როსტისლავ იშჩენკო
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ ის ხუთი პრინციპი გაახმოვანა, რომლებზეც ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობები უნდა აიგოს უახლოეს მომავალში. ეს პრინციპები ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე შეათანხმეს, რომელიც ბრიუსელში 14 მარტს გაიმართა.
ფორმალურად ევროკავშირის პოზიციაში, პრაქტიკულად, არაფერი შეცვლილა. ბრიუსელმა მოსკოვთან დიპლომატიური კონფრონტაციის გრადუსი ასწია.
იმის გათვალისწინებით, რომ სანქციების პოლიტიკის ოპონენტთა რაოდენობა ევროკავშირის შიგნით უბრალოდ კი არ მატულობს, არამედ კრიტიკული მასის ზღვარსაც უახლოვდება, გადაწყვეტილება ძალზე უცნაურია. მით უმეტეს, რომ წინა დღით იტალიამ და უნგრეთმა ოფიციალურად განაცხადეს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ავტომატური გახანგრძლივების წინააღმდეგი ვართო. ამასობაში კი გახმოვანებული ხუთი პრინციპი, თუ ევროკავშირი დაიცავს მათ, სანქციების გახანგრძლივებას სწორედაც რომ გარდაუვალს გახდის. ის კი არა, სანქციების გამკაცრების საკითხის დასმის შესაძლებლობასაც კი აჩენს.
მივყვეთ თანმიმდევრულად
პირველი: გამეორებულია თეზისი მინსკის ხელშეკრულების სრული რეალიზაციის თაობაზე იმისთვის, რათა ბრიუსელისა და მოსკოვის ურთიერთობები არსებითად შეიცვალოს. ვინაიდან მოსკოვი არ არის მინსკის ხელშეკრულებაში მხარე, ევროკავშირს ასეთივე წარმატებით შეეძლო მოეხვია თავს მისთვის კორეათაშორის დიალოგში არსებითი პროგრესის რეალიზაცია. როდესაც ამ პუნქტს ახმოვანებდა, მოგერინის არ დავიწყებია განეცხადებინა, რომ ევროკავშირი არ შეცვლის არაღიარების პოზიციას ყირიმის რუსეთთან მიერთების თაობაზე. მინსკის ხელშეკრულებიდან ერთი წლის განმავლობაში ევროკავშირს გულმოდგინედ გაჰქონდა ყირიმის პრობლემა დისკუსიიდან. არაოფიციალურად კი მისი წარმომადგენლები მოლაპარაკებებზე იფიცებოდნენ, რომ ყირიმის პრობლემა ბრიუსელისთვის სამუდამოდ დახურულიაო. უცბად კი გაიხსნა.
მეორე: ევროკავშირი კვლავ შეუდგა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ განმტკიცებას. თანაც, თუ მანამდე ის მხოლოდ ყოფილი სსრკ–ის ევროპულ რესპუბლიკებსა და კავკასიაზე ვრცელდებოდა ავტომატურად, ახლა აღნიშნულია, რომ შეუდგებიან მის განვითარებას დაწყებული ცენტრალური აზიიდან.
შევნიშნავ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროკავშირის ლიდერებს არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პოლიტიკამ არ გაამართლა და ის უნდა შეწყდეს. ახლა კი საუბარია პოსტსაბჭოთა სივრცეზე ევროკავშირის ექსპანსიის გაფართოებაზე, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ჩინეთის, პაკისტანისა და ავღანეთის შესაყარამდე გავრცელებაზე. ამის იქით მხოლოდ კორეა და იაპონიაღა არიან.
მესამე: ევროკავშირი კვლავ აპირებს მიაქციოს ყურადღება შიდა სტაბილურობის უზრუნველყოფას ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირი ისევ შეეცდება შეზღუდოს „გაზპრომის“ ყოფნა ევროპის ბაზარზე. სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში სტაბილურობა კი იმას მოიაზრებს, რომ რუსეთს ევროპულ საინფორმაციო სივრცეში არსებობა შეუზღუდოს.
მეოთხე: რუსეთთან ნებისმიერი ურთიერთობა უნდა იყოს შერჩევითი და მხოლოდ ევროკავშირის ინტერესებზე უნდა იყოს ორიენტირებული. მოსკოვის ინტერესებს, სავარაუდოდ, ყურადღება არ მიექცევა. ეს ურთიერთობის სწორედ ის მოდელია, რომლის ბაზაზეც მოახვიეს თავს უკრაინას ასოციირებაზე უთანასწორო შეთანხმება და პარალელურად სახელმწიფო გადატრიალებაც — ევროკავშირის მონაწილეობით. გასაგებია, რომ რუსეთთან ასეთი საუბარი უნაყოფოა.
