-ქალბატონო მანანა, რა ხდება ანტვერპენში ამ წუთებში?
— ამ წუთებშიც დიდი დაძაბულობაა, ხალხი შეშინებულია. მოგეხსენებათ, ანტვერპენი სატრანსპორტო ცენტრია და იმის საფრთხე არსებობს, რომ მასაც ააფეთქებენ და ამის გამო ევაკუაციას ხშირად აცხადებენ. ქალაქში უსაფრთხოების უმაღლესი ზომებია მიღებული, გაძლიერებული დაცვაა ანტვერპენის ცენტრალურ და მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიცია მოქალაქეების მანქანებს ხშირად აჩერებს და ამოწმებს, ქუჩებში სიხალვათეა. ანტვერპენის ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორია უდიდესი სავაჭრო ცენტრია. ხალხი იმდენად არის დაშინებული, დღეს მაღაზიები თითქმის ცარიელი იყო არავინ შედიოდა… ასეთი რამ ამ ქალაქს არ ახსოვს.
-ხელისუფლება რაიმე რეკომენდაციას თუ იძლევა მოქალაქეებისთვის?
— კი რათქმა უნდა… გვირჩევენ, რომ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისგან თავი შევიკავოთ და სახლებში დავრჩეთ. თუ რაიმე საეჭვო შევამჩნიეთ და აუცილებლად მივმართოთ პოლიციას. ვიცით, რომ განსაკუთრებით გაძლიერებულია დაცვა ბრიუსელში, სამეფო ოჯახის რეზიდენციასთან. განგაშის უმაღლესი, ანუ მეოთხე დონეა გამოცხადებული, თუმცა სახლიდან გასვლა ნამდვილად არ გვეკრძალება, მაგრამ ძალიან დიდი სიფრთხილისკენ მოგვიწოდებენ, რადგან მოსალოდნელი საფრთხე მართლაც ძალიან დიდია. ადგილობრივი პოლიტიკოსები აღშფოთებას გამოთქვამენ მომხდარის გამო და იმედოვნებენ, რომ ბელგია ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად მსოფლიო ტერორიზმის დასამარცხებლად საერთო გზას გამონახავს.
-ბელგიაში მცხოვრებ ქართველებზე, ხომ არ გსმენიათ თუ არიან ისინი დაზარალებულებს შორის?
— ქართველების შესახებ არაფერი მსმენია, ისე, ვიცი, რომ ბელგიაში ბევრი ქართველი ცხოვრობს.
-დიდი მადლობა, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.