თბილისი, 15 мар — Sputnik. ევროკავშირი მიგრაციისა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებთან მიმართებით რუსეთთან თანამშრომლობით დაინტერესებულია, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ფედერიკა მოგერინიმ, რომელმაც დაადასტურა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთთან დამოკიდებულების შესახებ ძირითად პრინციპებზე შეთანხმდნენ.
„ჩვენ რუსეთთან ურთიერთობაში ხუთი პრინციპით ვხელმძღვანელობთ და ამაში ერთიანი ვართ. პირველი — მინსკის შეთანხმების სრული იმპლემენტაცია, როგორც რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის ნებისმიერი არსებითი ცვლილების საკვანძო ელემენტი“, — განაცხადა მოგერინიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მეორე პუნქტი, მისი სიტყვებით, საერთო მეზობლებთან კავშირების განმტკიცებაა.
„მესამე — ევროკავშირის სტაბილურობის გაღრმავება, კერძოდ, ენერგეტიკული უსაფრთხოების, კიბერშეტევისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში, და არა მარტო“, — განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
მისი სიტყვებით, მინისტრები ასევე შეთანხმდნენ რუსეთთან „შერჩევითი თანამშრომლობის“ აუცილებლობაზე საგარეო პოლიტიკის საკითხებში — ირანის ირგვლივ შექმნილი ვითარების, კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის, ახლო აღმოავლეთის დარეგულირების, სირიის კონფლიქტის გადაჭრის, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და მიგრაციის საკითხების, და ასევე სხვა სფეროებშიც, სადაც „აშკარა ევროპული ინტერესია“.
„მეხუთე – რუსული სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის სურვილი და ხალხებს შორის კონტაქტების ხელშეწყობაა“, — განაცხადა მოგერინიმ.