქნება მერე. ტერორიზმის გააქტიურება მთელ მსოფლიოში 2000–იანი წლებიდან შეინიშნება. თუმცა ბოლო სამი–ოთხი წლის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში არასტაბილური მდგომარეობის გამო, ტერორიზმის მკვეთრი აფეთქება მოხდა. ტერაქტების უმეტესობას ორგანიზებული დაჯგუფებები აწყობენ. იმავდროულად იზრდება ცალკეული ტერორისტების მხრივ თავდასხმების საფრთხეც, რომელთა გამოვლენა და გაუვნებელყოფა ბევრად რთულია.
ბრიუსელის ტრაგედიამ დაგვანახა, რომ ევროპის სპეცსამსახურები ვერ უმკლავდებიან ტერორის ტალღას. მაგალითად, ბრიუსელის შემთხვევაში არსებობდა ინფორმაცია იატაკქვეშეთიდან გამოსული უჯრედის შესახებ, რომელიც ევროპაში შეტევებს გეგმავდა, მაგრამ მისი დროულად აღმოჩენა ვერ მოხერხდა, და ეს მიუხედავად იმ საყოველთაო მობილიზაციისა, რომელიც ბრიუსელში 2014 წლის ტერაქტების სერიის შემდეგაა გამეფებული.
ვინც ამ ბოლო დროს ბრიუსელში ყოფილა, იცის, რაოდენ უჩვეულოდ გამოიყურება ეს ქალაქი, განსაკუთრებით საფრანგეთის 2015 წლის 13 ნოემბრის ტერაქტების შემდეგ. პარიზის ტერორისტული შეტევების ორგანიზატორები და შემსრულებლები ხომ სწორედ ბელგიაში გადავიდნენ საფრანგეთიდან, რომლებმაც მანამდე მომზადება სირიაში გაიარეს.
ასე რომ, ბრიუსელი უკვე ჰგავდა მეომარ ქალაქს. ცენტრში კარგად ეკიპირებული პოლიცია მოძრაობს, ხოლო ევროპარლამენტის შენობასა და ნატოს შტაბბინას იმდენად თანამედროვედ აღჭურვილი დაცვა არტყია გარს, რომ უცხოპლანეტელებს მოგაგონებთ. გვერდზე ჩავლისას ადამიანები უნებლიეთ უჩქარებენ ნაბიჯს და თან აქეთ–იქით ნერვიულად იყურებიან.
ნაპრალები ევროპის უსაფრთხოებაში
ბრიუსელის შემთხვევიდან ჩანს, რომ ევროპაში ომია; ომი, რომელიც ისევ ევროპელებისა და ამერიკელების მიერ „დემოკრატიის ექსპორტირების“ პროცესში „გაღვივებული“ რეგიონიდან დაატყდათ თავს.
ერაყში 2003 წელს რეჟიმის ძალადობრივი დამხობა, ლიბიაში 2011 წელს ნატოს ოპერაცია კადაფის წინააღმდეგ, ომში გახვეულ სირიაში რადიკალური ოპოზიციისთვის დახმარების გაწევის მცდელობა, მანამდე კი წარუმატებელი სამხედრო კამპანია ავღანეთში — და დემოკრატიის მაგივრად ახლო და ცენტრალურ აღმოსავლეთში ქაოსი გამეფდა. ხელისუფლების ვაკუუმი ტერორისტებმა ამოავსეს. რეგიონიდან ლტოლვილების ტალღა დაიძრა, რომელსაც ჯიჰადისტებიც მიუერთდნენ.
ევროპის უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლები ახლა ანონიმურად უმხელენ ჟურნალისტებს, რომ უკვე ვერ ასწრებენ წარმოქმნილ საფრთხეებზე რეაგირებას. „გამოფიტულები ვართ, ვეღარ ვუმკლავდებით“, — ამბობენ ისინი.
