თბილისი, 23 მარტი — Sputnik. ბრიუსელში მომხდარმა აფეთქებებმა დაამტკიცა, რომ ევროკავშირი ისლამისტური ტერორიზმის მთავარი სამიზნე გახდა და ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს, წერს ჟურნალი Time. იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
პირველ რიგში, ტერაქტებისთვის ნიადაგი უკვე მომზადებული იყო. ყველაფერი 2014 წლის გაზაფხულზე დაიწყო, როდესაც საფრანგეთის მოქალაქემ, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ იყო დაკავშირებული, ბელგიაში, ებრაელთა მუზეუმში სროლა მოაწყო. ამას მოჰყვა ფრანგული ყოველკვირეული ჟურნალი Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმა და გასული წლის შემოდგომაზე პარიზის ტერაქტები. შედეგად 185-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სულ „ისლამურმა სახელმწიფომ“ 20 ქვეყანაში, თუ ერაყსა და სირიას არ ჩავთვლით, დაახლოებით 75 ტერაქტი მოაწყო (ან სხვას უბიძგა ამისკენ).
რაც უფრო ძლიერად დევნიან „ისლამურ სახელმწიფოს“ ახლო აღმოსავლეთიდან, მით უფრო აშკარა ხდება საფრთხე მთელი მსოფლიოსთვის დაჯგუფების მხრიდან, წერს გამოცემა.
მეორე — ევროპა „ისლამურ სახელმწიფოში“ გადაბირების ერთგვარი ბაზა გახდა. ტერორისტები შეტევებისთვის ქალაქებს შემთხვევით არ ირჩევენ. 2012-2015 წლებში ბელგიიდან სირიასა და ერაყში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ მიერთების მიზნით 400-ზე მეტი ადამიანი წავიდა, საფრანგეთიდან ამავე პერიოდში — 1200 ადამიანი. ამგვარად, პარიზი და ბრიუსელი ევროპის ის დედაქალაქები გახდნენ, რომლებიც ახლო აღმოსავლეთს უცხოელი ბოევიკების ყველაზე მეტი რაოდენობით ამარაგებენ, აღნიშნულია სტატიაში.
მესამე მიზეზი — დაუსრულებელი მიგრაციული კრიზისია, რომელსაც „ისლამური სახელმწიფო“ ასევე გადაბირების ინსტრუმენტად იყენებს. 2015 წელს ევროპაში მილიონზე მეტი ლტოლვილი ჩავიდა, მიმდინარე წლის დასაწყისიდან — უკვე 135 ათასი. მიგრანტებთან დაკავშირებული კრიზისი რადიკალებს მუსლიმურ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის განხეთქილების პროვოცირების „ბრწყინვალე შესაძლებლობას“ აძლევს. ისლამისტების სასარგებლოდ თამაშობს ბევრი ევროპელი ლიდერი, როცა აცხადებს, რომ მხოლოდ ქრისტიან ლტოლვილებს მიიღებს, წერს Time.
მეოთხე — „ისლამური სახელმწიფო“ იყენებს ევროკავშირში წარმოქმნილ განხეთქილებას, რომელიც უფრო და უფრო ძლიერდება. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, რომელიც, ფაქტობრივად, ევროკავშირში მთავარი ლიდერია, ძლივს მიაღწია ლტოლვილებთან დაკავშირებით შეთანხმებას თურქეთთან, რომელსაც უვიზო რეჟიმს დაჰპირდა, თუმცა, ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ ევროპელები კიდევ უფრო მეტად ალმაცერად შეხედავენ იმას, რომ თურქეთის მოქალაქეები თავისუფლად დაიწყებენ გადაადგილებას ევროპაში. რიგი ქვეყნების ლიდერები ევროკავშირის შიდა საზღვრების დაბრუნებაზე უკვე ალაპარაკდნენ. მაგრამ ამან შენგენის ზონას, შესაძლოა, ბოლო მოუღოს, ხოლო მასთან ერთად საფრთხის ქვეშ დააყენოს მთლიანად ევროპული პროექტი, ნათქვამია სტატიაში.
და, ბოლოს – ევროპას ბრიტანეთში მოახლოებული რეფერენდუმი ასუსტებს. თუ ევროკავშირისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ქვეყანა მისი შემადგენლობიდან გამოვა, ეს ევროკავშირის არსებობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. გარდა ამისა, ფრანგების 53%-ზე მეტს, გერმანელების, ესპანელებისა და შვედების 45%-ზე მეტს საკუთარი რეფერენდუმების ჩატარება სურს. მხოლოდ წარმოდგენა შეიძლება იმისა, რა მოხდება, თუ ბრიტანეთში კენჭისყრის წინ ტერაქტი მოხდება. „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერებს ევროკავშირის დესტაბილიზაციის უამრავი შესაძლებლობა აქვთ, წერს Time.