რა მიზეზით ვერ თანხმდება ალიანსი მაპის საკითხზე? ითქვა, რომ უსაფრთოების გარანტიების გარეშე სამოქმედო გეგმის მინიჭება გაზრდის რისკს საქართველოსთვის, მაპი უსაფრთხოების გარანტია არ არის და ის მხოლოდ წევრობისთვის აუცილებელი ინსტრუმენტია. „ჩვენი ამოცანა მაპი არ არის. მიზანია ნატოში გაწევრიანება. მაპისის არმიღება დაბრკოლებას არ წარმოადგენს, რადგან თუ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ნატო მე-10 მუხლის მიხედვით იმოქმედებს. მაგალითად, თუ ხვალ შვედეთი გადაწყვეტს გახდეს ნატოს წევრი, მაპს კი არ შესთავაზებენ, არამედ, პირდაპირ მიანიჭებენ წევრობას“, — ამჯერად უკვე ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ბრიუსელიდან გზავნილს.
ახლა მძაფრად ჟღერს კითხვა — რა აფერხებს ალიანსს ყოველგვარი მაპის გარეშე მიიღოს საქართველო უსაფრთხოების ოჯახში. გაგებით მოვეკიდოთ მრავალგზის გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ნატოს ოფიციალურ მოსკოვთან ურთიერთობებში სხვა მრავალი თავსატეხიც ჰყოფნის და საქართველოს მიღებით არ სურს ახალი პრობლემები შეიქმნას. ამჯერად ჯეიმს აპატურაიმ „დაგვამშვიდა“, რომ ალიანსში საქართველოს გაწევრიანებას რუსეთი ვეტოს ვერ დაადებს, თუმცა დასძინა, რომ თავად ალიანსი ითვალისწინებს რუსეთის ფაქტორს. ახლა უკვე საკითხავია — საქართველო არ არის მზად ალიანსის წევრობისთვის, თუ ნატო არ არის მზად საქართველოს მისაღებად. როგორ იკითხება ბრიუსელის გზავნილი, რა ბედი ელის ნატოს ღია კარის პოლიტიკას, საბოლოოდ როდის ჩამოყალიბდება ალიანსი აღმოსავლეთით გაფართოების საკითხზე, რა პერსპექტივა აქვს საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.
გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი: „თუ ჯეიმს აპატურაის ინტერვიუს დავწურავთ, მშრალი ნალექის სახით ამ გზავნილებს მივიღებთ — უსაფრთხოების გარანტიების გარეშე საქართველოსთვის მაპის მინიჭება თქვენი ქვეყნისთვის რისკს გაზრდის; მაპი დღეს არ არის რელევანტური თემა; მაპის მიღება ახლა ვერ მოხდება და ბოლოს ოპოზიცია უნდა დაფიქრდეს, რამდენად სწორია მოთხოვოს ხელისუფლებას მაპი და განაცხადოს, რომ ხელისუფლებამ წარმატებას ვერ მიაღწია, ვინაიდან მათ ვერ მიიღეს მაპი. მაპის მიღება ახლა ვერ მოხდება. არ უნდა ვუყუროთ ამ საკითხს ბრმად და არ უნდა ვაქციოთ ეს პოლიტიკურ ფეხბურთად. დანარჩენი ლირიკაა, როგორც მაგალითად, ის, რომ ბატონი აპატურაი „ნახევრად ქართველია“.
მე თუ მკითხავთ, ახალი არაფერი თქმულა, უბრალოდ, ნატოსკენ დაჟინებული სწრაფვა, რომლის ერთგულებას წინა და დღევანდელი ხელისუფლება ერთნაირი ენთუზიაზმით ამტკიცებს, აუცილებლად მიგვიყვანდა ამ მომენტამდე. კერძოდ, ახალ–ახალი ფორმულები – „ოქროს ბარათები“, თუ „არსებითი პაკეტები“ და სხვა ამგვარი, რეალური პროგრესის გარეშე, წამგებიან მდგომარეობაში აყენებს მმართველ კოალიციას, თანაც, საპარლამენტო არჩევნების წინ. სწორედ ამით არის განპირობებული ჯეიმს აპატურაის გაფრთხილება, რომ ოპოზიციამ მაპის საკითხი არ გამოიყენოს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. კიდევ ერთი ცივი წყლის გადასხმაა ფრაზა: „თუ რუსეთთან გვექნება დიალოგი, ეს დაიწყება უკრაინით“. ეს პირდაპირი მინიშნებაა, რომ დიალოგი საქართველოს შესახებ არ იქნება. ჩვენ იმას უნდა დავჯერდეთ, რომ თუ ნატო დიალოგს დაიწყებს, ეს იქნება უკეთესი, მათ შორის საქართველოსთვის, რუსეთისთვისაც კი“.
აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე წინ ნატოც და ევროკავშირიც ყირიმს აყენებენ, მაგრამ ეს რიგითობაც კი არაფერს აძლევს უკრაინას და არ ცვლის არსებულ სტატუს–კვოს. ჯეიმს აპატურაის და თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის სიტყვები უნისონშია ერთმანეთთან. ერთიც და მეორეც აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია ნატოს წევრობა და არა მაპი. მეორეს მხრივ, მაპი ინსტრუმენტია ნატოში შესასვლელად და მასზე უარის თქმა გამჭვირვალედ მიანიშნებს, რომ უახლოეს მომავალში ნატოში არ გველიან. ამის შესახებ არაერთი წელია, ვწერ და ინტერვიუებშიც ვამბობ, მაგრამ, როგორც ცნობილია, ჩვენს პოლიტიკურ ელიტას ოცნებები ურჩევნია მწარე რელობასთან თვალის გასწორებას.ისიც არაერთხელ მითქვამს, რომ ნატოსკენ ასეთი დაჟინებული სწრაფვა გვაშორებს სქართველოს უმთავრეს მიზანს – ქვეყნის გამთლიანებას. ახლა თავად აპატურაიმ გვითხრა, რომ მაპის მოთხოვნაც კი მომეტებულ რისკებს შეიცავს საქართველოსთვის. გასაგებია, რომ შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვს, მაგრამ იქნებ ამჯერად თავად ნატოდან წამოსულ გაფრთხილებას მიუგდონ ყური. უკვე თავდაცვის მინისტრიც აღიარებს, რომ დღეს ნატოს კარებს არავინ გაგვიღებს და როგორც კი გეოპოლიტიკური სურათი შეიცვლება, საქართველო მზად უნდა იყოს.
როდის იქნება ეს „როგორც კი“, არავინ იცის. ჩვენ კი ვრჩებით ჩვენი სასიცოცხლო პრობლემის პირისპირ და ცხადია, რომ ნატო ამაში ვერ დაგვეხმარება.ვარშავის სამიტზე დეკემბრის განცხადების შეცვლას არ ელიან. სამაგიეროდ, ელიან „სოლიდარობას, საქართველოს ჩრდილოატლანტიკური მისწრაფების შესახებ ძლიერ განცხადებას. ასევე ნაბიჯებს არსებითი პაკეტის გასაძლიერებლად“. ჯეიმს აპატურაის ინტერვიუზე არანაკლებ მნიშვნელოვანი თინა ხიდაშელის კომენტარი იყო, როცა მან კითხვაზე, შეგვიშვებს თუ არა რუსეთი ნატოში, ასე უპასუხა: „რუსეთი არსად არ გვიშვებს, რუსეთი ქმნის პირობებს, რომელიც შემდეგ სხვა ქვეყნებს მიანიშნებს ხოლმე, რა ტიპის გადაწყვეტილებებია საჭირო".
მე თუ მკითხავთ და ნებისმიერ ქართველს, რუსეთმა ეს პირობები უკვე შექმნა. ზოგიერთს ევროპაში არ ეჩვენება, რომ ეს პირობები უკვე სახეზეა. რუსეთის თანხმობა და ნებართვა არ გვჭირდება. რუსეთი, სამწუხაროდ, იქცა იმ ტიპის მოთამაშედ, რომელიც ქმნის ამ პირობებს, ნეგატიურ კონტექსტს ქმნის… მე არ მინდა, მიშას ნარატივით იცხოვროს ქვეყანამ, როდესაც ფანტომებს ვეკიდებოდით და როდესაც მიზნად ვისახავდით იმას, რაც სინამდვილეში არაფერს არ გვაძლევს“.ეს ტექსტიც დავწუროთ და ვნახოთ, რა დაგვრჩება მშრალი ნალექის სახით: რუსეთის ნებართვა არ გვჭირდება; რუსეთი ქმნის პირობებს, რომელიც შემდეგ სხვა ქვეყნებს მიანიშნებს ხოლმე, რა ტიპის გადაწყვეტილებებია საჭირო; მაპი ფანტომია, რომელიც არაფერს გვაძლევს. მე თუ მკითხავთ, არც ნატოს წევრობა გვაძლევს რამეს, მაგრამ აპატურაის მიაჩნია, რომ ნატოს წევრობა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ოცნებაა. ამ ფრაზით იგი „ნახევრად“ კი არა, მთლიანად ქართველ პოლიტიკოსად გამოიყურება, რომელიც სასურველს არსებულად აღიქვამს.
სხვათა შორის, ჩერნოგორია, რომელზეც მან განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად მიიწვიეს ნატოში, სინამდვილეში იქაური მოსახლეობის უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ მიიწვიეს. გამოკითხვებით ჩერნოგორიის მოსახლეობი ორ მესამედს ნატოში გაწევრიანება არ სურს. საინტერესო იყო ჯეიმს აპატურაის პასუხი ჟურნალისტის კითხვაზე, უშვებენ თუ არა ნატოს წევრი სახელმწიფოები საქართველოში ომის განმეორების შესაძლებლობას. „არა, მაქამდე არ მივდივართ, მაგრამ არ უნდათ, რომ საქართველოში ცხოვრება გაართულონ“. აქ კი ჯეიმს აპატურაი აღარ არის ქართველი, ჩვენი პოლიტიკოსები დიდად არ დაგიდევენ, თუ საქართველოში ადამიანებისთვის ცხოვრება გართულდება. არადა, წესით, მთავრობაც და ოპოზიციაც, პირველ რიგში, სწორედ ამაზე უნდა ფიქრობდნენ!..“
ოპტიმისტური განწყობით დავასრულოთ. უიმედო ვითარება არ არის. ახლა ალიანსში ჩვენთვის ახალი ე.წ პაკეტი იკვრება ასე, რომ ფანტაზიას საზღვარი არა აქვს და ნატო ჯერჯერობით სახეს ინარჩუნებს.