არც ხალხია საკმარისი და არც ფინანსები. აქედან გამომდინარეობს პარადოქსული ნაპრალები უსაფრთხოების სფეროში. ერთი მხრივ, სახეზეა ბრიუსელის ცენტრში მდებარე სამთავრობო ობიექტების გაძლიერებული დაცვა, ხოლო მეორე მხრივ, აეროპორტის შენობაში თავისუფლად შესვლის შესაძლებლობა — ყოველგვარი მოსაწყენი შემოწმების გარეშე. კონტროლი მერე იწყება, შენობაში შემსვლელებს არავინ ამოწმებს.
ასეა არა მხოლოდ ბრიუსელში, არამედ პარიზშიც, ლონდონშიც და სხვა ქალაქებშიც, რაც საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი. მართალია, ეგვიპტესა და თურქეთში უფრო უარესადაა საქმე, მაგრამ აღ მოსავლეთში ფატალიზმი და არეულობა უფრო ორგანულად გამოიყურება. ევროპა კი უპატიებლად დაუდევრად იქცევა.
მილიონობით ევრო მგზავრების დასაცავად
მოსკოვის აეროპორტებში სპეციალური აპარატურა შენობების შესასვლელებში დაახლოებით ხუთი წლის წინ დაამონტაჟეს — 2011 წლის დასაწყისში „დომოდედოვოში“ მომხდარი ტერაქტის შემდეგ.
აეროპორტებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში უსაფრთხოების სისტემაზე წელიწადში ათობით მილიონი ევრო იხარჯება. ევროპელი სპეციალისტები არ მალავენ, რომ ფული კატასტროფულად აკლიათ.
ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ევროპის ბევრ აეროპორტში მგზავრებისა და ტვირთების დიდი ნაკადები მოძრაობს. მომცრო ბელგიის ორი მთავარი აეროპორტი ყოველწლიურად 28 მლნ მგზავრს ატარებს, ხოლო პარიზის ერთი აეროპორტი ყოველწლიურად დაახლოებით 90 მლნ მგზავრს „შთანთქავს“. და როგორ უნდა გაკონტროლდეს ეს ყველაფერი? ეს შეკითხვა ჰაერში გამოკიდებული რჩება.
და მაინც, პასუხი მას ძალიან მალე გაეცემა: შეძლებისდაგვარად აუცილებლად გაძლიერდება უსაფრთხოების ზომები და საამისო თანხებიც მოიძებნება. ეს ჩვენ, როგორც მგზავრებს, ბევრ უხერხულობას შეგვიქმნის, მაგრამ მოთმენა მოგვიწევს, ამას ვერსად წავუვალთ, იმიტომ რომ დარტყმები უკვე ევროპის შუაგულზე მიაქვთ.
ბრიუსელშია განთავსებული ნატოს, ევროკავშირისა და სხვა ევროპული სტრუქტურების შტაბ–ბინები. მეტროსადგური მალბეკი, სადაც 22 მარტს აფეთქება მოხდა, ლუას ქუჩაზე, ანუ „კანონის ქუჩაზე“ მდებარეობს — უამრავი ოფიციალური სტრუქტურის მეზობლად.
ნოვრუზობა და პიკის საათი
მაშ ასე, ტერორისტული საფრთხე კვლავ მაღალია და ეს მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს კი არ შეეხება, არამედ ვისაც გნებავთ. და ევროპა მათ შორის სულაც არ არის ბოლო ადგილზე.
მივაქციოთ ყურადღება, აეროპორტსა და მეტროში აფეთქებები პიკის საათში მოხდა. მეტროს შემთხვევაში ეს მით უმეტეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან დილის რვა საათიდან ცხრა საათამდე იქ, როგორც წესი, ბევრი ხალხია. მოქალაქეები დილაობით სამსახურებში მიიჩქარიან, საღამოობით კი — შინ, და ტერორისტებმა ეს იციან. და განსაკუთრებული ეფექტის მოხდენის მიზნით, ისინი კვლავაც შეარჩევენ ყველაზე დაძაბულ საათებს.
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები კვლავაც მიიზიდავს დამნაშავეებს — ეს არ უნდა დაგვავიწყდეს, სადაც არ უნდა ვიყოთ — სამშობლოში თუ უცხოეთში.
