თბილისი, 15 მარტი — Sputnik. სირიიდან ჯარების გაყვანა ეს არის ერთგვარი ტაქტიკურად გააზრებული და არც თუ წარუმატებელი სვლა რუსეთის მხრიდან, რომელმაც რუსეთს დივიდენდები მოუტანა. თვლის ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე.
პუტინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს უბრძანა სამშაბათიდან სირიიდან რუსეთის სამხედრო დაჯგუფებების გაყვანა დაიწყოს, ვინაიდან მათ წინაშე მდგარი ამოცანები გადაწყვეტილია, ამასთან ბაზირების პუნქტი ტარტუსში და აეროდრომი ხმეიმიმი იმავე რეჟიმით იფუნქციონირებს.
„სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს ამ ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა მე მაინც ვთვლი რომ ეს არის ტაქტიკური სვლა რუსეთის ხელისუფლების მხრიდან, რომელმაც რუსეთს დივიდენდები მოუტანა. ხდება გამოსვლის დემონსტრირება მაგრამ, მთლიანი გამოსვლა ეს რასაკვირველია არა არის, რადგან სამხედრო ძალის სერიოზული ნაწილი მაინც რჩება სირიაში ტარტუსისა და ლატაკიის სამხედრო ბაზების მოსავლელად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თავის სამხედრო წარმომადგენლობას სირიის ტერიტორიაზე რუსეთი ინარჩუნებს“-აღნიშნა მამუკა არეშიძემ.
არეშიძის თქმით, სხვა საკითხია კულუარულად რა მოლაპარაკება შედგა აშშ-სა და რუსეთს შორის, თუმცა ექსპერტი იმასაც აღნიშნავს, რომ რუსეთის ეს სვლა ამერიკელი პოლიტიკური მიმომხილველებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
რუსეთმა წერტილოვანი სამხედრო ავიადარტყმების განხორციელება „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებზე სირიაში 2015 წლის 30 სექტემბერს დაიწყო.