მეხუთე: ევროკავშირი აპირებს გააძლიეროს მუშაობა რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებასთან, განსაკუთრებით, ახალგაზრდობასთან. ფაქტობრივად, საუბარია პროდასავლური ოპოზიციის მხარდაჭერაზე, რომელმაც ბრიუსელში გადაწყვეტილებების მიღებიდან მეორე დღესვე განაცხადა ვილნიუსში, რომ გეგმავს რუსეთის ხელისუფლებაში მოსვლას — ქვეყნის გარედან მხარდაჭერილი სახელმწიფო გადატრიალების გზით.
რატომ და რისთვის?
რატომ გახდა ბოლო თვეებში ესოდენ გულისხმიერი და ყურადღებიანი რუსეთის მიმართ შიდა პრობლემებით დამძიმებული და საგარეო პოლიტიკაში სხვაზე დამოკიდებული ევროკავშირი? რამ გაამამაცა ასე? ამ კითხვებზე კორექტული პასუხისთვის ბოლო თვეებში საერთაშორისო ვითარების ზოგადი განვითარების შეფასებაა აუცილებელი.
პირველი, რასაც ყურადღებას უნდა მიექცეს, ეს თურქეთისა და საუდის არაბეთის აგრესიული კავშირია. ორივე ქვეყანა საკუთარი საშინაო თუ საერთაშორისო პრობლემებიდან გამოსავალს სირიის მიმართ აგრესიაში ხედავს. მართალია, რუსეთისა და აშშ–ის ეგიდით სამშვიდობო პროცესის დაწყებით აგრესიის საფრთხე შესუსტდა, მაგრამ მთლად არ აღმოფხვრილა.
ამ ფონზე თურქეთმა გაიმარჯვა ევროკავშირთან დისკუსიაში ლტოლვილების თემაზე და ახლა ევროკავშირი ანკარას მხოლოდ ათობით მილიარდს კი არ უხდის მათ შესანახად, არამედ სრულადაა დამოკიდებული ერდოღანის კეთილ ნებაზე, თუ როდის, როგორ, რამდენი და როგორი ლტოლვილი მოხვდება თურქეთიდან მათ ტერიტორიაზე. მოცემულ ვითარებაში ნებისმიერ საერთაშორისო კონფლიქტში, რომელშიც თურქეთიც მიიღებს მონაწილეობას, ევროკავშირი ასჯერ დაფიქრდება, ღირს თუ არა ერდოღანის გაბრაზება „არაკონსტრუქციული პოზიციით“.
მეორე: კიევის რეჟიმმა მკვეთრად გააძლიერა დონბასში წინააღმდეგობა. დაიწყო ყირიმის საზღვარზე დაჯგუფების გაძლიერებაც და არც ფარავს რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტის პროვოცირების განზრახვას. არსებობს მხოლოდ ერთი შეზღუდვა — კონფლიქტში საკმარისი რაოდენობით ქვეყნები უნდა ჩაითრიონ, რათა კიევმა მყისიერი განადგურების საფრთხე აირიდოს.
უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში სამხედრო აქტიურობის პარალელურად პოროშენკო ერდოღანთან გაემგზავრა. უცბად აფეთქებული უკრაინულ–თურქული მეგობრობის ანტირუსული კონტექსტი დაფარული არ ყოფილა. ხერსონის ოლქში ყირიმელი თათარი ემიგრანტების ორგანიზაციის აქტიურობა, რომელიც ზემოხსენებულ ვიზიტამდე დაიწყო, ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა. ყირიმელ თათართა ორგანიზაციის ავტონომიურობაზე ხერსონში — ყირიმთან საზღვარზე — ოფიციალურად ალაპარაკდნენ. პოროშენკომ კიდევ ერთხელ გაიმეორა დაპირება, რომ ყირიმს უკრაინას დაუბრუნებს.
ამასთან უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ კატასტროფულად ქმედუუნარო კიევის რეჟიმს ომი ჰაერივით სჭირდება, რათა მოსახლეობის ყურადღება შიდა პრობლემებიდან ნაცისტი ბოევიკების ხელისუფლების ირგვლივ გაერთიანებაზე გადაიტანონ — ლოზუნგით „ბრძოლა აგრესორთან“. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს: კიევი არ ომობს მხოლოდ იმიტომ, რომ მყისიერი განადგურებისა ეშინია. თუ უკრაინის ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ რუსეთის ძალები რამდენიმე ფრონტზე გაიყოფა, თანაც თუ ევროკავშირის დიპლომატიური მხარდაჭერაც გარანტირებული ექნებათ, აუცილებლად წამოიწყებენ ომს.