ჩემმა ნაცნობმა არაბებმა, რომლებიც ევროპაში ცხოვრობენ, შემახსენეს, რომ ტერაქტებამდე ერთი დღით ადრე, 21 მარტს, აღმოსავლეთში ნოვრუზობა აღინიშნა — დღესასწაული, რომელიც გაზაფხულის დღეღამტოლობას ემთხვევა. თუმცა მის შემდეგაც ბევრი იღებს დამატებით გამოსასვლელ დღეს გასართობად და სტუმრად სასიარულოდ.
ევროპის აეროპორტები, მოყოლებული გასული პარასკევიდან, დღემდე გადატვირთულია. საბაჟო კონტროლზე და რეგისტრაციის რიგებში ჩვეულებრივზე ბევრად მეტი აღმოსავლელი იდგა.
ზოგი მიგრანტი დღესასწაულებზე შინ (ავღანეთში, ლიბიაში, ირანში და სად აღარ) მიემგზავრებოდა, ზოგი კი უკან ბრუნდებოდა. ვიღაც კიდევ ევროპაში მიდიოდა მეგობრებისა და ნათესავების სანახავად. არ არის გამორიცხული, ტერორისტებს ეს ფაქტი გაეთვალისწინებინათ —ასაფეთქებლებით გაძეძგილი ჩანთებით დატვირთულები, მუქკანიანი თანამემამულეების სიმრავლეში უფრო იოლად აუვლიდნენ გვერდს პოლიციის რაზმებს.
ტერორისტის დაპატიმრებამ თანამზრახველების პროვოცირება გამოიწვია
ეჭვგარეშეა, ბრიუსელის აფეთქებები, გასული წლის ნოემბრიდან ძებნილი ტერორისტის, სალაჰ აბდესლამის 18 მარტს დაკავებას უკავშირდება. წარმოშობით მაროკოელმა, საფრანგეთის მოქალაქემ, 27 წლის სალაჰმა, ძმისგან განსხვავებით, გასული წლის ნოემბერში პარიზზე შეტევისას, ვერ მოახერხა თვითმკვლელის ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედება და შეშინებული მიიმალა.
როგორც ახლა ირკვევა, საფრანგეთი მიუტოვებია და ბრიუსელში, მოლენბეკის ცუდად სახელგანთქმულ რაიონში იმალებოდა, სადაც ოდესღაც კარგა ხანს უცხოვრია და თანამზრახველებიც ჰყოლია. მოლენბეკი მიგრანტებით დასახლებული რაიონია, სადაც უსაფრთხოების სამსახურებს შეღწევა უჭირთ და სადაც გულმოდგინედ მუშაობენ ექსტრემისტიგადამბირებლები. ეს იმ კითხვაზე პასუხად, თუ რატომ მიიტანეს იერიში სწორედ ბელგიის დედაქალაქზე.
ოთხი თვე დასჭირდა ტერორისტის შეპყრობას. შესაძლოა, პრესაში გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ, რომ აბდესლამმა ჩვენებების მიცემა დაიწყო, აიძულა მისი თანამზრახველები, უფრო სწრაფად ემოქმედათ — სანამ ახალი დაპატიმრებები დაიწყებოდა.
სპეცსამსახურების მონაცემები ცხადყოფს, რომ სალაჰ აბდესლამი ტერორისტული ორგანიზაცია „დაიშის“ (იგივე „ისლამური სახელმწიფო“) წევრი იყო, რომელმაც აიღო კიდეც პასუხისმგებლობა ბელგიის ტერაქტებზე.
ამასთან დაკავშირებით, უნდა აღინიშნოს ფაქტი, რომ პარიზის ტერაქტები 2015 წლის ნოემბერში ვენაში სირიის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებას დაემთხვა. 2016 წლის 22 მარტს ბრიუსელზე თავდასხმა კვლავაც ჟენევაში სირიის თაობაზე მოლაპარაკებების პროცესის ფონზე განხორციელდა. ტერორისტებს ეშინიათ სირიაში მშვიდობისა, რათა საკუთარი პლაცდარმი არ დაკარგონ.
ასე რომ, ტერორისტები შემთხვევით არ გააქტიურებულან. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ყველას სიფხიზლისკენ მოვუწოდოთ და კიდევ ერთხელ მივუსამძიმროთ ევროპას.