ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართული პრესკონფერენცია მას შემდეგ დატოვა, რაც ბრიუსელში მომხდარი ტერაქტის შესახებ გაიგო და ემოციები ვერ შეიკავა.
ევროპული დიპლომატიის პირველმა პირმა ფედერიკა მოგერინიმ ამანში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბრიუსელის ტერაქტებთან დაკავშირებით იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ნასირ ჯუდუს მხრიდან მისასამძიმრებელი სიტყვების მოსმენისას ცრემლები ვერ შეიკავა. ამის შემდეგ მან თავისი გამოსვლა შეწყვიტა, რაც „მძიმე დღით“ ახსნა.
„ამაზე შევჩერდები და იმედი მაქვს თქვენ გამიგებთ, რომ დღეს მძიმე დღეა“, — განაცხადა მან.
მოგერინიმ ბოდიში მოუხადა ჯუდუს და აცრემლებულმა დარბაზი დატოვა.
სამშაბათს ბელგიის დედაქალაქში ტერაქტების სერია მოხდა. ორი აფეთქება ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში, ადგილობრივი დროით 08:00 საათზე მოხდა. ხელისუფლების ვარაუდით, ერთ–ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა შესაძლოა თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა. მესამე აფეთქება „მალბეკის“ მეტროს ერთ-ერთ ვაგონში მოხდა. ტერაქტების შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა, დაჭრილთა რიცხვი კი დაახლოებით 200-ს აღწევს. ბელგიის პრემიერმა აფეთქებებს ტერაქტი უწოდა.
ბელგიის შს სამინისტრომ ბრიუსელში მომხდარი ტერაქტებთან დაკავშირებით, სამდღიანი გლოვა გამოაცხადა, იუწყება საინფორმაციო პორტალი Avenir.