მესამე: კიევმა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში ხელმძღვანელებად „კომპრომისული ფიგურების“ — ახმეტოვისა და ბოიკოს კანდიდატურები დაასახელა. მინსკის ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი „კომპრომისული ფიგურების“ დანიშვნაზე რესპუბლიკაში თავისუფლად არჩეული ხელისუფლების ნაცვლად. უფრო მეტიც, არც კიევსა და არც მოსკოვს (მით უმეტეს, პარიზსა და ბერლინს) არ გააჩნიათ რეალური შესაძლებლობები ამგვარი დანიშვნების უზრუნველსაყოფად. მაგრამ ბრიუსელში დაინტერესებული პირებისთვის კიევის ხელისუფლების „კეთილი ნებისა“ და მოსკოვის „დესტრუქციული პოზიციის“ საჩვენებლად აღნიშნული პროვოკაციული წინადადება ძალიანაც მისაღებია. თუ იმის შემდეგ, რაც ის უარყოფილი იქნება, დონბასში ბრძოლები საბოლოოდ გავა ლოკალური შეტაკებების ფარგლებიდან, შეიძლება ვთქვათ, რომ ამაშიც „რუსეთია დამნაშავე“.
ამგვარად, რუსეთის საზღვრებზე დაძაბულობის ორი კვანძი იხლართება:
1. ხერსონის ოლქი — ყირიმი, სადაც კიევი თურქეთთან და ასევე მის მიერ კონტროლირებად ტერორისტებთან „ყირიმელ თათრებთან“ ერთად აპირებს მოქმედებას;
2. დონბასი — სადაც უკრაინის არმია თანდათანობით აძლიერებს შეტაკებებს და სრულმასშტაბიან ომამდე მიჰყავს.
ამავდროულად მილიტარისტული ფსიქოზი გრძელდება ბალტიისპირეთში. ამ ქვეყნების ელიტები ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც ლამის ყველა კუთხეში ლაპარაკობენ მათ წინააღმდეგ მომზადებულ „რუსულ აგრესიაზე“. დარტყმის ქვეშ ევენტუალურად (გარემო პირობების შესაბამისად — რედ.) დგება რუსეთის მთელი დასავლეთი საზღვარი. პროვოკაცია ნებისმიერ ადგილას შეიძლება მოხდეს, რასაც პროვოკაციათა მთელი ჯაჭვი მოჰყვება. ამის შემდეგ ბალტიისპირეთიდან ანკარამდე ყველა ერთხმად აყვირდება „რუსეთის კომპლექსურ აგრესიაზე“.
ასეთ პირობებში გასაკვირი არ არის, რომ საბრძოლო ავიაციის ნაწილი სასწრაფოდ გამოიყვანეს სირიიდან და ვორონეჟისა და ჩრდილოეთ კავკასიის აეროდრომებზე გადაისროლეს. კომპლექსური პროვოკაციების თვალსაზრისით, სწორედ ეს რაიონებია ყველაზე სახიფათო წერტილები. ავიადაჯგუფებას კი შესწევს უკრაინის ჭკუაზე სწრაფად მოყვანისა (საზღვრების გადაუკვეთავადაც კი) და თურქეთისგან მისი იზოლირების უნარი. ამას გარდა, შეუძლია ეს უკანასკნელი აიძულოს, ახლო აღმოსავლეთზე შეტევაზე კი არა, საკუთარი შავი ზღვის ზოლის დაცვაზე იფიქროს.
ყველა ჩამოთვლილი მოვლენა ევროკავშირის ხუთპუნქტიანი შეთანხმების გახმოვანებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მოხდა.
აშკარაა, რომ პროამერიკული ბრიუსელური ევრობიუროკრატია, გერმანიისა და საფრანგეთის ხელისუფლების დაკარგვის შიშით შეპყრობილი „ატლანტიკური“ ელიტები, აღმოსავლეთ ევროპის რუსოფობიული რეჟიმებისა და დაუცხრომელი ამერიკული ქორების დახმარებით „ბოლო და გადამწყვეტ ბრძოლაზე“ მიდიან, რისთვისაც ყველა ძალა მობილიზებული ჰყავთ.
რუსეთის რეაქცია ის იყო, რომ დარტყმაზე საპასუხო დარტყმისთვის მზადყოფნა აჩვენა. კრემლის მოულოდნელმა ნაბიჯებმა ახალი სტრატეგიული რეალობა ჩამოაყალიბა, რომელიც პროვოკატორების მდგომარეობას ართულებს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროვოკაციები ორგანიზებული არ იქნება. მექანიზმი უკვე მუშაობს, ხოლო პოროშენკოსა და ერდოღანს უკან დასახევიც აღარ აქვთ.
ვაშინგტონსა და ბრიუსელს ალბათ ჯერ ისევ აქვთ ერთობლივი „სდექ!“ ბრძანების გაცემის უნარი. მაგრამ შესაძლებელია კი ასეთი ერთობლივი ბრძანების გაცემა და მისი დროული მიტანა ოსმან მილიტარისტებამდე, უკრაინელ ნაცისტებამდე და ბალტიისპირელ ლიმიტროფებამდე? რთული სათქმელია.
რედაქციის პოზიცია შესაძლოა არ ემთხვეოდეს ავტორისას.